როგორ გავლენას ახდენს ძილი იმუნიტეტზე
საკმარისი ძილის გარეშე ტვინი ვერ ფუნქციონირებს, რაც საბოლოოდ ხელს უშლის ჩვენი კონცენტრაციის უნარს, ფიქრისა და დამახსოვრების პროცესებს. ძილთან დაკავშირებული კვლევების განვითარებასთან ერთად აღმოჩნდა, რომ ძილი საკვანძო როლს ასრულებს ჩვენი იმუნური სისტემის გამართულად ფუნქციონირებაში.
იმუნური სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი ჯანმრთელობისათვის. მის გარეშე შეუძლებელია ჭრილობების შეხორცება, ინფექციებთან ბრძოლა და ქრონიკული ან სიცოცხლისათვის სახიფათო დაავადებებისგან თავდაცვა.
მიჩნეულია, რომ ძილსა და იმუნიტეტს შორის ორმხრივი ურთიერთობა არსებობს. დაბალანსებული ძილი აძლიერებს იმუნურ სისტემას, რაც ხელს უწყობს მის ეეფქტურად ფუნქციონირებას. იმუნური სისტემა, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ძილზე. აღსანიშნავია, რომ ძილის უკმარისობა ხელს უშლის იმუნური სისტემის გამართულად მუშაობას. როგორც მოკლე, ისე ხანგრძლივ ვადაში, ძილის უკმარისობა იწვევს ავადმყოფობას.
როგორ მოქმედებს იმუნური სისტემა?
იმუნური სისტემა მთელ ორგანიზმშია გადანაწილებული და უზრუნველყოფს დაავადებებთან ბრძოლის რამდენიმე ფრონტს. მეცნიერები ბრძოლის მექანიზმის მიხედვით იმუნიტეტს ორ ნაწილად ყოფენ. ეს ნაწილებია შინაგანი და „შეძენილი“, ასევე ცნობილი როგორც ადაპტური იმუნიტეტი.
- შინაგანი იმუნიტეტი არის თანდაყოლილი ტიპის და მას ახასიათებს ფართო და სწრაფი მოქმედება დაავადების გამომწვევი მიკრობის წინააღმდეგ.
- ადაპტური იმუნიტეტი არის დაავადების გადატანის ან ვაქცინაციის შედეგად შეძენილი იმუნიტეტი, რომლებიც ებრძვის კონკრეტული დაავადების გამომწვევ აგენტებს.
ოპტიმალურად მოქმედებისას, იმუნური სისტემა იცავს მნიშვნელოვან ბალანსს. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმი მიიღებს ჭრილობას ან მასში პათოგენი შემოიჭრება, იმუნური სისტემა აქტიურდება და იწვევს შესაბამის პასუხს, რომელიც შეიძლება გამოიხატოს ისეთი ნიშნებით, როგორიცაა სიწითლე, ანთებითი პროცესის განვითარება, შეშუპება, დაღლილობა, სიცხე ან ტკივილი კონკრეტულ ადგილას. იმისათვის, რომ იმუნურმა სისტემამ შეძლოს პოტენციური საფრთხის ამოცნობა და შესაბამისად რეაგირება, საჭიროა რომ იმუნიტეტი იყოს საკმარისად ძლიერი. თუმცა, აუცილებელია მისი კარგად რეგულაციაც იმისათვის, რომ მუდმივად განგაშის ან შეტევის მდგომარეობაში არ იყოს და ასე ჩვენი ორგანიზმი არ ავნოს.
რა გავლენას ახდენს ძილი იმუნურ სისტემაზე
საკმარისი ხანგრძლივობისა და ხარისხის ძილი ხელს უწყობს შინაგანი და ადაპტური იმუნიტეტის დაბალანსებასა და მოქმედების სიძლიერეს, უზრუნველყოფს ორგანიზმის ეფექტურ პასუხს ვაქცინების მიმართ და ასევე მნიშვნელოვანია ალერგიული რეაქციის გამოვლენის ხარისხისათვის. ისეთი სერიოზული ძილის დარღვევები, როგორიცაა ინსომნია, ძილის აპნოე და ცირკადული რიტმების დარღვევა, მნიშვნელოვნად აფერხებს იმუნური სისტემის ადეკვატურად მოქმედებას.
ოდესმე თუ შეგიმჩნევიათ, რომ ავადმყოფობისას, გამოძინების შემდეგ, მეორე დილით თავს უკეთ გრძნობთ? ეს იმითაა გამოწვეული, რომ ღამის ძილის დროს, ზოგიერთი იმუნური სისტემის კომპონენტის დონე იმატებს. მაგალითად, ღამით ძილისას ორგანიზმში იმატებს ისეთი ფაქტორების დონე, რომლებიც დაკავშირებულია ანთებასთან. როცა ადამიანი ავადაა ან აქვს ჭრილობა, ანთებითი პროცესი ხელს უწყობს უფრო სწრაფად გამოკეთებას, აძლიერებს შინაგან და ადაპტურ იმუნიტეტს. ეს იმითაა განპირობებული, რომ ანთება მნიშვნელოვანი პროცესია ჭრილობის მოშუშებისთვის ან ინფექციასთან საბრძოლველად.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ძილი მნიშნელოვანია დასწავლისა და მეხსიერების გამტკიცებისთვის. კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ ძილი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმუნური მეხსიერების გამომუშავებისთვის. იმუნური მეხსიერება გულისხმობს იმუნური სისტემის უნარს, ამოიცნოს და „გაიხსენოს“ პათოგენი ინფექციის პირველად გადატანის შემდეგ. იმუნური მეხსიერება ორგანიზმს აძლევს საშუალებას, უფრო სწრაფად და ეფექტურად ებრძოლოს ინფექციურ აგენტს.
ძილის გავლენა ვაქცინების მოქმედებაზე
ძილი ასევე აუცილებელია ვაქცინების ეფექტური მოქმედებისთვის. კვლევების შედეგად დასტურდება, რომ აცრის შემდეგ, ადამიანს თუ მთელი ღამის განმავლობაში არ სძინავს, მისი იმუნური სისტემა საგრძნობლად დასუსტებულია. გარკვეულ შემთხვევებში ვაქცინების მოქმედება იმდენად არაეფექტურია, რომ საჭიროა აცრის მეორე დოზა. აღსანიშნავია, რომ ვაქცინების მოქმედების ეფექტურობა ასევე საგრძნობლად შემცირებული იყო იმ ინდივიდებშიც, რომლებსაც ღამის განმავლობაში მხოლოდ 7 საათი ან უფრო ნაკლები ეძინათ. ადამიანები, რომლებსაც საკმარისად არ სძინავთ, სხეულს არ აძლევენ დასვენებისა და იმუნური მეხსიერებისგანვითარების საშუალებას. შესაბამისად, ასეთი ინდივიდები მოწყვლადები არიან სხვადასხვა დაავადების მიმართ ვაქცინის მიღების მიუხედავად.
ძილის გავლენა ალერგიებზე
ალერგიები გამოწვეულია იმუნური სისტემის ზედმეტი რეაგირებით ისეთი საგნების მიმართ, რომლებიც ადამიანების უმეტესობაში არ იწვევს მსგავს რეაქციას. კვლევებით დადგენილია, რომ ალერგიები და ძილი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.
უახლესი კვლევები გვიჩვენებს, რომ ცირკადულ რიტმებს ძალიან დიდი გავლენა აქვთ ორგანიზმის რეაქციაზე ალერგენების მიმართ. ცირკადული რიტმები არის სხეულის „შინაგანი საათი “, რომელიც არეგულირებს ძილს, ჰორმონებს, სხეულის ტემპერატურასა და სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებს. შესაბამისად, როდესაც ცირკადული რიტმი დარღვეულია, იზრდება ალერგიის მძიმე ხარისხით გამოვლენის ალბათობა.
როგორ შეიძლება ძილის გაუმჯობესება და იმუნური სისტემის გაძლიერება
იმუნური სისტემისთვის ძილის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პრიორიტეტად ვაქციოთ ყოველ ღამე საკმარისი ხანგრძლივობის, შეუწყვეტელი ძილი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.
ძილის გაუმჯობესება შესაძლებელია გარკვეული ჩვევების, რუტინის, ძილის გარემოს შეცვლით. ასევე მნიშვნელოვანია თქვენთვის სასურველი და ყველაზე კომფორტული ორთოპედიული მატრასის (ზამბარებიანი ლეიბი?) შერჩევა. ამ ფაქტორების ერთობლიობას ძილის ჰიგიენასაც უწოდებენ. ძილის ხარისხის შესაცვლელად მნიშვნელოვანი ადგილი აქვს თითქოს უწყინარი ჩვევების შეცვლასაც. მაგალითად, მნიშვნელოვანია, რომ დაძინებამდე არ გამოვიყენოთ ტელეფონები, ტაბლეტები ან ნებისმიერი ლურჯი გამოსხივების მოწყობილობა.
ძილის გაუმჯობესებას ხელს უწყობს სარელაქსაციო ტექნიკაც. მაგალითად იოგა საგრძნობლად აუმჯობესებს ძილის ხარისხს და შესაბამისად, იმუნური სისტემის მოქმედებასაც.
მარიამ ღვინეფაძე