რა საშიშროების შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მუდმივი ტარება
მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ყოველდღიური ტარება სიარულის მანერის, ტანდეგობის ცვლილებას და ქრონიკულ ტკივილს იწვევს.
ხშირად ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული სხეულის წონის არათანაბარი განაწილების გამო, ფეხის დეფორმაციას იწვევს.
როდესაც სხეულის წონას ტერფის წინა მხარეს გადავიტანთ, სახსრები, იოგები და ფეხის თითები ზარალდება. ამავდროულად, სრულიად ბრტყელი, უქუსლო ძირებიც ასევე არ არის საუკეთესო ვარიანტი, ამიტომ ქუსლებზე მთლიანად უარი არ უნდა ვთქვათ. უბრალოდ უნდა ვიპოვოთ ჩვენთვის შესაფერისი და მორგებული ფეხსაცმელი. ამიტომ, მთავარია, უკიდურესობებში არ გადახვიდეთ. ქუსლები კარგია, ლამაზია, მაგრამ ზომიერად. ასეწვე მნიშვენლოვანია ის, რომ ადამიანები, რომლებიც სამსახურში მეტ წილად დგანან, უფრო ხშირად უნდა დასხდნენ - საათში ერთხელ მაინც. ეს ორგანიზმს გადატვირთვისგან გაათავისუფლებს და სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს.
მაღალქუსლიან, ვიწრო ცხვირის მქონე ფეხსაცმელში, თითების ტალღისებრი განლაგება სისხლძარღვებისა და ნერვების შეკუმშვას იწვევს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაბუჟება, ფეხის ტკივილი და სისხლის მიმოქცევის პრობლემები.
ადამიანის ტერფი ქმნის სამი თაღისგან სვეტებს. მაღალქუსლიან ფეხსაცმელს (სტილეტოს) ვიწრო წვერები აქვს, რაც მესამე თითის აწევას, ხოლო პირველი და მეხუთე თითის დაშვებას იწვევს. მოკლედ, თითების ტალღისებრი განლაგება არღვევს ტერფის ბუნებრივ ბიომექანიკას, ცვლის სიმძიმის ცენტრს და სხეულის საყრდენ წერტილებს. ეს ზრდის დაზიანებების რისკს - სისხლჩაქცევებიდან და დაჭიმვიდან დაწყებული მოტეხილობებით დამთავრებული.
ტერფის წინა ნაწილზე მუდმივმა ზეწოლამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს:
- თითის დეფორმაცია,
- ჩაზრდილი ფრჩხილები,
- კოჟრები და ბრტყელტერფიანობა.
განსაკუთრებით დაუცველია დიდი თითი (ცერი) - დროთა განმავლობაში მასზე ზეწოლამ შეიძლება გამოიწვიოს ვალგუსური დეფორმაცია (ძვლოვანი წანაზარდი ტერფის წინა ნაწილში).
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი საზიანოა არა მხოლოდ ტერფის წინა, არამედ ტერფის შუა და უკანა ნაწილისთვისაც. ასეთი ფეხსაცმლის ტარება იწვევს ტერფის რესორული ფუნქციის დარღვევას.
ეს ფუნქცია გულისხმობს ტერფის თაღების უნარს, ამორტიზაცია გაუკეთოს დარტყმის ენერგიას, რომელიც წარმოიქმნება ტერფის მიწასთან შეჯახებისას. თუ ეს ფუნქცია დაირღვა, ამან შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები მუხლის, მენჯ-ბარძაყისა და სხვა სახსრებთან დაკავშირებით.
რისკის შესამცირებლად, მაღალ ქუსლებზე იარეთ ნელა და მოკლე ნაბიჯებით, მოერიდეთ რბილ და არათანაბარ ზედაპირებს (გრუნტი, ბალახის გაზონი), განსაკუთრებით ფრთხილად იყავით კიბეებზე ასვლისას და ტკივილის პირველივე ნიშნისთანავე შეცვალეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უფრო კომფორტულით.