8 ფაქტი გრიპის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ
მართალია, ზოგი ადამიანი გართულებების გარეშე გრიპისგან 1-2 კვირაში სრულად ჯანმრთელდება, თუმცა ბავშვებსა და 65 წელზე უფროსი ადამიანებისთვის გრიპთან დაკავშირებული ზოგიერთი გართულება სიცოცხლისთვის საშიშიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია გრიპის შესახებ მეტი ვიცოდეთ, რათა საკუთარი თავი და გარშემომყოფები უკეთ დავიცვათ. სტატიაში გრიპის შესახებ 8 მნიშვნელოვან ფაქტს გიზიარებთ:
1. გრიპის სეზონი ოქტომბრიდან მაისამდე გრძელდება
ბევრს ჰგონია, რომ გრიპის სეზონი ძირითადად ზამთარში იწყება და მალევე სრულდება. მართალია, ზამთარში გრიპით დაინფიცირების შემთხვევები პიკს აღწევს, მაგრამ რეალურად, შემოდგომასა და გაზაფხულზე დაინფიცირებისაც დიდი შანსია. ზოგ ადამიანს სეზონური გრიპი ოქტომბერშივე აღენიშნება, ინფექციები კი მაისის ბოლომდე გრძელდება.
2. გრიპი სიმპტომების გამოვლენამდეც გადამდებია
შესაძლებელია, ვირუსი სხვას მანამდე გადასდოთ, სანამ თავს ცუდად იგრძნობთ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიხედვით, შესაძლებელია სხვას ვირუსი გადასდოთ იმაზე ერთი დღით ადრე, ვიდრე სიმპტომები თავად გამოგივლინდებათ. დაავადების პირველი სამი-ოთხი დღის განმავლობაში სხვების დაინფიცირების ყველაზე დიდი შანსია, თუმცა შეიძლება დაავადებიდან ხუთი-შვიდი დღის განმავლობაში კვლავ გადამდები დარჩეთ.
3. გრიპის სიმპტომები შეიძლება მოულოდნელად დაიწყოს
გრიპის სიმპტომები ხშირად მოულოდნელად იჩენს თავს, ამიტომ ერთ დღეს შეიძლება თავს ძალიან კარგად გრძნობდეთ, მეორე დღეს კი ფიზიკურად ძალიან მძიმედ იყოთ. ზოგჯერ სიმპტომები ვირუსით დაინფიცირებისთანავე ვლინდება, ზოგჯერ კი 3-4 დღის შემდეგაც.
4. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას მოქმედებისთვის 2 კვირამდე სჭირდება
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ აცრა სეზონის დასაწყისშივე გაიკეთოთ. გრიპის აცრა ეფექტურია, რადგან ის ორგანიზმს ანტისხეულების გამომუშავებაში ეხმარება, რომლებიც ვირუსისგან დაცვას უზრუნველყოფს. ანტისხეულების ჩამოყალიბებას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება, ამიტომ აცრის გაკეთებიდან 2 კვირის განმავლობაში მაინც შესაძლებელია ავად გახდეთ.
5. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ყოველწლიურად გჭირდებათ
გრიპის ვირუსები, რომლებიც ერთ სეზონზე ცირკულირებს, განსხვავდება იმ ვირუსებისგან, რომლებიც მომავალ წელს გავრცელდება. ეს იმიტომ ხდება, რომ გრიპის ვირუსი ყოველწლიურად იცვლება. აქედან გამომდინარე, ახალი ვაქცინა ყოველწლიურად დაგჭირდებათ, რათა თავი დაიცვათ.
6. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გრიპს არ იწვევს
გავრცელებული მცდარი მოსაზრებაა, რომ გრიპს თავად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა იწვევს. ვაქცინის ერთ-ერთი სახეობა გრიპის ვირუსის შესუსტებულ ფორმას შეიცავს, რაც რეალურ ინფექციას არ იწვევს, მაგრამ ორგანიზმს საშუალებას აძლევს საჭირო ანტისხეულები შექმნას. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის სხვა სახეობა მხოლოდ მკვდარ ან ინაქტივირებულ ვირუსს შეიცავს. ზოგიერთ ადამიანს აცრის შემდეგ გრიპის მსგავსი სიმპტომები აქვს. როგორც წესი, ასეთი სიმპტომები მხოლოდ 1-2 დღე გრძელდება.
7. გრიპმა შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვიოს
გრიპის ვაქცინა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გრიპთან დაკავშირებული გართულებების რისკის ქვეშ იმყოფებიან. გართულებები უფრო ხშირად ვითარდება შემდეგ ჯგუფებში:
-
65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები;
-
2 წლამდე ასაკის ბავშვები;
-
ორსულები და მშობიარობის შემდეგ ორ კვირამდე პერიოდში მყოფი ქალები;
-
დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები;
-
ქრონიკული დაავადებების მქონე პირები;
გრიპის ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს მეორადი ინფექციებიც. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შედარებით მსუბუქი ინფექციებია, მაგალითად, ყურის ან სინუსური ინფექცია.მძიმე გართულებები მოიცავს ბაქტერიულ პნევმონიას და სეფსისს. გრიპის ვირუსს ასევე შეუძლია გააუარესოს არსებული ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა გულის უკმარისობა, ასთმა და შაქრიანი დიაბეტი.
8. გრიპი აცრის შემდეგაც შეიძლება დაგემართოთ
გაითვალისწინეთ, რომ გრიპით დაავადება შესაძლებელია ვაქცინის მიღების შემდეგაც. ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ვირუსით დაინფიცირდებით მანამდე, სანამ ვაქცინა მოქმედებას დაიწყებს, ან თუ გრიპის ვაქცინა სრულად ვერ უზრუნველყოფს იმ ძირითად ვირუსული შტამის წინააღმდეგ დაცვას, რომელიც სეზონურად ვრცელდება. გარდა ამისა, შეიძლება დაავადდეთ მაშინაც, თუ გრიპის ისეთი შტამი შეგხვდებათ, რომელიც განსხვავებულია იმ შტამისგან, რომლის წინააღმდეგაც აიცერით. საშუალოდ, გრიპის ვაქცინა ავად გახდომის რისკს დაახლოებით 40-დან 60%-მდე ამცირებს.