მოსწონთ თუ არა მამაკაცებს მწეველი ქალები?
ბევრი მათგანი დარწმუნებულია, რომ ამ გზით მიიპყრობენ საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას. სინამდვილეშიც, მამაკაცები, განსაკუთრებით მწეველები, იოლად პოულობენ მათთან საერთო ენას, მაგრამ პოტენციურ მეუღლედ რომ დასახონ ისინი, ამას მამაკაცების დიდი უმრავლესობა გამორიცხავს.
აზიატობაში რომ არ ჩაგვითვალონ, მოგახსენებთ არა საქართველოში, არამედ ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში სულ ახლახან ჩატარებული გამოკვლევის შედეგად მიღებულ ფაქტებს. 256 ჭაბუკის გამოკითხვით დადგინდა: უცნობი მწეველი ქალის მიმართ დადებითად განეწყობა მათი 4%, განურჩევლად – 54%, ხოლო უარყოფითად – 42%. სამაგიეროდ, შეკითხვაზე, იქნებოდნენ თუ არა მოსურნენი, რომ მწეველი მეუღლე ჰყოლოდათ, მხოლოდ ორმა გასცა დადებითი პასუხი, დანარჩენებმა კატეგორიული უარი განაცხადეს!
რატომ ხდება ასე? აღმოჩნდა, რომ, როგორ მიმზიდველადაც უნდა გამოიყურებოდეს ქალი, სიგარეტით ხელში იგი კარგავს შარმს მამაკაცის თვალში. თუკი მწეველი მამაკაცი ასე თუ ისე ასატანია, მწეველ ქალს ძნელად ჰგუობენ თვით მწეველი მამაკაცები, რადგან, თუკი მწეველი კაცი უბრალოდ ცუდი ტონია, მწეველი ქალი – ხშირად ვულგარულად აღიქმება.
ქვემოთ წარმოგიდგენთ გამოკითხულთა ძირითად მოსაზრებებს:
მათი თვალთახედვით, როგორც წესი, ქალი მოწევას იწყებს გასართობად, უსაქმურობისაგან და, ესე იგი, მწეველი ქალი რამდენადმე უქნარა ქალსაც ნიშნავს;
საგულისხმოა, რომ საყოველაოდ გავრცელებულ გამოთქმას: „მწეველი ქალის კოცნა საფერფლის ლოკვის ტოლფასიაო“, თვით მწეველი მამაკაცებიც იზიარებენ.
როდესაც არ სურთ მწეველ ქალში შესაძლო მეუღლე დაინახონ, აცნობიერებენ, რომ ქალი მომავალი დედაა და მისი შვილმბადი ორგანოები სიგარეტისაგან დიდად არის დაზიანებული. ყველასათვის ცნობილია – მწეველ ქალს გაცილებით გაძნელებული აქვს ორსულობა და მშობიარობა; ჩასახვის უნარი 5-10 წლით ადრე ეკარგებათ, ვიდრე არამწევლებს. მუცელი ეშლებათ 3-ჯერ უფრო ხშირად, მკვდრად შობენ შვილს 5-ჯერ უფრო ხშირად.
კიდევ რატომ არ უნდათ მწეველის ცოლობა? იმიტომ, რომ ყველას თუ არა, ბევრ მამაკაცს ჰგონია, რომ მწეველი ქალი გაცილებით იოლად დასაყოლიებელია სექსზე, ვიდრე არამწეველი. შემთხვევითი არ არის, რომ, როდესაც რეჟისორს ერთი შტრიხით სურს მსუბუქი ყოფაქცევის ქალის ჩვენება ეკრანზე, მას აუცილებლად სიგარეტს დააჭერინებს ხოლმე ხელში. სხვათა შორის, მამაკაცების საკმაოდ დიდი რიცხვი მწეველ ქალებს თავქარიან და ოდნავ მოსულელო არსებებად მიიჩნევს, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს მათთან ფლირტში იოლ წარმატებაზე ფიქრს.
მამაკაცებს ძალიან უჭირთ საცოლის რანგში მწეველი ქალის წარდგენა ახლობლებისადმი, რადგან ეშინიათ, არ დაამსხვრიონ ღირსეულ თანამეცხედრეზე მათი სტერეოტიპული წარმოდგენა, რომელიც ხასიათდება ნაზი და ჰაეროვანი არსების, მომავალი მოსიყვარულე დედისა და ქმრის ერთგული ცოლის თვისებებით. სიგარეტი ერთბაშად თამბაქოს აშმორებულ კვამლში ჰხვევს ამ წარმოდგენას და თვით ის კაციც კი, ვისაც მოსწონს მწეველი ქალი, მის ხილვას თავის გვერდით, საპატარძლოს კაბაში არ ისურვებდა.
დიდი ხანია ცნობილია, რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის საზიანოა და სიცოცხლისთვის საშიშ უამრავ დაავადებას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ მოწევის ფიზიკური ზიანის შესახებ ბევრი ვიცით, მოწევის გავლენა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ნაკლებადაა შესწავლილი. რადგან სიგარეტის მოწევა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სისხლძარღვებს და ფილტვებს, ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ ამ ორგანოების მუდმივი წნეხის ქვეშ ყოფნა, ადამიანის აზროვნებასა და ქცევაზეც აისახება.
ამის გარდა, მწეველ ადამიანებს უქვეითდებათ იმუნიტეტი, უფრო მარტივად ეწყებათ ანთება და ბოლოს, უქვეითდებათ მეტაბოლიზმიც. მოწევა მხოლოდ რამდენიმე ორგანოსთვის კი არ არის საზიანო, არამედ მთელი სხეულისთვის.
ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორების, ტატიანა გაზიბარას და მარიჯა მილიცის გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სიგარეტის მოწევა სერიოზულ ზიანს აყენებს უნივერსიტეტის სტუდენტებს. მკვლევარებმა 2 000-ზე მეტი სტუდენტის სამედიცინო და ფსიქიკური ჯანმრთელობის ინფორმაცია შეაგროვეს. მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, რიგი ფსიქიკური პრობლემები ბევრად ხშირია მწეველებს შორის, ვიდრე არამწეველთა შორის, მაგალითად, დეპრესია მწეველ სტუდენტთა 14%-ს აღმოაჩნდა, როცა არამწეველებს შორის დეპრესია მხოლოდ 4%-ს ჰქონდა.
განსხვავება საგრძნობია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა მხოლოდ კორელაციას სწავლობს, ცნობილი ფაქტია, რომ მოწევა უშუალოდ უკავშირდება არაერთ ანთებით პროცესს და ფიზიოლოგიურ ცვლილებას ორგანიზმში, რომლებიც, თავის მხრივ, უკავშირდება დეპრესიას.
აღსანიშნავია, რომ კვლევა ჩატარდა სტუდენტების სოციო-ეკონომიკური ფონის და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. მკვლევარების თქმით, მათ შეძლებისდაგვარად გამორიცხეს ყველა სხვა ფაქტორი, რომელსაც შეეძლო ამ სხვაობის მოცემა.
„ეს კვლევა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოწევა და დეპრესია ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია“, – აცხადებს ისრაელის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორი, ჰაგაი ლევინი.
ადამიანის ორგანიზმი ძალიან რთული, ჩახლართული სისტემაა, სადაც ყველაფერი ყველაფერს უკავშირდება. უარყოფითი გავლენა მის ერთ ნაწილზე, ხშირად ყველა დანარჩენ ნაწილებზეც უარყოფითად აისახება.
საბედნიეროდ, უამრავ ქვეყანაში მწეველთა რიცხვი მუდმივად იკლებს. სახელმწიფოები ცდილობენ ისეთი პოლიტიკა გაატარონ, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს მწეველებისა და პოტენციური მწეველების რაოდენობას.