როდის შეიძლება გამოიწვიოს წყლის დალევამ გულძმარვა და რა არის გულძმარვის სამკურნალო ყველაზე მავნე მეთოდი
უზმოზე დიდი რაოდენობით წყლის დალევამ შეიძლება გამოიწვიოს მჟავა რეფლუქსი და შებერილობა. ამის შესახებ ბრიტანელმა ნუტრიციოლოგმა მოლი პელეტიემ გაგვაფრთხილა. ექსპერტის სიტყვებს Daily Mail ციტირებს.
ექიმმა განმარტა, რომ მჟავა რეფლუქსი მაშინ აღინიშნება, როდესაც კუჭიდან მჟავა საყლაპავში ბრუნდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც საყლაპავის ქვედა სფინქტერი საკვების კუჭში გადასვლის შემდეგ, სათანადოდ არ იხურება. ეს იწვევს წვის შეგრძნებას, რომელიც ცნობილია როგორც გულძმარვა.
ნუტრიციოლოგის თქმით, გულძმარვა შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვადასხვა ფაქტორთან, როგორიცაა სტრესი, არასწორი კვება და კუჭ-ნაწლავის გარკვეული დაავადებები. თუმცა, „უვნებელ“ ჩვევებსაც შეუძლიათ მჟავა რეფლუქსის პროვოცირება.
„უზმოზე დიდი რაოდენობით ცივი წყლის დალევა ზრდის ყელის ტკივილის, შებერილობის, ბოყინის და გულმკერდის მიდამოში დისკომფორტის ალბათობას“, - განმარტა ექსპერტმა.
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, დოქტორი პელეტიე ასევე გვირჩევს წყლის დალევას კვებებს შორის, და არა უშუალოდ ჭამის წინ, დროს ან მის შემდეგ.
„მიუხედავად იმისა, რომ ჭამის დროს ერთი ჭიქა წყლის დალევა უსაფრთხოა ადამიანების უმეტესობისთვის, ჭამის დროს დიდი რაოდენობით წყლის დალევა არ არის რეკომენდებული. ჭარბი სითხე ზრდის კუჭის შიგთავსის საერთო მოცულობას და ზეწოლას ახდენს სარქველზე, რომელიც ხელს უშლის კუჭის მჟავას საყლაპავში დაბრუნებას“, - აღნიშნა სპეციალისტმა.
გულძმარვის სხვა რისკ-ფაქტორებია ძალიან სწრაფად ჭამა, ალკოჰოლის, კოფეინის და შოკოლადის მიღება.
ყველაზე მავნე გზა გულძმარვის სამკურნალოდ
ის იწვევს საყლაპავის ლორწოვანი გარსის დაზიანებას.
სოდიანი წყალი გულძმარვის სამკურნალო პოპულარული ხალხური საშუალებაა. ის ხელს უწყობს გულმკერდში უსიამოვნო წვის შეგრძნების აღმოფხვრას. თუმცა, სინამდვილეში, ასეთი „მკურნალობის“ ეფექტი ხანმოკლეა და რეგულარული ან ძალიან დიდი დოზებით გამოყენებისას, სოდამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ორგანიზმს.
როდესაც სოდიან წყალს ვსვამთ, კუჭში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი გამოიყოფა. ამ ეტაპზე გულძმარვა შეიძლება ნამდვილად ჩაცხრეს. თუმცა, შემდეგ ორგანოს კედლები გაზების ზემოქმედებით იწყებს გაჭიმვას, რაც იწვევს ბოყინს, დისკომფორტს და შებერილობას. ამავდროულად, კუჭში მარილმჟავას გამომუშავება იზრდება.
შედეგად, შვებას ცვლის კიდევ ერთი რეფლუქსი - მჟავე კუჭის შიგთავსის გამოყოფა საყლაპავში და გულძმარვა განახლებული ენერგიით ბრუნდება.
ამ ეფექტს ასევე უწოდებენ „მჟავის უკუცემას“. თუ ამ მეთოდს რეგულარულად გამოიყენებთ, გულძმარვის შეტევები გახშირდება, რაც დააზიანებს საყლაპავის ლორწოვან გარსს. სოდის უკონტროლო გამოყენება ასევე საშიშია პეპტიური წყლულის და გასტრიტის გამწვავების გამო. სოდის ბოროტად გამოყენების არანაკლებ საშიში შედეგია ორგანიზმში წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა. სოდა შეიცავს ნატრიუმს, რომლის სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის შეკავება და შეშუპება.
ეს განსაკუთრებით საშიშია თირკმლის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, მათ შორის ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებისთვის. გაცილებით უსაფრთხო და ეფექტურია ისეთი ფარმაცევტული პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ანეიტრალებენ მჟავას ან ანელებენ კუჭის წვენის გამომუშავებას. თუ გულძმარვის შეტევები რეგულარულად მეორდება, უმჯობესია არა მხოლოდ სიმპტომთან ბრძოლა, არამედ გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია და პრობლემის მიზეზების გაგება.