„მწვანე ექიმი“: ყველაფერი ქინძის სარგებლისა და შესაძლო უკუჩვენებების შესახებ
მას „მწვანე ექიმს“ უწოდებენ საჭმლის მონელებისთვის ხელშეწყობის, ორგანიზმის გაწმენდისა და ანთების საწინააღმდეგო უნარის გამო. თუმცა, ყველა სარგებლის მიუხედავად, ქინძი ყველასთვის შესაფერისი არ არის: არსებობს მდგომარეობები, როდესაც მასთან სიფრთხილეა საჭირო.
ახლო აღმოსავლეთის, კავკასიის, ინდოეთის და სამხრეთ ამერიკის სამზარეულოებში ქინძი აქტიურად გამოიყენება. ქინძის გემო აღწერილია, როგორც, ციტრუსოვანი და ოდნავ მჟავე, თუმცა ზოგიერთი ადამიანი მას საერთოდ ვერ იტანს - ეს გენეტიკით არის განპირობებული. კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთ ადამიანს აქვს გენის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც დაკავშირებულია სუნის აღქმასთან: სწორედ ეს „გარდაქმნის“ ქინძის არომატს სარეცხი საპნის სუნად.
ქინძის სასარგებლო თვისებები
მიუხედავად გემოს ასეთი პოლარობისა, ქინძის სარგებელი აღიარებულია სამედიცინო საზოგადოების მიერ. ის შეიცავს A, C, K, B ვიტამინებს, ასევე კალციუმს, კალიუმს, რკინას და მაგნიუმს. ამის გამო, ის შეიძლება ჩაითვალოს ბუნებრივ ვიტამინურ დანამატად - განსაკუთრებით ცივ სეზონზე ან დასუსტებული იმუნიტეტის დროს. გარდა ამისა, ქინძი ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით. კვლევები აჩვენებს, რომ მასში შემავალი ფლავონოიდები და კაროტინოიდები ხელს უწყობენ თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლას, ანელებენ უჯრედების დაბერების პროცესს და შეუძლიათ შეამცირონ ქრონიკული ანთების რისკი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა ანტიმიკრობული ეფექტი. უძველესი დროიდან ქინძი გამოიყენებოდა წყლის გასაწმენდად და ანტისეპტიკად საკვების მომზადებისას. თანამედროვე ლაბორატორიებში ქინძის ექსტრაქტები ავლენენ აქტივობას რიგი პათოგენური ბაქტერიების, მათ შორის სალმონელას და E. coli-ს წინააღმდეგ. ცალკე აღსანიშნავია, რომ ქინძი ნაზად ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, ამცირებს გაზების წარმოქმნას და აქვს ნაღველმდენი ეფექტი. ტრადიციულ მედიცინაში მას იყენებდნენ კუჭში სიმძიმის, შებერილობის, გულისრევის დროს.
ასევე არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ქინძს შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი დამამშვიდებელი ეფექტი. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ მცენარეული ექსტრაქტები ამცირებს შფოთვას და ეხმარება უძილობას.
შესაძლო უკუჩვენებები
მისი ყველა სასარგებლო თვისების მიუხედავად, ქინძი ყველასთვის არ არის შესაფერისი. უპირველეს ყოვლისა, ის სიფრთხილით უნდა მიირთვან დაბალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებმა. მას შეიძლება ჰქონდეს ვაზოდილატაციური ეფექტი, რის გამოც ჰიპოტენზიის მქონე პაციენტებმა შეიძლება იგრძნონ სისუსტე, თავბრუსხვევა ან ძილიანობა.
ქინძმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იშვიათია, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ქავილს, კანის სიწითლეს, გამონაყარს ან ლორწოვანი გარსების შეშუპებასაც კი. მწვანილის (განსაკუთრებით ოხრახუშის, კამის, ნიახურის) მიმართ ალერგიისკენ მიდრეკილმა ადამიანებმა ჯერ მცირე რაოდენობით უნდა სცადონ.
მონელებაზე გამოხატული ეფექტის გამო, ქინძი შეიძლება არ იყოს სასურველი პეპტიური წყლულოვანი დაავადების ან მაღალი მჟავიანობის გასტრიტის გამწვავების დროს. ის ააქტიურებს კუჭის წვენის სეკრეციას, რამაც ლორწოვანი გარსის დაზიანების შემთხვევაში შეიძლება დისკომფორტი გაზარდოს.
ორსულობის დროს ქინძის ზედმეტად გამოყენება არ არის რეკომენდებული: დიდი რაოდენობით მას შეუძლია საშვილოსნოს ტონუსის გაზრდა. გონივრული დოზებით, ნორმალური კვების რაციონის ნაწილად, ის უსაფრთხოა, მაგრამ ნებისმიერი დანამატი ან კონცენტრატი ექიმთან უნდა შეთანხმდეს.
როგორ მივირთვათ ქინძი
ქინძი საუკეთესოდ ინარჩუნებს თავის თვისებებს უმი სახით. თერმული დამუშავების დროს ზოგიერთი ვიტამინი და არომატული ნაერთი იკარგება, ამიტომ რეკომენდებულია მისი დამატება უკვე მომზადებულ კერძში - მირთმევის წინ. ის უხდება ხორცს, ლობიოს, ბოსტნეულს, ბრინჯს და ხილსაც კი (მაგალითად, მექსიკურ სალსაში ანანასით ან მანგოთი).
ქინძისგან შესაძლებელია ნაყენის მომზადება, წვრილად დაჭრილი მწვანილის სმუზისა და კოქტეილებისთვის დამატება. ანტიბაქტერიული ეფექტის გასაძლიერებლად კი ქინძი შეიძლება შეურიოთ ნიორს და ლიმონს.