რა საშიშროების შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს კონდიციონერი?
რა დაავადებით შეიძლება დაავადდეთ, თუ კონდიციონერის გამოყენების წესებს უგულებელვყოფთ.
ზაფხულში ცხელი დღეების განმავლობაში, ბევრ ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში უწევს სახლში ან მანქანაში ყოფნა, რაც ზოგიერთისათვის რთულ გამოცდას წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, სიცხესთან ბრძოლის გზები არსებობს და აქ კონდიციონერი ერთერთი სამაშველო საშუალებაა.
გამაგრილებელი ჰაერის ნაკადის ქვეშ ყოფნა, რა თქმა უნდა, უკეთესია, ვიდრე მცხუნვარე სიცხისგან ტანჯვა, მაგრამ კონდიციონერთან ხანგრძლივად ყოფნამ შესაძლებელია ჯანმრთელობისთვის უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს. როგორც წესი, ეს მსუბუქი ფორმით შეიძლება გამოვლინდეს, როგორიცაა კუნთების ანთება, სინუსიტი, ჰაიმორიტი და უფრო სერიოზული დაავადება - ლეგიონელოზი.
რა არის ლეგიონელოზი და რატომ ეწოდება მას ასე? ეს არის ინფექციური დაავადება, რომელიც გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით. პათოგენი (ლეგიონელა) ცხოვრობს ბუნებრივ გარემოში, როგორიცაა წყლის ობიექტები, ნიადაგი და ჩვეულებრივ, არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანისთვის.
თუმცა, ლეგიონელა ასევე გავრცელებულია ხელოვნურ გარემოში, როგორიცაა სავენტილაციო შახტები, კონდიციონერები, საცურაო აუზები ან ჯაკუზიები, რაც ზრდის ლეგიონელოზის განვითარების რისკს და, შესაბამისად, კლასიფიცირდება, როგორც ადამიანის მიერ შექმნილი ტექნოგენური ინფექცია.
დაავადებას ეს სახელი 1976 წელს ეწოდა, როდესაც ვეტერანების - ამერიკული ლეგიონის - ყრილობის შემდეგ მოხდა დაავადების აფეთქება. დაავადების სიმპტომები პნევმონიას წააგავდა, მაგრამ უფრო აგრესიული მიმდინარეობით ხასიათდებოდა, რამაც რამდენიმე ათეული პაციენტის სიკვდილი გამოიწვია. კვლევის მსვლელობისას მეცნიერებმა დაადგინეს პათოგენი და ლეგიონერების პატივსაცემად უწოდეს ეს სახელი. აქედან მოდის სახელწოდება „ლეგიონელოზი“ - „ლეგიონერების დაავადება“.
ლეგიონერების დაავადება გაცილებით მძიმეა, ვიდრე ჩვეულებრივი პნევმონია, გარდა ამისა, ლეგიონელოზი ასევე შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულის და თირკმელების თანმხლები პრობლემებით. თუ დროულად არ მოხდა მკურნალობის დაწყება, ეს დაავადება ხშირად იწვევს გართულებებს, როგორიცაა სუნთქვის მძიმე უკმარისობა და სეფსისი. დაავადების მიმდინარეობას ამძიმებს რიგი ფაქტორები, როგორიცაა იმუნიტეტის დაქვეითება, მოწევა, ავთვისებიანი წარმონაქმნები და სიბერე. სტატისტიკის მიხედვით, მამაკაცები უფრო მგრძნობიარენი არიან დაავადების მიმართ, ვიდრე ქალები. ლეგიონელოზის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.
დროული ან ადრეული დიაგნოზისა და მკურნალობის შემთხვევაში, გამოჯანმრთელება 7-10 დღეში ხდება.
დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია კონდიცირების სისტემის დროულად გაწმენდა - ფილტრების შეცვლა, ანტიბაქტერიული დამუშავება და ასევე მნიშვნელოვანია, თავი შეიკავოთ მომუშავე კონდიციონერის ქვეშ დიდი ხნის განმავლობაში ყოფნისგან.