როგორ მოვიქცეთ, რომ შვებულებიდან დაღლილი არ დავბრუნდეთ? - 3 ნაბიჯი
მიაღწიეთ უკვე იმ ზღვარს, როდესაც დროა შეისვენოთ და მოკლე შვებულება აიღოთ? დაჯავშნეთ ადგილი სხვა ქალაქის სასტუმროში ან ბუნებაში ორი დღით, ითხოვეთ დასვენება სამსახურიდან, შესაძლოა ლეპტოპიც კი დატოვეთ სახლში... მაგრამ ბრუნდებით და რატომღაც თავს კიდევ უფრო დაღლილად გრძნობთ, ვიდრე წასვლამდე. როგორ მუშაობს ეს?
საქმე იმაშია, რომ დაღლილი კი არა გადამწვარი ხართ. ემოციურად გამოფიტული, გადაწყვეტილებების მიღებისგან დაღლილი, გონებრივად გადატვირთული მუდმივი განცდით იმის თაობაზე, რომ „მეტი უნდა გავაკეთო“. ასე რომ, თუ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება დაუსრულებელ სამოქმედო სიას ჰგავს, 48-საათიანი შესვენება - მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერია - არაფერს შეცვლის. უფრო ხანგრძლივი შვებულებაც კი ვერ შეცვლის თქვენს ცხოვრების წესს, რომელიც რეგულარულად მოითხოვს ზეადამიანურ ენერგიას.
ფიზიკური დაღლილობის გარდა, გადაწვა ხშირად მოიცავს:
- მენტალური დაღლილობა გადაწყვეტილებების მიღების, სტრატეგიის შემუშავებისა და პრობლემების გადაჭრის მუდმივი აუცილებლობისგან გამოწვეული.
- ემოციური დაღლილობა სხვა ადამიანების გრძნობების მართვის ან საკუთარი გრძნობების ჩახშობის აუცილებლობის გამო.
- სოციალური დაღლილობააუცილებელი გამოსვლების,სტუმრების მირების ან დაძაბულობის განმუხტვის აუცილებლობის გამო.
- სენსორული დაღლილობა ეკრანებისგან, ხმაურისგან და ზედმეტი სტიმულაციისგან.
მაშ, რას აკეთებთ?
ზოგჯერ დასვენება, რომელიც ყველაზე მეტად გჭირდებათ, ისეთი დასვენების დროა, რომლის დაგეგმვაც თქვენთვის თქვენს გარდა არავის შეუძლია. ამისათვის უნდა გაარკვიოთ, რისგან გჭირდებათ დასვენება და ამაზე იმუშაოთ.
-
დაიწყეთ თქვენი დაღლილობის ტიპის განსაზღვრით
ყველა დაღლილობის შემსუბუქება არ შეიძლება ძილის საშუალებით. ემოციურად დაიღალეთ სხვების ემოციების შეკავების აუცილებლობით? სოციალურად დაიღალეთ მუდმივი ხელმისაწვდომობით, მარტო ყოფნის შეუძლებლობით?
-
მიეცით საკუთარ თავს არასრულყოფილი შვებულების უფლება
თქვენ არ გჭირდებათ „იდეალური“ შვებულება. თქვენ გჭირდებათ აღდგენა, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს რეალურ საჭიროებებს, თუნდაც ეს ნიშნავდეს სახლში დარჩენას, ყველა თქვენი გეგმის გაუქმებას, რაღაცის დაუმთავრებლად დატოვებას და არაფრის კეთებას.
-
ჩართეთ მიკრო-დასვენება თქვენს კვირაში
შეწყვიტეთ დასვენების გადადება შემდეგ შვებულებამდე. კვირის განმავლობაში იპოვეთ მცირე გზები გადატვირთვისთვის: მშვიდი საუზმე ან ვახშამი, მოკლე, თუნდაც ხუთწუთიანი მარტო გასეირნება, ნებართვა, რომ ერთი საქმე მაინც დაუსრულებელი დატოვოთ. ყოველდღიური აურზაურისა და დაუსრულებელი რბოლისგან ასეთი პაწაწინა, მაგრამ რეგულარული გაქცევის ეფექტი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ჯადოსნური შვებულების მოლოდინში ცხოვრება, რომელიც ყველაფერს გამოასწორებს.