რა უნდა ვიცოდეთ საკვების ალუმინის ფოლგაში მომზადებისას
საკვები ალუმინის ფოლგა ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, მაგრამ მისი უსაფრთხოება დამოკიდებულია გამოყენების პირობებზე.
ალუმინი თავისთავად ინერტული ლითონია, მაგრამ მაღალ ტემპერატურაზე, მჟავებთან ან ტუტეებთან შეხებისას ალუმინის იონები შეიძლება გადავიდეს საკვებში.
კვლევამ აჩვენა, რომ ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიურია მჟავე საკვების (პომიდორი, ციტრუსები, მარინადები) ან მარილიანი კერძების ღუმელში მომზადებისას. ეს განპირობებულია იმით, რომ მარილი და მჟავები აჩქარებს ალუმინის ფოლგის კოროზიას. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საკვების ერთჯერადი მოხმარება ზიანს არ მიაყენებს ადამიანის ორგანიზმს, მაგრამ ალუმინის რეგულარულმა მიღებამ შეიძლება ზედმეტად დატვირთოს თირკმელები და პოტენციურად იმოქმედოს ნერვულ სისტემაზე.
ასევე, ალუმინის ფოლგის გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს მომზადებული კერძების გემო.
მაგალითად, საკვებმა შეიძლება შეიძინოს ლითონის გემო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ალუმინის ფოლგა დიდხანსაა კონტაქტში საკვებთან მაღალი ტემპერატურის პირობებში - ეს განპირობებულია ალუმინის ფოლგის ზედაპირის დაჟანგვით და საკვების ორგანულ ნაერთებთან ალუმინის იონების ურთიერთქმედებით. გარდა ამისა, არასწორად გამოყენების შემთხვევაში (მაგალითად, დამცავი ფენა გადახურებულია ან დაზიანებულია), ალუმინის ფოლგა იწვევს მის არათანაბარ გახურებას, რაც აუარესებს კერძის ტექსტურას. მაგალითად ხორცი ზედმეტად მშრალი გამოდის, ხოლო ბოსტნეული ძალიან რბილდება.
საინტერესოა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ფოლგამ შეიძლება კი არ გაუარესოს, არამედ გააუმჯობესოს კიდეც საკვების გემო „ორთქლის ქვაბის“ ეფექტის შექმნით.
საკვების მჭიდროდ შეფუთვა ფოლგაში ქმნის დახურულ სივრცეს, სადაც ტენიანობა და არომატი ცირკულირებს, ხორცსა და ბოსტნეულს უფრო წვნიანს ხდის. თუმცა, იგივე მექანიზმი ზრდის ლითონის მიგრაციის რისკს, ამიტომ ზიანის შესამცირებლად რეკომენდებულია ფოლგის პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილება საკვებთან - მაგალითად, საკვების წინასწარ შეფუთვა პერგამენტში.
ზოგადად, ფოლგაში გამოცხობა მომზადების შედარებით უსაფრთხო მეთოდად ითვლება, გარკვეული წესების დაცვით.
მაგალითად, მოკლევადიანი გახურებისას - თევზის ან ბოსტნეულის გამოცხობისას 180°C-მდე ტემპერატურაზე - არ ხდება ალუმინის მნიშვნელოვანი გამოყოფა. კერძებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ხანგრძლივი მომზადების დრო (2 საათზე მეტი) ან ძალიან მაღალი ტემპერატურა (200°C-ზე მეტი), უმჯობესია გამოიყენოთ ალტერნატივა - პერგამენტი, მინა ან კერამიკული ფორმები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამაინებისთვის, ვისაც აღენიშნება თირკმელების დაავადება ან მინერალური ცვლის დარღვევა, იმდენად რამდენადაც მათი ორგანიზმი უფრო რთულად თავისუფლდება ჭარბი ალუმინისაგან.