რა არის და როგორ მუშაობს ცირკადული რიტმი
ცირკადული რიტმი პრაქტიკულად „შინაგანი საათია“, რომელიც არეგულირებს ძილსა და ღვიძილს. ორგანიზმის ეს სისტემა რომ ნატიფი და საოცარია, ამაზე რამდენიმე საინტერესო ფაქტი მიუთითებს.
-
ბიოლოგიური საათი ჰიპოთალამუსთან შეჭიდული ფენომენია
ცირკადული რიტმი მეტად რთული მექანიზმია, თანდაყოლილი და საინტერესოდ აწყობილი მთელი სისტემა. მისი მუშაობის პრინციპი ასეთია:
ორგანიზმში გენები შეიცავს „ინსტრუქციებს“ გარკვეული ცილების წარმოებისთვის, რომელთა რიცხვიც მუდმივად იცვლება ტალღისებურად, ხან იზრდება და ხანაც მცირდება 24-საათიანი ციკლის განმავლობაში.
ბიოლოგიური საათი აკონტროლებს ამ ტალღებს, იგივე ცირკადულ რიტმებს, იყენებს რა დაახლოებით 20 000 ნერვული უჯრედისგან შემდგარ ჯგუფს. აღნიშნულ ნერვულ უჯრედთა (ნეირონთა) გაერთიანებას ეწოდება სუპრაქიაზმური ბირთვები. ისინი მდებარეობს ჰიპოთალამუსში. ტვინის ეს უბანი მხედველობის ნერვის ზემოთ მდებარეობს და გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სხეულის ტემპერატურის, შიმშილის, სექსუალური ლტოლვისა და სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციების რეგულირებაზე.
ჰიპოთალამუსის მიერ შექმნილი კანონზომიერებები განსაზღვრავს, როდის სძინავს ადამიანს, როდის ჭამს, ასევე აკონტროლებს გულისცემას, სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) გამომუშავებას და სისხლში გლუკოზის დონეს. თუმცა, ყოველივე აღნიშნულზე შეიძლება გავლენა იქონიოს არა მხოლოდ გენებმა, არამედ გარე ფაქტორებმაც, როგორიცაა, მაგალითად, განათება, რომელზეც დიდწილად დამოკიდებულია ორგანიზმის მიერ დროის განსაზღვრა და იმის შეგრძნება, რომ დროა მოემზადოს დასაძინებლად.
-
ცირკადული რიტმი მელატონინზეა დამოკიდებული
სუპრაქიაზმური ბირთვების მიერ გამოყოფილი ბევრი ჰორმონიდან აღსანიშნავია მელატონინი, რომელიც არის ცირკადული რიტმის დამარეგულირებელი ბუნებრივი ქიმიური ნივთიერება. რაც უფრო მეტად გამოიმუშავებს მას ორგანიზმი, მით უფრო მეტად ეძალება ადამიანს ძილი.
ამ ჰორმონის გამომუშავების განრიგი პირდაპირ დამოკიდებულია განათებაზე. როდესაც ადამიანი იმყოფება სიბნელეში, მაგალითად, მზის ჩასვლის შემდეგ სეირნობს ან ფარდებით ჩაბნელებულ ოთახში ზის, მის ორგანიზმში ბევრი მელატონინი გამომუშავდება და ტვინს მიეწოდება ნიშანი, რომ უკვე ძილის დროა.
ზოგიერთი ადამიანი, ვისაც უძილობა და ძილის სხვადასხვა სახის დარღვევა აწუხებს, იღებს მელატონინის აბებს, რათა უკეთ დაისვენოს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველა ექიმი არ უწევს რეკომენდაციას ამ დანამატების გამოყენებას, განსაკუთრებით მათ თვითნებურად მიღებას. თვითმკურნალობის დროს, ზოგჯერ ბუნებრივი ბიოლოგიური საათის რღვევის დიდი რისკი იქმნება. ამიტომ, თუ ძილის პრობლემა გაქვთ, უნდა მიმართოთ ნევროლოგს და სომნოლოგს და არ დაიწყოთ თვითმკურნალობა.
-
ცირკადული რიტმი არ ადაპტირდება ზაფხულის დროსთან
მარტში ბევრი ქვეყანა დროს ცვლის, საათი გადაჰყავს ზაფხულის დროზე, რათა ადამიანებს დღის სინათლის მაქსიმალურად გამოყენების საშუალება მიეცეთ. ეს ცვლილება უარყოფითად აისახება ცირკადულ რიტმზე, განსაკუთრებით საათის შეცვლის (გადაყვანის) შემდეგ პირველ დღეებში. სხვათა შორის, ეს არის გავრცელებული მიზეზი იმისა, რომ ზაფხულის დროზე გადასვლის შემდეგ, ბევრი თანამშრომელი უნებურად აგვიანებს სამსახურში. როდესაც მაღვიძარა ახალი დროით რეკავს დილის 7 საათზე, სხეული ფიქრობს, რომ გაიღვიძა დილის 6 საათზე და არ წყვეტს მელატონინის გამომუშავებას. ადამიანების უმეტესობისთვის ზაფხულის დროზე გადასვლა პრობლემაა, რადგან მათი ცირკადული რიტმები სრულად ვერ ერგება ასეთ ცვლილებას. მათი ნორმალური ძილის რეჟიმი მხოლოდ მაშინ უბრუნდება ნორმას, როდესაც ხდება ზამთრის დროზე დაბრუნება.
-
ძილ-ღვიძილის ციკლი ეხმარება ორგანიზმს მნიშვნელოვანი ფუნქციების შენარჩუნებაში
ცირკადული რიტმების ჩამოყალიბების მიზეზი მარტივი და გასაგებია: ისინი საჭიროა ხარისხიანი ძილის უზრუნველსაყოფად, რომელიც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
ყოველთვის, როცა ადამიანს თავი ბალიშზე უდევს და სიზმარშია, ორგანიზმი აღდგენის პროცესშია. ეს მიიღწევა ცილების გამომუშავებით და ზრდის ჰორმონების გამოყოფით. მათზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად აღდგება ქსოვილები და კუნთები. ასევე, ძილში გატარებულ დროზეა დამოკიდებული იმუნიტეტის, ნერვული სისტემისა და კოგნიტური ფუნქციების მუშაობა.
-
შუადღის ენერგიის ვარდნა – ბუნებრივია
ალბათ, ერთხელ მაინც გიგრძნიათ, რომ სადილობის შემდეგ განსაკუთრებულად გეძინებათ და არ გსურთ სამუშაოს შესრულება. ნუ გაკიცხავთ თავს სიზარმაცის ან ნებისყოფის ნაკლებობის გამო: ენერგიის შუადღის ვარდნა ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა და მის აღმოცენებაში ცირკადული რიტმია დამნაშავე. არსებობს კიდევ ერთი სისტემა, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის დონის შემცირებას (ვარდნას) სადილობის შემდეგ. მას ძილის ჰომეოსტატი ეწოდება. ის ამცნობს სხეულს, რომ დიდი ხნის ღვიძილის შემდეგ ძილის დროა. როდესაც შინაგანი საათი და ჰომეოსტატი ერთდროულად მუშაობენ, რაც ყველაზე ხშირად დღის 13-14 საათზე ხდება, ადამიანს ძალიან ეძინება, სწორედ ამ პერიოდში შეიგრძნობს, რომ ძილი განსაკუთრებულად ძლიერად ეძალება.
ყველა ადამიანი ერთნაირად არ განიცდის შუადღის ენერგიის ვარდნას. ბევრი ზრდასრული ადამიანისთვის ყველაზე დიდი სისუსტე და ძილის მოთხოვნილება, ცირკადული რიტმების გამო, ჩნდება 14:00 საათზე, ან კიდევ 20:00 საათისთვის. თუმცა, თუ ადამიანი ღამიდან კარგად გამოძინებულია (ზოგადად, არ აქვს ძილის დეფიციტი), სადილობის შემდეგ ძილის სურვილი საერთოდ არ ეუფლება.
-
ელექტრონული შუქი არღვევს ბიოლოგიურ საათს
ცხოვრება ძნელად წარმოსადგენია ხელოვნური განათების გარეშე. ამ დროს სწორედ მან შეიძლება გამოიწვიოს ბიოლოგიური საათის გაუმართაობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფანჯრიდან უნდა მოისროლოთ ღამის სანათი სუსტი შუქით, რომელიც ასე საჭირო და სასარგებლოა ღამით ახალგამოღვიძებულისთვის საპირფარეშოში გასასვლელად. ძილზე უარყოფითად მოქმედებს განათების სხვა წყაროები – ელექტრონული. მათ შორისაა ტელევიზორის ეკრანი, კომპიუტერისა და მობილური მოწყობილობების შუქი.
ბევრს უყვარს ძილი სერიალების ან საყვარელი გადაცემების ყურების ფონზე, ასევე სოციალურ ქსელებში ჩაძირვისა და მიმოწერის სიტუაციაში. როგორც წესი, ამ კატეგორიისთვის გაცილებით რთული ხდება ჩაძინება. საქმე ის გახლავთ, რომ ისინი თავად ატყუებენ და „ტანჯავენ“ ტვინს, რადგან ეს უკანასკნელი აღიქვამს ელექტრონიკის სინათლეს, როგორც დღის შუქს, რაც ანელებს მელატონინის გამომუშავებას. ამიტომ, თუ გსურთ ადვილად დაიძინოთ, უნდა გადადოთ მობილური მოწყობილობები, გამორთოთ ტელევიზორი ძილის წინ სულ მცირე ერთი საათით ადრე.
-
შეგიძლიათ შეცვალოთ საკუთარი ცირკადული რიტმი
პირობითად, ადამიანები შეიძლება დავყოთ ბუებად და ტოროლებად. ეს განსხვავება განისაზღვრება ბიოლოგიური საათის ფუნქციობის თავისებურებებით. რომელს მიეკუთვნებით ამ ორი ტიპიდან, ეს დამოკიდებულია გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე (მიდრეკილებაზე) და ასევე ასაკზე.
მაშინაც კი, თუ გენეტიკის ან ცხოვრების წესის გამო „ბუ ხართ“ და ეს არ მოგწონთ, არ უნდა ინერვიულოთ: ცირკადული რიტმი შეიძლება გადააწყოთ (შეცვალოთ). ამას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, განსაკუთრებით თუ წლების განმავლობაში იცავთ ძილისა და გაღვიძების რეგულარულ რეჟიმს, თუმცა, ბევრისთვის ეს პროცესი ძალზე მარტივია.
ბიოლოგიური საათის პრობლემის გადაჭრა შეუძლია მკაცრ განრიგს. ადამიანი უნდა მიეჩვიოს ერთსა და იმავე დროს დაძინებასა და გაღვიძებას, როგორც სამუშაო, ასევე უქმე დღეებში. მნიშვნელოვანია კვების სწორად დაგეგმვაც: საუზმე გაღვიძების შემდეგ და ვახშამი ძილის წინ რამდენიმე საათით ადრე, აუცილებლად გასათვალიწინებელია.
გარდა ამისა, ცირკადულ რიტმზე გავლენას ახდენს ფიზიკური აქტივობა, ასევე განათება, განსაკუთრებით დილაობით. ამიტომ, თუ გსურთ თქვენი ბიოლოგიური საათის შეცვლა, ვარჯიში და განათება უნდა მოარგოთ (შეუწყოთ) თქვენს სასურველ ძილ-ღვიძილის ციკლს.
-
ბიოლოგიური საათი ასაკთან ერთად იცვლება
ძილისა და ღვიძილის დრო ბავშვებთან და მოზრდილებთან განსხვავდება ცირკადული რიტმის მახასიათებლების გამო. ახალშობილებს, როგორც წესი, დღე-ღამეში 17 საათი სძინავთ, ხოლო მოზარდებს დაახლოებით ათი საათი სჭირდებათ გამოძინებისთვის. გარდა ამისა, 18 წლამდე ბიჭები და გოგონები უფრო გვიან იძინებენ, ვიდრე მოზრდილები. 18 წლის შემდეგ ბიოლოგიური რიტმი კარნახობს ორგანიზმს, რომ მას დასვენებისთვის სჭირდება დღე-ღამეში 7-დან 9 საათამდე. 65 წლის შემდეგ ბევრი ადამიანი ამჩნევს, რომ დასასვენებლად დაახლოებით 6 საათი ძილი სჭირდება და რომ გაცილებით ადრე იწყებს გაღვიძებას ვიდრე ახალგზარდა ასაკში.
-
დეპრესია არღვევს ბიოლოგიურ საათს
- პროფესორმა ცზიუნ ლიმ, მიჩიგანის უნივერსიტეტიდან, აშშ-ში ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ დეპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს ბიოლოგიური საათის გაუმართაობა. მეცნიერმა და მისმა თანაავტორებმა გამოიკვლიეს ამ დაავადებით დაავადებული 55 პაციენტის და 55 ჯანმრთელი ადამიანის გენომი და გამოავლინეს რამდენიმე საინტერესო კანონზომიერება. ჯანმრთელ ადამიანებთან 16 გენიდან, რომლებიც აჩვენებდნენ ყველაზე მკაფიო ციკლურობას, 11 გენი პირდაპირ იყო დამოკიდებული ბიოლოგიურ საათზე. მძიმე დეპრესიის მქონე პაციენტებთან კი გამოკვლეული გენებიდან მხოლოდ ორმა აჩვენა ციკლურობა. ანუ მათ ბიოლოგიურ საათებს მნიშვნელოვანი განსხვავებები ჰქონდა ჩვეულებრივი 24-საათიანი განრიგისაგან.
- დოქტორ ლის დასკვნით, დეპრესიის მქონე პაციენტებთან უძილობის ან გადაჭარბებული ძილის მიზეზების შესახებ ამ ცოდნამ შთააგონა მეცნიერები, შეესწავლათ მკურნალობის ისეთი მეთოდი, როგორიცაა სინათლით თერაპია. ეს უკანასკნელი ეხმარება ბიოლოგიური საათის აღდგენასა და დაავადების სიმპტომების შემცირებაში.
-
ცირკადული რიტმის დარღვევა გავლენას ახდენს იმუნიტეტზე
ბიოლოგიური საათის ფუნქციობაზე დიდად არის დამოკიდებული დაავადებებთან ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა.
ორგანიზმმა ჯერ უნდა აღმოაჩინოს „დამპყრობლები“, სანამ მათ შეებრძოლება. ამ სამუშაოს ასრულებს თLღ9 რეცეპტორი, რომელიც იმუნური სისტემის ცილაა. მის გამომუშავებაზე გავლენას ახდენს ცირკადული რიტმი. თუ ბიოლოგიური საათი გამართულად არ მუშაობს, მაგალითად, ძილის ნაკლებობის გამო, ორგანიზმის იმუნური პასუხი ქვეითდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი გაციების დროსაც კი ორგანიზმის ბრძოლის უნარი შესუსტებულია, რომ აღარაფერი ვთქვათ სერიოზულ ინფექციურ დაავადებებზე.
-
მეცნიერებმა შეიმუშავეს ბიოლოგიური საათის განმსაზღვრელი სისხლის ტესტი
2018 წელს Northwestern-ის მკვლევართა ჯგუფმა განაცხადა, რომ შეიმუშავა სისხლის ტესტი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ადამიანის ბიოლოგიური საათის განსაზღვრა. კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ავტორის, დოქტორ როზმარი ბრაუნის განმარტებით, ტესტი დაეხმარება ექიმებს, უფრო ზუსტად განსაზღვრონ, როდის იქნება ყველაზე ეფექტური დანიშნული წამალი პაციენტისთვის, არტერიული წნევის დამარეგულირებელი აბი იქნება ის, თუ ქიმიოთერაპიული საშუალება.
დაავადების მრავალი ასპექტი ხომ უშუალოდ უკავშირდება ცირკადულ რიტმს. მაგალითად, დღის გარკვეულ მონაკვეთში შეიძლება გაიზარდოს გულის ან ასთმის შეტევის რისკი. ცირკადული რიტმის მიხედვით წამლების მიღების საუკეთესო (უფრო ეფექტური) დროის განსაზღვრით, ექიმებს შეუძლიათ, პაციენტებს დაუნიშნონ მედიკამენტების უფრო დაბალი დოზები, რაც ამცირებს გვერდითი ეფექტების რისკს.
ახალი მეთოდი ამჟამად კლინიკურ კვლევებსა და დამატებით შესწავლას გადის. შესაძლოა, ერთ დღესაც ის გახდეს ყოველწლიური სამედიცინო გამოკვლევის სტანდარტული ნაწილი.