კალე - როგორია მისი შემადგენლობა და რატომ არის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობისთვის
სამჯერ მეტ ცილას და ოთხჯერ მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე თეთრი კომბოსტო.
კალეს შემადგენლობის თითქმის 85 პროცენტი წყალია.
100 გ კალეს კვებითი ღირებულება:
- ცილა 4,3 გ;
- ბოჭკო 4,2 გ;
- ნახშირწყალი 2,54 გ;
- ცხიმი 0,9 გ
შეიცავს: C, E, A, K, B1, B2, B3, B6, B7 ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, კალიუმს, კალციუმს, გოგირდს, ფოსფორს, ქლორს, მაგნიუმს, რკინას.
კალე დიდი ოდენობით შეიცავს ამინმჟავა ტრიპტოფანს. ეს აუცილებელია ჰორმონ სეროტონინის გამოსამუშავებლად, რომელიც კარგ განწყობაზეა პასუხისმგებელი.
შეიცავს ცხიმოვან მჟავა ომეგა-3, რომელიც მრავალი სასარგებლო თვისებით, მათ შორის – ანთების საწინააღმდეგო, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დამცავი, ნერვული სისტემის დამცავი მოქმედებით გამოირჩევა.
ბოჭკო, როგორც იცით, უდიდეს როლს ასრულებს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობაში, რითაც შეუძლია, თავიდან აგვაცილოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი და მსხვილი ნაწლავის კიბო.
კალეს შემადგენლობაში შემავალი ბოჭკო:
- ხელს უწყობს საჭმლის მონელებას;
- აუმჯობესებს პერისტალტიკას და ამით ხელს უშლის ყაბზობის განვითარებას;
- არეგულირებს სისხლში ქოლესტეროლის დონეს;
- დიდი ხნით ანაყრებს;
- ხელს უწყობს წონის კლებას;
- აჯანსაღებს ნაწლავურ ფლორას.
კალეში 45-მდე ფლავონოიდია, მათ შორის, კვერცეტინი, რომელიც თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებს.
ფლავონოიდებს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიჰიპერტენზიული და ანტითრომბოზული მოქმედება აქვს. მათი რეგულარული მოხმარება შესამჩნევად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის რისკს.
ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ კაროტინოიდებსაც. ისინიც ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ზოგიერთი კიბოს განვითარების რისკს. 100 გრამი კალე დაახლოებით 5200 მიკროგრამით მეტ ბეტა-კაროტინს შეიცავს, ვიდრე ბროკოლი ან ბრიუსელის კომბოსტო. თუ მას ცოტაოდენ ჯანსაღ ცხიმს შეურევთ, ორგანიზმს ბეტა-კაროტინის ათვისება გაუადვილდება. ბეტა-კაროტინის ბიოშეღწევადობა უფრო მეტად გაიზრდება, თუ კომბოსტოს კარგად დააქუცმაცებთ ან დააბლენდერებთ.
კალეს შემადგენლობაში შემავალი ლუთეინი და ზეაქსანთინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვალების ჯანმრთელობისთვის. ეს ორი კაროტინოიდი თვალებს სხვადასხვა დაავადებისგან, მათ შორის მაკულის ასაკობრივი დეგენერაციისგანაც იცავს.
კალე დიდ როლს ასრულებს კიბოს პროფილაქტიკაში. ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა ლუთეინი და ბეტა-კაროტინი. ეს ანტიოქსიდანტები იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისგან, რომელმაც შესაძლოა სათავე დაუდოს კიბოს. განსაკუთრებით ეფექტურია სარძევე ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის, შარდის ბუშტის, პროსტატის და საკვერცხის კიბოს წინააღმდეგ.