რა ფაქტორები უწყობს ხელს ჰიპერტენზიის განვითარებას და როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს
ესენციური ჰიპერტენზია ეს არის ჰიპერტენზია, რომლის მიზეზიც არ არის ერთი რომელიმე გარემოება, ის მრავალ ფაქტორიანია, მას ახასიათებს მყარად მომატებული არტერიული წნევა და აუცილებლად საჭიროებს მედიკამენტურ ჩარევას.
სიმპტომურ ჰიპერტენზიას ერთი მიზეზი აქვს, ანუ არის რაღაც დაავადება, მაგალითად, გულის რომელიმე დაავადება. ამ ერთ მიზეზს თან ახლავს აუცილებელი სიმპტომი, მაღალი არტერიული წნევა. ესენციური ჰიპერტენზია ხანდაზმულ ასაკში გვხვდება, ახალგაზრდა ასაკში და ნებისმიერ ასაკში კი შეიძლება სიმპტომური ჰიპერტენზია იყოს.
ესენციურ ჰიპერტენზიას აქვს რისკ-ფაქტორები. ეს არის ჭარბი წონა, რაც იწვევს აქტივიზაციას ნერვიული სისტემის იმ ნაწილის, რომელიც წნევის მომატებაზეა პასუხისმგებელი. ასევე ეს არის უმოძრაო ცხოვრების წესი, ნატრიუმის ჭარბად მოხმარება. რისკ-ფაქტორებია ასევე ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება, მოწევა.
რისკ-ფაქტორი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტს აუცილებლად განუვითარდება ჰიპერტენზია, ეს არის განწყობა, ანუ ადამიანებს, რომელთაც ჭარბი წონა აქვთ, ჭარბად მოიხმარენ ნატრიუმს, თამბაქოს ეწევიან მეტი შანსი აქვთ განუვითარდეთ ჰიპერტენზია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ასე მოხდება.
როდესაც წნევა არის 139/89-ზე მეტი, ეს ასოცირებულია ისეთ სისხლძარღვოვან დაავადებებთან, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინის ინსულტი, თირკმლის დაავადებები.
როგორ უნდა მოიქცეთ მაღალი წნევის დროს
ყველაზე ცუდი ამ დროს პანიკაა, რადგან პანიკა წნევას ზევით წევს. თუ პაციენტი არის ცუდად, სტკივა თავი და დარწმუნებულია, რომ წნევა მომატებული აქვს შეიძლება შიშისა და შფოთვის განცდა გაუჩნდეს, ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დამამშვიდებელი პრეპარატის მიღება, რაც ასევე ხელს შეუწყობს წნევის დაწევას.
წნევასთან დაკავშირებულ გადაუდებელ სიტუაციას ჰიპერტენზიული კრიზები ჰქვია. ეს არის მდგომარეობა, როცა წნევა უჩვეულოდ, სწრაფად არის მომატებული, ცდება 160/110-ს, ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.