ვაძლიერებთ იმუნიტეტს!
არა მხოლოდ სეზონური ინფექციებისა და არაგადამდები დაავადებებისგან დაცვაა, ის ნიშნავს სტაბილურ, კარგ გაწყობას და სრულფასოვან შრომის უნარსაც.
თუ ამჩნევთ, რომ ორგანიზმის თავდაცვის ძალები დასუსტდა, აუცილებლად ეწვიეთ იმუნოლოგს, ხოლო თუ გსურთ, თავდაცვის უნარი ყოველთვის სასურველ დონეზე გქონდეთ, მუდმივად იზრუნეთ მის სტიმულირებასა და გაძლიერებაზე.
ახლა კი გაგაცნობთ იმ წესებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც ჩვენს თავდაცვით ძალებს მუდმივად საუკეთესო საბრძოლო ფორმაში ყოფნის საშუალებას აძლევს. მათი გაცნობისას დარწმუნდებით, იმუნიტეტის გამაძლიერებელი რეკომენდაციები სხვა არაფერია, თუ არა ცხოვრების ჯანსაღი წესი!
გაკაჟდით!
გაკაჟება თავისი შინაარსით იმუნური სისტემის წვრთნაა. მისი მთავარი პრინციპებია: ზომიერება, თანმიმდევრულობა და რეგულარობა.
დაიწყეთ მარტივით: ბევრი ისეირნეთ, ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი, შინ იარეთ ფეხშიშველმა, დაიზილეთ სხეული ცივ წყალში დასველებული ღრუბლით ან პირსახოცით, შეძლებისდაგვარად იბანავეთ გრილი წყლით.
შემდეგ გადადით შედარებით სერიოზულ პროცედურებზე: ცივი წყლის აბაზანებსა და კონტრასტულ შხაპზე, რომელიც ასევე საკმაოდ პოზიტიურად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, კანის მდგომარეობაზე და ცელულიტის საუკეთესო პროფილაქტიკაცაა.
გამოიჩინეთ სიფრთხილე და თანმიმდევრულობა!
თუ რაიმე ტიპის პრობლემა გაქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემაში, აუცილებელია ამგვარი ღონისძიებების გატარებამდე ნებართვა მკურნალი ექიმისგან მიიღოთ.
მნიშვნელოვანია გაკაჟებისას რეგულარობა, პროცედურათა შორის დიდხნიანი ინტერვალები არ უნდა იყოს.
გაითვალისწინეთ! თუ ჯანმრთელი ხართ, ეს პროცედურები შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერ დროს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემის არსებობისას კი – მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდგომ.
კვება
იმუნიტეტის გასაძლიერებლად აუცილებელია დაბალანსებული, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი რაციონი. ყველა საჭირო ვიტამინისა და მიკროელემენტის მისაღებად დღიური რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი.
ყოველდღიურ რაციონში უნდა იყოს ჩართული ყველა ძირითადი ჯგუფის პროდუქტები: რძის ნაწარმი, ბოსტნეული, ხილი, რთული ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების შემცველი საკვები.
პოლისაქარიდებს შეიცავენ მარცვლოვნები, მაკარონი, კარტოფილი, პური. ისინი რთულად მოსანელებელია მონოსაქარიდების შემცველი შაქრის, ორცხობილას, ტორტისა და საკონდიტრო ნაწარმისგან განსხვავებით.
ორგანიზმს ასევე ესაჭიროება ძნელად მოსანელებელი ნახშირწყლები მცენარეული უჯრედისისა და საკვები ბოჭკოების სახით, ისინი ქმნიან დანაყრების შეგრძნებას და ამავდროულად ხელს უწყობენ საკვების მონელებას. ასეთი ნახშირწყლების შემცველია შვრია, შავი პური, ცეხვილი ხორბლის პური და ა.შ.
ორგანიზმს ესაჭიროება ცხიმები, რამდენადაც ისინი ხელს უწყობენ A და E ვიტამინების ათვისებას. ორგანიზმში ცხიმების დეფიციტისას უარესდება კანის საფარველი, ზიანდება ღვიძლი, უარესდება სასქესო ჰორმონების სინთეზი. არსებობს უჯერი და ნაჯერი ტიპის ცხიმები. უჯერი ცხიმები ადვილად მოინელება, შეიწოვება და შესაბამისად, მეტად სასარგებლოცაა. მათი წყაროა ცხიმიანი თევზი, ავოკადო, ნუში, ზეითუნის ზეთი.
ფარული ნაჯერი ცხიმები, როგორსაც შეიცავს მაიონეზი, ძეხვი, ტორტი, ნამცხვრები – უნდა შეიზღუდოს.
საჭირო ცილების წყაროა თევზი, ხორცი, რძის პროდუქტები, კვერცხი, პარკოსნები, თხილი, კაკალი, მიწის თხილი, სოკოები.
ჭამეთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული. სასურველია თერმულად დაუმუშავებელი, ცოცხალი სახით, მათში არსებული ვიტამინების უკეთ ასათვისებლად.
თუკი ე.წ. მავნე საკვებს, ფასთ-ფუდს, ძალიან იშვიათად ეტანებით, მისი მავნებლობა მინიმალურია, მისი ძირითად საკვებად დაწესება კი საშიშია.
დალიეთ საჭირო რაოდენობის წყალი
ორგანიზმში სითხის უკმარისობისას ზიანდება ყველა შინაგანი ორგანოს ქსოვილი, რაც არა მხოლოდ იმუნიტეტის დამცავ ფუნქციას ასუსტებს, საფრთხის შემცველი საკმაოდ ბევრი დაავადების განვითარების მიზეზიც ხდება. ამიტომ აუცილებელია გამოიმუშაოთ დღეში 1 ლიტრამდე სასმელი წყლის დალევის ჩვევა.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ყავა, ჩაი, წვენები, წვნიანი სადილები და სხვა ორგანიზმში ფუნქციურად სასმელ წყალს არ ანაცვლებენ, ამიტომ სასმელი წყლის ამგვარი ფორმით შეცვლა არაგონივრული და გაუმართლებელია.
ვიტამინები და პრობიოტიკები
უკანასკნელი კვლევებით დასტურდება, რომ თანამედროვე ადამიანის ორგანიზმი მუდმივად განიცდის ამა თუ იმ ვიტამინის დეფიციტს, რაც გასაკვირი არც არის, ვიტამინები ორგანიზმში არ სინთეზდებიან, გამონაკლისია D და ნაწლავის ბაქტერიების მიერ სინთეზებული ვიტამინები, ამიტომ აუცილებელია მათი შემცველი საკვების რეგულარულად მიღება.
ყველაზე რაციონალური კვების დროსაც კი ადამიანის რაციონი მაინც განიცდის 20-30%-ით ვიტამინების დეფიციტს. დღეს გაცილებით გაზრდილია ხელოვნური პრეპარატების გზით მათი მიღება, ვიდრე ბუნებრივი საკვების სახით, ამიტომ სულ უფრო ხშირად იღებენ პოლივიტამინების შემცველ პრეპარატებს.
გავითვალისწინოთ, რომ დაავადების, სტრესების, დეპრესიის, გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვისას, ორსულობის დროს, თამბაქოსა და ალკოჰოლის გამოყენებისას, ანტიბიოტიკების ხანგრძლივად მიღებისას ვიტამინებზე ორგანიზმის მოთხოვნილება მატულობს.
საჭირო პოლივიტამინის ფორმასა და დოზას ადგენს ექიმი და ჩვეულებრივ, მათი მიღების ხანგრძლივობა 1-3 თვეა, კურსი სასურველია განმეორდეს წელიწადში 2-4-ჯერ. ვიტამინების შეწოვას გააუმჯობესებთ, თუ მათ დღეღამურ დოზას რამდენიმე მიღებაზე გაანაწილებთ, ძირითადი მიღება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში, რამდენადაც საღამოსა და ღამე ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა ნელდება. ადამიანი ბიოლოგიურად ვიტამინებს საკვებიდან იღებს, ამიტომ პოლივიტამინების შემცველი პრეპარატებიც, უმჯობესია, ჭამის დროს მიიღოთ, ასე მათ შეწოვას გააუმჯობესებთ.
ვიტამინების გარდა, იმუნური სისტემის გასაკაჟებლად საჭიროა პრობიოტიკებიც. ეს არის სამკურნალო პრეპარატები ან ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატები, რომლებიც შეიცავენ ადამიანის ნორმალური მიკროფლორის წარმომადგენელ სასარგებლო ცოცხალ მიკროორგანიზმებს. მათი ფუნქციაა ადამიანის სხვადასხვა ლორწოვანი გარსის მიკროფლორაში დარღვეული ბალანსის აღდგენა, ამიტომ სწორედ ისინი გამოიყენება იმუნოდეფიციტის, დისბაქტერიოზისა და მათთან დაკავშირებულ პრობლემათა მკურნალობისა და პროფილაქტიკისას.
პრობიოტიკები იმუნურ სისტემას ყველა დონეზე ასტიმულებენ, რაც მრავალი კლინიკური კვლევითაა დასაბუთებული. პრობიოტიკები და ვიტამინები, ნებისმიერი სხვა სამკურნალო მედიკამენტის მსგავსად, არ უნდა მიიღოთ ექიმის რჩევისა და დანიშნულების გარეშე.
დღის რეჟიმი და ფიზიკური აქტივობა
ორგანიზმის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია გონივრულად დაგეგმილი დღის რეჟიმიც.
ეცადეთ გაიღვიძოთ და დაიძინოთ ერთსა და იმავე დროს. გამოიძინეთ კარგად, ბევრი იარეთ და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. აუცილებლია სპორტი, დილის ვარჯიში და ზომიერი ფიზიკური აქტივობა.
რეგულარული ფიზიკური აქტივობა საკმაოდ დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე. მაღალი კუნთური ტონუსი ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების ნორმალურად წარმართვისა და ნერვული რეგულაციისთვის აუცილებელი პირობაა, რაც, თავის მხრივ, განსაზღვრავს იმუნური რეაქციების ინტენსივობასა და სიჩქარეს.
აქტიური ფიზიკური დატვირთვებისას უმჯობესდება ადამიანის კუნთოვანი სისტემის ზოგადი ტონუსი, გუნება-განწყობა, რაც ხელს უწყობს ენერგიის ნაკადს, სისხლი მდიდრდება ჟანგბადით, უმჯობესდება ძილი და მადა. ფიზიკური დატვირთვები გვეხმარება სტრესისშემდგომი ნეგატიური მოვლენების აღმოფხვრაშიც, რამდენადაც ორგანიზმში გამომუშავდება ბედნიერების ჰორმონად წოდებული ენდორფინები.
მზის სინათლე და ბედნიერების ჰორმონები
თუ ამინდი ამის საშუალებას იძლევა, ეცადეთ დღის განმავლობაში საათი მაინც გაატაროთ გარეთ, იდეალურია, თუ ამას დღის პირველ ნახევარში შეძლებთ. მზე არა მარტო D ვიტამინის გამოსამუშავებლადაა საჭირო, სინათლის გავლენით ბედნიერების ჰორმონად წოდებული კიდევ ერთი ჰორმონი – სეროტონინი – გამომუშავდება, რომელიც გუნება-განწყობის ამაღლებაზეა პასუხისმგებელი.
შემოდგომასა და ზამთარში მზის სინათლის დეფიციტი გაცილებით აქტუალური პრობლემაა – ადრე ვდგებით და შებინდებამდე სამსახურში ვართ, შინ მზის ჩასვლის შემდეგ ვბრუნებით. ამ პერიოდში მზის სინათლეზე ყოფნის ნებისმიერი საშუალება გამოიყენეთ: შესვენებაზე ისეირნეთ, უქმეებზე კი აუცილებლად დაგეგმეთ ქალაქგარეთ პიკნიკები.
კარგად გამოიძინეთ!
არასაკმარისი ძილისას ქვეითდება იმუნური სისტემის მახვილი მოქმედება, კერძოდ კი, იმ პათოგენური ორგანიზმების აღმოჩენა რთულდება, რომლებიც ორგანიზმში საფრთხეს ქმნიან და მცირდება იმუნური პასუხის განვითარების სიჩქარეც. ეს განსაკუთრებით აზიანებს შეძენილ იმუნიტეტს, ანუ უნარს, ორგანიზმმა სწრაფად ამოიცნოს და მოახდინოს რეაგირება მისთვის უკვე ნაცნობ საფრთხის ტიპებზე.
უარი მავნე ჩვევებს
თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის, სამკურნალო და ნარკოტიკული პრეპარატების ბოროტად გამოყენება საკმოდ ძლიერად აზიანებს იმუნურ სისტემას, აუარესებს მრავალი ორგანოს ფუნქციონირებას, სისხლძარღვებს, ტვინს, ფილტვებს, ზრდის დაავადებათა განვითარების ალბათობას.
ნებისმიერი მავნე ჩვევა ორგანიზმისთვის ძლიერი ტოქსიკური დატვირთვაა, რომელსაც მწყობრიდან გამოჰყავს ნებისმიერი ორგანოთა სისტემა, მათ შორის – იმუნურიც.
დაასრულეთ ინფექციათა მკურნალობა
ინფექციური დაავადებების (გრიპი, მწვავე რესპირატორული დაავადებები და სხვა) მკურნალობის ფინალურ სტადიაზე შეწყვეტა, იმ მოსაზრებით, რომ „ახლა უკვე თავისთავად გამივლის“, იწვევს იმას, რომ მთელი საქმის დასრულება უწევს მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ, ისედაც დასუსტებულ იმუნურ სისტემას, რომლის კორექტული მუშაობაც სამომავლოდ უკვე საეჭვო ხდება.
დროულად უმკურნალეთ დაავადებებს
ჩვენი ორგანიზმი ერთი მთლიანი სისტემაა, როდესაც რომელიმე ორგანოს ან ორგანოთა სისტემას უჭირს და ამას უყურადღებოდ და დროული რეაგირების გარეშე დავტოვებთ, ეს აუცილებლად გამოიწვევს პათოლოგიური პროცესის სხვა ორგანოთა სისტემაზე გავრცელებას. სწორედ ამიტომ სხვადასხვა ქრონიკული დაავადება: გასტრიტი, პანკრეატიტი, ბრონქული ასთმა და სხვა, დროული რეაგირების გარეშე მთელ რიგ ორგანოთა სისტემებს უქმნის პრობლემებს, მათ შორის – იმუნურ სისტემასაც.
ხალხურ მედიცინასთან ზომიერება გვმართებს!
საკმაოდ ბევრი რეცეპტი ხალხური მედიცინის წიაღიდან, რომლებიც იმუნიტეტის მოსაძლიერებლადაა მოწოდებული, არაზომიერი გამოყენებისას შესაძლოა არათუ იმუნიტეტის, არამედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დამაზიანებელი აღმოჩნდეს, მაგალითად, იგივე ნიორი და ლიმონი, ამიტომ ნებისმიერი ასეთი რეცეპტის გამოყენებისას გაითვალისწინეთ მის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების სრული გავლენა თქვენს გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე.
ერიდეთ სტრესებს!
ძლიერი ნერვულ-ფსიქოლოგიური სტრესი ორგანიზმზე ნეგატიური მოქმედებით შეგვიძლია ძილის უკმარისობას შევადაროთ, იმუნური რეაქცია გვიანდება, იგი შენელებულია და საკმაოდ ხშირად უშვებს შეცდომებს პათოგენური მიკროორგანიზმების აღმოჩენისას, რაც ხშირად ალერგიული რეაქციების განვითარების მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.
პოზიტიური ცხოვრებისეული განწყობა
ადამიანის ფიზიკურსა და ემოციურ მდგომარეობებს შორის საკმაოდ მჭიდრო ურთიერთკავშირია. თუ ადამიანს ცხოვრება სიხარულს და კმაყოფილებას არ ჰგვრის, მაშინ აქტიურდებიან თვითგამანადგურებელი ბიოლოგიური მექანიზმები. იყავით პოზიტიური, გიხაროდეთ ყოველი დღის გათენება – ამისთვის ყოველთვის მოძებნეთ მიზეზი და საბაბი.
ნებისმიერი რეალობის პოზიტიურად მიღების უნარი – გვერწმუნეთ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და დღეგრძელობის საწინდარია!
ვიმედოვნებთ, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ იმუნური ძალების გაძლიერებაში და კარს მომდგარი შემოდგომა-ზამთრის პერიოდი არა დაავადებებს, არამედ მხოლოდ ბედნიერებასა და სიხარულს მოგიტანთ!