საკვები პროდუქტები, რომლებიც სხვა საყოფაცხოვრებო საქმეებშიც ძალიან გამოგადგებათ
დასაჭრელ დაფას უსიამოვნო სუნს მოაშორებთ, თუ ჯერ მარილს დააყრით, შემდეგ კი გაჭრილი ლიმონით კარგად გაასუფთავებთ. მარილი მართლაც კარგად ასუფთავებს, ლიმონი კი ბაქტერიებს ხოცავს და სუნს ანეიტრალებს. ისღა დაგრჩენიათ, დაფა კარგად გარეცხოთ წყლის ჭავლით და გაამშრალოთ.
2. ხახვი გრილის გასაწმენდად
როგორც კი ბარბექიუ გამზადდება, დასვრილი გრილი შეგიძლიათ, იოლად გაწმინდოთ შუაზე გაჭრილი ხახვით. წამოაცვით ხახვი გრძელტარიან ჩანგალზე და გაწმინდეთ გრილი. ეს მეთოდი განსაკუთრებით მოსახერხებელია ბუნებაში, ასე გრილს სუფთად შეინახავთ და ხელახალი გამოყენებისას მისი გახეხვა აღარ დაგჭირდებათ.
3. კარტოფილი და სახეხი
ყველის გახეხვა ერთი წუთის საქმეა – აი, სახეხის გარეცხვა კი არც ისე იოლია. ამიტომაც გირჩევთ, ყველის გახეხვის შემდეგ სახეხზე კარტოფილის პატარა ნაჭერი გახეხოთ – ის იდეალურად გაასუფთავებს სახეხს.
4. როგორ გავასუფთაოთ ყავის საფქვავი?
თუ ყავას სახლში ფქვავთ, ცალსახაა, რომ საფქვავის გასუფთავების პრობლემაც გექნებათ. მისი გარეცხვა არ შეიძლება, არადა ყავის ნარჩენები მექანიზმში ხვდება და ის უკვე ცუდად მუშაობს. ეს რომ თავიდან აიცილოთ, სცადეთ ყავის საფქვავში ცოტაოდენი ბრინჯის დაფქვა. ჩაყარეთ ერთი სუფრის კოვზი და რამდენჯერმე ჩართეთ-გამორთეთ. შემდეგ ნარჩენები გადმოყარეთ და საფქვავი იდეალურად გასუფთავდება.
5. როგორ მოვაგროვოთ დამსხვრეული მინა
რას იზამ, შუშის გატეხა სასიამოვნო არ არის. მსხვილ ნამსხვრევებს ხელითაც უპრობლემოდ მოაგროვებთ, აი, წვრილების კი ცოტა რთულია. თანაც ეს ისე უნდა გააკეთოთ, რომ ხელი არ გაიჭრათ. გამოსავალი არსებობს – სცადეთ, ეს უწვრილესი ნამსხვრევები პურის ნაჭრით „აკრიფოთ“... და რამდენიმე წამში უსაფრთხოდ მოასუფთავებთ იქაურობას.
6. რა მოვუხერხოთ ბანანის ქერქს?
რა დანიშნულება აღარ მოუძებნეს დიასახლისებმა ბანანის ქერქს. ერთ-ერთია ტყავის ფეხსაცმლის გაწმენდა! გაწმინდეთ ფეხსაცმელი ბანანის ქერქის შიდა მხრიდან და შემდეგ ნაჭრით გააპრიალეთ. დაგვიჯერეთ, სპეციალურ საშუალებებზე არანაკლებ მოქმედებს.
სოდის ჯადოსნური თვისებები
ნატრიუმის ბიკარბონატი, ანუ, უბრალოდ, საჭმელი სოდა, თეთრი ფერის კრისტალური ფხვნილია, რომელიც ყველა ოჯახშია. დიასახლისები სოდას ნამცხვრის ასაფუებლად და საწმენდ საშუალებად იყენებენ, თუმცა ეს მისი შესაძლებლობების უმცირესი ნაწილია. ამ ძვირფასი პროდუქტის დახმარებით შესაძლებელია, იაფად და ეფექტურად გავუმკლავდეთ როგორც საყოფაცხოვრებო, ისე ჯანმრთელობის ზოგიერთ პრობლემას.
1. დავიწყოთ იმით, რომ 1 ჭიქა რძეში შერეული 1 ჩაის კოვზი სოდა და 1 ჩაის კოვზი თაფლი შესანიშნავი საშუალებაა ხველის შესამსუბუქებლად. სოდას აქვს სუსტი ანტისეპტიკური მოქმედებაც, ამიტომ სასარგებლოა დაავადებულ ყელში გამოსავლებად. 1 ლიტრ მდუღარე წყალში გახსნილი 1 სუფრის კოვზი სოდა საუკეთესო საშუალებაა ინჰალაციის ჩასატარებლადაც. სურვილისამებრ, შეგიძლიათ, დაამატოთ ფიჭვის, ევკალიპტის ან როზმარინის ზეთი.
2. სოდიანი ხსნარი შველის კოღოს ნაკბენით გამოწვეულ ქავილს. 1/2 სადილის კოვზი სოდა გახსენით ერთ ჭიქა წყალში, ამ ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონი დაიდეთ ნაკბენზე, გაიჩერეთ 2-3 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
3. საჭმელი სოდა ერთ-ერთი საუკეთესო და, ამასთანავე, უვნებელი საშუალებაა ოფლის სუნის გასაქრობად. ის ანეიტრალებს მჟავე გარემოს, რომელშიც არასასიამოვნო სუნის გამომწვევი სპორები და ბაქტერიები იბუდებენ. ამიტომ ბანაობის დროს რეკომენდებულია იღლიებში ცოტაოდენი სოდის წასმა. ვისაც ფეხის ოფლიანობა აწუხებს, შეუძლია, ფეხსაცმელი შიგნიდან სოდიანი წყლით გაწმინდოს ან, უბრალოდ, სოდა მოაფრქვიოს.
4. ქსოვილიდან ლაქის ამოყვანა – ლითონის ჯამში ჩაასხით 1 ჭიქა წყალი და 1 სუფრის კოვზი ძმარი. დადგით ცეცხლზე და ადუღებამდე მიიყვანეთ. ამის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ნიშადურის სპირტი და მწიკვი სოდა. დალაქავებული ადგილი ჩაუშვით ამ ხსნარში, ცოტა ხნით გააჩერეთ, თან ჯაგრისი უსვით. ასე გაიმეოროთ მანამ, სანამ ლაქა სრულად არ გაქრება.
5. დეზოდორის ლაქის ამოყვანა – სოდისა და წყლისგან გააკეთეთ „ფაფა“ და პრობლემურ ადგილზე კარგად წაუსვით. ასე დატოვეთ რამდენიმე წუთით. შემდეგ ჯერ თბილი წყლითა და საპნით, მერე კი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.
6. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ სოდა მარტივად აქრობს ცეცხლს. ასე რომ, ქურასთან ახლოს ყოველთვის გქონდეთ სოდა. თუ, მაგალითად, ტაფა აალდება, ცეცხლი სოდის დაყრით ჩააქრეთ.
7. სოდა კარგი საშუალებაა ტეფლონის ტაფების გასაწმენდად. მოვლის თვალსაზრისით ტეფლონის ტაფა ყველაზე უპრობლემოა, ვინაიდან ტეფლონი ნამწვს გაჩენის საშუალებას არ აძლევს. თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, ტაფა მხოლოდ სოდიან ხსნარში დალბობის შემდეგ უნდა გაწმინდოთ, რადგან უხეში სარეცხი საშუალებით გაწმენდით ან გახეხვით შეიძლება, ნაკაწრები გაჩნდეს და დაზიანდეს. ცხელ წყალში ჩაყარეთ 2-3 სუფრის კოვზი სოდა და ამ ხსნარში ჩადეთ ტეფლონის ტაფა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ტაფა ამოიღეთ და ღრუბლით ძალდაუტანებლად გაწმინდეთ.
8. სოდა ეფექტურად აქრობს მაცივარში გაჩენილ არასასიამოვნო სუნს. ამისთვის პატარა ჯამში ჩაყარეთ 2 სადილის კოვზი სოდა და ჯამი რამდენიმე დღით შედგით მაცივარში.
9. თუ ხილის, ბოსტნეულის, სალათის ფურცლების რეცხვისას წყალში 1-2 ჩაის კოვზ სოდას დაუმატებთ, ჭუჭყთან ერთად მიკრობებსა და საშიშ ქიმიურ ნარჩენებსაც მოაშორებთ.
10. სოდის საშუალებით ადვილად გაფცქვნით მოხარშულ კვერცხს. ამისთვის კვერცხის ხარშვისას წყალში 1/2 ჩაის კოვზი სოდა ჩაყარეთ.
რატომ უნდა იდოს ცარცი სამზარეულოს უჯრაში
ამ იაფი და ხელმისაწვდომი საგნით შეგიძლიათ, ბევრი საქმე გაიმარტივოთ:
- ცხიმიანი ლაქა უკვალოდ გაქრება, თუ ცარცს წაუსვამთ და 10 წუთით ასე დატოვებთ. ამის შემდეგ ნივთი ჩვეულებრივი წესით უნდა გარეცხოთ.
- ისეთ დელიკატურ მასალაზე, როგორიც ნატია, უცნობი წარმომავლობის ცხიმის ლაქა შეგიძლიათ, ცარცის დახმარებით ამოიყვანოთ. წაუსვით დალაქავებულ ადგილს ცარცი და მთელი ღამით დატოვეთ. დილას ლაქის კვალიც აღარ დაგხვდებათ.
- სანამ პერანგს გარეცხავთ, საყელოზე ცარცი წაუსვით. ეს დეტალი ყველაზე მეტად ჭუჭყიანდება, ცარცი კი მას სიქათქათეს დაუბრუნებს.
- თუ ჭუჭყიანი თეთრეულით სავსე კალათში ცარცის პატარა ნატეხს მოათავსებთ, ის ყველა ზედმეტ სუნსა და სინესტეს შეიწოვს. მნიშვნელოვანია, რომ კალათში ცარცი თვეში ერთხელ შეცვალოთ.
- ჭიანჭველები დასანახად ვერ იტანენ ცარცით შემოხაზულ ადგილებს. წაუსვით ცარცი პრობლემურ ადგილებზე და დაივიწყეთ ჭიანჭველების არსებობა.
- მოათავსეთ ცარცის ნატეხი სუფრის მოწყობილობების შესანახ სამზარეულოს უჯრაში. ცარცი ვერცხლსა და მელქიორს სინესტისგან დაიცავს, ამით კი თქვენი დანა-ჩანგალი დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს ბზინვარებას.
- ზოგჯერ გასაღები ბუდეში იჭედება და მისი გადატრიალება გიჭირთ. ასეთ დროს გასაღებს ცარცი წაუსვით და კიდევ სცადეთ. ცარცი ზედმეტ სინესტეს შეიწოვს და საკეტი კვლავ გამართულად იმუშავებს.
- ცარცი რკინის ნივთებს დაჟანგვისგან იცავს. ამიტომ მოათავსეთ ცარცის ნატეხი ინსტრუმენტების ყუთში და დაივიწყეთ ჟანგის არსებობის შესახებ.