ჩაშუშული პომიდორი აუმჯობესებს სპერმის ხარისხს
ანდროლოგიის პროფესორმა ალან პეისიმ და მისმა კოლეგებმა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად 19-დან 30 წლამდე ასაკის 56 ჯანმრთელი მამაკაცი მიიწვიეს, რომელთაგან ნახევარს სპერმის ცუდი ხარისხი ჰქონდა. მონაწილეები შემთხვევითად დაიყვეს ორ ჯგუფად. ერთმა ჯგუფმა მიიღო ლიკოპენის კაფსულები (ორგანული პიგმენტი კაროტინოიდების კლასიდან, რომელიც განსაზღვრავს ზოგიერთი ხილის და ბოსტნეულის, განსაკუთრებით პომიდვრის, წითელ ფერს) 12 კვირის განმავლობაში. ლიკოპენის დღიური დოზა იყო 14 მილიგრამი. მონაწილეთა მეორე ჯგუფი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იღებდა პლაცებო კაფსულებს. თუმცა, არც მონაწილეებმა და არც თავად მკვლევარებმა იცოდნენ, ვინ რას იღებდა.
სამი თვის შემდეგ მამაკაცებს გაუკეთეს სპერმის ანალიზი და გაირკვა, რომ მათში, ვინც იღებდა ლიკოპენს, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სპერმის ხარისხი. ამრიგად, სათესლე სითხეში სწრაფად მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობა გაიზარდა 40%-ით, რაც ზრდის კვერცხუჯრედის განაყოფიერების შანსებს. გაორმაგდა ნორმალური ფორმისა და ზომის სპერმის რაოდენობა.
იმის გამო, რომ ლიკოპენი უკეთესად შეიწოვება ორგანიზმის მიერ მოხარშული პომიდვრისგან, მეცნიერები მამაკაცებს ურჩევენ მეტი ტომატის პასტა, პიურე ან ჩაშუშული პომიდვრის ჭამას.
თუმცა, იმის გამო, რომ ლიკოპენის რაოდენობა, რომელიც კვლევის მონაწილეებმა მიიღეს, დღეში 5 ქილა ჩაშუშული პომიდვრის ექვივალენტური იყო, მკვლევარების აზრით, მამაკაცებისთვის, რომლებსაც ჩასახვის პრობლემები აღენიშნებათ, შესაძლოა უკეთესი იყოს ლიკოპენის, როგორც დიეტური დანამატის მიღება. პეისი და მისი კოლეგები გეგმავენ გააგრძელონ სპერმის ხარისხზე ლიკოპენის გავლენის შესწავლა უფრო ფართო კვლევებში.