ღრმა ძილის ფაზის გაუმჯობესებამ შეიძლება დემენციისგან დაგვიცვას
ახალი კვლევა ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძილი ხანდაზმულებისთვის. დადგინდა, რომ ღრმა ძილის გაძლიერებამ ან შენარჩუნებამ, ასევე ცნობილი, როგორც ნელი ტალღის ძილი, შეიძლება თავიდან აგვაცილოს დემენცია.
კვლევა მიუთითებს, რომ 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს, რომლებიც განიცდიან ღრმა ძილის 1%-ით შემცირებას წელიწადში, შეიძლება 27 %-ით უფრო მაღალი იყოს მეხსიერების, აზროვნების და გადაწყვეტილების მიღების უნარის დაქვეითების ალბათობა.
ნელი ტალღის ძილი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ის ხელს უწყობს მეხსიერების კონსოლიდაციას და ტვინის ტოქსინებისგან გაწმენდას, რომლებიც გროვდება სიფხიზლის დროს.
ანალიზისთვის აკვირდებოდნენ დაახლოებით 350 მონაწილეს, რომელთა საშუალო ასაკი იყო 69. აღმოაჩინეს, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ძილის ღრმა, აღდგენითი ეტაპების რაოდენობა მცირდებოდა და მათ, ვისაც ნელი ტალღის ძილის უფრო დიდი დაქვეითება ჰქონდა, დემენციის განვითარების მაღალი რისკი აღმოაჩნდათ. დასკვნამ აჩვენა, რომ ყოველწლიურად ღრმა ძილის პროცენტული შემცირება დაკავშირებულია დემენციის რისკის 27 პროცენტით გაზრდასთან.
მკვლევარების აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ კვლევა დაკვირვებითი იყო, ის არ იყო შემუშავებული იმის დასადგენად, იყო თუ არა ნელი ტალღის ძილის დაქვეითება გამომწვევი ან უშუალოდ პასუხისმგებელი ნეიროდეგენერაციის რისკზე. ავტორებმა დაამატეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ გულის დაავადება, ღებულობდნენ წამლებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ძილზე უფრო მეტად განიცდიან ღრმა ძილის დაქვეითებას. ასევე გენის, APOE e4 მატარებელი პირები მეტად მიდრეკილნი არიან ალცჰაიმერის განვითარებასთან. სულ მცირე ერთი APOE e4 გენის ქონა აორმაგებს ალცჰაიმერის დაავადების რისკს. ზოგიერთ ადამიანს აქვს ორი APOE e4 გენი, თითო მშობლისგან. ორი გენის არსებობა კიდევ უფრო ზრდის ალცჰაიმერის დაავადების რისკს.
მიუხედავად ამისა, კავშირი ნელი ტალღის ძილსა და დემენციას შორის დაფიქსირდა ამ ფაქტორებისგან დამოუკიდებლად.
კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნელი ტალღის ძილი მნიშვნელოვანია ტვინის ჯანმრთელობისთვის და დემენციისგან დასაცავად.
ბეტა-ამილოიდი და ტაუ, ალცჰაიმერის დაავადების ბიოლოგიური მარკერებია, ისევე როგორც სხვა ტოქსიკური პროტეინები და ნარჩენები, რომლებიც წარმოიქმნება ტვინში. ისინი კი საუკეთესოდ გამოიყოფა ტვინიდან აქტიური ძილის დროს. სწორედ ამიტომ, თუ არ გძინავთ საკმარისად, შესაძლოა ტვინში ტოქსიკური ცილები დაგროვდეს.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დაასკვნეს, რომ ღრმა ძილის ფაზის შემცირება შეიძლება იყოს დემენციის რისკ-ფაქტორი. ხანდაზმულებმა, რომლებიც განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან ძილის პრობლემებისკენ, უნდა მიიღონ გარკვეული ზომები უკეთესი ძილისათვის.
დაიძინე და ადექი დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველდღე.
დღის მეორე ნახევარში თავი შეიკავოთ კოფეინირებული სასმელებისგან.
ივარჯიშეთ რეგულარულად. თუმცა, მოერიდეთ ვარჯიშს ძილის წინ რამდენიმე საათით ადრე.
დაიძინეთ ბნელ ოთახში.
რაც შეეხება ძილის დამხმარე საშუალებებს ან მედიკამენტების მიღებას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.