როგორ მოქმედებს K ვიტამინის დაბალი დონე ფილტვების ჯანმრთელობაზე
ბოლოდროინდელი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ K ვიტამინის დაბალი დონის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ფილტვების ფუნქციის დაქვეითების უფრო მაღალი რისკი და შესაძლოა უფრო მეტად იყვნენ მიდრეკილნი ისეთი მდგომარეობებისადმი, რომლებიც გავლენას ახდენს სუნთქვაზე.
ბოლო კვლევამ შეისწავლა, თუ როგორ შეიძლება K ვიტამინის დონემ გავლენა მოახდინოს ფილტვების ფუნქციონირებაზე და აჩვენა, რომ დაბალმა დონემ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს რესპირატორულ ჯანმრთელობაზე და გაზარდოს ფილტვების დაავადებების განვითარების რისკი.
კვლევისთვის მკვლევარებმა გამოიკვლიეს ცალკეული ბიომარკერის დონე, როგორც K ვიტამინის დონის მაჩვენებელი. K ვიტამინის დაბალი დონის მქონე მონაწილეები მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ასთმისა და სუნთქვის გაძნელებისადმი.
K ვიტამინის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ორგანიზმში სისხლის შედედების უზრუნველყოფაა. კვლევისათვის მეცნიერები აკვირდებოდნენ კონკრეტულ ცილას, სახელწოდებით matrix Gla Protein (MGP). ის შეიძლება დაეხმაროს ფილტვის ქსოვილის კალციფიკაციის შეჩერებას. ეს ცილა აქტივაციისთვის ეყრდნობა K ვიტამინს. ამ ცილის არააქტიური ფორმა, დეფოსფორილირებული-არაკარბოქსილირებული MGP (dp-ucMGP), არის K ვიტამინის დონის მაჩვენებელი. მისი უფრო მაღალი დონე ორგანიზმის პლაზმაში მიუთითებს K ვიტამინის დაბალ დონეზე.
კვლევამ აჩვენა, რომ K ვიტამინის დაბალი დონე ასოცირდება ფილტვების ცუდ ფუნქციასთან. თუმცა, ეს კვლევა მხოლოდ ხაზს უსვამს მიკროელემენტების ადეკვატური რაოდენობით მიღების მნიშვნელობას და არ გამოხატავს პირდაპირ კავშირს K ვიტამინის დეფიციტსა და ფილტვების პრობლემებს შორის.
K ვიტამინი
K ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელსაც აქვს სამი ფორმა: ვიტამინი K1, K2 და K3. ორგანიზმი იყენებს K ვიტამინს ცილების შესაქმნელად, რომლებიც ხელს უწყობენ თრომბოციტების კოაგულაციას (სისხლის შედედებას) და ძვლების სტრუქტურის შენებას. თუმცა, K ვიტამინი ჩართულია სხეულის ბევრ ფუნქციაში, მათ შორის ხელს უწყობს ნორმალურ არტერიულ წნევას, კოგნიტურ ჯანმრთელობას, ინსულინის მიმართ რეზისტენტობის პრევენციას და ტიპი 2 დიაბეტის რისკის შემცირებას.
ადამიანები, რომლებიც იღებენ გარკვეულ მედიკამენტებს, როგორიცაა ვარფარინი, უნდა ესაუბრონ ექიმს, სანამ მიიღებენ K ვიტამინის შემცველ დანამატებს.
K ვიტამინის კარგი წყაროა ძროხის ღვიძლი, ყველი, კვერცხი, კომბოსტო, ბარდა, ჟოლო, მოცვი.