ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი დიეტა დაკავშირებულია ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის პროგრესირების შენელებასთან
ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის მქონე ადამიანებს, რომლებიც იღებენ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარ საკვებს, შეიძლება ჰქონდეთ ფიზიკური შესაძლებლობების დაქვეითების უფრო ნელი ტემპი. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ომეგა -6 ცხიმოვანი მჟავა დაკავშირებულია სიკვდილის დაბალ რისკთან კვლევის მონაწილეებს შორის.
ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი ასევე ცნობილი, როგორც ლუ გერიგის დაავადება, მდგომარეობაა, რომელიც გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ძირითადად თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ნერვულ უჯრედებზე.
მოტორული ნეირონები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში განაგებენ ნებითი კუნთების მოძრაობას. დაავადება იწვევს კუნთების დასუსტებას, ხოლო ბოლოს ხდება მისი მთლიანი ატროფირება. მიუხედავად იმისა, რომ ტვინი ვეღარ აკონტროლებს ნებით მოძრაობებს, პაციენტებს აქვთ იგივე გონებრივი უნარი, მეხსიერება და პიროვნული ნიშან–თვისებები, რაც დაავადებამდე ჰქონდათ
ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის დროს კლინიკურად შეიძლება განვითარდეს კიდურებში ძალის დაქვეითება, კუნთოვანი მასის შემცირება (ატროფია), კუნთების თრთოლვა (ფასციკულაცია), კრამპის ტიპის მტკივნეული კრუნჩხვები და ყლაპვის დარღვევა.
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ამჟამად ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის განკურნების საშუალება არ არსებობს. ზოგიერთი ტიპის მკურნალობა ხელს უწყობს სიმპტომების შემსუბუქებას.
მკვლევართა ჯგუფმა გადაწყვიტა შეესწავლათ კავშირი კვებასა და ამიოტროფულ ლატერალურ სკლეროზს შორის, რადგან ისინი დაინტერესებული იყვნენ ნევროლოგიური აშლილობების მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირებით, როგორიცაა კვებითი ფაქტორები.
ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დიეტას, რომელიც შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, განსაკუთრებით ალფა-ლინოლენის მჟავას, დადებითი გავლენა აქვს დაავადების განვითარების რისკის შემცირებაზე. ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ომეგა -3 და ომეგა -6 ცხიმოვანი მჟავების ბალანსი მნიშვნელოვანია ნეირონების ფუნქციის შესანარჩუნებლად. კვლევების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მონაწილეებში, რომლებსაც ჰქონდათ ყველაზე მეტი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა, სიკვდილიანობის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდა.
თუმცა, რანდომიზებული კლინიკური კვლევები აუცილებელია, რათა საბოლოოდ დადგინდეს, არის თუ არა სასარგებლო ამ ცხიმოვანი მჟავის დამატება.