უსაფრთხოა თუ არა ვარჯიში ცხელ ამინდში
თუ თქვენი სხეული ზედმეტად ცხელდება, შესაძლოა სითბური დაავადება დაგემართოთ. მსუბუქ შემთხვევებში შეიძლება რამდენიმე საათის განმავლობაში თავი ცუდად იგრძნოთ, მაგრამ სერიოზული შემთხვევები შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში.
როცა ცხელა, სხეული გამოყოფს ოფლს, რომ გაგრილდეს. სითბური დაავადება მაშინ ვითარდება, როდესაც თქვენი სხეულის გაგრილების მექანიზმი ვერ ახერხებს გარშემო არსებულ ტემპერატურასა და ტენიანობას გაუმკლავდეს.
როდესაც სხეულის ტემპერატურა ძალიან იზრდება, უნდა მიიღოთ სწრაფი ზომები მის შესამცირებლად. გრილ ადგილას დასვენება და სითხის დალევა შეიძლება საკმარისი იყოს, რომ თავი უკეთ იგრძნოთ. მაგრამ თუ თქვენი სიმპტომები უფრო მძიმეა, უმჯობესია სამედიცინო დახმარების მიღება.
მცირეწლოვანი ბავშვები და უფროსები უფრო მგრძნობიარენი არიან მაღალი სიცხის მიმართ. მათ ხშირად უნდა დაისვენონ და დალიონ ბევრი სითხე.
კრუნჩხვები ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ სიცხეში ზედმეტად დიდ დროს ატარებთ და გაგრილება გჭირდებათ.
თუ ვარჯიშის დროს გრძნობთ კუნთების სპაზმს, გაჩერდით და მიდით უფრო გრილ ადგილას, ნაზად დაჭიმეთ კუნთები, დალიეთ წყალი, მოერიდეთ სასმელებს, რომლებიც შეიცავენ კოფეინს ან ალკოჰოლს, აღარ ივარჯიშოთ დღის განმავლობაში და დარწმუნდით, რომ ბევრი სითხე მიიღეთ. თუ კრუნჩხვები არ გაქრება ერთ საათში და თან ერთვის გულის პრობლემები, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
მეტად საყურადღებოა სიმპტომები, როგორიცაა:
- უკიდურესი დაღლილობა;
- Ჰაერის უკმარისობა;
- თავბრუსხვევა;
- ღებინება;
- გაბრუება;
- დაბალი წნევა;
- სუსტი, მაგრამ სწრაფი პულსი;
- სიცხის მიუხედავად სიცივის შეგრძნება
მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მოერიდეთ მზეს, თუ შესაძლებელია, შედით კონდიცირებულ შენობაში, დალიეთ წყალი, თუ გაქვთ წვდომა გრილ აბაზანაზე ან სველ ტილოზე, გამოიყენეთ ერთი ან ორივე მათგანი თქვენი კანის ტემპერატურის შესამცირებლად.
თუ ღებინება გაქვთ ან სიმპტომები არ გაუმჯობესდა რამდენიმე წუთში, მიმართეთ ექიმს.
მზის დაკვრა
მზის დაკვრა სითბური დაავადების ყველაზე მძიმე ფორმაა. ეს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. თუ არ მიიღებთ მკურნალობას, ამან შეიძლება გამოიწვიოს ტვინის დაზიანება
სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს:
- ტემპერატურის მომატებას;
- კანის გახურებას,სიწითლეს ან სიმშრალეს;
- დეზორიენტაციის ან დაბნეულობის განცდას;
- თავბრუსხვევას;
- სწრაფ პულსსა და აჩქარებულ სუნთქვას;
- გაბრუებას
ვარჯიში თბილ თვეებში
რა შეგიძლიათ გააკეთოთ სითბური დაავადების თავიდან ასაცილებლად თბილ თვეებში ვარჯიშის დროს:
სიცხეში ვარჯიშის დროს ყოველ 15 წუთში დალიეთ წყალი ან მინერალური სასმელები, მაშინაც კი, თუ არ გწყურიათ.
დაისვენეთ ვარჯიშის დროს.
მაღალი ტემპერატურა სხეულს სტრესსში ამყოფებს, რადგან მას უფრო მეტი მუშაობა სჭირდება გაგრილებისთვის. გარე ვარჯიშის დროს, ვარჯიშები ნაკლებად ინტენსიური უნდა იყოს და ჩვეულებრივზე მოკლე.
სირბილი არ არის საუკეთესო იდეა, როცა გარეთ ცხელა (ამას სჯობს ველოსიპედით გასეირნება ან ცურვა).
ივარჯიშეთ დილით ან საღამოს. შუა დღე არ არის კარგი დრო თბილ თვეებში ვარჯიშისთვის. გადით დილის 9 საათამდე ან საღამოს 7 საათის შემდეგ, რათა თავიდან აიცილოთ ცხელი მზის მავნე ზემოქმედება და გადახურება.