მზე და მისგან მომავალი საფრთხე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მზე და მისგან მომავალი საფრთხე

ვეცდებით, ამ სტატიით სწორედ ეს საჭირო ცოდნა გაგიზიაროთ. კანის ონკოლოგიური დაავადებები, მათ შორის - კანის კიბო, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებებად ითვლება. აშშ-ის ყოველ მეექვსე-მეშვიდე მკვიდრს კანის ესა თუ ის დაავადება აქვს. სტატისტიკური მონაცემებით, კანის კიბოთი აშშ-ში ყოველწლიურად 7500 ადამიანი იღუპება. საგრძნობლად გახშირდა კანის ონკოლოგიური დაავადებები საქართველოშიც. სიმსივნურ დაავადებებს შორის კანის კიბოს მესამე ადგილი უკავია და განსაკუთრებით იმ რეგიონებშია გავრცელებული, სადაც მეტი ინსოლაციაა, მაგალითად, კახეთში, შავიზღვისპირეთში, დასავლეთ საქართველოში. კანის კიბოს გავრცელების კუთხით მნიშვნელობა აქვს მრავალ ფაქტორს, მაგალითად, სიმაღლეს ზღვის დონიდან, გეოგრაფიულ განედს, ოზონის შრის მდგომარეობას და სხვა, თუმცა უმთავრეს მიზეზად მაინც მზეზე დიდხანს ყოფნა, სხვადასხვა ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედება და კანის არასწორი მოვლა ითვლება. ხშირად კანის კიბოს წინ უძღვის კიბოსწინარე დაავადებები, რომლებიც შემდეგ ზოგიერთი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად მალიგნიზაციას (კიბოდ გადაგვარებას) განიცდიან. კანის ავთვისებიანი სიმსივნეებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია ბაზალურუჯრედოვანი კიბო და მელანომა. ბაზალურუჯრედოვანი კიბო კანის ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. ის კანის ზედაპირულ შრეებში ვითარდება. მისი ძირითადი მიზეზია მზისგამოსხივების მუდმივი ზემოქმედება. უმეტესად უვითარდებათ იმ ადამიანებს, რომელთაც მზისგულზე უწევთ მუშაობა, ასევე - გარუჯვის მოყვარულებს. ძირითადად სხეულის ის ნაწილი ზიანდება, რომელსაც მეტად ხვდება მზის სხივები. ამ სახის კიბო ერთნაირი სიხშირით ემართებათ ქალებსა და მამაკაცებს. უმეტესად ლოკალიზდება სახეზე, კისერზე, ცხვირზე, თვალბუდეზე, თავსა და ტუჩის კუთხეზე, თუმცა გვხვდება სხეულის სხვა ნაწილებზეც. იზრდება ნელა, ხშირად წყლულდება, მეტასტაზებს არ იძლევა (აქედან გამომდინარე, ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის). იწვევს კანის დესტრუქციას (სტრუქტურის დაშლას). ახასიათებს რეციდივები და გავრცელება სხეულის სხვა ადგილებში. ბაზალიომის კლინიკური სურათი ასეთია: წარმონაქმნს უკეთდება ფუფხი, რომელიც ხშირად ძვრება და ისევ ვითარდება. ზედაპირი გლუვია, ზოგჯერ - მბრწყინავი. ბრტყელუჯრედოვანი კიბო ძირითადად ასაკოვან მამაკაცებს უჩნდებათ სხეულის ღია ადგილებზე. არცთუ იშვიათად ვითარდება კიბოსწინარე დაავადებების შედეგად. ბრტყელუჯრედოვანი კიბო - ეს არის კანისა და ლორწოვანის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება კერატინოციტებისგან სხვადასხვა კანცეროგენული ფაქტორის (ინსოლაცია, მაიონიზებელი გამოსხივება და სხვა) ზემოქმედების შედეგად. იძლევა მეტასტაზებს როგორც ახლომდებარე რეგიონულ ლიმფურ კვანძებში, ასევე შორს - ორგანოებში. სიმსივნე ვითარდება ნელა. შესაძლოა აღმოცენდეს სხეულის ნებისმიერ ადგილას, სასქესო ორგანოებზეც კი. ახასიათებს რეციდივები. ვიზუალურად ბრტყელუჯრედოვანი კიბოს დიფერენცირება რთულია ბაზალიომებისა და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი კიბოსწინარე დაავადებებისგან. მელანომა კანის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე აგრესიულ დაავადებად ითვლება. ემართებათ როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს, როგორც ახალგაზრდა, ასევე ასაკოვან ადამიანებს. ბავშვებში მელანომა ძალიან იშვიათია. ორმოციოდე წლის წინ პიგმენტური წარმონაქმნის ავთვისებიანად გადაგვარების მიზეზად (ასევე - სიმპტომად) დაწყლულება და სისხლდენა მიიჩნეოდა, ამის გამო მელანომის გამოვლენა ხდებოდა დაგვიანებით, მაშინ, როდესაც მელანომა ათიდან 5 შემთხვევაში უკვე აღარ ექვემდებარებოდა ოპერაციას. ბოლო ხანს ექიმების მიზანია მელანომების ადრეულ სტადიაში გამოვლენა. სწორი დიაგნოსტიკის წყალობით ქირურგიული ჩარევის ეფექტიანობამ საგრძნობლად მოიმატა. მელანომების 30% უკვე არსებული პიგმენტური წარმონაქმნებისგან ვითარდება, 70% კი კანის საღ საფარველზე აღმოცენდება. მეტასტაზირება ხდება სისხლისა და ლიმფის გზით. დიაგნოსტიკა და მკურნალობა. კანის ზემოთ ჩამოთვლილი ონკოლოგიური დაავადებების დროს სწორი დიაგნოზის დასასმელად გადამწყვეტი როლი ენიჭება ციტოლოგიურ კვლევას. მხოლოდ ამგვარი კვლევის საფუძველზე მიღებული დიაგნოზი აძლევს კლინიცისტს საშუალებას, აირჩიოს დაავადების მკურნალობის ტაქტიკა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - ქირურგიული ჩარევის მასშტაბი. მელანომა უმოკლეს ხანში უნდა ამოიკვეთოს. მელანომის მკურნალობის მეთოდებია: ქირურგიული ოპერაცია, ქიმია და სხივური თერაპია. პროგნოზი სხვადასხვანაირია. თუ სიმსივნური ინვაზია (ორგანიზმში შეჭრა) არ აღინიშნება, დადებითი შედეგი სწორი მკურნალობის შემთხვევაში 98%-ია. აქედან გამომდინარე, ცხადია, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადრეულ დიაგნოსტიკას, რომელიც ამ დაავადებებთან ბრძოლის ძირითადი იარაღია. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მელანომის დიაგნოსტიკაში დიდი წინსვლაა. თუ სამოციან წლებში პაციენტების ხუთწლიანი გადარჩენადობა 60%-ს შეადგენდა, სამოცდაათიანი წლების ბოლოსა და ოთხმოციანების დასაწყისში ეს მაჩვენებელი  83%-მდე გაიზარდა. ციტოლოგიური მეთოდის საშუალებით შესაძლებელია მელანომის ადრეულ სტადიაში გამოვლენა, ხალის განვითარებაზე დაკვირვება და უჯრედების ცვლილებათა დინამიკის დაფიქსირება, უჯრედების ატიპურობის გამოვლენა და, შესაბამისად, მკურნალობის სწორად წარმართვა. ჯამში ეს ყველაფერი დადებით შედეგს იძლევა.


კანის ონკოპათოლოგიათა მკურნალობის ერთ-ერთ თანამედროვე მეთოდს წარმოადგენს კრიოქირურგია - დაბალი და ზედაბალი ტემპერატურით ზემოქმედება. ეს მეთოდი არის უსისხლო, უმტკივნეულო, ნაკლებად ტრავმული. მისი ჩატარება შეიძლება ნებისმიერ არეში, განურჩევლად თანმხლებ დაავადებათა არსებობა-არარსებობისა. მკურნალობის შემდგომ ორგანოთა ფუნქცია არ ირღვევა. აქვს კარგი კოსმეტიკური ეფექტი. როგორც ბაზალიომების, ასევე ბრტყელუჯრედოვანი კიბოს მკურნალობის მეთოდებია ქირურგიული მკურნალობა და სხივური თერაპია. ბრტყელუჯრედოვანი კიბოს შემთხვევაში ხშირია კომბინირებული მკურნალობა - ქირურგიულს პლუს სხივური თერაპია. ამ დაავადებების სამკურნალოდ ძალზე ეფექტურია კრიოქირურგიაც. მაღალდიფერენცირებული (არსებობს დაბალდიფერენცირებულიც) ბრტყელუჯრედოვანი კიბოს მკურნალობა გაცილებით ეფექტიანია, როდესაც სიმსივნე მეზობელ ქსოვილებში არ არის ჩაზრდილი. ამ დროს ქირურგიული ჩარევა კარგ შედეგს იძლევა და დაავადებისგან სრული განკურნებაც შესაძლებელია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დროული დიაგნოსტიკა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ ადამიანი ელემენტარულ ყურადღებას გამოიჩენს საკუთარი თავის მიმართ, დააკვირდება სხეულზე არსებულ ხალებს, სხვადასხვა წანაზარდებს და მათ განვითარებას, დროულად მიმართავს სპეციალისტს და ჩაიტარებს დიაგნოსტიკურ (პროფილაქტიკურ) გამოკვლევას, თავიდან აიცილებს საკმაოდ დიდ საფრთხეს. დასასრულ, გვინდა კიდევ ერთი რამ აღვნიშნოთ: ხალების ან სხვა წარმონაქმნების მოცილება წინასწარი კვლევის გარეშე სასურველი არ არის. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში არასპეციალისტები კვლევის გარეშე წვავენ ან კვეთენ ხალებსა და სხვა წარმონაქმნებს. კანზე არსებული წარმონაქმნების, მათი ტრავმების ან გარეგნულად შეცვლის შემთხვევაში თვითმკურნალობა, ვიზიტი კოსმეტოლოგთან ან არასპეციალისტ ექიმთან დაუშვებელია. ნუ დაკარგავთ დროს, რადგან, როგორც წესი, პაციენტი ბოლოს მაინც ონკოლოგთან მიდის და, სამწუხაროდ, ხშირად საკმაოდ გვიან... პროფილაქტიკა. ბევრმა იცის, რომ შუადღის მზეზე გარუჯვა ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის, მაგრამ უმრავლესობა, იმისათვის, რომ სასურველი ფერი სწრაფად მიიღოს, სრულიად არ ერიდება ამ პერიოდს და კაშკაშა მზეს მიფიცხებული თავს საფრთხეში იგდებს. დიახ, მზე ყოველთვის კაშკაშებს, მაგრამ საქმე ის არის, რომ შუადღისას, როცა ზენიტს აღწევს, მზის გამოსხივება, უფრო სწორად, მზის რადიაცია და ულტრაიისფერი გამოსხივება განსაკუთრებით ძლიერია. ეს ის  სხივებია, რომლებიც კანში აღწევენ და მაიონიზებელი ბუნება აქვთ. ისინი უჯრედის სტრუქტურას ცვლიან და ხელს უწყობენ სიმსივნური უჯრედების ზრდა-განვითარებას. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მომუშავე მეცნიერებმა უკვე დაამტკიცეს, რომ მელანომების (ავთვისებიანი ხალების) და სხვა ონკოდაავადებების რიცხვი კატასტროფულად სწორედ დასვენების შემდგომ პერიოდში იმატებს. მეტსაც გეტყვით: ულტრაიისფერი სხივები რეაგირებს თავისუფალი რადიკალების თვისობრივ-რაოდენობრივ მაჩვენებლებზეც და ტიპური და ატიპური უჯრედების ერთმანეთში გადასვლას უწყობს ხელს. ასეთი მოქმედება ძალზე საშიშია სომატური (ორგანიზმთან დაკავშირებული) უჯრედებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, დასხივების ზონაში მოხვედრილი სასქესო ჯირკვლები რომ გამოიმუშავებენ. აი, სად გმართებთ განსაკუთრებული სიფრთხილე! სასქესო უჯრედების ჩამოყალიბების დროს დასხივებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ქრომოსომების გაყოფას და ვინ იცის, განაყოფიერებაში მონაწილე დაზარალებული უჯრედი განაყოფიერების შემდეგ რა უარყოფით ნიშნებს შეიძენს. საგულისხმოა ისიც, რომ გენებზე ზემოქმედებამ, გარდა სხვადასხვა სიმახინჯისა, უშვილობაც შეიძლება გამოიწვიოს. ფაქტია ისიც, რომ მეცნიერები ულტრაიისფერ სხივებს მიკრობიოლოგიური ბოქსების ბაქტერიებისგან უვნებელსაყოფად იყენებენ. მათი ზემოქმედებით ცოცხალი ორგანიზმები - ბაქტერიები იხოცება. ადამიანის ორგანიზმიც ხომ ცოცხალი უჯრედებისგან შედგება?! თუ მაინცდამაინც გარუჯვას არ იშლით, უკეთესია, პლაჟს მზის ამოსვლის ან ჩასვლის დროს ესტუმროთ. შესაძლოა, ერთი-ორი დღით გვიან, მაგრამ სასურველ ფერს ასეც მიიღებთ. ნამდვილად არ ღირს, ორი დღის გამო დარჩენილი სიცოცხლე სასწორზე შევაგდოთ. რაც შეეხება სოლარიუმებს, სულ ახლახან უფრო ფართოდ გაშუქდა ამ ხელოვნურად შექმნილი სხივების უარყოფითი მხარეები. აქვე იმასაც დავამატებთ, რომ სოლარიუმი განსაკუთრებით მავნეა მოზარდი ორგანიზმისთვის და თინეიჯერებმა გასარუჯად არავითარ შემთხვევაში არ უნდა ისარგებლონ ამ ხერხით. აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეთ ხალებს, განსაკუთრებით - იმ ადგილებში, რომლებსაც ხვდება სამართებელი წვერის პარსვისას ან მაკრატელი თმის შეჭრისას. ერიდეთ ხალის გაკაწვრას ან მისი ზედაპირის დაზიანებას. ქალბატონების საყურადღებოდ ვიტყვით იმას, რომ თმის საღებავში შემავალი ქიმიური ნივთიერებები აზიანებს და სტრუქტურას უცვლის ხალის უჯრედებს. არ შეიძლება ხალზე არსებული თმების ამოწიწკვნა. ძალიან სახიფათოა სოლარიუმებით გატაცება, განსაკუთრებით - მოზარდი გოგონებისთვის. ინსოლაცია ხალის გადაგვარების პირველი სტიმულატორია. პლაჟზე დილით ან მოსაღამოებულზე უნდა გახვიდეთ. საშიშია შუადღის მზე - ამ დროს მზის გამოსხივება საკმაოდ ძლიერი და ორგანიზმისთვის მავნეა. ხალი შესაძლოა დაბადებიდან ჰქონდეს ადამიანს და მთელი სიცოცხლე არ გაუღიზიანდეს, მაგრამ შესაძლოა გაუღიზიანდეს კიდეც, ამიტომ იმის თქმა, ხალი მაქვს და ხელს არ მიშლისო, არასწორია. იმასაც ამბობენ: "მაქვს ხალი, მაგრამ არ მტკივა". ტკივილით ხალი არასდროს გეტკინებათ და, საერთოდ, ონკოლოგიურმა დაავადებამ უმეტესად ბოლო სტადიამდე (გამოვლინებამდე) არ იცის ტკივილი. ამიტომაც არის ის ვერაგი დაავადება. გახსოვდეთ, არასპეციალისტის მიერ მოცილებული ხალი შესაძლოა აღარ გაწუხებდეთ, მაგრამ პროცესი ორგანიზმში მაინც რჩება. გასაგებია, რომ როცა ხალის ზედაპირი წყლულდება ან სისხლმდენი ხდება, ექიმთან აუცილებლად უნდა მიხვიდეთ, მაგრამ არსებობს ე. წ. წინმსწრები მოვლენებიც. ხალს უნდა ჰქონდეს სწორი კონტურები. როდესაც ხალის რელიეფი შეიცვლება და მას დაკბილული კუთხეები, ანუ არასწორი კონტურები უჩნდება - ეს იმის პირველი ნიშანია, რომ ხალში რაღაც ცვლილებები ხდება, მეორე ნიშანი კი ხალის შეფერილობის ცვლილებაა. ხალის მიდამოში განვითარებულმა ანთებითმა პროცესმაც შეიძლება ბიძგი მისცეს ხალის გადაგვარებას. თუ ამ ნიშნებს შეამჩნევთ, ნუ დააყოვნებთ ექიმთან ვიზიტს, რადგან დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია.