ორგანიზმის გაწმენდა ბრინჯით
გამწმენდი პროცედურა მოიცავს 2 თვეს. მისი გამეორება შეიძლება მხოლოდ საჭიროებისამებრ, ისიც – მხოლოდ 2 წლის გასვლის შემდეგ, რადგან ბრინჯის ხანგრძლივად გამოყენება იწვევს ორგანიზმის მარილებისგან (მათ შორის, საჭირო მინერალური მარილებისგან) დაცლას.
თავდაპირველად ბრინჯიდან გამოიდევნება ის კომპონენტი, რომელიც წარმოქმნის ლორწოს. ბრინჯი ხდება ფხვიერი და ადვილად იწოვს (აბსორბირებს) პათოლოგიურ ჩანართებსა თუ წარმონაქმნებს, ასევე მარილებს. ამისათვის უნდა აიღოთ 2,5-3 კგ ბრინჯი, მოათავსოთ 8-10-ლიტრიან ქვაბში და ყოველდღიურად რეცხოთ (ავლოთ) გამდინარე წყლით 20-25 წუთის განმავლობაში. ეს პროცედურა უნდა იმეოროთ კვირის განმავლობაში მანამ, სანამ ბრინჯის გარეცხვისას წყალი გამუქებას არ შეწყვეტს (ანუ სრულად გასუფთავდება). ამის შემდეგ ბრინჯი უნდა გააშროთ და ქაღალდის პაკეტში შეინახოთ.
გარეცხილი ბრინჯი ულუფებად, 1 სადილის კოვზის მოცულობით (დაახლოებით 30 გრამი) მოხარშეთ მდუღარე წყალში 20-25 წუთი, პერიოდულად ურიეთ, რომ მარცვალი ქვაბის ძირს არ მიეკრას. სასურველია, წყალი 2-ჯერ შეუცვალოთ. როდესაც ბრინჯი მოიხარშება, მდუღარე წყლით გაავლეთ. ამ მეთოდით მომზადებული ულუფა უზმოზე თბილი სახით მიირთვით, ჭამის დროს წყალი არ მიაყოლოთ, რადგან ბრინჯი წყლიდან დაიწყებს მარილების შეწოვას. თავდაპირველად უნდა გაიწმინდოთ ნაწლავები. ბრინჯით საუზმის შემდეგ საკვები მხოლოდ 4 საათის შემდეგ უნდა ჭამოთ. გაწმენდის ეფექტურობა რომ გაზარდოთ, ბრინჯის საუზმის წინ აუცილებელია 1-2 ვაშლის ჭამა (ვაშლსაც, ბრინჯის მსგავსად, საუკეთესოდ გამოჰყავს ორგანიზმიდან მარილები), თუ ბრინჯის საუზმის შემდეგ შიმშილის გრძნობა გაგიმძაფრდებათ, ეს იმას მიანიშნებს, რომ წმენდა დაიწყო. გაწმენდის პროცედურის პერიოდში უარი უნდა თქვათ ხორცეულზე, შებოლილ, მარილიან, ცხარე და ცხიმიან საკვებზე, ალკოჰოლზე.
სახსრებიდან მარილებისა და საშარდე სისტემიდან წიდების გამოდევნა დაახლოებით 30-ე დღეს იწყება. ამას შეატყობთ შარდის გამუქებით. წიდები და მარილები პროცედურის დასრულების შემდეგაც გამოიყოფა, ანუ ეფექტი გამწმენდი კურსის დასრულების შემდეგ კიდევ 3-4 თვეს გრძელდება.
ამ კურსის დროს ადამიანთა დიდ ნაწილს დაახლოებით მესამე კვირიდან აუტანელი შიმშილობა ეწყება ბრინჯის საუზმის შემდეგ, ანუ მომდევნო 4 საათს საკვების გარეშე ვერ ძლებენ, ბევრს აღენიშნება სისუსტე, თავბრუხვევა, გამძაფრებული შიმშილის გრძნობა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მარილებსა და წიდებთან ერთად ბრინჯი ორგანიზმიდან კალიუმსაც გამოდევნის, ელემენტს, რომელიც აუცილებელია გულის მუშაობისათვის. იმისათვის, რომ აირიდოთ კალიუმის ნაკლებობა, გამწმენდი პროცედურის დაწყების პირველივე დღიდან საკვები რაციონი გაამდიდრეთ კალიუმის შემცველი პროდუქტებით, კარტოფილით, მსხვილმარცვლოვანი ფაფებით (განსაკუთრებით ხორბლის), პარკოსნებით, ნიგვზით, გარგარისა და ყურძნის ჩირით (ქიშმიშით), სვით ბევრი ჩაი თაფლით.
აღნიშნული პროცედურა არც ისე მარტივად გადასატანია, ამიტომაც უნდა დაიცვათ ყველა სათანადო წესი და მიაქციოთ ყურადღება საკვებ რაციონს.
ორგანიზმის პროფილაქტიკური გაწმენდა ბრინჯით
შეიძლება ჩაიტაროთ ე. წ. პროფილაქტიკა ბრინჯით, რომელიც ცხოვრების პირობებისა და ასაკის გათვალისწინებით ინდივიდუალურად შეირჩევა. ბრინჯის საუზმეების დასაწყებად უნდა აიღოთ იმდენი სადილის კოვზი ბრინჯი, რამდენი წლისაც ხართ. ბრინჯი კარგად უნდა გარეცხოთ და მოათავსოთ მინის ქილაში. დაასხით ანადუღარი გაციებული წყალი, ქილას მჭიდროდ დაახურეთ და შეინახეთ მაცივარში. ყოველ დილით აიღეთ ერთი სადილის კოვზი ბრინჯი და ხარშეთ მარილის გარეშე 5 წუთის განმავლობაში. მოხარშული ბრინჯი უზმოზე უნდა შეჭამოთ. სასურველია 7:30 წუთზე. ქილაში დარჩენილ მასას წყალი მოაშორეთ (გადაღვარეთ) და თავიდან დაასხით ანადუღარი, გაციებული წყალი და ისე მოათავსეთ მაცივარში. ასე უნდა გააგრძელოთ ქილაში ბრინჯის ამოწურვამდე (დამთავრებამდე).
ბრინჯით გაწმენდისა თუ პროფილაქტიკის დროს ბრინჯი მოქმედებს როგორც აბსორბენტი. ბრინჯის მარცვლები შედგება ფაშარი უჯრედისისგან, რომელიც ამოვსებულია სახამებლის მარცვლებით. კრისტალური უჯრედისისგან შედგენილი ბრინჯის მარცვლები სახამებლის გარეშე კუჭში არ მოინელება, ტრანზიტით ხვდება ნაწლავებში, სადაც კარგად იწოვს წიდებსა და ჩანართებს.
ასე ხდება ნაწლავებისა და ორგანიზმის გაწმენდა. წიდები შარდითა და ფეკალური მასებით გამოიდევნება ორგანიზმიდან. ასეთი გაწმენდის შემდეგ ნივთიერებათა ცვლა ახლდება და ორგანიზმში ცხიმის, არაორგანული მარილების, მეტაბოლიზმის მავნე პროდუქტების დაგროვება ფერხდება.