ძველი და გამოცდილი მეთოდია: 2-3 სუფრის კოვზ ცარცის ან კბილის პასტის ფხვნილს დაასხით ერთი ჭიქა წყალი, დაასველეთ ამ ხსნარში ნაჭერი და გაწმინდეთ მინა. გაშრობის შემდეგ შუშა გაზეთით ან რბილი ქსოვილით გააპრიალეთ.
ასევე ცნობილი მეთოდია შუშების წყლისა და ქაფურის სპირტის ნაერთით (10:1-ზე) გაწმენდა. მინის გაშრობის შემდეგ ამ შემთხვევაშიც გააპრიალეთ გაზეთით.კიდევ ერთი მეთოდი „ქიმიის“ გარეშე მინების გაწმენდისა არის: თბილი წყლისა და ძმრის (2 სუფრის კოვზ ძმარზე ერთი ლიტრი წყალი) ხსნარი.
თუ ფანჯრებს წყლისა და ცოტაოდენი ნავთის ხსნარით (0,5 სუფრის კოვზი ნავთი გახსენით 5 ლიტს წყალში) გაწმენდთ, არა მხოლოდ გააპრიალებთ მინებს, არამედ მწერებსაც დააფრთხობთ.
კარტოფილის ფქვილსაც შეუძლია ბზინვარება მიანიჭოს შუშას. ამისათვის ერთ ლიტრ წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი სახამებელი. ამ ხსნარში დასველებული ტილოთი გაწმენდის შემდეგ მინები გაამშრალეთ მშრალი ჩვრით.
ძალიან კარგად წმენდს შუშებს ძველი კაპრონის „კოლგოტები“, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უნდა დაასველოთ ცივ წყალში. გაჭრილი ხახვი კი ადვილად მოაშორებს ფანჯრებს ბუზებისგან დარჩენილ ლაქებს.
ფანჯრის მინები საოცარ ბზინვარებას იძენს სელის ზეთში დასველებული შალის ქსოვილით გაწმენდისას, შემდეგ კი გადაუსვით ბამბის ან კვლავ შალის სუფთა ჩვარი.
თუ გსურთ მინიდან მარტივად მოაშოროთ საღებავები, ჩარჩოს და რაფის შეღებვის წინ მინები გაწმინდეთ გაჭრილი ხახვით ან ძმარში დასველებული ჩვრით.