გრძნობათა ორგანოები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გრძნობათა ორგანოები

მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება და ტაქტილური შეგრძნება. თითოეულ მათგანს შესაბამისი ორგანო ახორციელებს: მხედველობას - თვალი, სმენას - ყური, ყნოსვას - ცხვირი, გემოვნებას - ენა, ტაქტილურ შეგრძნებებს კი კანს უნდა ვუმადლოდეთ.

მხედველობის ორგანო

იმ ხუთ გრძნობას შორის, რომლებითაც ბუნებამ ადამიანი სამყაროში ორიენტაციისთვის აღჭურვა, მხედველობა უმთავრესია. მხედველობის ორგანოს საკმაოდ რთული აგებულება აქვს. იგი მჭიდრო კავშირშია მთელ ორგანიზმთან და ამიტომ არის, რომ ორგანიზმში მიმდინარე ყოველგვარი პათოლოგია ამ თუ იმ ხარისხით მხედველობით უნარზეც აისახება.

თვალი ორი ძირითადი სტრუქტურისგან შედგება. ერთი რეცეპტორული აპარატია. მას გარეგან და შინაგან გამღიზიანებელთა აღქმა და მიღებული ინფორმაციის თავის ტვინამდე მიტანა ევალება. მეორე კი თვალის ოპტიკური სისტემაა, რომლის მეშვეობითაც ფოკუსირდება სინათლის სხივები და მიიღება საგანთა მკაფიო გამოსახულება.

თვალის ოპტიკური სისტემის ცენტრალური ნაწილი ბადურაა, სადაც უშუალოდ მიიღება გამოსახულება. ოპტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილებია აგრეთვე რქოვანა გარსი, ბროლი და მინისებური სხეულის ზედაპირები, სადაც გაივლის სხივები ბადურაზე მოხვედრამდე. თვალს მრავალი მნიშვნელოვანი თვისება აქვს, რომელთა წყალობითაც ადამიანი საგანთა მკვეთრ და ზუსტ გამოსახულებებს ხედავს. მათ შორის აღსანიშნავია აკომოდაცია - თვალის სწრაფი შეგუება, უნარი, დაინახოს და გაარჩიოს სხვადასხვა მანძილით დაშორებული საგნები. რეფრაქციის წყალობით კი თვალში სხივები ისე გარდატყდება, რომ გამოსახულება ზუსტად ბადურაზე მიიღება და არა მის წინ ან უკან.

გამოსახულების მიღებაში გვეხმარება გუგა - თვალის ფერადი გარსის შუაგულში მოთავსებული სწორი წრიული ფორმის ხვრელი. სწორედ იგი არეგულირებს თვალში გამავალი სინათლის სხივების რაოდენობას. როდესაც გარემოში საჭიროზე მეტი სინათლეა, გუგის კუნთები იკუმშება და ხვრელი ვიწროვდება, არასაკმარისი განათებისას კი ეშვება და ხვრელის დიამეტრს ზრდის, რათა მასში საგანთა დანახვისთვის საჭირო რაოდენობის სხივებმა გაიაროს. თვალის გახელისას სინათლის სხივები პირველად რქოვანაზე ხვდება, შემდეგ - ფერად გარსზე, გუგაში; გუგის გავლის შემდეგ სხივები ბროლზე ეცემა, რომელიც მათ გამოსახულების მისაღებად საჭირო კუთხით გარდატეხს და თავს მოუყრის ბადურაზე, სადაც მიიღება საბოლოო გამოსახულება და განირჩევა ფერები.

სმენის ორგანო

ყური ბგერების აღსაქმელი ორგანოა. მას ძალზე რთული აგებულება აქვს, თუმცა ყოველგვარი ბგერის აღსაქმელად არც ეს არის საკმარისი - ადამიანს მხოლოდ 1,6 სმ-დან 20 მ-მდე სიგრძის ტალღის მქონე (16000-20000 ჰერცი სიხშირის) ბგერები ესმის.

ანატომიურად ყური სამ ნაწილად იყოფა: გარეთა ყურად, შუა ყურის სისტემად და შიგნითა ყურად (ლაბირინთი, ლოკოკინას კარიბჭე და ნახევარრკალოვანი არხები).

ლოკოკინას, გარეთა და შიგნითა ყურის საშუალებით აღიქმება რხევები, რომლებიც ბგერის გამტარი გზებით ნერვულ სისტემაში (თავის ტვინი) მდებარე ცენტრალურ რეცეპტორებამდე მიდის. ბგერის გამტარი გზები სმენის რეცეპტორის პერიფერიული ნაწილია, ხოლო ცენტრი თავის ტვინის ქერქში მდებარეობს.

შუა ყურის კარიბჭესა და ნახევარრკალოვან არხებში მოთავსებულია ვესტიბულური ანუ წონასწორობის ანალიზატორიც, ასე რომ, ყური მხოლოდ სმენის კი არა, წონასწორობის ორგანოც არის. ბგერის გამტარ გზებს კარგად განვითარებული კანქვეშა შრე აქვს, რომელიც, განსაკუთრებით - გარეთა ყურის არეში, უხვად შეიცავს თმას, ცხიმოვან და გოგირდის ჯირკვლებს. სწორედ ესენი გამოყოფენ მოყავისფრო პიგმენტით მდიდარ სეკრეტს - ყურის გოგირდს, რომელიც ზოგჯერ, ჭარბად დაგროვებისას, ყურში გოგირდოვან საცობს ქმნის. ყურს, როგორც ნებისმიერ ორგანოს, საკვები ნივთიერებებით მომარაგება სჭირდება, რასაც გარეთა საძილე არტერიის სამი ტოტი და ყურის არტერია უზრუნველყოფს. მდიდარი ინერვაციის წყალობით ადამიანის ყური გარემოდან მომდინარე უმნიშვნელო ხმაურსაც კი ადვილად აღიქვამს და მასზე შესაბამისად რეაგირებს.

ყური რამდენიმე გასასვლელითა და არხით ცხვირისა და პირის ღრუებს და ქალას ძვლოვან სინუსებს უკავშირდება, ამიტომაც არის, სასმენ ორგანოში თავჩენილი პათოლოგია ყოველთვის სასმენი ორგანოს დაზიანების მაუწყებელი არ არის - ხშირად მისი ჭეშმარიტი მიზეზი სულ სხვაგან იმალება.

წონასწორობის ორგანო

ზოგიერთი მეცნიერული სკოლა წონასწორობას ადამიანის დამოუკიდებელ გრძნობად მიიჩნევს. წონასწორობას სპეციალური ორგანო - ვესტიბულური აპარატი უზრუნველყოფს. სხეულის მდებარეობის ყოველგვარი ცვლილება იწვევს ამ აპარატის რეცეპტორთა გაღიზიანებას, რის შედეგადაც აღმოცენდება მდგომარეობისა და წონასწორობის შესანარჩუნებელი რეფლექსები. სწორედ მათი მეშვეობით ხდება ჩონჩხის მუსკულატურის კოორდინირებული ტონური შეკუმშვა, რათა გამოსწორდეს სხეულის მდებარეობა და ადამიანმა წონასწორობა შეინარჩუნოს.

ნერვული სისტემის ასამოქმედებლად აუცილებელია, რომ ნერვული უჯრედები - რეცეპტორები - შესაბამისი, ადეკვატური გამღიზიანებლით გაღიზიანდეს. ადამიანის წონასწორობის ორგანოსთვის - ვესტიბულური აპარატისთვის - ადეკვატურ გამღიზიანებელს სხეულის ბრუნვითი ან სწორხაზოვანი აჩქარებული ან შენელებული მოძრაობა წარმოადგენს, ანუ წონასწორობის მარეგულირებელი რეცეპტორები მხოლოდ მოძრაობის სიჩქარის შეცვლისას ღიზიანდება. თანაბარი მოძრაობა, აჩქარების ან შენელების გარეშე, მათ გაღიზიანებას არ იწვევს. ვინაიდან წონასწორობის მარეგულირებელი ოტოლიტური აპარატი ლოკოკინასა და ნახევარრკალოვან არხებშია მოთავსებული, ამიტომ ადამიანის სხეულის ცვლილებათა ერთი ნაწილი, მოძრაობის ხასიათის მიხედვით, ლოკოკინას ოტოლიტურ აპარატს აღიზიანებს, მეორე ნაწილი კი ნახევარრკალოვანი არხებისას.

ლოკოკინას ოტოლიტური აპარატის რეცეპტორებს აღიზიანებს სხეულის აჩქარებული ან შენელებული სწორხაზოვანი მოძრაობანი, ნჯღრევა, რწევა, ტანის ან თავის გადახრა, რაც ოტოლიტური მემბრანის რეცეპტორთა ბუსუსებზე ზეწოლას ცვლის. ნახევარრკალოვან არხებს აღიზიანებს აჩქარებული ან შენელებული ბრუნვითი მოძრაობა ნებისმიერ სიბრტყეში. ამრიგად, ბრუნვის სიბრტყეში მოთავსებული არხის რეცეპტორები სხვებზე ძლიერად ღიზიანდება.

სივრცეში ორიენტაციისა და წონასწორობის შენარჩუნებას მხოლოდ ვესტიბულური აპარატის რეცეპტორები როდი უზრუნველყოფს - ამ ფუნქციის შესანარჩუნებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს მხედველობის რეცეპტორებიდან, მყესებში, კუნთებსა და იოგებში განლაგებული პროპრიორეცეპტორებიდან და კანის რეცეპტორებიდან მომავალ სიგნალებს, რომლებიც ვესტიბულური აპარატიდან მომავალ სიგნალებთან ერთად იკრიბება თავის ტვინის ქერქში - მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი რთულ კოორდინირებულ მოძრაობათა განხორციელება სივრცეში სხეულის ნებისმიერი მდგომარეობის შესანარჩუნებლად.


წონასწორობის შენარჩუნების მექანიზმი

როგორც ვხედავთ, წონასწორობის შენარჩუნება რამდენიმე სისტემის - ვესტიბულური, მხედველობითი, ზედაპირული (კანის) და ღრმა (კუნთები, მყესები, იოგები) მგრძნობელობის სისტემათა - მეშვეობით ხორციელდება. ამ სისტემებიდან მიღებული მთელი ინფორმაცია თავს იყრის და ინტეგრირდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, რომელიც აღნიშნულ ქმედებათა თანამიმდევრობას განაგებს. თუმცა პირველხარისხოვან როლს ამ მექანიზმში მაინც ვესტიბულური რეცეპტორები ასრულებენ: ისინი განსაზღვრავენ გრავიტაციულ ძალას, ისინი აქცევენ ინფორმაციებს იმპულსებად, რომლებიც თავის ტვინში იშიფრება, რის შემდეგაც ადამიანი შეიმეცნებს საკუთარი სხეულის გარემოში მდგებარეობას და იღებს მუდმივ ინფორმაციას მომდევნო მოძრაობათა შესრულების შესახებ.

ყნოსვის ორგანო

ცხვირის ღრუს გასავლები და წიაღები ამოფენილია ლორწოვანი გარსით, რომლის ზედა ნაწილიც - ცხვირის ღრუს ზედა გასავლის ლორწოვანი, უფრო სწორად, ცხავის ძვლის მფარავი ეპითელიუმი - დაფარულია ყნოსვის ძაფებით - ყნოსვის ანალიზატორის ნერვული დაბოლოებებით, რის გამოც ამ უბანს ყნოსვის მიდამო ეწოდება. ყნოსვის მიდამო უამრავი საყნოსავი უჯრედისგან ანუ ყნოსვის რეცეპტორისგან შედგება. ყნოსვის რეცეპტორები, თავის მხრივ, 5 ინსტანციად იყოფა:

1. ლორწოვანი გარსი;

2. წამწამოვანი წანაზარდი;

3. საყრდენი უჯრედი;

4. რეცეპტორული უჯრედი;

5. ყნოსვის ნერვის ბოჭკოები.

ადამიანის ყნოსვის ზონის საერთო ფართობი 5 სმ2-ს შეადგენს.

სუნის აღქმა

სუნი ჰაერში შეტივტივებული მოლეკულებია, მფრინავი ქიმიური ნივთიერებები - ოდორანტები, რომლებსაც საკმაოდ მცირე ზომა და წონა აქვთ. ეს მოლეკულები თავისთავად, ყნოსვის რეცეპტორთან ურთიერთქმედების გარეშე, არავითარი ინფორმაციის მატარებლები არ არიან, ადვილად ორთქლდებიან და ჰაერთან ერთად ორგანიზმში ხვდებიან, ჩასუნთქული ჰაერიდან მათ ყნოსვის რეცეპტორი მიიტაცებს და ქიმიურ სიგნალს ელექტრულად გარდაქმნის, რომელიც ყნოსვის ნერვების დაბოლოებებს ტვინის შესაბამის სტრუქტურებამდე მიაქვთ, აქედან კი სიგნალები თავის ტვინის უმაღლეს ქერქქვეშა უბანს გადაეცემა. აქ ხდება სუნის ამოცნობა, რის შემდეგაც ლიმბური სისტემა შესაბამისი მოქმედების ბრძანებას გასცემს.

სუნის აღქმა და მისი დამუშავება ტვინში საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს: ტვინის იმ ნაწილმა, რომელიც ემოციურ რეაქციებს განაგებს, დაახლოებით ნახევარი წამის შემდეგ იცის, რომელი სუნი სასიამოვნოა და რომელი - უსიამოვნო. ყოველივე ეს ჩვენგან დამოუკიდებლად ხორციელდება, ვიდრე სუნს თავად გამოვიცნობთ ან მის ავკარგიანობას შევიგრძნობთ. ასე რომ, სუნს ჯერ ყნოსვის ანალიზატორი შეიცნობს, შემდეგ კი ამას ჩვენ ვაცნობიერებთ.

ტაქტილური მგრძნობელობის ორგანო

ტაქტილური მგრძნობელობის ორგანო კანია, რომელიც უხვად არის მომარაგებული გაღიზიანების აღმქმელი რეცეპტორებით. ამ მხრივ კანი ერთგვარ დანაღმულ ველს წააგავს, რომელიც ტკივილის, სითბოს, სიცივის, შეხების აღმქმელი რეცეპტორებით არის სავსე. თითოეული მათგანი შესაბამისი გამღიზიანებლის ზემოქმედების შემდეგ აღიგზნება და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გადაგზავნილ იმპულსთა საშუალებით ცდილობს, კანი დამაზიანებელ აგენტს მოაცილოს. რეცეპტორები კანზე თანაბრად არ არის განლაგებული - ყველაზე უხვად მათ კანის თმით დაფარული უბნები შეიცავს, რაოდენობით კი ყველას ტკივილის აღმქმელი დაბოლოებები აღემატება. სხეულზე მათი საერთო რაოდენობა მილიონს აჭარბებს.