კიდურების ასიმეტრია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიდურების ასიმეტრია

ერთი რომელიმე ქვემო კიდურის მცირე სიმოკლე კლინიკურად უმნიშვნელოა. მკურნალობას საჭიროებს კიდურის მნიშვნელოვანი სიმოკლე, მისი ფუნქციური დარღვევა, ხერხემლისა და სახსრების დაავადებათა განვითარების დიდი რისკი.

რა იწვევს კიდურების ასიმეტრიას? რას ეფუძნება მკურნალობის ტაქტიკა? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ნიუვიჟენ უნივერსიტეტის სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ხათუნა საგანელიძე:

- ქალბატონო ხათუნა, რამ შეიძლება გამოიწვიოს კიდურების ასიმეტრია? რა პრობლემებს უქმნის ადამიანს ეს მდგომარეობა?

- კიდურების სიგრძეებს შორის განსხვავება ან ანისომელია შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად - თანდაყოლილი და შეძენილი.

ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ ადამიანების 40-70%-ს აქვს ფეხის სიგრძის სხვადასხვა სახის შეუსაბამობა.

კიდურების თანდაყოლილი ასიმეტრია გამოწვეულია მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის განვითარების ანომალიებით, აპლაზიით ან ბარძაყის ჰიპოპლაზიით, ასევე ჰემიმელიით, დეფორმაციით, ბარძაყის ყელის ამოვარდნილობითა და სხვა არასტრუქტურული მიზეზებით, როგორებიცაა ჰემიჰიპერტროფია, სისხლძარღვოვანი ანომალიები (Kლიპპელ-თრენაუნაყ-ჭებერ სინდრომი) და ნეიროფიბრომატოზი.

კიდურების შეძენილი ასიმეტრიის გამომწვევი მიზეზი კი შეიძლება იყოს მრავალი. მაგალითად, ტრავმის შემდგომ არასწორად შეხორცებული მოტეხილობები, პოსტოპერაციული გართულებები, ინფექცია (ოსტეომიელიტი, პოლიომიელიტი და ა.შ.), ნევროლოგიური პათოლოგიები (ცერებრული დამბლა, სპინალური დისრაფიზმი), სიმსივნეები, ხერხემლის დაავადებები.

ქვედა კიდურების სიგრძეს შორის განსხვავება შეიძლება განვიხილოთ ანატომიურ (ჭეშმარიტი) და ფუნქციურ (ცრუ) ასიმეტრიებად. განსხვავება მათ შორის ის არის, რომ ფუნქციური ასიმეტრიის დროს კუნთოვანი სისტემის არასწორი ან არათანაბარი განვითარების გამო ხდება კიდურების სიგრძეში სხვაობის დაფიქსირება (მაგალითად, მენჯის კუნთების სტატიკურად შეკუმშვის გამო ბარძაყის ძვალი ზემოთ „იქაჩება“ და ეს იწვევს კიდურებს შორის განსხვავებას).

კიდურების სიგრძეს ექიმი ცალკ-ცალკე სეგმენტების მიხედვით აფასებს. სეგმენტების შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დადგინდეს, რა იწვევს ამ შეუსაბამობას.

მაგალითად, ბარძაყის ძვლები შეიძლება თანაბარია, ანუ ერთი ზომისაა, მაგრამ წვივის ძვლების სიგრძე განსხვავდება, ან პირიქით.

კიდურების ასიმეტრიის დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტად“ რჩება პოსტურალური რენტგენოგრამა.

თუმცა ასიმეტრიის არსებობის შემთხვევაშიც კი შეიძლება ერთ ადამიანს სიმპტომები საერთოდაც არ გამოუვლინდეს, მეორეს კი სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

სამეცნიერო კვლევების თანახმად, თუ სხვაობა აღემატება 2 სანტიმეტრს, ეს უკვე სიარულისას იწვევს მნიშვნელოვან დარღვევას და მეორეულ გართულებებს. ამიტომ 2 სმ-ზე ნაკლები სიგრძის სხვაობა უნდა დარეგულირდეს ფეხსაცმლის აწევით (დამატებითი ქუსლი, ღაბაში - ე.წ. სუპინატორი), ხოლო უფრო მეტი განსხვავება მოითხოვს სამედიცინო ჩარევას და მკურნალობის ტაქტიკის შერჩევას, გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით.

- რა გართულების გამოწვევა შეუძლია კიდურების ასიმეტრიას?

- ასიმეტრიამ შესაძლებელია გამოიწვიოს ხერხემლის სვეტისა და მენჯ-ბარძაყის მეორეული დეფორმაცია. ირღვევა სახსრების ბიომექანიკა, რაც ტკივილის მიზეზი ხდება. საკმაოდ გრძელია ჩამონათვალი: სკოლიოზი, ლუმბალგია, ტკივილები წელიდან საჯდომი ნერვის მიმართულებით, მენჯის დახრა, ტერფის დეფორმაცია, კოქსართროზი, შინაგანი ორგანოების დაწევა, როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, თანკბილვის ცვლილება და თავის ტკივილი.

მეტად მნიშვნელოვანია, სპორტსმენთა ასიმეტრია ადრეულ ასაკშივე გამოვლინდეს, რომ არასწორმა ფიზიკურმა დატვირთვებმა რიგი გართულებები არ გამოიწვიოს.

კიდურებს შორის სიგრძეში განსხვავების ადრეული გამოვლინება და მაკორეგირებელი ზომების დროულად მიღება თავიდან ააცილებს პაციენტს ყოველგვარ გართულებას.

მკურნალობის თვალსაზრისით, აუცილებელია იმის იდენტიფიცირება, რამ გამოიწვია ქვემო კიდურების სიგრძეს შორის განსხვავება.

- როგორია დახმარება თითოეული პათოლოგიის დროს, რას გვთავაზობს თანამედროვე მედიცინა ასეთი ადამიანების რეაბილიტაციისთვის?

- მკურნალობის ტაქტიკის შერჩევას პათოლოგიის მიზეზი განაპირობებს. მაგალითად, ფუნქციური ასიმეტრიის მკურნალობისას გამოიყენება სამკურნალო ვარჯიში - კინეზოთერაპია, მანუალური თერაპია, ტერფებზე მუშაობა და ა.შ.

აღნიშნული მეთოდები არ გამოიღებს შედეგს ანატომიური დეფორმაციებით გამოწვეული ფეხმოკლეობის დროს და აუცილებელია ორთეზების, ორთოპედიული ფეხსაცმლის შერჩევა და საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციული ჩარევა.

- ტანდეგობის დარღვევა ხშირად არის კიდურების ასიმეტრიის მიზეზი. როგორია ასეთ დროს მიდგომა და მკურნალობის სტრატეგია?

- უნდა აღინიშნოს, რომ კიდურებს შორის სიგრძის განსხვავება და ასიმეტრია ტანადობის დარღვევისა და სკოლიოზის განვითარების ერთ-ერთი მიზეზია. საჭიროა დროული მკურნალობა და კორექცია კონსერვატიული ან ოპერაციული მეთოდებით (იმის მიხედვით, რა მიზეზით არის გამოწვეული ქვედა კიდურების სიგრძის არათანაბრობა).