ფილტვების, თირკმლებისა და თირკმელზედა ჯირკვლების ასიმეტრია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფილტვების, თირკმლებისა და თირკმელზედა ჯირკვლების ასიმეტრია

მათ ასიმეტრიას, რაც გარკვეულ დაავადებებს უკავშირდება, ზოგჯერ კი თანდაყოლილია, მხოლოდ გარკვეული კვლევების შედეგად თუ აღმოვაჩენთ. დღეს შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ, რომელმა დაავადებებმა და განვითარების მანკებმა შეიძლება განაპირობონ ფილტვების, თირკმლებისა და თირკმელზედა ჯირკვლების ასიმეტრია. აქვე დავძენთ, რომ შინაგანი ორგანოების სიმეტრიულობის სპეციალური შესამოწმებელი კვლევა, ჩვენების გარეშე, არ არის რეკომენდებული.

ფილტვების ასიმეტრია

მარჯვენა და მარცხენა ფილტვის გარკვეულად განსხვავებული აგებულება ამ ორგანოს ნორმალური ანატომიური თავისებურებაა. ჩვეულებრივ, მარჯვენა ფილტვი სამი წილისაგან შედგება, მარცხენა კი - ორისაგან და ეს გულის მდებარეობას უკავშირდება. ამ ნორმალურ (ფიზიოლოგიურ) განსხვავებასთან ერთად, ფილტვების ასიმეტრია შეიძლება დაკავშირებული იყოს ფილტვის განვითარების ანომალიებთან ან იმ დაავადებებთან, რომლებიც ფილტვის გარკვეული უბნის დაზიანებას იწვევს. განსხვავება შეიძლება გამოვლინდეს შემთხვევით, სხვა მიზეზების გამო ჩატარებული რენტგენოლოგიური კვლევისას, ან კომპიუტერული ტომოგრაფიისას, თუმცა ზოგჯერ კვლევა განვითარების მანკით ან დაავადებით გამოწვეული სიმპტომების გამო ტარდება.

ფილტვის განვითარების მანკები

ფილტვის განვითარების ანომალია შეიძლება ჩამოყალიბდეს მუცლადყოფნის პერიოდში ან ბავშვის სიცოცხლის პირველი წლების განმავლობაში. ანომალიათა შორის აღსანიშნავია:

  • ფილტვების აგენეზია - ფილტვის და მისი შესაბამისი მთავარი ბრონქის არარსებობა;
  • აპლაზია - ფილტვის ან მისი ნაწილის არარსებობა, თუმცა აპლაზიისას პაციენტს აქვს შესაბამისი მთავარი ბრონქი;
  • ჰიპოპლაზია - სეგმენტის, წილის ან მთლიანი ფილტვის დონეზე მისი ელემენტების - ბრონქების, ფილტვის ქსოვილის, სისხლძარღვების - ერთდროული განუვითარებლობა. განასხვავებენ მარტივ ჰიპოპლაზიას, რომლის დროსაც ფილტვის ზომა თანაბრადაა შემცირებული, მაგრამ სტრუქტურა არსებითად არაა დარღვეული და ცისტურ (კისტურ) ჰიპოპლაზიას. ფილტვის ცისტური ჰიპოპლაზია შედარებით ხშირი განვითარების ანომალიაა - შეადგენს ანომალიათა 60-80%-ს. ცისტური ჰიპოპლაზია ბრონქების, ფილტვის ქსოვილისა და სისხლძარღვების განუვითარებლობასთან ერთად, ხასიათდება ბრონქის დაბოლოებებთან ღრუების წარმოქმნით. აღნიშნულ ღრუებში ხშირად ვითარდება ქრონიკული ანთებით-დაჩირქებითი პროცესები.

ფილტვის განვითარების ზოგიერთი ანომალიისას აღინიშნება დამატებითი („ჭარბი“) წარმონაქმნების არსებობა. მათ შორის აღსანიშნავია:

  • დამატებითი წილი ან ფილტვი - ადამიანს ნორმალურად განვითარებული ფილტვისაგან დამოუკიდებლად აქვს ფილტვის ქსოვილის დამატებითი გროვა;
  • ფილტვის სეკვესტრაცია - ფილტვის ნორმალური ქსოვილისაგან დამოუკიდებლად ადამიანს აქვს ფილტვის ქსოვილის ანომალიური უბანი, რომელსაც სისხლით საკუთარი არტერიები ამარაგებს. სეკვესტრაცია შეიძლება მდებარეობდეს როგორც ფილტვის გარეთ, ასევე მის შიგნით. სეკვესტრაცია წლების განმავლობაში არ ვლინდება, თუმცა სეკვესტრის ინფიცირებისას შეიძლება აღმოცენდეს რეციდივული პნევმონია.
  • ფილტვის ცისტები - ბრონქის გვერდით (პარაბრონქულად) არსებული ღრუ წარმონაქმნებია, რომელთა აღმოცენებაც უკავშირდება მუცლადყოფნისას წვრილი ბრონქების განვითარების პროცესს. ასეთ ცისტას შეიძლება კავშირი ჰქონდეს ბრონქთან (ე. წ. დრენირებადი ცისტა) ან, შესაძლოა, ასეთი კავშირი არც არსებობდეს (არადრენირებადი ცისტა). ცისტამ შეიძლება გიგანტურ ზომას მიაღწიოს და ფილტვის ქსოვილზე ზეწოლა გამოიწვიოს.
  • ჰამარტომა - ეს არის წარმონაქმნი, რომელიც ბრონქის კედლისა და ფილტვის ქსოვილისაგან შედგება. ჩვეულებრივ, მნიშვნელოვანი ზრდა და ავთვისებიანად გადაგვარება არ ახასიათებს.
  • თანდაყოლილი წილოვანი ემფიზემა - შესაბამისი წილის ჰაერით მკვეთრი გადავსება, რაც დაკავშირებულია ბრონქების მე-3-მე-5 რიგის განშტოებათა განვლადობის დარღვევასთან. ჩასუნთქვისას, რაც აქტიური პროცესია, ბრონქში, რომლის განვლადობაც დაქვეითებულია, ჰაერი შეაღწევს, მაგრამ ამოსუნთქვისას, რაც პასიური პროცესია, ჰაერი უკან ვეღარ გამოიდევნება. ასე იზრდება ყოველი ჩასუნთქვისას ჰაერის რაოდენობა - ყალიბდება „ჰაერის ხაფანგი“. ბრონქის სანათურის შევიწროების მიზეზი შეიძლება იყოს ხრტილის, ლორწოვანის ნაკეცის დეფექტი, სიმსივნის ან ანომალიურად მდებარე სისხლძარღვის ზეწოლა. წილოვანი ემფიზემა კლინიკურად სუნთქვის უკმარისობით ვლინდება.

როგორ ვლინდება ფილტვის განვითარების ანომალიები

ფილტვის განვითარების ანომალიათა ნაწილი შესაძლოა ყოველგვარი სიმპტომის გარეშე მიმდინარეობდეს და მხოლოდ უეცრად აღმოჩნდეს სხვა მიზეზით ჩატარებული კვლევისას. ასეთი მიმდინარეობა შემთხვევათა დაახლოებით მეხუთედ ნაწილში გვხვდება.

ყველაზე ადრე, ბავშვის სიცოხლის პირველ დღეებშივე, ვლინდება წილოვანი ემფიზემა, ფილტვის აგენეზია, აპლაზია, მკვეთრად გამოხატული ჰიპოპლაზია და ხასიათდება ხმაურიანი (სტრიდორული) სუნთქვით, ასფიქსიით, ციანოზით (კანისა და ლორწოვანების მოლურჯო შეფერვით).

ფილტვის ცისტა, სეკვესტრაცია, ჰიპოპლაზია შეიძლება ხშირი ანთებისა და დაჩირქების მიზეზი გახდეს. განვითარების ანომალიებით განპირობებული ანთება ხასიათდება გახანგრძლივებული, ხშირად განმეორებადი მიმდინარეობით, თან ახლავს შეუპოვარი ხველა, დიდი რაოდენობით ჩირქოვანი ნახველის გამოყოფა. განვითრების მძიმე ანომალიები იწვევენ ბავშვის ზრდა-განვითარების შეფერხებას, გულმკერდის ასიმეტრიას და დეფორმაციას.

ბავშვობიდანვე ფილტვისა და ბრონქების ხშირი ანთებითი დაავადებების გამოვლინება ბადებს ეჭვს განვითარების გარკვეული ანომალიების არსებობაზე. ასეთი ვარაუდისას, უპირველესად, ტარდება რენტგენოლოგიური გამოკვლევა და/ან კომპიუტერული ტომოგრაფია. კვლევები ავლენენ სისხლძარღვოვანი ან ბრონქული სურათის ცვლილებას (ჰიპოპლაზიისას), გარკვეული უბნის მომატებულ გამჭვირვალობას (წილოვანი ემფიზემა), შუასაყრის ორგანოთა ცთომას (ჰიპოპლაზიისას ან აგენეზიისას), ჩრდილების კონტურების არსებობას (ჰამარტომის ან სეკვესტრაციისას). ბრონქული ხის გამოსაკვლევად ტარდება ბრონქოსკოპია.

ფილტვის განვითარების ანომალიების მკურნალობა

ფილტვის განვითარების ანომალიების მკურნალობის მეთოდების არჩევა (ოპერაციული თუ მედიკამენტური) დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. მათ შორის აღსანიშნავია პაციენტის მდგომარეობა, დარღვევათა ხასიათი, დაავადების მიმდინარეობა, პროგნოზი. როცა ახალშობილს აქვს მკვეთრად გამოხატული სუნთქვის უკმარისობა წილოვანი ემფიზემის, ფილტვის აპლაზიის ან აგენეზიის გამო, ტარდება გადაუდებელი ოპერაცია. ხშირად განვითარების ანომალიების დროს ტარდება შეცვლილი უბნის რეზექცია (მოკვეთა). ზოგჯერ, განსაკუთრებით, თუ ცვლილებები გავრცელებული ხასიათისაა, შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს მედიკამენტური და ზოგადი გამაჯანსაღებელი მკურნალობა ანთებითი პროცესის ლიკვიდაციისა და თავიდან აცილების, ბრონქების მადრენირებელი ფუნქციის გაუმჯობესების, ნახველის უკეთ გამოყოფისა და შემცირების მიზნით.

ასიმეტრიის გამომწვევი ფილტვის დაავადებები

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ფილტვების ასიმეტრია გამომსახველობითი კვლევების - რენტგენოლოგიური კვლევის ან/და კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად ვლინდება. ზემოთ განხილული განვითარების ანომალიების გარდა, ასიმეტრიული გამოსახულების მიზეზი შეიძლება გახდეს ფილტვის დაავადებები. მათ შორის აღსანიშნავია:

  • ფილტვების ანთება - ამ დროს რენტგენოლოგიურად ვლინდება ე. წ. „ჩრდილის“ არსებობა, რაც ფილტვის ქსოვილში ანთებითი უბნის არსებობითაა გამოწვეული. ხშირად, თუ ანთებითი უბანი დიდია და ძალიან ღრმად არ მდებარეობს, პაციენტის ფილტვის მოსმენისას ექიმი ავლენს, რომ სუნთქვა ანთებითი უბნის ადგილზე განსხვავებულია. ფილტვის ანთება ხასიათდება კარგად ცნობილი კლინიკური გამოვლინებით - პაციენტს აქვს ხველა, ნახველის არსებობა, ტემპერატურის მომატება.
  • ფილტვების ატელექტაზი - ფილტვის ან მისი ნაწილის „ჩაფუშვა“, რაც უმთავრესად ბრონქის დახშობასთანაა დაკავშირებული. როცა ატელექტაზი ფილტვის მცირე, შემოფარგლულ უბანს მოიცავს და თანდათან ვითარდება, შეიძლება სიმპტომები შეუმჩნეველიც კი დარჩეს. დიდი უბნის სწრაფი დაზიანებისას ვითარდება ქოშინი, რომელიც ზოგჯერ ძლიერიც შეიძლება იყოს. რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვლინდება დაჩრდილვის არსებობა ან ფილტვის ქსოვილის არარსებობა. თუ უბანი დიდია, დაზიანებულ არეში სუნთქვა შეიძლება არ მოისმინებოდეს.
  • ფილტვის აბსცესი - ფილტვის ნეკროზული ინფექცია, რომლის დროსაც ფილტვში ჩირქით სავსე ღრუ ყალიბდება - აღნიშნული დაავადებისას პაციენტს აქვს ცხელება, ხველა დილაობით დიდი რაოდენობით ნახველის გამოყოფით, ექიმი გასინჯვისას ავლენს სუნთქვის ცვლილებას, ხიხინს, რენტგენოლოგიურად აღინიშნება სითხის გარკვეული ოდენობის შემცველი ღრუს არსებობა.
  • ფილტვის სიმსივნეები - ხასიათდებიან სხვადასხვა მდებარეობის წარმონაქმნების არსებობით, რაც ვლინდება კომპიუტერული ტომოგრაფიით, ხშირად რენტგენოლოგიური კვლევითაც.
  • პლევრის ღრუში სითხის არსებობა - დიდი ოდენობით სითხე იწვევს ფილტვის ქსოვილზე ზეწოლას, რაც ქოშინისა და პაციენტის გასინჯვისას დამახასიათებელი მონაცემების აღმოცენების მიზეზია. დიაგნოზს ადასტურებს რენტგენოლოგიური და კტ კვლევა.

თირკმლების ასიმეტრია

სიმეტრიულ ორგანოთა შესახებ საუბარი ისე, რომ თირკმელს არ დავუთმოთ განსაკუთრებული ყურადღება, წარმოუდგენელია. განასხვავებენ მათი ნორმალური, სიმეტრიული ფორმისა და მდებარეობის შემდეგ ცვლილებებს:

  • მდებარეობის ცვლილება - ექტოპია;
  • არასწორად მოტრიალებული პოზიცია;
  • ნალისებრი თირკმელი, თირკმლების შეზრდა;
  • აგენეზია - თირკმლის არარსებობა.

თირკმლის ექტოპია

ნაყოფის თირკმელი თავდაპირველად ვითარდება მენჯში, ხოლო შემდეგ გადაინაცვლებს ზემოთ და ტრიალდება, რათა მოზრდილი ადამიანისათვის დამახასიათებელი ნორმალური მდებარეობა მიიღოს. ზოგჯერ თირკმელი ვერ იღებს სათანადო მდებარეობას (თირკმლის ექტოპია) ან ბოლომდე ვერ მოტრიალდება. ასეთი ანომალია არღვევს თირკმელში წარმოქმნილი შარდის დინებას შარდსაწვეთების გავლით შარდის ბუშტისაკენ. თუ ასეთი დაბრკოლება აღმოცენდება, ვითარდება საშარდე გზების ხშირი ინფექცია. ანალოგიურ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩერავა ანომალიის აღმოსაფხვრელად. მიუხედავად ასეთი შემთხვევების აღმოცენებისა, მრავალ ადამიანს არავითარი სიმპტომი არ უვითარდება და არც რადიკალური ჩარევა ხდება საჭირო.

ნალისებრი თირკმელი

ნალისებრი თირკმელი არის შეზრდილი თირკმლის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სახე. ამ ანომალიისას ნაყოფის განვითარების პროცესში თირკმლები ერთმანეთს შეეზრდება და ნალის მსგავს ფორმას იღებს. ერთმანეთთან შერწყმის გამო თირკმელი ვერ იღებს ნორმალურ ანატომიურ მდებარეობას, შესაძლოა ვერ განვითარდეს სათანადოდ. ამ ცვლილებების გამო, შეიძლება, ნალისებრი თირკმლიდან შეფერხდეს შარდის გამოყოფა, შეიქმნას საშარდე გზების ინფექციისა და კენჭების აღმოცენების, თირკმლის დაზიანების პირობები. საბედნიეროდ, ნალისებრი თირკმლით, პაციენტთა ნახევარს, საშარდე გზების მხრივ სიმპტომი არასოდეს უვითარდება. საყურადღებოა, რომ ამ ანომალიასთან ერთად ადამიანს შეიძლება სხვა თანდაყოლილი ანომალიაც ჰქონდეს.

თირკმლის არარსებობა

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ახალშობილს არ აქვს არც ერთი თირკმელი. ეს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დარღვევაა.

ერთი თირკმლის არარსებობისას, ჩვეულებრივ, არსებული ცალი თირკმელი კარგად ვითარდება, ცოტათი იმაზე მეტ ზომას აღწევს, ვიდრე აქვს წყვილ თირკმელს. ასე ხდება მეორე თირკმლის არარსებობის კომპენსირება. ასეთ დროს მოსალოდნელია, რომ ადამიანს ექნება სიცოცხლის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა და დამატებითი სამედიცინო ჩარევის საჭიროება არ აღმოცენდება.

თირკმლის მულტიცისტური დისპლაზია

თირკმლის მულტიცისტური დისპლაზია არის დაავადება, რომლის დროსაც, უხშირესად, ბავშვის თირკმელში ფორმირდება ცისტები. ამ დროს თირკმელი არ ვითარდება ნორმალურად, მასში აღმოცენდება მრავალი სითხით სავსე ცისტა, რომლებიც იზრდებიან ორგანოში და ნელ-ნელა ანაცვლებენ თირკმლის ნორმალურ ქსოვილს. ორივე თირკმლის დაზიანებისას ახალშობილი იღუპება, თუმცა, საბედნიეროდ, მულტიცისტური დისპლაზია, ჩვეულებრივ, ერთ თირკმელს აზიანებს. ერთი თირკმლის დაზიანებისას პროგონოზი კარგია.

უხშირესად თირკმლის მულტიცისტური დისპლაზია ჯერ კიდევ დაბადებამდე, ნაყოფის ექოსკოპიური კვლევისას ვლინდება. დაბადების შემდეგ პერიოდულად ტარდება ექოსკოპიური კვლევა, რათა დავაკვირდეთ ჯანმრთელი თირკმლის მდგომარეობას. დაზიანებული თირკმელი თითქმის ყოველთვის იჭმუხნება და ქრება. თუ ასე არ ხდება, ბავშვობის შედარებით მოგვიანებით ეტაპზე მას ოპერაციულად კვეთენ. ჯანმრთელი თირკმელი კი, დაზიანებულის ფუნქციის კომპენსირებისათვის, დროთა განმავლობაში უფრო დიდ ზომას იღებს.

როგორ დგინდება თირკმლის განვითარების ანომალიები

თანამედროვე ეტაპზე თირკმლის განვითარების ანომალიები ხშირად მუცლადყოფნის პერიოდშივე დგინდება ნაყოფის ექოსკოპიური გამოკვლევისას. დაბადების შემდეგ მათი დიაგნოსტიკა, უმთავრესად, სხვადასხვა მიზეზით ჩატარებული კვლევის შედეგია. იმ შემთხვევაში, როცა სიმპტომების მიხედვით ექიმები თირკმლის ანომალიების არსებობას ვარაუდობენ, ტარდება ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, იშვიათად - ინტრავენური უროგრაფია.

იმ შემთხვევაში, თუ თირკმლის განვითარების ანომალია იწვევს შარდის დინების დარღვევას, რის გამოც ვითარდება საშარდე გზების ინფექცია, შესაძლოა საჭირო გახდეს ოპერაციული მკურნალობა. თირკმლის ფუნქციის დარღვევის - თირკმლის უკმარისობისას შესაძლოა გაჩნდეს დიალიზის ან თირკმლის გადანერგვის აუცილებლობა.

ჰიდრონეფროზი

ჰიდრონეფროზი არის თირკმლის მენჯ-ფიალოვანი სისტემის გაფართოება თირკმელში წარმოქმნილი შარდის დინების დაბრკოლების შედეგად, რასაც მოსდევს თირკმლის ქსოვილის ატროფია და ორგანოს ფუნქციის გაუარესება. აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება იყოს როგორც ორმხრივი, ასევე ცალმხრივი. ცალმხრივი ჰიდრონეფროზი თირკმლის ასიმეტრიის ერთ-ერთ მიზეზია.

ჰიდრონეფროზი შესაძლოა აღმოცენდეს თირკმლის მენჯ-შარდსაწვეთის თანდაყოლილი შევიწროების გამო. ასეთ შემთხვევაში ის უხშირესად 30 წლის ასაკამდე დგინდება. არსებობს მეორეული ჰიდრონეფროზიც - შარდკენჭოვანი დაავადების, თირკმლის სიმსივნის ან ტრავმის გართულება. თავის მხრივ, თირკმლის სიმსივნეც ამ ორგანოს ასიმეტრიის ერთ-ერთი მიზეზია.

თირკმელზედა ჯირკვლის წარმონაქმნები

კიდევ ერთი წყვილი ორგანო, რომელიც სიმეტრიული აგებულებით ხასიათდება, არის თირკმელზედა ჯირკვალი. სიმსივნური წარმონაქმნით გამოწვეული მისი ასიმეტრია ხშირად შემთხვევით, სხვადასხვა მიზეზით ჩატარებული ექოსკოპიის, კომპიუტერული ტომოგრაფიისა თუ მაგნიტურ-რეზონანსული კვლევისას აღმოჩნდება ხოლმე. ასეთ დროს აღმოჩენილ წარმონაქმნებს ინციდენტალომებს უწოდებენ (სიტყვიდან - ინციდენტალ - შემთხვევითი). ინციდენტალომა თავისი აგებულებით შეიძლება იყოს ადენომა, ფეოქრომოციტომა, ცისტა, ლიპომა, მიელოლიპომა, ჰემანგიომა, ტერატომა, ნეიროფიბრომა, კიბო, სარკომა, სხვადასხვა სიმსივნის მეტასტაზი. აღნიშნულის გამო მსგავსი წარმონაქმნის გამოვლენისას აუცილებელია დეტალური გამოკვლევა.