როგორ მოვუაროთ თმას
ის მოითხოვს ჰიგიენური საშუალებების, კოსმეტიკის, საღებავების რეგულარულ და სწორ შერჩევას. ლამაზი და ჯანმრთელი თმა არა მარტო იმიჯის ნაწილია, არამედ მთელი ორგანიზმის მდგომარეობის მაჩვენებელი.
პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ თმის ტიპი. ის შეიძლება იყოს ოთხი სახისა:
ნორმალური ტიპი - მისთვის დამახასიათებელია ჯანსაღი ბზინვარება, მხოლოდ უმნიშვნელოდ დაზიანებული ბოლოები. დაბანის შემდეგ თმა სისუფთავეს ინარჩუნებს 2-3 დღის განმავლობაში.
მშრალი ტიპის თმა - უღიმღამო, ნელად მზარდი თმაა. საკმარისია მისი კვირაში ერთხელ დაბანა, თმა არ ცხიმიანდება ძირებში.
ცხიმიანი ტიპი - მისი სუფთა სახით შენარჩუნებისათვის საჭიროა პრაქტიკულად ყოველდღე დაბანა.
შერეული ტიპის თმა - ყველაზე გავრცელებული თმის ტიპია, რომელიც საჭიროებს რეგულარულ, სწორ მოვლას.
პირველი ნაბიჯი თმის ტიპის მიხედვით შამპუნის შერჩევაა. მნიშვნელოვანია შეფუთვაზე შემადგენლობის გაცნობა.
ნორმალურ თმას მიესადაგება შამპუნი 5-დან 7-მდე pH-ით. ასეთი შამპუნი ძალიან ბევრია.
მშრალი, ფორიანი და შეღებილი თმისთვის უნდა გამოვიყენოთ შამპუნი სულფატის გარეშე, მკვებავი ან დამატენიანებელი ეთერზეთებით.
ცხიმიან და შერეულ თმას მიესადაგება მცენარეული ექსტრაქტების შემცველი შამპუნები, როგორებიცაა ჭინჭარი, გვირილა, სალბი, არყი, მოცხარი, რომლებსაც გამაშრობელი ეფექტი აქვს.
ბევრი თმას არასწორად იბანს. მხოლოდ ერთხელ ისვამს შამპუნს. თმა ორ ეტაპად უნდა დავიბანოთ: წავისვათ შამპუნი, ავაქაფოთ და ჩამოვიბანოთ, შემდეგ კიდევ წავისვათ შამპუნი, რბილი მოძრაობით ვამასაჟოთ თავის კანი 3-5 წუთის განმავლობაში, ჩამოვიბანოთ, შემდეგ წავისვათ ბალზამი, ნიღაბი ან თმის შრატი. შეღებილი და მშრალი თმისთვის ეს აუცილებელი ეტაპია.
ცხიმიანი თმისთვის კარგია თიხის, А და С ვიტამინების შემცველი ნიღბები. ამავდროულად ყურადღება უნდა გამახვილდეს რაციონზე - ნაკლები უნდა მივირთვათ ცხიმიანი, ცხარე, მარილიანი საკვები, დავლიოთ მეტი წყალი.
ნიღბები არის ყველა ტიპის თმისთვის. ეს რეგულარული პროცედურა უზრუნველყოფს თმაში კოლაგენის აღდგენას. მზა ნიღბების არჩევისას აუცილებელია თმის ტიპის გათვალისწინება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკუშედეგს მივიღებთ.
ნორმალური ტიპის თმის სილამაზის შესანარჩუნებლად საკმარისია თვეში 2-3-ჯერ ნიღბის გაკეთება. მშრალი და ცხიმიანი თმის ბოლქვების გასაჯანსაღებლად, ბრწყინვალების აღსადგენად, აუცილებელია უფრო ინტენსიური ზემოქმედება - 5 დღეში ერთხელ. მნიშვნელოვანია სწორი რეცეპტის შერჩევა.
სახლშიც შესაძლებელია ნიღბების მომზადება, ისინი შეიძლება დამზადდეს: კეფირისგან, კვერცხისგან, შვრიისგან. ყველას აქვს წასმის წესი. ზოგი სუფთა თმაზე უნდა წავისვათ, ზოგი - დასაბანზე, ერთნი სველზე უნდა წავისვათ, ზოგი - მშრალზე და ა.შ.
კეფირის ნიღაბი მშრალი თმისთვის. აიღეთ ნახევარი ჭიქა კეფირი, ერთი კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ზეთი. ზეთი ავთქვიფოთ კვერცხის გულთან ერთად და დავუმატოთ კეფირი, კარგად ავურიოთ. ეს ნარევი წავისვათ მშრალ თმაზე, შევიხვიოთ ცელოფანითა და პირსახოცით. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლითა და შამპუნით.
კეფირის ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის. ნახევარი ჭიქა კეფირი, 2-3 ჩაის კოვზი კოსმეტიკური თიხა, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ავურიოთ, შევათბოთ სხეულის ტემპერატურამდე და წავისვათ მშრალ თმაზე. შევიხვიოთ ცელოფანითა და პირსახოცით, ნახევარი საათის შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლითა და შამპუნით.
თმის მოვლის კიდევ ერთი უნივერსალური ბუნებრივი კომპონენტი არის ხნა. მშრალ თმას ანიჭებს სიმტკიცეს, ხოლო ცხიმიანს - ბზინვარებასა და სიფაფუკეს. ხნა - შესანიშნავი საშუალებაა ქერტლისთვის, კლასიკური ხნა ანიჭებს თმას მოწითალო შეფერილობას, ამიტომ ქერათმიანებისთვის უმჯობესია მისი გამოყენებისგან თავის შეკავება. ხოლო მუქი ფერის თმის დროს შეიძლება ხნისა და ბასმის ნარევის გამოყენება.
გადასავლებად დაბანის შემდეგ კარგი საშუალებაა ჭინჭარი მუქი თმისთვის და გვირილა ღია ფერის თმისთვის. მცენარის ნაყენი უნდა დამზადდეს ჩაისავით, დავუმატოთ თბილი წყალი და გადავივლოთ თმაზე.
თმის რეგულარული შეღებვა მისი მოვლის ერთ-ერთი ეტაპია. თანამედროვე საღებავები ცხიმიანი თმის ძირებს აშრობს, ბალზამი შეღებვის შემდეგ კვებავს მშრალ თმას.
თმის აღდგენის პროცესში ჯობს უარი ვთქვათ ელექტრული საშუალებების ზემოქმედებაზე თმის დავარცხნისას. მათი ხშირად გამოყენება არ შეიძლება. მაგრამ თუ რეგულარულად გამოვიყენებთ, უნდა ვიხმაროთ თერმული დაცვის საშუალებები.