შინაგანი ორგანოების ცვლილებები დაბერების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შინაგანი ორგანოების ცვლილებები დაბერების დროს

მოდით შევეცადოთ მოკლედ განვიხილოთ ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოებისა თუ ორგანოთა სისტემების დაბერების პროცესთან დაკავშირებული ცვლილებები და ღონისძიებები, რომელთა მიზანიც, ასაკის მიუხედავად, ორგანოთა ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებაა.

დაბერება და გულ-სისხლძარღვთა სისტემა

ბუნებრივია, რომ სიბერეზე საუბრისას პირველ რიგში გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და მის ასაკობრივ ცვლილებებზე ვფიქრობთ. ამ ცვლილებათა ნაწილი დაბერების პროცესს უკავშირდება და მათი თავიდან აცილებაც შეუძლებელია, თუმცა გარკვეული ნაწილის მიზეზი ცხოვრების არაჯანსაღი წესი და ის ფაქტორებია, რომელთა შეცვლაც შეგვიძლია. თუ მათი ზემოქმედება ვერ ავიცილეთ, დაბერება გულ-სისხლძარღვთა სისტემას განსაკუთრებულ ზიანს მოუტანს.

გულის ცვლილებები დაბერებისას

გულის გარკვეულ უბანში არის უჯრედების გარკვეული გროვა, რაც ქმნის გულის რიტმის წამყვანს - სინოატრიულ კვანძს - უბანს, რომელშიც მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში წარმოიქმნება ელექტრული იმპულსები. აღნიშნული იმპულსი ვრცელდება გულის გამტარ სისტემაში და უზრუნველყოფს ჩვენი გულის შეკუმშვას გარკვეული სიხშირით. დაბერების პროცესში გულის გამტარი სისტემის უჯრედები შეიძლება ცხიმით ან ფიბროზული (შემაერთებელი) ქსოვილით ჩანაცვლდეს, შესაძლოა სინოატრიული კვანძის უჯრედების რიცხვიც შემცირდეს, რაც იწვევს გულის სიხშირის დაქვეითებას.

დაბერებისას ოდნავ იმატებს გულის კამერების, განსაკუთრებით კი მისი მარცხენა პარკუჭის ზომა, სქელდება (ჰიპერტროფირდება) გულის კუნთი და მიუხედავად გულის ზომების მატებისა, მისი კამერების სისხლით ავსება მცირდება და ფერხდება.

ზემოთ აღწერილი ცვლილებების გამო ჯანმრთელი ხანდაზმული პირების ნორმალური ელექტროკარდიოგრამა განსხვავდება ახალგაზრდების ნორმალური კარდიოგრამისაგან. დარღვევათაგან კი ხანდაზმულთა შორის ხშირია არითმია, მათ შორის წინაგულების ფიბრილაცია ანუ მოციმციმე არითმია, რაც შესაძლოა გულის სხვადასხვა დაავადებას უკავშირდებოდეს.

გულის ნორმალური ასაკ­ობრივი ცვლილებაა ლიპოფუსცინის - ე. წ. „დაბერების პიგმენტის“ - ჩალაგება ანუ დეპოზიცია, გულის კუნთის უჯრედების მსუბუქი დეგენერაცია. იცვლება - სქელდება და ელასტიკურობას კარგავს გულის სარქვლები. სარქვლები რეგულარული გახსნა-დახურვით უზრუნველყოფენ სისხლის მოძრაობას მხოლოდ ერთი მიმართულებით და ხელს უშლიან მის უკუდინებას. სარქვლების ასაკობრივ ცვლილებას კი შესაძლოა მოჰყვეს დაბრკოლება სისხლის ნაკადის მოძრაობისას ან მისი უკუდინება. აღწერილი ცვლილებები, შესაძლოა, ხანშიშესული პირების გულის მოსმენისას აღმოჩენილი შუილის მიზეზი იყოს.

სისხლძარღვები და სიბერე

ჩვენი აორტის რკალსა და კაროტიდულ სინუსში არის წნევისადმი მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები ანუ ბარორეცეპტორები, რომლებიც აღიქვამენ ორგანიზმში წნევის ცვლილებას და იწვევენ ცვლილებებს, რაც უზრუნველყოფს წნევის მუდმივობას სხეულის პოზიციის ცვლილების ან სხვა აქტივობისას. ასაკის მატებასთან ერთად, ბარორეცეპტორების მგრძნობელობა მცირდება და ირღვევა წნევის რეგულაცია. ამ ცვლილებით აიხსნება ხანშიშესულ პირთა უეცარი წამოდგომისას არტერიული წნევის დაქვეითების გამო თავბრუხვევის ეპიზოდების აღმოცენება.

ხანდაზმულ ასაკში სქელდება კაპილარების კედლები, რაც მცირედ აფერხებს საკვები ნივთიერებებისა და ნარჩენების მიმოცვლას.

სიბერეს თან ახლავს გულიდან გამომავალი მთავარი არტერიის - აორტის კედლების გასქელება, ელასტიკურობის და დრეკადობის დაქვეითება. შესაძლოა, აღნიშნულის მიზეზი იყოს სისხლძარღვის კედელში არსებული შემაერთებელი ქსოვილის ასაკობრივი ცვლილებები. შედეგად მატულობს არტერიული წნევა, რაც ტვირთავს გულს, იწვევს გულის კუნთის, განსაკუთრებით კი - მისი მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას. ანალოგიური ცვლილებები ვითარდება უფრო მცირე კალიბრის არტერიებშიც, რაც ხელს უწყობს არტერიული წნევის მატებას. ამ ცვლილებებთანაა დაკავშირებული ასაკოვანი პირების მნიშვნელოვან ნაწილში არტერიული წნევის მომატებული მაჩვენებელი.

სისხლის ცვლილებები სიბერისას

არსებული მონაცემების თანახმად, დაბერებისას სისხლი მცირე ცვლილებებს განიცდის. ჩვეულებრივ, ასაკის მატებას თან ახლავს ორგანიზმში სითხის შემცველობის დაქვეითება, მიმოქცევაში არსებული სითხისა და შესაბამისად სისხლის მოცულობის შემცირება.

სხვა სასიცოცხლო პროცესების მსგავსად სიბერისას დაქვეითებულია სტრესის ან დაავადების საპასუხოდ ძვლის ტვინში სისხლის წითელი უჯრედების - ერითროციტების - წარმოქმნის სისწრაფე. აღნიშნულის გამო ორგანიზმი სწრაფად ვერ რეაგირებს სისხლის კარგვაზე, ხშირია ანემია.

სისხლის თეთრი უჯრედების - ლეიკოციტების - საერთო რაოდენობა ასაკის მატებას არ უკავშირდება, თუმცა მისი გარკვეული სახის - ნეიტროფილური ლეიკოციტების - რაოდენობა სიბერისას ქვეითდება. ნეიტროფილები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნურ დაცვაში, ებრძვიან დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებს. ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება აქვეითებს ასაკოვანი ორგანიზმის ბრძოლას ინფექციების წინააღმდეგ.

რა დარღვევებს იწვევენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ცვლილებები სიბერისას

ჯანმრთელი ახალგაზრდა ადამიანის ორგანიზმში გული ყველა სიტუაციაში ახერხებს ორგანოთათვის საკმარისი რაოდენობით სისხლის მიწოდებას. ხანდაზმულობისას კი შესაძლოა ჟანგბადზე გაზრდილი მოთხოვნილებისას გულმა ვერ შეძლოს მუშაობის და, შესაბამისად, გადატყორცნილი სისხლის ოდენობის სათანადოდ გაზრდა. გულის დატვირთვას ზრდის:

  • გარკვეული მედიკამენტი;
  • ემოციური სტერსი;
  • ფიზიკური დატვირთვა;
  • ავადმყოფობა;
  • ინფექცია;
  • ტრავმა.

სამწუხაროდ, დაბერებასთან დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა და სისხლის სისტემების ცვლილებების გამო ასაკის მატებასთან ერთად იზრდება გარკვეული დაავადებების რისკი და სიხშირე. მათ შორის უნდა გამოვყოთ:

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • კორონარული არტერიების დაავადება, რაც ვლინდება სტენოკარდიით, გულის შეტევით, მიოკარდიუმის ინფარქტით;
  • ქვედა კიდურების არტერიების ათეროსკლეროზი - ვლინდება ხანგამოშვებითი კოჭლობით;
  • გულის სარქვლების ცვლილებები. მათ შორის უხშირესია აორტის სტენოზი;
  • არითმია;
  • ანემია კვების დაქვეითების, ქრონიკული ინფექციების, სხვა დაავადებების გართულებების ან გარკვეული მედიკამენტის გამოყენების გამო;
  • გულის შეგუბებითი უკმარისობა;
  • ტრანზიტორული იშემიური შეტევა ან ინსულტი;
  • ვენების ვარიკოზი, თრომბოფლებიტი, ღრმა ვენების თრომბოზი;ნ ანევრიზმა.

როგორ ავიცილოთ სიბერით გამოწვეული გულ­­სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

საბედნიეროდ, შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გამომწვევ გარკვეულ რისკფაქტორებზე ზემოქმედება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია:

  • მაღალი არტერიული წნევის ნორმალიზაცია;
  • ქოლესტეროლის დონის კონტროლი;
  • დიაბეტის მკურნალობა;
  • წონის რეგულირება;
  • თამბაქოს მოწევის შეწყვეტა;
  • 65-დან 75 წლამდე მწეველი მამაკაცების ულტრასონოგრაფიული კვლევა მუცლის აორტის ანევრიზმის გამოვლენის მიზნით;
  • ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში;
  • სტრესის მართვა, ნორმალური ძილი;
  • გეგმური ვიზიტი ექიმთან.

დაბერებასთან დაკავშირებული სასუნთქი სისტემის ცვლილებები

ნორმალური სუნთქვის პროცესი უზრუნველყოფილია ფილტვის, სუნთქვაში მონაწილე გულმკერდის კუნთების, გულმკერდის ყაფაზის (გულმკერდის ჩონჩხი, რასაც ქმნის ხერხემალი, მკერდის ძვალი, ნეკნები) და ნერვული სისტემის (თავის ტვინში არსებული სუნთქვის ცენტრი, ნეკნთაშუა ნერვები) კორდინირებული ფუნქციონირებით. აღნიშნული სტრუქტურების ცვლილებები დაბერების პროცესში იწვევენ სუნთქვის ცვლილებებს. ქვემოთ შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ დაბერებისას თითოეულ სისტემაში აღმოცენებული დარღვევები.

დაბერებისას ძვლები თხელდება, იცვლის ფორმას, რაც იწვევს გულმკერდის ჩონჩხის ცვლილებებს. შედეგად სუნთქვის პროცესში გულმკერდი ძველებურად ვეღარ ფართოვდება და იკუმშება. სუსტდება სუნთქვაში მონაწილე კუნთებიც, უპირველეს ყოვლისა, დიაფრაგმა - გულმკერდისა და მუცლის ღრუს გამყოფი კუნთი. კუნთების სისუსტის გამო მოხუცი ადამიანი ვეღარ ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს იმდენ ჰაერს, რამდენსაც ახალგაზრდა. კუნთებისა და ძვლების აღნიშნული ცვლილებების გამო შესაძლოა დაქვეითდეს ორგანიზმში ჟანგბადის შემცველობა, დაგროვებული ნახშირორჟანგის გამოყოფა. ეს მდგომარეობა ვლინდება როგორც ადვილად დაღლა, გაძნელებული და გახშირებული სუნთქვა.

სიბერისას ქვეითდება ფილტვის ქსოვილის ელასტიკურობა, ქვედა სასუნთქ გზებში არსებული კუნთებისა და ქსოვილების ცვლილებების გამო სასუნთქი გზები ვეღარ ინარჩუნებენ „ღია“ მდგომარეობას, ადვილად „იფუშებიან“, კარგავენ ფორმას და იღებენ „პარკისებურ“ იერს. ყოველივეს შედეგად ყალიბდება ეგრეთ წოდებული „ჰაერის ხაფანგი“ - სივრცე, რომელიც სავსეა ჰაერით, მაგრამ იქ არ ხდება აირთა ცვლა. შესაბამისად, ქვეითდება ორგანიზმის ჟანგბადით უზრუნველყოფა და მისგან ნახშირორჟანგის გამოყოფა, ადამიანს უძნელდება სუნთქვა. ანალოგიურ დარღვევას იწვევს მოხუცი ადამიანის ორგანიზმში ზოგჯერ ტვინის იმ ნაწილის ფუნქციის დარღვევა, რომელიც სუნთქვას არეგულირებს.

მოხუცები, რომლებიც არასოდეს ეწეოდნენ და ჯანმრთელი სასუნთქი სისტემა აქვთ, ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვერც გრძნობენ ამ ცვლილებების გავლენას მათ ორგანიზმზე, მაგრამ ჟანგბადზე გაზრდილი მოთხოვნილებისას, მაგალითად, ფიზიკური დატვირთვის ან დიდ სიმაღლეზე ყოფნის დროს მათ ქოშინი უვითარდებათ.

დაბერებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებაა ხველის რეფლექსში მონაწილე ნერვების მგრძნობელობის დაქვეითება, რაც აძნელებს სასუნთქ გზებში მოხვედრილი უცხო ნაწილაკების და გამოყოფილი სეკრეტის ამოხველებას და ხელსაყრელ პირობებს ქმნის მათი ინფიცირებისათვის. ამასთან ერთად, სასუნთქი სისტემის ინფექციების რისკი იზრდება სიბერით გამოწვეული იმუნური სისტემის დასუსტების გამო. იმუნური სისტემის სისუსტე ართულებს ფილტვის ქსოვილის აღდგენას თამბაქოს კვამლისა თუ გარემოს სხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად.

ზემოთ აღწერილი ცვლილებების გამო ხანშიშესულ პირებს აქვთ:

  • სასუნთქი გზების ინფექციების (პნევმონია ანუ ფილტვების ანთება, ბრონქიტი) მომატებული რისკი;
  • ზედაპირული სუნთქვა;
  • ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება;
  • სუნთქვის დარღვევა ძილის დროს - ძილის აპნოე - ძილის დროს სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები.

როგორ ავიცილოთ სასუნთქი სის­ტემის სიბერით გამოწვეული ცვლილებები

დაბერების პროცესთან დაკავშირებული სასუნთქი სისტემის ცვლილებების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია:

  • თამბაქოს მოწევის შეწყვეტა;
  • რეგულარული სუნთქვითი ვარჯიში;
  • ფიზიკური აქტივობა.

დაბერება და საჭმლის მომნელებელი სისტემა

იმ მინუსებს შორის, რაც ასაკის მატებას აქვს, ერთ-ერთი საჭმლის მომნელებელი სისტემის ცვლილებებია. მართალია, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები ნებისმიერ ასაკში საკმაოდ ხშირია, მაგრამ ასაკი ზოგი მათგანის რისკს საკმაოდ ზრდის. შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ყაბზობა

ყაბზობა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა 60 და 70 წლის ზემოთ პირებში. ეს არის ნაწლავების გაძნელებული, მტკივნეული და/ან გაიშვიათებული მოქმედება. სიბერეში ყაბზობა მრავალი ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული. მათ შორის აღსანიშნავია:

  • საჭმლის მომნელებლი სისტემის ცვლილებები დაბერების პროცესში - ხანშიშესულ ასაკში მცირდება ნაწლავების უნებლიე მოძრაობების (პერისტალტიკის) სიხშირე, ძალა, რაც აფერხებს საკვების გადანაცვლებას მსხვილი და სწორი ნაწლავისაკენ. ამასთან ერთად, მასების შენელებული გადაადგილებისას უკუშეიწოვება უფრო მეტი სითხე, განავალი „შრება“, მისი გამოყოფა ძნელდება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ყაბზობას.
  • მედიკამენტების მიღება - დაბერებასთან ერთად იზრდება იმ დაავადებათა რიცხვი, რომელთა გამოც ადამიანს სხვადასხვა მედიკამენტის სისტემატური მიღება სჭირდება. მათი ნაწილი ხელს უწყობს ყაბზობას. ამის თავლსაჩინო მაგალითია კალციუმის ანტაგონისტები, რომელთაც საკმაოდ ეფექტურად იყენებენ არტერიული წნევის და ზოგიერთი არითმიის წინააღმდეგ. ყაბზობას იწვევენ ნარკოტიკული საშუალებებიც.
  • უმოძრაობა - მოძრაობის შეზღუდვა და წოლითი რეჟიმი იწვევს ყაბოზბას.
  • სითხის არასაკმარისი მიღება - საკმარისი სითხის (რომლის უმთავრესი ნაწილი უნდა იყოს წყალი) მიღება ნაწლავების ნორმალური მოქმედების აუცილებელი პირობაა ნებისმიერ ასაკში. სითხის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ხანშიშესული პაციენტი შარდმდენ პრეპარატებს იღებს. ზოგჯერ მოხუცები ცდილობენ ნაკლები სითხე მიიღონ შარდვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რაც ხელს უწყობს დეჰიდრატაციას (ორგანიზმში სითხის ნაკლებობა) და ყაბზობას.

რატომ ვერ იტანენ მოხუცები რძეს

თუ ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში რძეს ხშირად არ იღებს, მისი ორგანიზმი წყვეტს რძის შაქრის - ლაქტოზის - გადამამუშავებელი ფერმენტის - ლაქტაზას - წარმოქმნას. ამიტომაა, რომ მოხუცი ადამიანის მიერ რძის მიღებას შეიძლება მოჰყვეს შემაწუხებელი მუცლის შებერვა, გაზების არსებობა და ფაღარათი, რაც ზოგჯერ საკმაოდ ინტენსიურია.

დივერტიკულური დაავადება და ხანშიშესული ასაკი

60 წელზე მეტი ასაკის პირთა დაახლოებით ნახევარს აქვს დივერტიკულოზი. ეს არის მსხვილი ნაწლავის კედლის პარკისებრი გამოდრეკა. მრავალ ადამიანს დივერტიკულოზის დროს არ აქვს არავითარი სიმპტომი, თუმცა შესაძლოა აღმოცენდეს მეტეორიზმი (გაზები), ყურყური, ტკივილი, ყაბზობა. უცნობია, თუ რატომ იზრდება დაავადების სიხშირე ასაკის მატებასთან ერთად. მართალია, ხშირად დივერტიკულები არ უქმნიან პაციენტს არავითარ პრობლემას და არც მკურნალობაა საჭირო, მაგრამ შეიძლება აღმოცენდეს ნაწლავის სანათურის შევიწროება და ყაბზობა. ზოგჯერ ვითარდება დივერტიკულის ანთება ანუ დივერტიკულიტი, რასაც შეიძლება მოჰყვეს მუცლის ტკივილი, კოლიკა, ცხელება, შემცივნება, გულისრევა, ღებინება. დივერტიკულიტის სამკურნალოდ საჭიროა ანტიბიოტიკები, ტკვილის კუპირება, თხევადი საკვები. შესაძლოა აუცილებელი გახდეს ოპერაციული ჩარევა.

წყლულოვანი დაავადება და ასაკი

ხანშიშესულ პირთა დიდი ნაწილი ართრიტის და სხვა მიზეზებთან დაკავშირებული ქრონიკული ტკივილის გამო ხშირად იღებს ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონულ პრეპარატებს (ასაპ), რაც ზრდის კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და საჭმლის მომნელებელი სისტემიდან სისხლდენის რისკს. მართალია, ასაკი არ ზრდის წყლულის აღმოცენების ალბათობას, მაგრამ ასაპ-ის რეგულარული მიღება არის ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ხანშიშესულთა წყლულის აღმოცენებას. სამწუხაროდ, მოხუცებს ხშირად უვითარდებათ სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან წყლულის ყოველგვარი სიმპტომის გარეშე. თუ პაციენტი ამჩნევს სისხლიან განავალს, თუ განავალი შავი, კუპრისმაგვარი, პრიალა და მყრალსუნიანია ან აღინიშნება ღებინება მოყავისფრო მასებით, აუცილებელია დაუყოვნებელი მიმართვა სამედიცინო დაწესებულებაში.

საყლაპავის დაავადებები

მსგავსად მსხვილი ნაწლავისა, დაბერებისას მცირდება საყლაპავის მოძრაობის ძალა და სიხშირეც, რაც აფერხებს საკვების გადაადგილებას. ზოგჯერ ძნელდება საკვებისა და სითხის ყლაპვა. ყლაპვის პროცესს არღვევს ინსულტი, დემენცია, პარკინსონის დაავადება.

ხანდაზმულ ასაკში ხშირია გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (გერდ) - კუჭის წვენის ამოტყორცნა საყლაპავში, რაც შემაწუხებელ გულძმარვასა და რიგ სხვა სიმპტომებს იწვევს. გერდ ხშირია ასაკოვნებთან, თუმცა მისი გამომწვევი ზოგიერთი ფაქტორი ნაკლებად უკავშირდება ასაკს. ესენია საკვების მიღება გვიან ღამით, სწრაფი კვების და/ან ცხიმიანი საკვები. ამ ფაქტორების თავიდან აცილებით შესაძლებელია გერდ სიმპტომების შემცირება. ასაკი გერდ რისკს ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატების მიღებისა და სიმსუქნის გამო.

მსხვილი ნაწლავის პოლიპები

50 წლის შემდეგ იზრდება მსხვილი ნაწლავის პოლიპების აღმოცენების სიხშირე. ასეთი პოლიპი შეიძლება იყოს არასიმსივნური, შემდგომში გარდაიქმნას სიმსივნედ ან იყოს სიმსივნური. პოლიპების აღმოცენების ზუსტი მიზეზები უცნობია. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეულ როლს ასრულებდეს მემკვიდრული ფაქტორი ან გარკვეული კომპონენტების დეფიციტი საკვებში. შესაძლოა, ადამიანს ჰქონდეს პოლიპი ყოველგვარი სიმპტომის გარეშე, რის გამოც 50 წლის შემდეგ რეკომენდებულია ჩატარდეს კოლონოსკოპია სკრინინგის ანუ სიმპტომების აღმოცენებამდე დაავადების გამოსავლენად, რათა პოლიპი მოცილდეს სიმსივნედ გარდაქმნამდე. თუ ადამიანს აქვს მსხვილი ნაწლავის კიბოს ოჯახური ისტორია ან სხვა რისკფაქტორი, რეკომენდებულია სკრინინგის უფრო ადრე დაწყება.

როგორ დავიცვათ საჭმლის მომნელებელი სისტემა სიბერისას

შეუძლებელია თავიდან ავიცილოთ ის ცვლილებები, რომლებიც საჭმლის მომნელებელ სისტემაში ვითარდება ასაკის მატებასთან ერთად. ამიტომ, ასაკის მიუხედევად, ნორმალური თვითშეგრძნების შესანარჩუნებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარკვეული ღონისძიებები:

  • განიხილეთ ექიმთან ვიზიტის დროს თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტები, მათ შორის - თვითნებურად მიღებული. შეთანხმდით, როგორ შეამციროთ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე უარყოფითად მოქმედი პრეპარატების დოზა და მიღების სიხშირე.
  • შეინარჩუნეთ ფიზიკური აქტივობა. რეკომენდებულია 30-წუთიანი ვარჯიში, სულ მცირე, კვირაში 5 დღის განმავლობაში;
  • მიიღეთ ბოჭკოთი მდიდარი საკვები - ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები. ეს აგაცილებთ ყაბზობას და შეამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს;
  • მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე, უპირატესად წყალი. ნუ დაელოდებით წყურვილის შეგრძნების აღმოცენებას;
  • აკონტროლეთ თქვენი წონა.

ასაკი და საშარდე სისტემა

ასაკი თავის კვალს ამჩნევს თირკმლებს - მცირდება თირკმლის ზომები, რაც თირკმლის უჯრედების რაოდენობის დაქვეითებითაა გამოწვეული, ქვეითდება ფილტრაციული უნარი და ორგანიზმიდან ნაკლებად გამოიყოფა ცვლის საბოლოო პროდუქტები, ფერხდება ნატრიუმის გამოყოფა და იკარგება მეტი წყალი, რაც ხელს უწყობს დეჰიდრატაციას. ამ ცვლილებებს, ჩვეულებრივ, ჯანმრთელი მოხუცები ვერც გრძნობენ და თუ არ შეიქმნა განსაკუთრებული სიტუაციები (ღებინება, ფაღარათი ან სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება), თირკმელი განაგრძობს თავისი ფუნქციის შესრულებას.

მოხუცების მნიშვნელოვანი ნაწილი გრძნობს, რომ ირღვევა მოშარდვის პროცესი. ეს დაკავშირებულია საშარდე გზების ასაკობრივ ცვლილებებთან:

  • მცირდება შარდის ბუშტის ტევადობა, რის გამოც მოხუცს უფრო ხშირად უჩნდება მოშარვის მოთხოვნილება;
  • შარდის ბუშტის კუნთები უეცრად იკუმშება (ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი), რაც ხშირად ქმნის მოშარვის მოთხოვნილებას, მიუხედავად იმისა, რომ ბუშტი სავსე არ არის;
  • შარდის ბუშტის კუნთები სუსტდება, რის გამოც მოშარდვის შემდეგ ბუშტში რჩება შარდის გარკვეული რაოდენობა - „ნარჩენი შარდი“;
  • შარდის ბუშტის მომჭერი კუნთი (სფინქტერი) სუსტდება, რის გამოც მოხუც ადამიანს უჭირს მოშარდვის შეკავება - დაძაბვის, დახველების, დაცემინების, მოშარდვის სურვილის დროს ხშირია უნებლიეთ შარდის რამდენიმე წვეთის გამოყოფა.
  • მამაკაცებს უვითარდებათ წინამდებარე ჯირკვლის, ანუ პროსტატის, ჰიპერპლაზია (გადიდება), რაც აბრკოლებს შარდის დინებას და ბუშტის სრულად დაცლას. პროსტატის ჰიპერპლაზიის გამო მოხუცი მამაკაცები შარდავენ უფრო ხშირად, შემცირებული ნაკადით, უჭირთ მოშარდვის პროცესის დაწყება და მისი დასრულებისას გამოიყოფა შარდის წვეთები. პროსტატის მნიშვნელოვანი ჰიპერპლაზიისას, შარდის ბუშტის გადავსების მიუხედავად, შესაძლოა პაციენტმა შარდი ვერ გამოყოს - აღმოცენდება შარდის შეკავება. შარდის შეკავებისას აუცილებელია გადაუდებელი დახმარება.

ასაკის მატების მიუხედავად, ნორმალური მოშარდვის პროცესის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია:

  • შარდის ბუშტის რეგულარული დაცლა და მისი გადავსების თავიდან აცილება;
  • ნორმალური წონის შენარჩუნება;
  • ნ მოწევის შეწყვეტა;
  • ნ ვარჯიში მენჯის კუნთების გასაძლიერებლად;
  • ნ შარდის ბუშტის გამღიზიანებელი საშუალებების (კოფეინი, მჟავა საკვები, ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები) უკუგდება;
  • ნ ყაბზობის არიდება.

რა ცვლილებებს განიცდის სიბერის დროს ენდოკრინული სისტემა

დაბერებასთან ერთად, მცირდება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ზოგიერთი ჰორმონის რაოდენობა:

  • მცირდება ზრდის ჰორმონის რაოდენობა, რაც იწვევს სხეულის მასის შემცირებას;
  • მცირდება ალდოსტერონის რაოდენობა. აღნიშნული ჰორმონი ხელს უწყობს მარილებისა და წყლის რეაბსორბციას. მისი ნაკლებობა ზრდის გაუწყლოვნების რისკს;ნ უმცირდებათ ქალებს ესტროგენის (ვითარდება მენოპაუზა), მამაკაცებს - ტესტოსტერონის დონე;
  • ქვეითდება მელატონინის დონე, რაც არღვევს ძილისა და ღვიძილის ჩვეულ რიტმს;
  • ინსულინი, რომელიც არეგულირებს სისხლში გლუკოზის შემცველობას, ნაკლებად ეფექტური ხდება და ნაკლები რაოდენობით წარმოიქმნება. ამის გამო, როცა ხანშიშესული ადამიანი ტკბილ საკვებს იღებს, გლუკოზის შემცველობა სისხლში უფრო მეტად მატულობს და მის ნორმამდე დაქვეითებას მეტი დრო სჭირდება.

იმ შემთხვევაშიც კი, როცა ჰორმონების დონე არ მცირდება, ასაკის მატებასთან ერთად ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირება სუსტდება ჰორმონული რეცეპტორების მგრძნობელობის დაქვეითების გამო.

მოხუცთა დიდი ნაწილის საზოგადო ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ენდოკრინული სისტემის ცვლილებები მნიშვნელოვან ზეგავლენას არ ახდენს, თუმცა იზრდება გარკვეული დაავადებების რისკი. მაგალითად, ინსულინისა და მისდამი მგრძნობელობის ცვლილება ზრდის ტიპი 2 დიაბეტის რისკს. ამიტომაა მნიშვნელოვანი ასაკოვანთა ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა.

ეფექტური იქნება თუ არა სიბერის წინააღმდეგ ჰორმონული მკურნალობა

დღეს მეცნიერები თანხმდებიან, რომ მრავალი ასაკობრივი ცვლილება ჰგავს ჰორმონების დეფიციტისას აღმოცენებულ ცვლილებებს, რამაც წარმოშვა ჰიპოთეზა მარადიული ახალგაზრდობის ჰორმონული საწყისის შესახებ, ანუ გაჩნდა მოსაზრება, რომ ერთი ან რამდენიმე დეფიციტური ჰორმონის ჩანაცვლებით შესაძლებელია სიბერესთან დაკავშირებული ცვლილებების თავიდან აცილება და მისი უკუგანვითარება. საწინააღმდეგო ჰიპოთეზა კი ამტკიცებს, რომ ჰორმონების დონის ასაკობრივ დაქვეითებას აქვს დამცველობითი ხასიათი და ასახავს უჯრედული მეტაბოლიზმის (ცვლის) შეფერხებას. ზოგიერთი კვლევა ადასტურებს ხანდაზმულების მდგომარეობის გაუმჯობესებას (კუნთების ძალის და ძვლის მინერალური სიმკვრივის მატება) გარკვეული ჰორმონული პრეპარატების ზემოქმედებით, თუმცა ცოტა რამ არის ცნობილი ასეთი მკურნალობის სიკვდილობაზე ზეგავლენის შესახებ.