საახალწლო ისტერია და ნაბახუსევთან ბრძოლის მარტივი, თანაც ეფექტური ხერხები
ბევრი ისე ღელავს, რომ ახალ წელს, ღონემიხდილი, უხალისოდ უზის სადღესასწაულო სუფრას. ეს იმიტომ, რომ ყველაფრის ახალ წლამდე მოსწრებას ვცდილობთ. არადა, არის საქმეები, რომელთა გაკეთება მერეც შეიძლება. ამ სტრესული რეაქციის წარმოშობაში დიდ როლს ასრულებს ჰორმონები.
სადღესასწაულო ატმოსფერო სიამოვნების ჰორმონ სეროტონინის უხვად გამომუშავებას იწვევს, რაც არღვევს ორგანიზმის ჰორმონულ წონასწორობას. შედეგად სეროტონინის საწინააღმდეგო ჰორმონები - კორტიზოლი და მისი ანალოგები წარმოიქმნება, მათი წყალობით კი ადამიანი ხშირად უგუნურ საქციელს სჩადის.
საახალწლო ისტერიის დასათრგუნავად ბევრი საჭმელ-სასმელს ეძალება, რაც უფრო მეტი უსიამოვნების სათავედ იქცევა. ამ უსიამოვნებების თავიდან აცილება შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა, ცოტა უფრო ადრიანად დაიწყოთ მზადება, რათა დღესასწაულმა თქვენთვისაც მთელი სისრულით გაიბრწყინოს.
ახალი წლის ღამეს ხომ ყველაფერი თბება, ჰაერიც კი უჩვეულო ხალისით არის გაჟღენთილი. ყოველგვარი სადარდებელი ქრება, საიდანღაც იმედის მაცოცხლებელი სხივები იღვრება, ყველგან ღიმილი და სიხარულია - ამისთვის მიზეზი არავის სჭირდება. სამყარო ისეთი სიკეთით ივსება, თითქოს სხვაგვარი არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება.
არც ბედნიერება გვეჩვენება ამ ღამეს ასეთი შორი და მიუწვდომელი, არც ცხოვრების მუხანათობა გვაწუხებს ისე მტკივნეულად. ამ ღამეს, როგორც არასდროს, გვჯერა, რომ ადამიანმა მხოლოდ უფლისა და ბედნიერების რწმენით უნდა იცოცხლოს.
როგორ ვებრძვით ნაბახუსევს
- სვით მხოლოდ სუფთა და სანდო სასმელი, არავითარ შემთხვევაში არ აურიოთ ისინი ერთმანეთში.
- ალკოჰოლურ სასმელს გაზიანი არ მიაყოლოთ - ამან შეიძლება ალკოჰოლური ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.
- არტერიული წნევა საშუალებას გაძლევთ, დალიეთ ძილის წინ რამდენიმე ჭიქა წყალი - სითხე ნაწილობრივ შეამცირებს თრობის ხარისხს. წნევის მომატების შემთხვევაში სითხის მიღება არ შეიძლება.
- ძლიერი თავის ტკივილისას შეგიძლიათ მიიღოთ რომელიმე მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი. არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ ძილის მომგვრელ, სედაციური ეფექტის მქონე პრეპარატს.
- ნუ იჩქარებთ ნაბახუსევზე ალკოჰოლით "გამოსვლას". ეს ხერხი იმ შემთხვევისთვის შემოინახეთ, თუ სხვა საშუალებებმა შედეგი არ გამოიღო.