საახალწლო სუფრისთვის მზადება - დაუშვებელია შიმშილი საახალწლო ვახშმის წინ
– დაუშვებელია შიმშილი საახალწლო ვახშმის წინ. სამწუხაროდ, წინასაახალწლოდ, ხშირად „ასვენებენ“ კუჭს და მას სხვადასხვა გემრიელი კერძისათვის „შემოინახავენ“ ხოლმე. დიასახლისები კი მთელი დღის ფუსფუსში საერთოდ ვერ ასწრებენ ჭამას.
რა ხდება ამ დროს? მთელი დღის ნაშიმშილებს, ალკოჰოლის უმნიშვნელო დოზაც კი მადას გაუმძაფრებს და შესაძლოა ადამიანმა საკვების ოდენობა ვეღარც კი განსაზღვროს. ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია 31 დეკემბერსაც ისაუზმოთ, ისადილოთ და საღამოს მსუბუქად ივახშმოთ, ამით ნაყროვანებას გადაურჩებით. გახსოვდეთ ისიც, რომ ალკოჰოლი მშიერ კუჭზე გაცილებით ადრე შეიწოვება. ყურადღება მიაქციეთ სითხის მიღებასაც - ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია დღეში 1,5-2ლ სითხე, განსაკუთრებით წყალი. წყალი თავიდან აგაცილებთ ალკოჰოლით გამოწვეულ გაუწყლოვნებას, დააქვეითებს სისხლში ალკოჰოლის შემცველობას, დაეხმარება ტოქსინების გამოყოფას.
თუკი მოახერხებთ, დატვირთული დღის მანძილზე კარგი იქნება 30-წუთიანი ძილიც.
საახალწლო სუფრასთან
საახალწლო სუფრასთან ზედმეტი თავშეკავება მიზანშეუწონელია. შეგიძლიათ ყველაფერს გაუსინჯოთ გემო, ოღონდ მშვიდად, აუჩქარებლად. დაიწყეთ მსუბუქი სალათებით. ამ ხერხით შიმშილის გრძნობასაც დათრგუნავთ და საჭმლის მომნელებელ ტრაქტს სხვა საკვებისთვისაც მოამზადებთ. ძალიან მნიშვნელოვანია საკვების კარგად დაღეჭვა და 15-20-წუთიანი ინტერვალები ყოველ ახალ კერძს შორის. ეს ის დროა, რომელიც ორგანიზმს დანაყრებისთვის სჭირდება.
საახალწლო სუფრასთან სიმბოლურად ერთი ჭიქა შამპანური მაინც შეისმება ხოლმე. თუ სუფრის წევრთა დიდ ნაწილს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს, ძლიერ ალკოჰოლიან სასმელებს ღვინო არჩიონ.
ყველაზე მავნებელი
შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ განსაკუთრებით საზიანო საახალწლო მენიუ:
- მაიონეზიანი სალათები – მათ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. მიზეზი მარტივია – ასეთი სალათი მალფუჭებადია, ადვილად იცვლის საგემოვნო თვისებებს. თუ ის სუფრაზე (თბილ ოთახში) 6 საათი მაინც დევს, აღარ უნდა მიირთვათ, 10 საათის შემდეგ კი ნამდვილ ნაღმად გადაიქცევა. კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონეთათვის კი მაიონეზი, განსაკუთრებით – მჟავე კიტრთან ერთად, მუცელში არასასიამოვნო შეგრძნებების მიზეზი შეიძლება გახდეს.
- კრემიანი ნამცხვრები – იგივე შეიძლება ითქვას კრემიანი ნამცხვრების შესახებაც. განსაკუთრებით უნდა უფრთხილდეთ უმი კვერცხით მომზადებულ კრემს.
- გაზიანი სასმელები (კოლა, ფანტა) და ციტრუსები – ეხმარებიან კუჭის მჟავე წვენის ამოტყორცნას საყლაპავში – რეფლუქსს.
- ტკბილი ხილი – ისინი ცხიმიან და ხორციან საკვებთან ერთად ნაწლავებში დუღილის პროცესებისათვის ქმნიან შესაბამის გარემოს და მუცლის შებერვას, ბოყინსა და გაზების გამოყოფას იწვევენ.
- ალკოჰოლიანი სასმელები – მოარული აზრის თანახმად, ძლიერი ალკოჰოლიანი სასმელი (არაყი) ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რადგან ბაქტერიებს ანადგურებს. ამ შეხედულებას გარკვეული საფუძველი შესაძლოა ჰქონდეს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ალკოჰოლი ანადგურებს არა მარტო მავნე, სასარგებლო ბაქტერიებსაც. ეს კი მუცლის შებერვის, ფაღარათის ან შეკრულობის მიზეზი შეიძლება გახდეს. გარდა ამისა, ალკოჰოლიანი სასმელები საკმაოდ მაღალკალორიულიცაა. არ არის რეკომენდებული მათი გაზიან სასმელებთან შერევა. ასეთი ექსპერიმენტები შეიძლება ცუდად დამთავრდეს, რადგან გაზიან სასმელებში არსებული ნახშირორჟანგი ალკოჰოლის სწრაფად შეწოვას განაპირობებს, შესაბამისად, ადამიანი მალე თვრება.