ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD) და საკვები დანამატები - დაგვეხმარება თუ არა ომეგა-3, კურკუმა და D, A, C, E ვიტამინები სიმპტომების შემსუბუქებაში?
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) სიმპტომების შემსუბუქება არის შესაძლებელი.
მაგალითად, ხილით და ბოსტნეულით მდიდარი დიეტა იმუნურ სისტემას აძლიერებს, რაც ფილტვებს ინფექციებისგან თავდაცვაში ეხმარება.
ანტიოქსიდანტებით და ჯანსაღი ცხიმებით გაჯერებული საკვები კი ფილტვის ანთებით პროცესებს ამცირებს, ასევე ფილტვის უჯრედებს შემდგომი დაზიანებისგან იცავს.
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ისეთი საკვები დანამატები, როგორებიცაა: ომეგა-3, D ვიტამინი და სხვ. შესაძლოა ეფექტური იყოს COPD-ის მქონე პაციენტებში.
საკვები დანამატები COPD-ის დროს
ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავა
ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავა ანთების საწინააღმდეგო თვისებით არის ცნობილი, სწორედ ამიტომ ის შესანიშნავად იცავს ფილტვებს და უზრუნველყოფს მის გამართულ ფუნქციონირებას.
რამდენიმე კვლევამ დაადგინა კავშირი ხმელთაშუაზღვის დიეტას (დიეტა მოიცავს ომეგა-3-ით მდიდარ ზღვის პროდუქტებს და მცენარეული წარმოშობის საკვებს) და COPD-ის შემთხვევებს შორის.
არსებობს კვლევებიც, რომელთა თანახმადაც, ომეგა-3 COPD-ის სიმპტომების შემსუბუექებაში გვეხმარება.
მაგალითად, 2021 წლის მაისში ჟურნალ „BMC Pulmonary Medicine“-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ნაჩვენებია, რომ COPD-ის მქონე პაციენტთა ჯგუფმა, რომლებმაც ომეგა3-ის ცხიმოვანი მჟავა, კერძოდ, ალფა-ლინოლენის მჟავა (ALA) მიიღეს, ნაკლებად განიცდიდნენ ქრონიკული ხასიათის ხველას და ხიხინს.
ასე რომ, შეიტანეთ კვების რაციონში ცხიმიანი თევზი - როგორებიცაა: ორაგული, სკუმბრია, ტუნა. მიირთვით ნიგოზი, გოგრისა და სელის თესლი.
ვიტამინები A, C და E
A, C და E ვიტამინები საოცარი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევიან. ანტიოქსიდანტები თავისუფალ რადიკალებს ებძრვიან და უჯრედებს დაზიანებისგან იცავენ, მათ შორის ფილტვის უჯრედებსაც.
კვლევებმა აჩვენა, რომ COPD-ით დაავადებული ადამიანები მათ დეფიციტს განიცდიან, რაც შესაძლოა ფილტვების ფუნქციის დარღვევის მიზეზი გახდეს.
ამასთანავე, არსებობს მტკიცებულება, რომ ხილით და ბოსტნეულით მდიდარი კვების რაციონი, რომლებიც A, C და E ვიტამინების კარგი წყაროა, დაავადებულ ადამიანებში ფილტვის ფუნქციას აუმჯობესებს.
მიირთვით ფერადი და ახალი ხილი, გაამდიდრეთ კვების რაციონი ისეთი პროდუქტებით, როგორებიცაა: ფორთხოხალი, ავოკადო, სტაფილო, ფოთლოვანი მწვანილი და სხვ.
კალციუმი
კალციუმი მხოლოდ ჯანმრთელი ძვლების შენარჩუნებაში და ოსტეოპოროზისგან თავდაცვაში როდი გვეხმარება. ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ფილტვების ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის.
სტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია ორგანიზმში კალციუმის დონის შემცირება გამოიწვიოს.
ამიტომ, თუ ღებულობთ სტეროიდებს COPD-ის სამკურნალოდ, აუცილებელია კვების რაციონი კალციუმის შემცველი პროდუქტებით გაამდიდროთ.
შესანიშნავი არჩევანია: რძე, ფორთოხლის წვენი, იოგურტი, ყველი, ფოთლოვანი მწვანილი.
D ვიტამინი
COPD-ის და ემფიზემას მქონე პაციენტთა ნახევარს D ვიტამინის დეფიციტი აღენიშნებათ, რაც საზიანოა და დროთა განმავლობაში შესაძლებელია ფილტვის ფუნქციის დაქვეითება გამოიწვიოს.
კვლევამ აჩვენა, რომ D ვიტამინის დაბალმა დონემ შესაძლებელია COPD-ის სიმპტომების უეცარი გაუარესება გამოიწვიოს.
ორგაული, სარდინი, ფორთოხლის წვენი D ვიტამინის კარგია წყაროა.
კურკუმა
კურკუმაში შემავალ აქტიურ ინგრედიენტ- კურკუმინს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
რამდენიმე მცირე კვლევამ აჩვენა, რომ კურკუმას დანამატის სახით მიღება COPD-ით დაავადებულ ადამიანებს ფილტვის ანთების შემცირებაში ეხმარება.
კურკუმას სანელებელი შეგიძლიათ მიირთვათ ბრინჯთან, კვერცხთან, წვნიანებთან ერთად. ეფექტური და სასარგებლოა კურკუმას ჩაიც.
არ დაგავიწყდეთ! ვიტამინების და საკვები დანამატების მაღალი დოზების მიღება, საფრთხის შემცველია. ისინი გარკვეული მედიკამენტების მოქმედებასაც აფერხებენ, მათ შორის COPD-ის სამკურნალო პრეპარატების. მიიღეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.