რას ეწოდება აბსტინენციის სინდრომი - ის, რაც ყველა ალკოჰოლდამოკიდებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს
თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იღებდა ალკოჰოლიან სასმელებს და ერთ დღეს უეცრად შეწყვიტა მათი გამოყენება, შესაძლოა აღმოცენდეს ალკოჰოლის მოხსნის სინდრომი - აბსტინენცია. უხშირესად აბსტინენციის სინდრომი აღმოცენდება, როცა პირისთვის მიუწვდომელია ალკოჰოლიანი სასმელები (მაგალითად, რაღაც სხვა მიზეზით საავადმყოფოში მკურნალობის გამო). აბსტინენციის სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს როგორც სუსტი, ასევე საკმაოდ მკვეთრი სიმპტომებით, ზოგჯერ კი პაციენტის სიკვდილით.
აბსტინენციის სუსტი სიმპტომები აღმოცენედება ალკოჰოლის მიღების შეწყვეტიდან 6 საათის შემდეგ. მისთვის დამახასიათებელია კანკალი, თავის ტკივილი, სისუსტე, გაძლიერებული ოფლიანობა, გულისრევა. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს კრუჩხვა - ალკოჰოლური ეპილეფსია ანუ კრუნჩხვები ალკოჰოლური აბსტინენციის დროს.
ალკოჰოლური ჰალუცინაციები შეიძლება განუვითარდეს ალკოჰოლიზმით დაავადებულს სასმლის მიღების უეცარი შეწყვეტის შედეგად. პაციენტს ესმის ბრალდების ან მუქარის ხმები, რაც მის შფოთვასა და შიშს იწვევს. ალკოჰოლური ჰალუცინაციები შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდეს. მის წინააღმდეგ შესაძლებელია ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენება.
„თეთრი ცხელება“ აბსტინენციის სინდრომის ყველაზე სერიოზული ფორმაა. ჩვეულებრივ, თეთრი ცხელება უეცრად არ აღმოცენდება. ის ვლინდება ალკოჰოლის მიღების შეწყვეტიდან 48-72 საათის შემდეგ. თავდაპირველად ვითარდება მოუსვენრობა, შემდეგ ირღვევა ორიენტაცია, ძილი, ჩნდება ღამის კოშმარები, იმატებს ოფლის გამოყოფა, თავს იჩენს დეპრესია.
შემდგომში ვითარდება პულსის გახშირება, წნევის მომატება, მატულობს სხეულის ტემპერატურა. მძიმე შეტევებისას შეიძლება აღმოცენდეს ხანმოკლე ჰალუცინაციები, ილუზიები, შიში, მოუსვენრობა, ჩნდება მხედველობითი ჰალუცინაციები, რაც პაციენტს აშინებს. ირღვევა წონასწორობა, პაციენტს ეჩვენება, რომ მოძრაობს იატაკი, ეცემა კედლები, ტრიალებს ოთახი.
მდგომარეობის გაუარესებისას აღმოცენდება კიდურების კანკალი, რაც ზოგჯერ თავსა და სხეულზეც ვრცელდება. პაციენტთა დიდი ნაწილი საერთოდ კარგავს კოორდინაციას. თეთრი ცხელება შეიძლება პაციენტის სიკვდილით დამთავრდეს, განსაკუთრებით, თუ სათანადო მკურნალობა არ ტარდება.