აუფერულებს ჭორფლს და ლაქებს - მსხლის გამოყენება კოსმეტოლოგიაში
ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ის, რისი შინაგანად მიღებაც სასარგებლოა, გარეგანი გამოყენების დროსაც ეფექტიანი უნდა იყოს და ასეც არის!
მსხლის ნიღბის მომზადებას შინაც მოახერხებთ. ის:
- აუფერულებს ჭორფლს და ლაქებს. მწიფე მსხალი გამოწურეთ, დარჩენილი ნაყოფი სახეზე დაიდეთ და 15-20 წუთით გაიჩერეთ (თუ კანი მშრალი გაქვთ, მასში რძის ფხვნილი შეურიეთ, რომ ფაფის მსგავსი მასა მიიღოთ). შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- ატენიანებს მშრალ კანს. თუ მეტისმეტად მშრალი კანი გაქვთ, ზამთარში რაც შეიძლება ხშირად გაიკეთეთ ასეთი ნიღაბი: მოზრდილი მსხალი კანიანად გახეხეთ, დაასხით ერთი სუფრის კოვზი არაჟანი და ამდენივე გრეიპფრუტის წვენი. კარგად აურიეთ და მიღებული მასა დაიდეთ სახეზე. ნახევარი საათის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- ავსებს ფორებს. კარგი იქნება, თუ კვირაში ერთხელ მაინც სახეზე მსხლის წვენს წაისვამთ. ეს სასარგებლოა ნებისმიერი ტიპის კანისთვის - არბილებს, აჯანსაღებს, აქრობს ფორებს. მსხლის წვენი სახეზე 20 წუთით გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, მერე კი ცივი წყლით.
- მსხალი ნაოჭების მტერია. ორი სუფრის კოვზი რბილობი მოათავსეთ ჭურჭელში, დაამატეთ რამდენიმე ჩაის კოვზი ათქვეფილი კვერცხის ცილა, კარგად მოურიეთ და მიღებული მასა 15-20 წუთით წაისვით სახეზე. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი სასურველია ნორმალური სახის კანისთვის.