სიცივე და ორგანიზმი
ნაწილი მიიჩნევს, რომ სიცივე საკმაოდ ბევრი დადებითი ფაქტორით მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე, ნაწილი კი მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკმაოდ ბევრი პრობლემის სათავედ და მიზეზად აღიქვამს.
სიცივის დადებითი გავლენა ორგანიზმზეფაქტები ასეთია:
- სიცივე ადამიანის სხეულს აკაჟებს, აძლიერებს იმუნურ დამცავ ძალებს და გაციების ერთგვარი პროფილაქტიკაც არის, რადგანაც გაკაჟებულ სხეულში მარტივად არ ფართოვდება ცხვირისა და ყელის ლორწოვნი გარსის სისხლძარღვები, არ მატულობს ადგილობრივად ტემპერატურა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ იქმნება დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები;
- გაკაჟება მხოლოდ ცივი წყლის აბაზანები როდია, მისი ერთ-ერთი სახეობაა საღამოს სიცივეში სეირნობა;.
- ორგანიზმი დიდ ენერგიას ხარჯვას სხეულის მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად, ამას იგი სიცივესა და სითბოზე მორეაგირე თერმორეცეპტორების დახმარებით ახერხებს, ამასთან, სიცივეზე მორეაგირე რეცეპტორები გაცილებით ბევრი გვაქვს, ისინი დაბალი ტემპერატურისას ტვინს ინფორმაციას აწვდიან და იწყება ორგანიზმის ტემპერატურის რეგულაცია - გარემო ტემპერატურის შემცირებისას სხეული გაძლიერებულად იწყებს სითბოს გამომუშავებას - ეს ხელს უწყობს კალორიების დაწვას;
- კვლევებმა ცხადყო, რომ დაბალ ტემპერატურაზე სამსაათიანი ყოფნის პირობებში შესაძლებელია 250 კკალ-მდე დაწვა. ქალებზე სიცივე ამ მხრივ ნაკლებად მოქმედებს - მათ თერმორეგულაციაში მონაწილე კანქვეშა ცხიმოვანი შრე გაცილებით სქელი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. თუმცა მათთვის, ვინც მუდმივად ყოვლისშემძლე დიეტების დაცვითაა გატაცებული და წონის კლებაზე ოცნებობს, ეს ნამდვილად სასიამოვნო სიახლე იქნება;
- სიცივეში იცვლება ადამიანის კანის მდგომარეობაც, ცხიმიანი კანი გაცილებით ნორმალური ხდება, მშრალი კანი კი ზედმეტად მგრძნობიარე;
- სიცივე გვეხმარება ტკივილთან გამკლავებაში. გარემო ტემპერატურის +5-ზე ნაკლებ პირობებში ქვეითდება იმ ნერვულ დაბოლოებათა მგრძნობელობა, რომლებიც თავის ტვინს ტკივილის შესახებ ინფორმაციას აწვდიან;
- სიცივეში მცირდება გონებრივი დაძაბულობა, თუ ძლიერ დაიღალეთ სამსახურში და გსურთ ამის სწრაფი მოხსნა, შეგიძლიათ გაიაროთ სიცივეში რამდენიმე წუთით ფეხით, ისუნთქოთ ღრმად და დაღლილობაც სწრაფადვე გაქრება;
- სიცივეში ვარჯიშისას ორგანიზმში ძლიერდება დამცავი უჯრედების - ლეიკოციტების - აქტივობა, მაღლდება იმუნური ძალების გამაძლიერებელი ინტერფერონების გამომუშავება;
- სიცივე ებრძვის სტრესს. ბევრი ფიქრობს, რომ ზამთარი დეპრესიისა და სტრესების პერიოდია, ეს მხოლოდ მათთვის, ვინც მთელ დროს დახურულ შენობებსა და ოფისებში ატარებს, რაც შეეხება ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელიც ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესს ეწევა, მათთვის სიცივეში გასეირნება, თოვლში გართობა და თხილამურებით სრიალი სწორედ სტრესისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა.
- დათოვლილი სახლებისა და ხეების ყურება ადამიანს აღაფრთოვანებს, ზამთრის ჰაერზე ბედნიერების ჰორმონი სეროტონინი გამომუშავდება, რომელიც სტრესთან გამკლავების საუკეთესო იარაღია.
სიცივის უარყოფ ითი გავლენა ორგანიზმზე
- სიცივე იწვევს ქრონიკული დაავადებების გამწვავებას, ადამიანს თავს ახსენებს ყველა ის ქრონიკული პრობლემა, რომელთან ერთადაც იგი უკვე წლებია ცხოვრობს, სწორედ ამიტომ საჭიროა ზამთრის დადგომამდე ქრონიკული დაავადებებისთვის საჭირო პროფილაქტიკური კვლევების და სხვა ტიპის ღონისძიებათა დროული გატარება.
კანის საფარველი ალერგია სიცივეზე
გასაკვირი იქნებოდა სიცივეზე თავისებური რეაქციები ჩვენი სხეულის მთავარ საფარველს - კანს რომ არ გამოეხატა. მასზე შესაძლოა ყოველივე საკმაოდ ნეგატიურად აისახოს, დაბალი ტემპერატურისას მოსალოდნელია კანის გაწითლება, აქერცვლა, მრავლობითი ნახეთქები.
დაბალი ტემპერატურისას ზოგიერთ ადამიანს უვითარდება ალერგია სიცივეზე, რომელიც იწყება სხეულის ძლიერი ქავილით, შეშუპებითა და გამონაყარით.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
დაბალი ტემპერატურა პირდაპირ ისახება გულის მუშაობაზე და ცვლის არტერიული წნევის მაჩვენებლებს, სიცივეში სისხლძარღვთა კედლები მკვრივდება, ვიწროვდება, სისხლის მიერ უჯრედებამდე ჟანგბადის მიწოდება მცირდება, ამიტომ ზამთრის სეზონზე გაცილებით მატულობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავების ალბათობა.
გარდა ამისა, ცივი ჰაერი ჩვენს ორგანიზმს აიძულებს გაძლიერებული მუშაობის რეჟიმში გადასვლას, განსაკუთრებით კი გულსა და ფილტვებს, რადგან აუცილებელია მათი უნისონში მუშაობა სხეულის მუდმივი და საჭირო ტემპერატურის შესანარჩუნებლად, ამიტომ ყველაზე დიდი პრობლემები ზამთარში სწორედ ამ ორგანოთა სისტემებს ექმნება.
გარემო ტემპერატურის მკვეთრი დაქვეითება შესაძლოა გახდეს სისხლძარღვთა სპაზმის შედეგი, ამიტომ ზამთარში რამდენჯერმე მატულობს სტენოკარდიისა და ინფარქტის განვითარების ალბათობა. სიცივეში განსაკუთრებით მაღალია გულის უეცარი გაჩერების ფაქტებიც.
თავს ცუდად გრძნობენ არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებიც, მათ გარკვეული დრო ესაჭიროებათ ადაპტაციისთვის, რათა სისხლძარღვები შეეგუონ გარემოს შეცვლილ ტემპერატურას და სასურველი ტონუსი შეინარჩუნონ.
ვირუსული ინფექციები
არავისთვისაა გასაკვირი, რომ ზამთარში განსაკუთრებით გვიტევს სეზონური გრიპები და ზედა სასუნთქი სისტემის რესპირატორული დაავადებები, მიზეზი ის არის, რომ გარემოს ტემპერატურის დაქვეითებისას საკმაოდ ბევრი ვირუსისთვის ხელსაყრელი პირობა დგება და გაციება და რესპირატორული ინფექციების ეპიდემიებიც იწყება.
ცივი ამინდი ნამდვილი კოშმარია ასთმისა და ალერგიებისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის - ცივი ჰაერის შესუნთქვა იწვევს სასუნთქი გზების შეშუპებას და ჰაერგამტარი გზების სპაზმს. ყოველივე კი გახშირებული ასთმური შეტევებითა და ალერგიული რეაქციების გამწვავებით იჩენს თავს.
სიცივე და ტვინი
ჩვენი თავის ტვინი თავად თერმორეგულაციის უმაღლესი განმახორციელებელი ინსტანციაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისიც საკმაოდ მწვავედ რეაგირებს დაბალ ტემპერატურაზე.
საშემოდგომო და ზამთრის დესინქრონოზი სწორედ იმის შედეგია, თუ როგორ უჭირს ტვინს ცივ ამინდებთან შეგუება.
შემოდგომასა და ზამთარში, მზის სინათლის აქტივობის შემცირების გამო, მნიშვნელოვნად ქვეითდება სიამოვნებისა და ბედნიერების ჰორმონების სინთეზი, ეს კი ადამიანებზე განსხვავებულად აისახება, ზოგს დეპრესია და დაღლილობა უტევს, ზოგი კი გუნება-განწყობის მნიშვნელოვან ცვლილებას უჩივის.
საბედნიეროდ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ტვინიც ადაპტირდება გარემოს ცვლადი პირობებისადმი და უკვე ზამთრის შუა თვეებში აღნიშნული მდგომარეობანი განსაკუთრებით მცირდება.
ზამთარში ტემპერატურის ცვლილება აქვეითებს ატმოსფერულ წნევასაც, ეს იმდენად საგრძნობი შეიძლება იყოს, რომ ადამიანთა ერთ ნაწილს ეწყება შაკიკის შეტევები და სინუსიტები, განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც ეს პათოლოგიები ქრონიკულ ხასიათს ატარებს.
რეზიუმე - სიცივის უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე
- რესპირატორული სისტემა: გაძლიერებული ლორწოს გამოყოფა, სულისხუთვა, ქოშინი, ხველა, შესაბამისად მწვავდება ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ინფექციური პათოლოგიები;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ტკივილი გულმკერდის არეში, გულის ნორმალური რიტმის მოშლა, ქოშინი, შესაბამისად მწვავდება კორონარული დაავადება და გულის სხვა პათოლოგიები, ხშირდება მიოკარდის ინფარქტი, ინსულტი, არტერიული ჰიპერტენზია;
- პერიფერიული სისხლის მიმოქცევა: ზედა და ქვედა კიდურებში კანის ფერის ცვლილება, ტკივილი, მგრძნობელობის დაკარგვა, ჩხვლეტის შეგრძნება, რეინოს დაავადება;
- შარდგამომყოფი სისტემა: მწვავდება ცისტიტი, პიელონეფრიტი და საშარდე გზების ინფექციები;
- ძვალკუნთვანი სისტემა: ტკივილი, შეშუპება, შესივება, მოძრაობათა შეზღუდვა, პარესთეზია, სისუსტე კუნთებში;
- კანის საფარველი: ქავილი, კანის სიფერმკრთალე, ერითემა, შეშუპება, ჭინჭრის ციება, ფსორიაზი, დიფუზური ნეიროდერმიტი.