ფიტონციდები და მათი სარგებლობა
ამით არა მხოლოდ უსიამოვნო სუნი ქრება, ოთახში არსებული მიკრობებიც იღუპება. ეს მეთოდი უძველესი დროიდან გამოიყენება, თუმცა მისი მოქმედება მხოლოდ XX საუკუნეში გაიშიფრა, როდესაც ფიტონციდები აღმოაჩინეს. დღეს ფიტონციდების გამოკვლევისა და სრულფასოვანი შესწავლისათვის ცალკე სამეცნიერო მიმართულებაა ჩამოყალიბებული. ამ ნივთიერებებს ბოტანიკოსები, ქიმიკოსები, მიკრობიოლოგები და მედიკოსები ინტენსიურად შეისწავლიან.
ცნობილია, რომ მცენარეები ანტიმიკრობული მოქმედებით ხასიათდება. ეს თვისება მფრინავი ნივთიერებების - ფიტონციდების შემცველობას ეფუძნება („ფიტონ“ ნიშნავს – მცენარეს, „ცედერე“ – მოკვლას). ფიტონციდებს მცენარის ყველა ნაწილი გამოყოფს: ყვავილი, ფოთოლი, ფესვი. ამ ნივთიერებათა წყალობით მცენარეები, ფაქტობრივად, თავად იცავენ საკუთარ თავს (საკუთარ სტერილიზაციას საკუთარივე ცხოველმყოფელობის პროდუქტებით ახდენენ). ეს მათი იმუნიტეტია.
გასული საუკუნის 20-იან წლებში ფიტონციდების აღმოჩენა XX საუკუნის მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევა. ფიტონციდები პირველად 1928 წელს პროფესორმა ბორის ტოკინმა აღმოაჩინა. ისინი მცენარეულ სამყაროში უნიკალური მოვლენაა. საინტერესოა, რომ ქიმიური სტრუქტურით მეტად განსხვავებული ნივთიერებებია.
რით არის სასარგებლო ფიტონციდები
ფიტონციდები ამაღლებენ ორგანიზმის იმუნიტეტს, რაც ასე მნიშვნელოვანია ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში. ფიტონციდების ერთ-ერთი თავისებურება მათი მოქმედების სპეციფიკურობაა. ამ „ბუნებრივი ანტიბიოტიკების“ მიკროსკოპულ დოზებსაც კი შეუძლია გარკვეული მიკროორგანიზმების ზრდისა და გამრავლების შეჩერება. ამავე დროს, მათ სხვა მიკროორგანიზმთა ზრდა-განვითარების სტიმულირების უნარიც გააჩნიათ. ამ თვისებათა გამო ფიტონციდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჰაერის, წყლისა და ნიადაგის მიკროფლორის შემადგენლობის რეგულაციაში.
განასხვავებენ ფიტონციდების მფრინავ და არამფრინავ ფრაქციებს. პირველი მათგანი მცენარის მიწისზედა ნაწილებით ატმოსფეროში გამოიყოფა, მიწისქვეშა ნაწილებით - ნიადაგში, წყალმცენარეებით კი – წყალში. არამფრინავი ფრაქციები სხვადასხვა სახის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია. ისინი მცენარეების ქსოვილთა შიდა წვენშია წარმოდგენილი. ციტოპლაზმასა და უჯრედშორის სითხეში არსებული ფიტონციდები წყალში გახსნილია, ადვილად გამოიყოფა ჰაერში და ფაქტობრივად მფრინავი ფრაქციაა. ამაში ადვილად დარწმუნდებით ხახვის, ნივრის, მდოგვის, პირშუშხას, ლიმონის, მანდარინის, შოთხვისა და სხვა მცენარეთა მაგალითზე.
ფიტონციდები და ჰაერი
სხვადასხვა მცენარის ფიტონციდები საუკეთესოდ წმენდენ ჰაერს. მათი მფრინავი ფრაქციები ჰაერის ფიზიკო-ქიმიური შემადგენლობის მნიშვნელოვანი რეგულატორებია. კერძოდ, ზრდიან უარყოფითი იონების შემცველობას, რომლებიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე და ამცირებენ მავნე დადებითი იონების რაოდენობას (მაგალითად, ტყეში უარყოფით იონთა შემცველობა 7-10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქის ჰაერში). ფიტონციდები ზრდიან ჟანგბადის ბიოლოგიურ აქტივობასაც, ხელს უწყობენ მტვრის ნაწილაკების დალექვას, ამცირებენ ჰაერის დაბინძურების ელექტრულ მაჩვენებელს და აუვნებელყოფენ მასში არსებულ მიკროორგანიზმებს. ამ გზით ფიტონციდები მნიშვნელოვნად მონაწილეობენ დაავადებათა პროფილაქტიკაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი მცენარის ფიტონციდები „აფრთხობენ“ მწერებსა და მღრღნელებს, რომლებიც დაავადებათა გამოწვევების გადამტანები არიან.
თანამედროვე მეცნიერებამ ზუსტად განსაზღვრა ჰაერის შედგენილობა. დღეს უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ჰაერის ღირებულებას მასში მხოლოდ ჟანგბადის, ნახშირორჟანგის, აზოტისა და სხვა აირების პროცენტული შემცველობა და თანაფარდობა არ განსაზღვრავს. ე. წ. „სუფთა და სასარგებლო ჰაერში“ მნიშვნელოვანი პროცენტობითაა წარმოდგენილი უარყოფითი იონები, ფიტონციდები და სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება. სწორედ მათ შემცველობაზეა დამოკიდებული ადამიანის თვითშეგრძნება, კარგი განწყობა, მაღალი შრომისუნარიანობა და საზოგადოდ, ორგანიზმის ჯანმრთელობა. ასე მაგალითად, თუ ოთახში ნემსიწვერა გაქვთ - მეტად სასარგებლოა. ამ მცენარის მიერ გამოფრქვეული (გამოყოფილი) ფიტონციდები დეზინფექციასა და დეოდორირებას უწევენ ჰაერს. ეს კი, თავის მხრივ, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ამცირებს სასუნთქი სისტემის დაავადებათა აღმოცენების რისკს. ბეგონიას ფიტონციდები ოთახში მიკრობების რაოდენობას 43%-ით ამცირებენ, ქრიზანთემისა - 66%-ით. იმ შენობაში, სადაც არის ციტრუსები, როზმარინი, მირტი, ჰაერი გაცილებით სუფთაა მიკრობებისაგან.
დღეს უკვე მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ფიტონციდების მფრინავი ფრაქციები საკმაოდ კარგად შეითვისება ფილტვებით და რომ ისინი ორგანიზმისათვის აუცილებელი ვიტამინებისა და ჰორმონების მსგავსი ნივთიერებების მომწოდებელია. ფიტონციდები ის კომპონენტებია, რომელთაც ორგანიზმი ბიოლოგიური კომპლექსების შენებისათვის იყენებს. ჯერ კიდევ ძველ იოგებს მიაჩნდათ, რომ ჰაერში არსებობს ადამიანის ორგანიზმისათვის მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტები. მათ იოგები „ენერგიებს“ („პრანა“) უწოდებდნენ. თანამედროვე მეცნიერებამ დაადასტურა, რომ ორგანიზმის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ასეთი „პრანა“ - ფიტონციდებია!