რა მოხდება, თუ თაფლს ყოველდღიურად მივიღებთ
ექიმების განცხადებით, თაფლის ყოველდღე მიღება შეიძლება და საჭიროა, თუმცა დასაცავია მისი მოხმარების ნორმები.
ვისთვისაა თაფლი უკუნაჩვენები:
რაციონიდან თაფლის სრულად ამოღება მოუწევთ ამ პროდუქტის მიმართ ალერგიულებს.
თაფლი არ არის რეკომენდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებისთვის.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევისასაც ძალზე უნდა შემცირდეს მისი მოხმარება.
ბავშვებს, უმჯობესია, თაფლი სამი წლის შემდეგ მივცეთ, რადგანაც ის ალერგიული პროდუქტია.
ბრონქული ასთმისა და სასუნთქი სისტემის სხვა დაავადების დროსაც სიფრთხილეა საჭირო თაფლის მიღებისას.
დღიური ნორმა თაფლის მიღებისას
თაფლის აქტიური თაყვანისმცემლების აზრით, დღეში დაახლოებით 150გ თაფლის მიღება დაიშვება. ოფიციალური მედიცინა კი სხვაგვარად ფიქრობს. ექიმები თაფლის მოხმარების ამგვარ დღეღამურ ნორმებს გვთავაზობენ:
- მოზრდილები - 50 გ (2,5-3 ს/კ);
- ბავშვები და მოზარდები - 2 ჩ/კ-მდე;
- ხანდაზმულები 1-1,5 ს/კ.
გახდომის მსურველებმა შეიძლება ტკბილი და შაქარი თაფლით ჩაანაცვლონ. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ დღეში 2-4 ჩ/კ-ის გამოყენება შეიძლება მხოლოდ. ამასთანავე, დიეტის დროს თაფლის მიღებისას შეეცადეთ რაციონიდან გამორიცხოთ ტკბილი და კალორიული პროდუქტები, ხილის ჩათვლით.
თაფლის ზემოთ აღნიშნული ნორმები უნდა გავყოთ დღეში რამდენიმე მიღებაზე.
თაფლით მაქსიმალური სარგებლის მისაღებად საჭიროა ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება.
როგორ მივიღოთ თაფლი?
- დილას, საუზმემდე 30 წუთით ადრე, მიიღეთ თბილი თაფლიანი წყალი (1 ჩ/ჭ წყალს დაუმატეთ 2 ჩ/კ თაფლი). ეს მთელი დღის განმავლობაში ენერგიით აგავსებთ და მოაწესრიგებს საჭმლის მონელებისა და ცვლით პროცესებს ორგანიზმში.
- უზმოზე სუფთა სახით თაფლს ნუ მიიღებთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ნახევარ საათში არ გეგმავთ საუზმეს, სადილს ან ვახშამს. ამ დროს დიდი რაოდენობით გამოიყოფა ინსულინი.
- ძილის წინ მიიღეთ თბილი თაფლიანი რძე ან ჩაი, დღის დაძაბულობის მოსახსნელად და ძილის გასაუმჯობესებლად.
- თაფლს ნუ დაუმატებთ ცხელ წყალს (45 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა ანადგურებს თაფლის ყველა სასარგებლო თვისებას. უფრო მეტიც, 60 გრადუსამდე თაფლის გაცხელებისას თაფლი გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს).
თაფლი სახის კანისთვის
თაფლი ითვლება შესანიშნავ ანტიოქსიდანტად, რომელსაც ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები, რაც ხშირად ფორების დახშობის, გამონაყარისა და კანის ნაადრევი დაბერების მიზეზია.
ამას გარდა, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებების გამო თაფლი გვეხმარება კანის ანთებისა და სიწითლის მოხსნაში.
თაფლის ყოველდღიური მოხმარებისას მნიშვნელოვნად უმჯობესდება კანის მდგომარეობა.
თაფლი გულისთვის
თაფლში შემავალი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების, „ცუდი“ ქოლესტერინის წარმოქმნას და არტერიების შევიწროებას, რაც დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
თაფლი ტვინისთვის
В ჯგუფის ვიტამინები, კალციუმი, ასკორბინის მჟავა - მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ელემენტებისა, რომლებიც თაფლის შემადგენლობაში შედის და მნიშვენლოვნად აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. თაფლი ხელს უწყობს ძალების, ენერგიის მოზღვავებას, შრომის უნარის ამაღლებას, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესებას.
თაფლი სტრესისგან დასაცავად
თაფლს ბუნებრივ ანტიდეპრესანტს უწოდებენ, რადგანაც მისი მუდმივად მიღება დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ადამიანები ადვილად უმკლავდებიან დაღლილობას, ნაკლებად აგრესიულები და გაღიზიანებულები არიან და მეტად მდგრადები სტრესისადმი. ეს კი გლუკოზისა და ფრუქტოზის დამსახურებაა, რომლებიც ამაგრებენ და კვებავენ ნერვულ უჯრედებს.
თაფლი ძილისთვის
სისხლში შეწოვილი გლუკოზა ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას, ემოციური ფონის გაუმჯობესებას, დაძაბულობის მოხსნას.
თაფლის მიღების პროცესში ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰორმონ სეროტონინს, რომელიც კარგ განწყობაზეა პასუხისმგებელი. თავის მხრივ, სეროტონინი გარდაიქმნება ჰორმონ მელატონინად, რომელიც არეგულირებს ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხს - ძილი არის ღრმა და მშვიდი.
თბილი თაფლიანი რძე ძილის წინ ეფექტური ნატურალური დამამშვიდებელი და საძილე საშუალებაა მათთვის, ვისაც ჩაძინების პრობლემები აქვს.
თაფლი კუჭისთვის
ანტისეპტიკური თვისებების გამო თაფლი კარგია მათთვის, ვისაც აღენიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები.
საქმე ისაა, რომ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გავლისას თაფლი არა მარტო მავნე მიკრობების განეიტრალებას უწყობს ხელს, არამედ ახორცებს ლორწოვან გარსზე არსებულ მცირე ზომის ჭრილობებსაც.
თაფლი აწესრიგებს საჭმლის მონელებას და მოკლე პერიოდში აღადგენს სასარგებლო მიკროფლორას, რადგანაც ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ლაქტობაცილები და ბიფიდობაქტერიები.
თაფლი იმუნიტეტისათვის
უხსოვარი დროიდან გამოიყენება თაფლი ვირუსული და გაციებითი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის ეფექტურ საშუალებად და ეს სულაც არაა გასაკვირი მისი შემდაგენლობის გამო. ის მდიდარია ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავათი და ფლავონოიდებით. სწორედ ეს უკანასკნელი ებრძვის აქტიურად ვირუსებს და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.
თაფლი გასახდომად
ზედმეტი კილოგრამების გამო დიეტოლოგები შაქრის შემცირებას გვირჩევენ. ამ შემთხვევაში თაფლი შეიძლება გახდეს ამ პროდუქტის შესანიშნავი ალტერნატივა. თაფლი არა მარტო დაატკბობს ცხოვრებას გახდომის დროს, წონის დაკლებასაც შეუწყობს ხელს.
შემადგენლობის წყალობით თაფლი აჩქარებს მეტაბოლიზმს და აწესრიგებს ქოლესტერინის დონეს, რაც დადებითად იმოქმედებს წელის გარშემოწერილობაზე. თუმცა ამ დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა რეგულარული ფიზიკური დატვირთვა და რაციონალური კვების რეჟიმის დაცვაა.
გახდომის ეფექტის გასაძლიერებლად თაფლი რეკომენდებულია კოჭასთან ან ლიმონთან ერთად.
თაფლის მოხმარებისას გასათვალისწინებელია ზომიერების დაცვა.