ჰიგიენის წესები, რომელთა დაცვაც ჩვევად უნდა აქციოთ, რათა ფრჩხილის სოკომ არ შეგაწუხოთ
ბოლო ხანს მეტად აქტუალურ სამედიცინო პრობლემად იქცა ფრჩხილების სოკოვანი დაავადება - ონიქომიკოზი, რომელიც, გარდა იმისა, რომ ძვირადღირებულ მკურნალობას მოითხოვს, მეტისმეტად დიდხანს ჭიანურდება და ზოგჯერ უკურნებელიც კი ხდება.
ქვედა კიდურების მართებული მოვლა ონიქომიკოზისგან თავის დაცვის საუკეთესო გზაა.
მთავარია ვიცოდეთ, როგორ განვახორციელოთ ის ეფექტიანი ღონისძიებები, რომლებიც ამ მეტად უხერხულ პრობლემას თავიდან აგვაცილებს.
უწინარეს ყოვლისა, ყურადღებით შეარჩიეთ ფეხსაცმელი, განსაკუთრებით - სპორტული.
ის ზუსტად თქვენი ზომის უნდა იყოს, რადგან ვიწრო და მოჭერილ ფეხსაცმელში ფეხი ადვილად ოფლიანდება, ზიანდება, ეს კი დაავადების განვითარებას უწყობს ხელს.
ნურასოდეს ჩაიცვამთ სხვის ფეხსაცმელს და ნურც თქვენსას ათხოვებთ ვინმეს.
ერთ-ერთი ადგილი, სადაც შეიძლება ფრჩხილის სოკოთი დაავადდეთ, სილამაზის სალონია, ამიტომ უმჯობესია, პედიკიური თვითონვე გაიკეთოთ ან ისეთ სალონს მიმართოთ, სადაც დანამდვილებით იცით, რომ ინსტრუმენტებს გულმოდგინედ ასტერილებენ და სპეციალური ანტიმიკოზური საშუალებებითაც ამუშავებენ.
ფრჩხილის სოკოს განსაკუთრებით "უყვარს" სპორტული დარბაზები, საუნები, გასახდელები, ზღვის ნაპირი - ნესტი მათი გამრავლებისათვის მეტად ხელსაყრელ გარემოს ქმნის. თუ ასეთ ადგილებში სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებები მოიკოჭლებს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ონიქომიკოზის გამომწვევს აუცილებლად შეხვდებით, რადგან დაავადებული ტერფის კანიდან ჩამოცვენილ უჯრედებთან ერთად გარემოში ხვდება სოკოს სპორებიც, რომლებიც იატაკზე, ხალიჩაზე, ბილიკებზე დიდხანს ინარჩუნებენ სიცოცხლის უნარს. საკმარისია, ასეთ ადგილას ვინმემ ფეხშიშველმა გაიაროს, რომ სპორები მის კანზე გადაინაცვლებენ და თავიანთ შავბნელ საქმიანობას დაიწყებენ. ასეთ ადგილებში სტუმრობისას აუცილებელია:
- შესვლამდეც და გამოსვლის შემდეგაც კანი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებით დაიმუშაოთ;
- ფრჩხილებზე აუცილებლად წაისვათ სპეციალური დამცავი ლაქი;
- გქონდეთ პლასტმასის ფეხსაცმელი, ვინაიდან მასში სოკოს გამრავლება უფრო მეტად უჭირს, ვიდრე ფოროვან რეზინში;
- ვარჯიშის დროს ეცადეთ, თავი არიდოთ მიკროტრავმებს. ყოველი შემთხვევისთვის, თან იქონიეთ იოდი ან წყალბადის ზეჟანგი, რომლითაც დაზიანებულ კანს უმალვე დაიმუშავებთ;
- ზღვის ნაპირზე ფეხშიშველა სიარული სასიამოვნოა, მაგრამ გირჩევთ, ამ სიამოვნებისგან თავი შეიკავოთ - ონიქომიკოზი ხშირად სწორედ იმ სოკოების დამსახურებაა, პლაჟზე რომ "იზრდებიან".