გვანცა დარასელია: მოვწყდეთ ცოტა ხნით კომპიუტერებს, ოფისებს, ფეხით ვიაროთ - ეს ძალიან მნიშვნელოვანია
საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ექიმთან არ მიდის მანამ, სანამ სავალალო და გართულებულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდება. ამის მიზეზი, უმეტესწილად, თემის უცოდინარობაა - მათ არ აქვთ გააზრებული, თუ როგორი ზრუნვა უნდა და როგორ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ექიმთან დროული ვიზიტი. ამ გადაცემის დახმარებით კი საზოგადოება მეტად იგებს და იაზრებს, თუ რა მექანიზმი აქვს ადამიანის ორგანიზმს, როგორ და რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ მას. „თქვენი კლინიკა“ ექიმებს - ნინო ჩოგოვაძეს, ბიძინა კულუმბეგოვს და ჟურნალისტ გვანცა დარასელიას - მიჰყვთ. „მკურნალის“ სტუმარი ამჯერად გვანცა დარასელიაა.
„რაც უფრო მეტი გვეცოდინება ჩვენს ორგანიზმზე, მით უკეთ მივხვდებით, როგორ გავუფრთხილდეთ მას... ჩვენმა გადაცემამ გაამართლა, პანდემიის პირობებში უამრავი ადამიანი გვიყურებდა. მაშინ ჩვენში ხომ ყველა „ექიმი“ იყო და ამ თემებით აქტიურად ინტერესდებოდნენ“, - გვეუბნება გვანცა. ჟურნალისტს ამ გადაცემაში პროფესიონალ ექიმებთან ერთად სერიოზულ სამედიცინო თემებზე უწევს მუშაობა, ხოლო როგორი პარტნიორები არიან ცნობილი ექიმები, ამაზე ასე გვპასუხობს: „პანდემიის პერიოდში, როცა ეთერში სპეციალური გადაცემა „კოვიდ 19“-ზე გადიოდა, იმ დღიდან მოყოლებული, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში ჩემი პარტნიორია და შემიძლია თამამად ვთქვა, პაციენტები როგორც ახასიათებენ, როგორი მობილიზებული, ყურადღებიანი და თავისი საქმის პროფესიონალიცაა, ზუსტად ისეთივეა ამ სატელევიზიო საქმეშიც. მასთან მუშაობა კომფორტულია და დიდი ხნის სამუშაო გამოცდილებაც დაგვიგროვდა. ნინო ჩოგოვაძე თავის სფეროში, ონკოქირურგიაში, სუპერპროფესიონალია, ჰყავს პაციენტების დიდი არმია, მგონია, რომ როცა გადაცემა მიგყავს, ნდობის მომენტიც საჭიროა და ეს ადამიანები ამ ნდობას იმსახურებენ. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს მათთან ერთად და ვფიქრობ, ჩვენი სახით კარგი სამეული შეიკრა“.
- სამედიცინო გადაცემაში შენთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, აღმოჩენა რა არის?
- ძალიან ბევრი რამ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ სამშაბათს შუადღის გადაცემაში სამედიცინო რუბრიკა გვაქვს, სადაც სამედიცინო თემებზე ვსაუბრობთ, ჩვენი გადაცემა მაინც მისგან განსხვავდება, რადგანაც აქ საუბართან ერთად თვალსაჩინოება გვაქვს - ზოგად ცოდნაზე მეტია ის თვალსაჩინოებები, ექსპერიმენტები, რასაც გადაცემაში მაყურებელს თვალნათლივ ვაჩვენებთ. ასე რომ, აღარ ავიწყდებათ, რატომ ვითარდება ესა თუ ის მძიმე დაავადება - უამრავ პრობლემაზე ექმნებათ წარმოდგენა. როგორც საბავშვო ბაღში თამაშ-თამაშით ცდილობენ პატარებს ასწავლონ და გარკვეული უნარები გამოუმუშაონ, ასეთი პრინციპი გვაქვს შემუშავებული, ამას, რა თქმა უნდა, წინ უძღვის დიდი კვლევა-ძიება. ყველაფერს კი საფუძველს პროფესიონალების აზრი უმყარებს. ამასთან, მართლა ფანტასტიკური გუნდი გვყავს, ვინც ამ ყველაფრის ვიზუალიზაციას ახდენს, ასევე მნიშვნელოვანია მულაჟები და გრაფიკული გამოსახულებები...
- გვანცა, ბევრმა იცის, თუმცა ბევრმა ალბათ არც იცის, რომ დედა ექიმი გყავს. ნატა ღეჩუაშვილი ექიმი-რადიოლოგია და თავისი სპეციალობით რამდენიმე კლინიკაში პარალელურად მუშაობს. ეს კი ალბათ რაღაცნაირად გიადვილებს სამედიცინო საკითხებზე მუშაობას, მისგან პერიოდულად ბევრი ინფორმაცია გექნება მიღებული და შენთვის გარკვეულწილად ერთგვარი ზურგიცაა...
- ამ სფეროში არა მხოლოდ დედა, სხვა წევრებიც არიან... ბოლო დროს დედა მეუბნება, მგონი, ჩემზე მეტი იცი უკვე მედიცინაში, ამდენ სფეროსთან და ასე აქტიურად შეხება შეიძლება არც კი მქონდესო...
ადრე, ახალი გათხოვილი რომ ვიყავი, ვურეკავდი დედას და ბავშვთან დაკავშირებით უამრავ შეკითხვას ვუსვამდი. ახლა აღარ ვურეკავ, პრობლემებს გადასარევად ვუმკლავდები, ისე კი, ნამდვილად დიდი ზურგია დედის ექიმობა, მართლა მეამაყება დედაჩემი და მისი თაობა. არ არსებობს მისი ასაკის ექიმი, თუკი ჩემი სამედიცინო სამსახურებრივი გამოცდილების პერიოდში ვინმეს ვხვდები, დედა რომ არ იცნობდეს. მათთან მოკითხვას მაბარებს. ასე რომ, დედაჩემის რეპუტაცია წინ დადებითად მხვდება, რაც სასიამოვნოა.
- ხომ არ ნანობ, რომ სამედიცინო მიმართულებით არ მიიღე განათლება და ექიმი არ ხარ?
- არა და არც არასდროს მინანია. სხვათა შორის, არც ოჯახის წევრებისგან მქონია ზეწოლა, მაინცდამაინც ექიმი გავმხდარიყავი.
- და როგორ გაფასებენ ოჯახის წევრები ამ გადაცემაში?
- ჩვენს საახლობლოში როცა რაიმეზეა საუბარი, იციან ხოლმე თქმა, - ახლა „კლინიკას“ ვკითხოთ, რას გვეტყვისო. და მეკითხებიან...
- გკითხავთ, როგორც უდიპლომო ექიმს... ექიმები ყოველთვის გვირჩევენ, რომ უნდა ვივარჯიშოთ, სწორად ვიკვებოთ, სუფთა ჰაერზე მეტად ვიყოთ და ბევრი წყალი დავლიოთ... შენ რამდენად ითვალისწინებ ამ რეკომენდაციებს?
- მეტ-ნალებად... ჩვენმა ოჯახმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, მცხეთაში გადავიდა, რადგან გვინდოდა, ბავშვები ჯანსაღ გარემოში გაგვეზარდა. რაც შეეხება კვებას, უმადობას არ ვუჩივი, ჭამა მიყვარს. ღამე გვიანაც მივირთმევ, მაგრამ არ მგონია, ეს კარგი იყოს, არც ბევრ წყალს ვიღებ, თუმცა ვვარჯიშობ და ვცდილობ, დიდი ჩავარდნები ამ კუთხით არ მქონდეს, რადგან მგონია, რომ ამით ჩემს თავს და სხეულს სამომავლოდ მნიშვნელოვან საქმეს ვუკეთებ. მაგრამ ისე არ მაქვს საკითხი დასმული, რომ დღის განმავლობაში იმაზე მქონდეს მხოლოდ ყურადღება გამახვილებული, რომ აუცილებლად ბევრი წყალი დავლიო და საათების მიხედვით ვიკვებო. თუმცა ვიცი, რა უხდება ჩემს ორგანიზმს, რა - არა, რა დადებითად თუ უარყოფითად მოქმედებს. მოკლედ, ვცდილობ, ასე ვიცხოვრო და ვიკვებო...
ისე კი, ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ, ეს საშუალებას მაძლევს, გვიანაც მივიღო საკვები. თუმცა ტკბილეული არ მიყვარს და ღამეც თუ რამეს შევჭამ, ეს არასდროს არის ნამცვხარი ან რაიმე მსგავსი.
- როგორც დედა, შვილების კვებაში ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვები?
- ამას დიდ ყურადღებას ვაქცევ. უკვე დიდები არიან და საერთო მაგიდის პრინციპით ვიკვებებით. ვცდილობ, ბავშვებმაც ის ჭამონ, რასაც ჩვენ მივირთმევთ. ტკბილ გაზიან სასმელებს არასდროს ვყიდულობ. ვერაფრით შევებრძოლე მათთვის კანფეტების ჩუქების და სტუმრებისგან ტკბილეულის მოტანის ცუდ ტრადიციას. არსდროს ვყიდულობ ჩემი შვილებისთვის არანაირ ტკბილ პროდუქტს, ნაყინის გარდა. თუ პირველ, მეორე, მესამეს არ შეჭამენ, არასდროს ვაძალებ. ერთადერთი, რაც მინდა, ხომ ვამბობ, - ბევრი ტკბილი არ მიიღონ და დროზე დაიძინონ. ბავშვების ჯანმრთელობის კუთხით - ეს არის ჩემი ამოსავალი წერტილი.
- რას ურჩევდი, როგორც სამედიცინო გადაცემის წამყვანი, ჩვენს მკითხველს?
- ძალიან ცუდ ეპოქაში ვცხოვრობთ, ადამიანებს სხვადასხვა მძიმე დაავადებასთან ბრძოლა უწევთ. ამიტომ ყველას ვურჩევდი, დიდი ყურადღება მიაქციონ საკუთარ თავს, ჯანმრთელობას და გაითვალისწინონ თავიანთი გენეტიკა. უამრავი სკრინინგ-პროგრამა არსებობს, რომელიც წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტარონ. არადა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც, თუ არ დასჭირდათ, წლობით არ იტარებენ არანაირ კვლევას, რაც სამწუხაროა, რადგანაც, ვიმეორებ, სხვადასხვა გამოწვევის - მძიმე დაავადებების წინაშე ვდგავართ. ასაკის მატებისას ადამიანებმა ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ.
- პრევენციული მედიცინა მართლაც მნიშვნელოვანია ყოველი ადამიანისთვის.
- ახალგაზრდებს კი ვეტყოდი, - არ მოსწიონ სიგარეტი და არ გაუთამამდნენ სხვადასხვა მავნე ნივთიერებას. ფიზიკური აქტივობით, ჰაერზე მეტხანს ყოფნით, ქალაქგარეთ თუნდაც ერთდღიანი პიკნიკებით - შევძლებთ ჩვენი ჯანმრთელობის დახმარებას. მოვწყდეთ ცოტა ხნით კომპიუტერებს, ოფისებს, ფეხით ვიაროთ - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვეცადოთ, ვიყოთ ჯანმრთელები!
ლალი ფაცია