კონტეინერში ობი რომ არ წარმოიქმნას, ჩადეთ მასში რამდენიმე ფენა დოლბანდში გახვეული მდოგვის ფხვნილი - პურის შენახვის წესები
პურის შენახვა ორნაირად შეიძლება: ოთახის ტემპერატურაზე ან გაყინვით.
ოთახის ტემპერატურაზე (15-250ჩ, ტენიანობა - არა უმეტეს 75%-ისა) შეუფუთავი პურის შენახვის ვადაა 36 საათი, ხოლო პოლიმერულ აპკში შეფუთულისა - 72 საათი.
გაყინვის შემთხვევაში პური აუცილებლად პოლიმერულ აპკში უნდა იყოს შეფუთული. გაყინული პურის შენახვა რამდენიმე თვე შეიძლება. გალღობის შემდეგ იგი სასარგებლო თვისებებს აღიდგენს, თუმცა გემოთი და სუნით, რა თქმა უნდა, ახალგამომცხვარს ვერ შეედრება.
ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას პური თანდათან ხმება, შრება და ძველდება: რბილობი უმაგრდება, კანი ურბილდება და ხანდახან უნაოჭდება კიდეც (განსაკუთრებით - თუკი მისი საწყისი ტენიანობა სტანდარტულზე მაღალი იყო), იფშვნება, უსუსტდება ახალი პურისთვის დამახასიათებელი გემო და არომატი. ამიტომ არის, რომ ყველას ახალი პური გვიყვარს.
ზოგჯერ დიეტოლოგები "გუშინდელი პურის" ჭამას გვირჩევენ. ეს იმიტომ, რომ ახალი პური გემრიელი კი არის, მაგრამ მეტისმეტად რბილია, ამიტომ ღეჭვისას ცომდება, კოშტდება და კუჭ-ნაწლავს მისი გადამუშავება უჭირს (რაც არასასურველია კოლიტის დროს). ამავე დროს, ახალი პური კუჭის წვენის ინტენსიურ გამოყოფას იწვევს (რაც გასტრიტის დროს არასასურველია).
არ შეინახოთ პური პოლიეთილენის პარკში. პურიდან აორთქლებული წყლის ხარჯზე პარკში წარმოიქმნება მაღალი ტენიანობა, რაც დაობებას უწყობს ხელს.
ლ პური შეინახეთ ხის, მომინანქრებულ ან სპეციალურ საპურე კონტეინერში.
კვირაში ან 10 დღეში ერთხელ მაინც პურის შესანახი გარეცხეთ თბილი ძმრიანი წყლით და გააშრეთ.
კონტეინერში ობი რომ არ წარმოიქმნას:
- ჩადეთ მასში რამდენიმე ფენა დოლბანდში გახვეული მდოგვის ფხვნილი;
- ჩადეთ მარილი, რომელსაც დატენიანებისთანავე გამოცვლით;
- ჩადეთ რამდენიმე აბი ნახშირი, რომელიც ასევე შთანთქავს ტენსა და უცხო სუნს;
- არ შეინახოთ ერთად ხორბლისა და ჭვავის პური. ჭვავის პურის ტენიანობა უფრო მაღალია, შესაბამისად, იგი უფრო სწრაფად ობდება.
გაითვალისწინეთ: მაცივარში პური უფრო სწრაფად ძველდება, ვიდრე გარეთ. თუ პურს მაცივარში ინახავთ, ჯობს შეინახოთ საყინულეში. გალღობის შემდეგ პური აღიდგენს ახლის თვისებებს.
მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მასალების მიხედვით.