ლაზეროთერაპია თანამედროვე მედიცინაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლაზეროთერაპია თანამედროვე მედიცინაში

საინტერესოა ლაზეროთერაპიის ეფექტები, რაზეა დაფუძნებული მკურნალობის ეს მეთოდი, რომელი პათოლოგიების დროს არის რეკომენდებული მისი გამოყენება, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ლაზეროთერაპევტი-რეაბილიტოლოგი, ხათუნა ზაქარიაძე:

- ქალბატონო ხათუნა, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ლაზეროთერაპიის პოპულარობა?

- დაბალინტენსიური ლაზერული მედიცინა ადამიანის ორგანიზმზე (უჯრედულ და სისტემურ დონეზე) თავისი უნივერსალური ზემოქმედებით, როგორც პრაქტიკული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, შეუცვლელია. ის გამოიყენება 250-მდე მწვავე და ქრონიკული დაავადების, კლინიკური სინდრომის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, სხვადასხვა წარმოშობის გართულებული პათოლოგიებისას. ლაზეროთერაპია, რომელიც მედიცინაში მედიკამენტური მკურნალობის ალტერნატივად 50 წლის წინ გამოჩნდა, მომავლის მედიცინის პერსპექტიული მიმართულებაა.

ტექნოლოგიური წინსვლის მიუხედავად, ადამიანი განერიდა ბუნებას, შესაბამისად, ყველა ბიოლოგიური პროცესის განმსაზღვრელსა და მის ბუნებრივ სტიმულატორს - მზის გამოსხივებასაც (ენერგიას). ამგვარმა განრიდებამ წარმოშვა სხვადასხვა სულიერი თუ ფიზიკური ავადობა, ე.წ. “ცივილიზაციის დაავადებები”. გაზრდილი ემოციური ფაქტორი, ნერვული სტრესი, მოსახლეობის ალერგიულობის არნახული მატება, ახალი, მანამდე უცნობი დაავადებების წარმოშობა, იმუნიტეტის დაქვეითება, ე.წ. „პრობლემური მედიკამენტები“ (მედიკამენტების გვერდითი მოვლენების ზემოქმედება ავადმყოფ ორგანიზმზე) განაპირობებს ნივთიერებათა ცვლის დაქვეითებას, სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, ორგანოებსა და სისტემებში წიდების დაგროვებას, ენერგეტიკული პოტენციალის დაქვეითებას. თავისუფალი რადიკალების გაზრდა კი ანთებითი და ონკოპროცესების სტიმულატორია. თავის მხრივ, დაავადებებს ზრდის და სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს ნიტრატები, პესტიციდები, საკვებში ქიმიური დანამატები. თანამედროვე ფარმაკოლოგიის მიზანმიმართული და სწრაფი განვითარების მიუხედავად, ყველა პრობლემასთან გამკლავება მაინც შეუძლებელია. ლაზერის შექმნამ კი ჰიპოკრატეს მკურნალობის უძველესი მეთოდის - ფოტოთერაპიის ახალი მიმართულება, მედიკამენტური მკურნალობის ალტერნატივა, ლაზეროთერაპია განავითარა. მას ანალოგი არ აქვს.

დაბალინტენსიური ლაზერის ეფექტურობამ და შედეგებმა - ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიურმა ზემოქმედებამ, რეპარაციული პროცესების სტიმულაციამ, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებამ, სისხლის შედედების, რეოლოგიური მაჩვენებლებისა და იმუნური სისტემის კორექციამ - განსაზღვრა მედიცინის სხვადასხვა მიმართულებით მეთოდის ფართო გავრცელება. ლაზეროთერაპია ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებებს შორის წამყვანია. ეს სწრაფგანვითარებადი მეთოდი თანდათან იმყარებს პოზიციებს პრაქტიკულ მედიცინაში. მედიცინის ისტორიაში კი ხშირად, პრაქტიკა უსწრებს თეორიას!

- იქნებ აუხსნათ მკითხველს, რა არის ლაზერი?

- ტერმინი ლაზერი ინგლისური სიტყვის აბრევიატურაა - L A S E R - Light Amplification by Stimulated Emission of Radiation, ქართულად კი ასე ითარგმნება: „სინათლის გაძლიერება იძულებითი გამოსხივების გზით”. დაბალინტენსიური ლაზერის რთულ მექანიზმს განსაზღვრავს ლაზერული ენერგიის გადატანა უჯრედულ კომპონენტებზე (მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტები, ბიოლოგიური სითხეები, ლიმფა, ჰემოგლობინი), რის შედეგადაც ორგანიზმში აქტიურდება დათრგუნული ბიოქიმიური პროცესები, ისე, რომ ბიოსტრუქტურების ფიზიოლოგიური პარამეტრები უცვლელი რჩება. მრავალი დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ლაზერის ენერგიას ძირითადად ის უჯრედი შთანთქავს, რომელიც ამ ენერგიის მკვეთრ დეფიციტს განიცდის. ე. ი. დაავადებული უჯრედი ამ ენერგიას თვითაღდგენისა და განახლებისთვის გამოიყენებს. ენერგიის დეფიციტის შევსების გზით უჯრედი აღიდგენს დაქვეითებულ ფუნქციას, სიცოცხლისუნარიანობას, ჩაირთვება თვითრეგულაციური მექანიზმები, მობილიზდება ბუნებრივი ძალები, რომლებიც მიმართულია აღდგენითი რესურსების ამუშავებისაკენ, ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა და დაავადებული ორგანო განიკურნება. ლაზერული ზემოქმედებით იზრდება ჟანგბადის კონცენტრაცია, სისხლისა და ქსოვილების მიერ მისი ათვისება, ფართოვდება კაპილარები, უმჯობესდება სისხლისა და ლიმფის მიკროცირკულაცია, რაც ამცირებს ანთებით კერაში ინფილტრაციულ-ექსუდაციურ პროცესებს და უჯრედშიგა შეშუპებას, ძლიერდება ჟანგვა-აღდგენითი, გლიკოლიზის (გლუკოზის დაშლის) პროცესი, ატფ-ის სინთეზი ფიზიოლოგიურ ნორმას უახლოვდება, ამით ჩქარდება ქსოვილების ეპითელიზაცია, ჭრილობის შეხორცება და რეპარაციული პროცესები. უჯრედის საშენი კომპონენტების - კოლაგენისა და ცილის სინთეზის აქტივაცია ნივთიერებათა ცვლის ინტენსიფიკაციას განაპირობებს, დასხივების ზონის მთლიანობის დარღვევისა და უჯრედის ფიზიოლოგიური პარამეტრების უცვლელად. სწორედ ეს უზრუნველყოფს ლაზერულ თერაპიაში ელექტრომაგნიტური ტალღის, წითელი და ინფრაწითელი სპექტრის უსაფრთხო გამოყენებას.

- ცნობილია ლაზერის ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი) ეფექტიც...

- უდავოა, რომ დაბალენერგეტიკული ლაზერის ანალგეზიურ ეფექტს განაპირობებს პერიფერიულ ნერვულ ბოჭკოებზე ზეწოლის შესუსტება, ქსოვილოვანი შეშუპების შემცირება და ტკივილის რეცეპტორების მგრძნობელობის ზღურბლის გაზრდა. ლაზერის ზემოქმედებით იზრდება ენდორფინებისა და ენკეფალების პროდუქცია. დაბალინტენსიური ლაზერი პერიფერიულ ნერვზე ზემოქმედებისას ააქტიურებს მიელინიზაციას, ასქელებს აქსონებს, ტრავმის შემთხვევაში კი აჩქარებს რეგენერაციის პროცესს. იზრდება ნერვული უჯრედების - ნეირონების პოტენციური ენერგია, უმჯობესდება მათი ტროფიკა და მეტაბოლიზმი.

- რით განსხვავდება ლაზერი სინათლის სხვა წყაროებისგან?

- საზოგადოდ, ოპტიკური კვანტური გენერატორი - ლაზერი, სინათლის სხვა წყაროებისგან განსხვავებით, მკაცრად განსაზღვრულ, ერთი ფერის (სიგრძის) ელექტრომაგნიტურ ტალღას გამოასხივებს, რომელიც ერთი მიმართულებით გადაადგილდება. ამ მახასიათებლების გამო ამგვარი სხივების მართვა მარტივია. დიდი ან პატარა ინტენსივობის ენერგიის შექმნა და ლაზერული გამოსხივების ფოკუსირება იმდენად მცირე ფართობზეა შესაძლებელი, რომ მას ქინძისთავის წვერზე 200 ხვრელის გაკეთება შეუძლია. ჩვეულებრივი სინათლის ენერგია კი გაიბნევა და კარგავს თავის ენერგიას.

- ქირურგიაში ლაზერის გამოყენება, ალბათ, ამ თვისებებს ეფუძნება?

- ლაზერის შექმნამ მედიცინის სხვადასხვა სფეროში ახალი მიმართულებების განვითარება განაპირობა: ლაზერული ქირურგიის (ლაზერი-სკალპელი), ლაზერული თერაპიის (სინათლე ვიწროსპექტრულ დიაპაზონში) და ფოტოდინამიკური თერაპიის (ონკოლოგიური წარმონაქმნების მკურნალობა).

ლაზეროთერაპიის ეფექტურობას მისი ბუნებრიობა განსაზღვრავს: ასაკი შეუზღუდავია, არ იწვევს ალერგიას, შეჩვევას, არატოქსიკურია, გართულებული პათოლოგიების დროს მკურნალობს პრაქტიკულად გვერდითი გამოვლინების გარეშე, პროცედურა უმტკივნეულოა, უსაფრთხო, კომფორტული, ტარდება ამბულატორიულად, რაც არ არღვევს პაციენტის ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ლაზეროთერაპიის წარმოება მონოთერაპიულადაც შესაძლებელია, აუცილებლობის შემთხვევაში თავსებადია ტრადიციული მედიცინის ყველა სახეობასთან, აძლიერებს სხვადასხვა თერაპიული მეთოდის ეფექტურობას, ავსებს ბაზისურ მკურნალობას, შესაძლებელია მედიკამენტების დოზის კორექტირება, არსებითად მცირდება ბაზისური პრეპარატების დოზები, 2-3-ჯერ მცირდება მკურნალობის ვადები, მნიშვნელოვნად უმჯობესდება მკურნალობის ფუნქციური შედეგები. სამკურნალო ეფექტი ნარჩუნდება ხანგრძლივად. მწვავე დაავადებების დროს სრული გამოჯანმრთელებაა შესაძლებელი, ქრონიკული, პერიოდული გამწვავებებითა და ტალღურად მიმდინარე დაავადებებისას შეინიშნება პერიპროცესების ლიკვიდაცია, ანთებითი გამოვლინებების, შეშუპების შემცირება, ტკივილის ინტენსივობის მნიშვნელოვანი კლება, მიიღწევა ხანგრძლივი რემისია, იმუნიტეტის ზრდა, ფაგოციტოზისა და ორგანიზმის დაცვის სხვა არასპეციფიკური ფაქტორის, ენდოკრინული სისტემის მოქმედების არაპირდაპირი (ირიბი) აქტივაცია. ეს კი, თავის მხრივ, ორგანიზმს იცავს ინფექციების, მათ შორის გრიპის ვირუსით გამოწვეული დაავადებებისა და ალერგიული რეაქციებისაგან, მცირდება მედიკამენტების არასასურველი ზემოქმედება. ლაზეროთერაპიის გავლენით მცირდება ნაადრევი ასაკობრივი გამოვლინებებიც: ქალებში - ნაადრევი კლიმაქსი, მამაკაცებში - სქესობრივი სისუსტე. რადგან სინათლის ძირითადი წყარო მზის ენერგიაა, ლაზერი მკვეთრად ამაღლებს ენერგეტიკულ, ბიოსინთეზურ აქტივობას, აქვს გამოკვეთილი ანტიდეპრესიული ზემოქმედება. ის ეფექტურია სეზონური დეპრესიების, სექსუალური (ხასიათის) ნევროზების, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ. ლაზეროთერაპია უზრუნველყოფს დაავადების მეორეულ პროფილაქტიკას (დაავადების პროგრესირების, გართულების შეჩერებას), აუმჯობესებს ძილს, ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, თვითშეგრძნებას, ცხოვრების ხარისხს, ზრდის ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის ამტანობას, ამცირებს სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების (ინფარქტი, ინსულტი) განვითარების რისკს. თერაპიული მიზნით ძირითადად გამოიყენება დაბალინტენსიური, ფოტობიოლოგიურად აქტიური ლაზერული გამოსხივება, ტალღის სიგრძით 0,63-0,65 მკმ და 0,83-1,3 მკმ (ელექტრომაგნიტური ტალღის წითელი და ინფრაწითელი სპექტრი).

- დღეს ალბათ ნაკლებად, მაგრამ ერთ დროს პაციენტები უფრთხოდნენ ლაზერულ გამოსხივებას. სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებამ და მეთოდიკის დახვეწამ გააქარწყლა ეს შიში და სადღეისოდ უფრო თამამად იტარებენ ლაზეროთერაპიის კურსს.

- უსაფუძვლო და მცდარია ლაზერული გამოსხივების რენტგენულ და გამაგამოსხივებასთან გაიგივება სიტყვა „გამოსხივების“ გამო, რაც გარკვეული შიშისა და სკეპტიციზმის საფუძველი ხდება. ხომ შეიძლება მზის სხივებით დაიწვას ადამიანი ან ინსულტი განუვითარდეს, თუ მთელი დღე მცხუნვარე მზეს მიეფიცხება? პროფესიონალი ექიმის ხელში ლაზერი იმითაა კარგი, რომ ყოველი პაციენტისთვის მკაცრად განსაზღვრული, ინდივიდუალური სამკურნალო სქემა არსებობს ასაკის, სქესის, ფსიქოემოციური მდგომარეობის, დაავადების პათოგენეზის, ავადმყოფის ინდივიდუალური აღდგენითი რესურსების, რეაბილიტაციური პოტენციალის, ადაპტაციური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

- საქმეც ისაა, რამდენად ფლობენ ლაზეროთერაპევტები ამ მეთოდის სპეციფიკას, ყოველთვის ეფექტური და სასარგებლოა მათ ხელში ლაზერი?

- ლაზეროთერაპიის ეფექტურობა დამოკიდებულია ბიოლოგიურ ობიექტზე ზემოქმედების მეთოდის შერჩევასა თუ მათ შერწყმაზე - რამდენად სწორად არის მოცემული მეთოდი ტექნიკურად რეალიზებული.

ლაზეროთერაპიაში გამოყენებული მეთოდები კი არ ცვლიან, არსებითად ავსებენ ერთმანეთს, მკაცრად დაცულია სინერგიზმის პრინციპი, რაც უზრუნველყოფს რეგულაციის მექანიზმების ჩართვით ჰომეოსტაზის შენარჩუნებას გარანტირებული მყარი ეფექტის მისაღწევად.

ლაზეროთერაპიის მეთოდები იყოფა ზემოქმედების ლოკალიზაციის მიხედვით:

  • გარეგანი ლაზეროთერაპია;
ა) კონტაქტური (კონტაქტური სარკით, კონტაქტური მაგნიტური საცმით), როდესაც გამომსხივარი ერთ ადგილზეა ლოკალიზებული;

ბ) დისტანციური, როდესაც საცმი სხეულის ზედაპირიდან გამყოფი მანძილითაა დაშორებული;

გ) ზემოქმედება რეფლექსურ ზონებზე (აკუპუნქტურის წერტილებზე, ზახარინ-გედის ზონებზე, პარავერტებრულად);

დ) შინაგანი ორგანოების საპროექციოდ;

ე) სისხლძარღვოვანი წნულის საპროექციოდ;

ვ) იმუნოკომპეტენტური ორგანოების საპროექციოდ.

  • ღრუსშიდა (პლევრის ან მუცლის ღრუში);
  • ლაზეროფორეზი;
  • ორგანოსშიდა, როდესაც საცმი ღრუ ორგანოშია (გული, საყლაპავი, კუჭი, ნაწლავი, ტრაქეა, ბრონქები, ნაღვლის ბუშტი, ნაღვლის სადინარი, შარდის ბუშტი, საშვილოსნო);
  • ექსტრაკორპორალური (მედიკამენტების, სისხლის შემცვლელების, საინფუზიო ხსნარების, აუტო ან დონორის სისხლის დასხივება);
  • ინვაზიური (ინტრავენური, ძვალშიდა, სახსარშიდა);
  • ვენის ზედა ლაზეროთერაპია.

- რას გვეტყვით ასევე პოპულარულ ინტრავენურ ლაზეროთერაპიაზე?

- ინტრავენური ლაზეროთერაპია სინათლის ენერგიის უშუალო ზემოქმედებაზე დაფუძნებული სისხლის გაწმენდის მაღალეფექტური, უსაფრთხო მეთოდია. ვენაში შედის ნემსში ჩამაგრებული უწვრილესი შუქგამტარი (პროცედურა გრძელდება 20-30 წთ-ს), ისე რომ პაციენტი სრულებით ვერ გრძნობს დისკომფორტს და სისხლი იწმინდება ტოქსინებისგან. ხილული წითელი სხივით ჰემოგლობინზე ზემოქმედება უნიკალური ტექნოლოგიაა - უმჯობესდება სისხლის ჟანგბადით გაჯერება და მისი სატრანსპორტო ფუნქცია, ფართოვდება მიკროსისხლძარღვები, იზრდება კაპილარული ქსელი და ასევე წარმოიქმნება ახალი, მცირდება ერითროციტებისა და თრომბოციტების აგრეგაცია (ფერხდება თრომბის განვითარება), იზრდება ორგანიზმის დაცვა ლიპიდების ჭარბი ზეჟანგვისაგან, რის გამოც ინტრავენური ლაზერი გამოიყენება როგორც ახალგაზრდა, ისე ხანდაზმულ და ასაკოვან პაციენტებში, გულის იშემიური, ქვედა კიდურების მაობლიტირებელი დაავადებების, ინსულტის დროს. ინტრავენური ლაზეროთერაპია კარგად აპრობირებული მეთოდია ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიის, ბრონქული ასთმის, ჰიპერაციდული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ნევრიტების და ნევრალგიების (სამწვერა, სახის, საჯდომი ნერვის), საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. ინტრავენური ლაზეროთერაპია იმუნიტეტისა და ორგანიზმის რეაბილიტაციური შესაძლებლობების გაზრდის მძლავრი საშუალებაა, რომლის გამაჯანსაღებელი მოქმედება გრძელდება 4-6 თვის განმავლობაში. ლაზეროთერაპიის შედეგად იზრდება სისხლის პლაზმის ბაქტერიციდული აქტივობა, შესაბამისად, მცირდება ბაქტერიათა ტოქსიკურობა, ითრგუნება პათოგენური ფლორა, იზრდება ორგანიზმის წინააღმდეგობა ბაქტერიებისა და ვირუსების მიმართ. ეს არის ინფექციური, მათ შორის ვირუსული დაავადებების სეზონური პროფილაქტიკა, როგორც წინასაოპერაციო, ასევე პოსტოპერაციულ პერიოდში. ინტრავენური ლაზეროთერაპია აძლიერებს ორგანიზმის აღდგენით პროცესებს. გამოიყენება ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვისას, აგრეთვე ქრონიკული დაავადებების რემისიის პერიოდის გასახანგრძლივებლად. ინტრავენური ლაზეროთერაპია გაახალგაზრდავების ნოვაციური მეთოდია ორგანიზმის რესურსების გამოყენებით, ამცირებს ასაკობრივი გამოვლინებების შესაძლებლობას, კერძოდ, ქალებში ნაადრევი კლიმაქსის, მამაკაცებში სქესობრივი სისუსტის განვითარების რისკს. მისი საშუალებით შესაძლებელია, ასაკის შეუზღუდავად, მათ შორის ორსულ პაციენტებშიც, გვერდითი მოვლენების გარეშე ორგანიზმის დარღვეული წონასწორობის აღდგენა, ენერგორესურსების ამუშავება და ბუნებრივი ძალების მობილიზება მთლიანი ორგანიზმის გაძლიერებისა და ბიოლოგიური პროცესების ნორმალიზებისათვის.