როგორ და როდის შეიძლება ლაზერის სხივის გამოყენება მედიცინაში
ლაზერის სხივის უკიდეგანო შესაძლებლობებს განსაკუთრებით ფართოდ იყენებენ სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობისა და კოსმეტოლოგიური პრობლემის დროს. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ის, რასაც დღეს ამერიკელი სპეციალისტები წარმატებით იყენებენ მედიცინაში, კერძოდ, კარდიოლოგიაში, 80-იან წლებში შეიმუშავეს და მსოფლიოში პირველებმა დანერგეს ქართველმა მეცნიერებმა. მათ შორის იყვნენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი მერაბ ბოხუა და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლუიზა მარსაგიშვილი. ლაზერით მკურნალობის საკითხების შესწავლისთვის მეცნიერებს მიენიჭათ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია (1989 წ.), აქვთ რვა პატენტი, გამოქვეყნებული აქვთ ორი მონოგრაფია და ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.
- ბატონო მერაბ, როგორია ლაზერის სხივის მოქმედების მექანიზმი?
- ჩვენს კლინიკას ლაზერთერაპიის გამოყენების 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. პირველი კვლევების ჩატარებისთანავე გაირკვა, რომ ლაზერის მოქმედებას საფუძვლად უდევს ლაზერული სხივისა და ენერგიის შთანთქმის უნარის მქონე უჯრედთა ურთიერთქმედება. ამ შემთხვევაში ფოტოსენსიბილიზატორებად გვევლინებიან ფერმენტები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ზეჟანგვისა და ენერგოწარმოქმნის რეაქციებში. წითელ ლაზერულ გამოსხივებას მაქსიმალურად შთანთქავენ დნმ-ს მოლეკულები, პორფირინი, ციტოქრომოქსიდაზა, ციტოქრომი, კატალაზა და სუპეროქსიდდისმუტაზა. თუ გავითვალისწინებთ ამ ფერმენტების გადამწყვეტ როლს მეტაბოლურ პროცესებში, ცხადი გახდება ჰელი-ნეონური ლაზერის სამკურნალო მოქმედების ფართო დიაპაზონი და უნივერსალური ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე.
- სახელდობრ, როგორ ზემოქმედებას ახდენს ლაზერი ადამიანის ორგანიზმზე?
- რეპრეზენტატიულ მასალაზე შესრულებული კვლევებით დადგენილია, რომ ლაზერული დასხივება ავლენს მრავალფაქტორულ (ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ, ბიომასტიმულირებელ, რეგენერაციულ, მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელ, იმუნომოდულაციურ და სხვა სახის) მოქმედებას. დაბალინტენსიური ლაზერული დასხივების ზემოქმედების შედეგად დაზიანებულ ქსოვილებში იმატებს სისხლის მიმოქცევის სიჩქარე, უმჯობესდება მიკროცირკულაცია და მცირდება ინტერსტიციული შეშუპება; უმჯობესდება ნერვული უჯრედების ფუნქცია და ჩქარდება ნერვულ ბოჭკოთა რეგენერაცია. ეჭვს არ იწვევს ლაზერული დასხივების ანალგეზიური ეფექტი, რაც აიხსნება ტკივილის რეცეპტორების მგრძნობელობის ზღურბლზე ზემოქმედებით, ქსოვილებში შეშუპების შემცირებითა და პერიფერიულ ნერვებზე ზეწოლის შემცირებით. დასხივების დროს სისხლში აქტიურდება ერითროციტების ფერმენტული სისტემები, რაც განაპირობებს სისხლის ჟანგბადური მოცულობის ზრდას; ითრგუნება შედედების საწინააღმდეგო სისტემის ფუნქციები, რაც ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციის სიჩქარეს, ზრდის თრომბოციტების რაოდენობას და ფიბრინოგენის შემცველობას.
- როდის და როგორ იყენებენ მედიცინაში ლაზერის სხივს?
- ლაზერით მკურნალობის მეთოდიკა ფართოდ არის დანერგილი მედიცინის სხვადასხვა დარგში, მათ შორის - კარდიოლოგიაში, პულმონოლოგიაში, ენდოკრინოლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში, დერმატოლოგიაში, გინეკოლოგიაში, უროლოგიასა და ქირურგიაში. უნიკალური თვისებების გამო ლაზერის სამედიცინო გამოყენების არეალი ყოველწლიურად უფრო და უფრო ფართოვდება. მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ლაზერული სკალპელი, როდესაც ქირურგიული ოპერაციის დროს ჩვეულებრივი სკალპელის ნაცვლად იყენებენ ლაზერულ სხივს; თვალის რქოვანას ფორმის შეცვლა ლაზერის საშუალებით; ლაზერული ანგიოპლასტიკა, რომელსაც ჩვეულებრივთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს (არ სჭირდება ქსოვილების გაკვეთა, მცირეა სისხლის დანაკარგი, პაციენტი 1-2 დღის შემდეგ სავსებით აღიდგენს ძალებს); კბილების გათეთრება; არასასურველი თმის, ნაოჭების, ხალების, ჭორფლის, ლაქების, ცხიმის მოცილება; სახის ფორმის ცვლილება პლასტიკურ ქირურგიაში და სხვა. 80-იანი წლების ბოლოს თერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში შევიმუშავეთ და დავნერგეთ ინტრავენური ლაზერული თერაპია, რომელიც წარმოადგენს მკურნალობის ქმედით მეთოდს. მრავალრიცხოვანმა კვლევამ დაადასტურა, რომ ინტრავენურ ლაზერთერაპიას ახასიათებს ანტიიშემიური (აზოტის ოქსიდის აქტივაციის ხარჯზე), ანტიარითმიული, ანტიოქსიდანტური და ანტილიპიდური (აქვეითებს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების შემცველობას სისხლში) მოქმედება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ სისხლი პოლიფუნქციური სისტემაა, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად ინტეგრაციული გარემოს როლსაც ასრულებს, აღსანიშნავია, რომ მისი დასხივება უზრუნველყოფს მთელი ორგანიზმის პასუხს. აქედან გამომდინარე, სისხლის ლაზერული დასხივება, სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, წარმოადგენს არა რომელიმე განსაზღვრული დაავადების მკურნალობის საშუალებას, არამედ მთელი ორგანიზმის ზოგადი სტიმულაციის ინსტრუმენტს. ინტრავენური ლაზერთერაპიის საფუძველია სისხლის დასხივება ლაზერული შუქგამტარის მეშვეობით. პაციენტისთვის პროცედურა სრულიად უმტკივნეულო და კომფორტულია. მეთოდის უპირატესობაა უსაფრთხოება, გვერდითი მოვლენებისა და ალერგიული რეაქციების არარსებობა. ამავე დროს მისი მაღალეფექტური გამაჯანსაღებელი მოქმედება 4-6 თვეს გრძელდება. სისხლზე ლაზერის ზემოქმედებით:
- აქტიურდება ანტიოქსიდანტური ფერმენტები;
- ხდება ორგანიზმის იმუნური პასუხის სტიმულაცია;
- იზრდება ერითროპოეზი;
- უმჯობესდება სისხლძარღვებში ერითროციტების გამავლობა;
- უმჯობესდება ქსოვილების მიერ ჟანგბადის ათვისება;
- სისხლი იწმინდება მრავალრიცხოვანი ტოქსინებისგან;
- წესრიგდება ნერვული იმპულსების გამტარებლობა;
- საგრძნობლად უმჯობესდება მიკროცირკულაცია;
- სტიმულირდება რადიაციული დაზიანებისას დნმ-ს უჯრედშიდა რეპარაციის სისტემა.
- რა უპირატესობა აქვს ლაზერთერაპიას?
- უწინარეს ყოვლისა, ეს მეთოდი არ იწვევს ალერგიას, შეჩვევას და შესამჩნევ გვერდით მოვლენებს. სეანსის დროს არ გამოიყენება მედიკამენტები. თუ მკურნალობა მიმდინარეობს კომპლექსურად, ფარმაკოლოგიურ საშუალებებთან ერთად, ლაზერთერაპია მედიკამენტების დოზების საგრძნობლად შემცირების საშუალებას იძლევა. მკურნალობა კომფორტულია და უმტკივნეულო. გაჯანსაღების დრო მცირდება 2-3-ჯერ. ინტრავენური ლაზერული თერაპია ამცირებს ინფარქტის, ინსულტისა და სხვა მძიმე დაავადებების ფორმირების რისკს. ახდენს ზოგადგამაჯანსაღებელ მოქმედებას ორგანიზმზე.
- აქვს თუ არა ლაზერთერაპიას უკუჩვენება?
- ინტრავენური ლაზერთერაპიის უკუჩვენებებია აქტიური ტუბერკულოზი, ანემია, ჰიპერთერმია, ჰიპოგლიკემია, ჰიპოკოაგულაცია, ჰიპოტონია, გლაუკომა, სიმსივნე, მწვავე ინფექციური დაავადებები, ეპილეფსია. ინტრავენურ ლაზერთერაპიას ასაკობრივი შეზღუდვა არ გააჩნია. ორსულობა და ლაქტაცია უკუჩვენებებად არ მიიჩნევა.
- ცნობილია და თავადაც ბრძანეთ, რომ ლაზერი ცხიმის დასაშლელადაც გამოიყენება.
- ეს სიახლეა მედიცინაში. უცხოური გამოცემების მონაცემებით, აშშ-ში სხვადასხვა ტიპის ლაზერის შემუშავების, წარმოებისა და გამოყენების სფეროში მუშაობს 1000-მდე ფირმა, რომლებიც 2000-მდე სახის ლაზერულ აპარატებს ამზადებენ. მათ შორის აღსანიშნავია გასახდომი ლაზერული მოწყობილობა “Zerona” და “Lipo”, რომლის შემმუშავებელი კომპანია “Chromogenex” 2010 წელს დაჯილდოებულ იქნა პრემიით “VICTOIRE DE BEAUTE AWARD”. ლაზერული ლიპოლიზი წარმოადგენს არაოპერაციული ლიპოსაქციის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც ცხიმოვანი შრის სისქეს 6-9 სმ-ით ამცირებს, ტკივილის, ინექციისა და ღვიძლზე დატვირთვის გარეშე. ლიპოლაზერის ზემოქმედებით ტრიგლიცერიდები ცხიმოვან მჟავებად და გლიცეროლად იშლება და ღვიძლში ტრანსპორტირდება. ულტრაბგერითი კვლევით დამტკიცებულია, რომ ლიპოლაზერის პირველი კურსის შემდეგ 30%-მდე მცირდება ცხიმოვანი ფენის სისქე. ყოველი პროცედურის შემდეგ მუცლის არეში წელის გარშემოწერილობა მცირდება 2-4 სმ-ით. ლაზერული ლიპოლიზი შეიძლება ჩატარდეს სხეულის ნებისმიერ უბანზე, სადაც ცხიმია ჩალაგებული - მხრებზე, მუცელზე, დუნდულებზე და ა.შ. ლიპოლაზერი არ იწვევს ორგანიზმში არაბუნებრივ რეაქციებს და არ აზიანებს ირგვლივ არსებულ ქსოვილებს (კანს, სისხლძარღვებსა და პერიფერიულ ნერვებს). მკურნალობის შემდგომი ვარჯიში უზრუნველყოფს ნივთიერებათა სრულ ცვლას და ორგანიზმიდან გამოთავისუფლებული ცხიმოვანი მჟავების მოცილებას. ამრიგად, ლაზერული ლიპოლიზი ლიპოსაქციის გონივრული ალტერნატივაა. დამოუკიდებელი კლინიკური კვლევებით მტკიცდება, რომ ზოგ შემთხვევაში მას უპირატესი ეფექტიც კი აქვს ლიპოსაქციის სხვა მეთოდებთან შედარებით.