ქართველები უცხოეთში - პაციენტების მენეჯერული მომსახურება
ნესტან ფორჩხიძე:
- 1996 წლიდან გერმანიაში, მიუნხენში ვცხოვრობ. აქვე დავქორწინდი. საქართველოში სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი დავამთავრე, გერმანიაში კი ტექნიკური უნივერსიტეტი, თუმცა 2009 წლიდან ისევ მედიცინას დავუბრუნდი და ახლა ინტერნაციონალური პაციენტების მენეჯერულ მომსახურებას ვეწევი.
- მენეჯერული მომსახურების შესახებ ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ. ჯერ ის მაინტერესებს, რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც სტომატოლოგია. ძველი ანეკდოტისა არ იყოს, ალბათ, გინდოდათ, ყველა მამაკაცი პირდაღებული და შიშით თვალებგაფართოებული მოგჩერებოდათ...
- (იცინის) მესმის, ეს ხუმრობა რაშიც დაგჭირდათ. სიმართლე გითხრათ, ჩართული დიქტოფონის წინ პირველად ვზივარ და ალბათ შემატყვეთ, რომ, ცოტა არ იყოს, დაძაბული ვარ. ეს ჩემთვის უჩვეულო ამპლუაა, მაგრამ ვეცდები, ღირსეული რესპონდენტობა გაგიწიოთ. არა, ამიტომ არ ამირჩევია სტომატოლოგია. უბრალოდ, ბავშვობიდან მინდოდა ექიმობა. ნაბოლარა ვიყავი, საქართველოში კი, განსაკუთრებით - დასავლეთ საქართველოში, როგორც არის საქმე, მოგეხსენებათ - “ჩემი შვილიშვილი დოხტური უნდა გამევიდესო”, ბებია-ბაბუები რომ ამბობენ. მშობლების სურვილს ჩემი სურვილიც ერთვოდა. სწავლით კარგად ვსწავლობდი. თავდაპირველად სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაბარება მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ მოგვიანებით სტომატოლოგია ვამჯობინე, რადგან მიმაჩნდა, რომ ყველაფერი პირის ღრუს მოვლით იწყება. თანაც ჩემი ბიძაშვილი სტომატოლოგი გახლდათ, საკუთარი კლინიკა ჰქონდა და ეს ძალიან მომწონდა. ალბათ, ამანაც მოახდინა გავლენა ჩემზე. არც სისხლის მეშინოდა, არც სხვა რამ შიში მქონია და ალბათ, ამიტომაც ავირჩიე ეს პროფესია.
- სტომატოლოგია ხომ ერთ-ერთ ურთულეს და სახიფათო პროფესიად ითვლება...
- რა თქმა უნდა, ბავშვობაში ექიმობა უფრო ოცნებაა, ამ დროს სირთულეებზე საერთოდ არ ფიქრობ, თუმცა მოგვიანებით, მერწმუნეთ, ამ პროფესიის მთელი სირთულე ცხადად მქონდა წარმოდგენილი. ბიძაშვილის წყალობითაც ასე თუ ისე მქონდა შეხება ამ სფეროსთან და მეტ-ნაკლებად ვიცნობდი იქ არსებულ პრობლემებს.
- ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გერმანიაში გამგზავრება გადაწყვიტეთ. რა იყო ამის მიზეზი?
- ინსტიტუტი იმ საშინელ ოთხმოცდაათიან წლებში დავამთავრე, რომლებიც ჩემი თაობის მართლაც უმძიმეს მოგონებად იქცა. დავამთავრე და აღმოვაჩინე, რომ აქ, ჩვენთან, ახალი და საინტერესო არაფერი ხდებოდა. ახალგაზრდისთვის არ იყო არც პრაქტიკა, არც პერსპექტივა. ბაღდათში დაბრუნება და იქ ფეხის ბორმანქანაზე მუშაობა ნამდვილად არ იყო ჩემი მოწოდება, ამიტომ გადავწყვიტე, სხვა გზა მეძებნა. ეს ის პერიოდია, როცა უცხოეთში ოჯახში მუშაობა ახალი ხილია. ეს საზღვარგარეთ წასვლის, ახალი სამყაროს გაცნობის, განვითარების ახალი გზების პოვნის შანსს იძლეოდა. იმხანად გერმანიაში ჩემი ახლობელი იყო წასული. მისგან ვიცოდი, როგორ შეიძლებოდა იქ ჩასვლა, როგორ უნდა გესწავლა ენა. გეძლეოდა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების და პრაქტიკის გავლის საშუალებაც.
- ნაბოლარა, თანაც ახალუნივერსიტეტდამთავრებული ქალიშვილისთვის ეს ძნელი არ იყო? ალბათ არც ოჯახის წევრები შეხვედრიან აღტაცებით ამ გადაწყვეტილებას...
- ამის თაობაზე ოჯახში არ გვიკამათია. მამა უკვე გარდაცვლილი იყო, თორემ ალბათ არც გამიშვებდა და არც მე წავიდოდი. დედას წინააღმდეგობა არ გაუწევია, პირიქით, გაგებით შეხვდა ჩემს სურვილს, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით - ვისწავლიდი და აუცილებლად უკან დავბრუნდებოდი. სუსტი სქესის წარმომადგენელი რომ ვარ, ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია. სინამდვილეში არც ისე სუსტი ვარ (იღიმება). ასე იყო თუ ისე, გერმანიაში გავფრინდი. როცა ფრანკფურტის აეროპორტში დავდგი ფეხი, გული ლამის ამოვარდნაზე მქონდა, თავი სხვა პლანეტაზე მეგონა. თავიდან, რა თქმა უნდა, მიჭირდა, განსაკუთრებით - მარტო, ოჯახის წევრების გარეშე ყოფნა. იმ დროს კომუნიკაციის ასეთი საშუალებები არ არსებობდა, არც სკაიპი, არც მობილური ტელეფონი; იყო მხოლოდ ჩვეულებრივი სახლის ტელეფონი, რომლით დარეკვაც მთელ ჩემს ხელფასს შეიწირავდა, ამიტომ უმეტესად წერილებს ვწერდი, ლამის ორმოცდარვაფურცლიან რვეულებს ვავსებდი. ძალიან მენატრებოდა საქართველო და ჩემები. ერთხანს დავბრუნდი კიდეც, არ მინდოდა გერმანიაში დარჩენა, რადგან ისე არ გამოდიოდა საქმე, როგორც მე მსურდა. სწავლის გაგრძელება ჭირდა საბჭოთა დიპლომის არაღიარების და კიდევ იმ რამდენიმე ბარიერის გამო, რომლებზეც წასვლამდე წარმოდგენაც კი არ მქონდა. მაინც შევიტანე საბუთები და გადავწყვიტე, თუ გამიმართლებდა, გერმანიაში დავბრუნებულიყავი. მოკლედ, ჩამოვედი საქართველოში და დავიწყე სამსახურის ძებნა. წარმოიდგინეთ, მაღაზიაში გამყიდველის ადგილსაც კი ვერ ვპოულობდი. აქ დიდი განუკითხაობა სუფევდა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ისევ უცხოეთში ჯობდა ყოფნა და ბრძოლის გაგრძელება, ან უნდა მესწავლა, ან მუშაობა გამეგრძელებინა. საქართველოში არავინ მაკავებდა, არავინ მეხვეწებოდა, დარჩიო (იღიმება). ასე რომ, მეორედ წავედი გერმანიაში. გავიარე ენის კურსები, ჩავაბარე უნივერსიტეტში, ფარმაცევტულ ფაკულტეტზე. სტომატოლოგობა მინდოდა, მაგრამ მიუნხენში სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე ადგილი ვერ მივიღე. მეორე სპეციალობად ფარმაცევტიკა მქონდა აღებული და აქ ადგილი რომ არ დამეკარგა, დავიწყე ამ ფაკულტეტზე სწავლა. პარალელურად ისევ შევიტანე განცხადება სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე და ერთი სემესტრის შემდეგ მოწვევა მივიღე ქალაქ რეგენსბურგის უნივერსიტეტიდან. რეგენსბურგი მიუნხენიდან დაახლოებით ასი კილომეტრით არის დაშორებული. ჩავთვალე, რომ ეს კარგი ალტერნატივა იყო და იქ დავიწყე სიარული. ასე მოვხვდი სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე, მაგრამ შემდეგ ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი და...
- როგორ გაიცანით? ქუჩაში ხომ არ დაგეჯახათ და წიგნები დაგაყრევინათ?
- არა, არა (იცინის), ასე არ ყოფილა. მართლაც ქუჩაში გადავეყარე პირველად, თუმცა წიგნები არ მეჭირა. სრულიად შემთხვევით გავიცანი მიუნხენში. ყველაფერი უბრალო ურთიერთობით დაიწყო... მოკლედ, რეგენსბურგში სამი სემესტრი ვისწავლე. მიუნხენიდან ამ ქალაქში სიარული საკმაოდ მიჭირდა, არადა მიუნხენში სტომატოლოგის ადგილი ისევ ვერ მივიღე. გავაანალიზე სიტუაცია და გადავწყვიტე, რომ გულისსწორის და ოჯახის დაკარგვას ისევ მიუნხენში გადასვლა მერჩივნა. ისევ ჩავაბარე მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მხოლოდ ამჯერად სამედიცინო ტექნიკისა და აპარატურის ფაკულტეტზე და ისევ დავფუძნდი ამ ქალაქში, სტომატოლოგიას კი თავი დავანებე.
- დედა როგორ შეხვდა უცხოელ სიძეს?
- სიმართლე გითხრათ, დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია, მაგრამ რადგან ეს ჩემი არჩევანი იყო, წინააღმდეგობა არ გაუწევია. ხელი გერმანიაში მოვაწერეთ და საქართველოში ჩამოვედით. ქორწილი ბაღდათში გადავიხადეთ. რომანტიკული სიტუაცია იყო. ძალიან კმაყოფილი დარჩა ჩემი მეუღლე, მეტად მოხიბლული საქართველოთი. ქუთაისში ბაგრატზე ვიყავით, ძალიან მოეწონა თბილისი. დიდი ხნით არ ვყოფილვართ ჩამოსულები. ათი დღის განმავლობაში ყველაფრის ნახვა ვერ მოესწრებოდა.
- თქვენ იმდენი უნივერსიტეტი ჩამოთვალეთ, ლამის თავგზა ამებნა. თქვენს ახლანდელ საქმიანობაზეც მოგვიყევით ორიოდე სიტყვით.
- როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ახლა ინტერნაციონალ პაციენტთათვის მენეჯერულ მომსახურებას ვეწევი. ვკურირებ გერმანიაში ჩამოსულ პაციენტებს, მათი გზის გამკვლევი ვარ. 2009 წლის შემდეგ გადავწყვიტე, ამ ტიპის მომსახურება დამეარსებინა. იდეა შემთხვევის გამო წარმოიშვა. ჩემი ერთ-ერთი ნაცნობის ნაცნობს დასჭირდა გერმანიაში ექიმების კონსულტაცია და მთელი სამედიცინო მომსახურების ორგანიზება მე ავიღე საკუთარ თავზე. ჯერ რუსულ ორგანიზაციასთან იყვნენ რჩევისთვის, თანაც ეს ის პერიოდია, როცა საქართველოს რუსეთთან გართულებული ურთიერთობები აქვს. სხვა გზის პოვნა გადაწყვიტეს. მოკლედ, ყველაფრის ორგანიზებაში მე დავეხმარე. აი, ასე დაიბადა ეს იდეა. ასეთი სამსახური თურმე ისედაც არსებობდა გერმანიაში, მაგრამ მე ამის შესახებ იმ დროს არაფერი ვიცოდი. ამაში ისიც დამეხმარა, რომ წლების განმავლობაში სწავლასთან ერთად ვმუშაობდი მიუნხენის კერძო კლინიკაში, ასისტენტად ერთ-ერთ ცნობილ ექიმთან, რომელიც დღემდე გვერდით მიდგას და შემიძლია რჩევა ვკითხო. აქედან გამომდინარე, საკმაოდ კარგად ვიცი, რომელი კლინიკა თუ პროფესორია საუკეთესო და ვის შემიძლია ვანდო პაციენტი. სამედიცინო განათლება მეხმარება, მეტ-ნაკლებად ვაკონტროლო მკურნალობის მიმდინარეობა.
- ამ ტიპის მენეჯერული ფუნქციები რას ითვალისწინებს?
- უპირველესად, პაციენტისგან ვითხოვ, გამოაგზავნოს გამოკვლევების პასუხები, რათა მიახლოებითი სურათი მაინც შეიქმნას, რისთვის ჩამოდის ის გერმანიაში. შემდეგ მივდივარ იმ კლინიკაში ან იმ ექიმთან, რომლის დახმარებაც ამ პაციენტს სჭირდება და მასალებს გადავცემ. ექიმი ადგენს სქემას, რა და როგორ უნდა გაუკეთდეს პაციენტს; შედგება ხარჯთაღრიცხვა, ექიმი ადგენს, როდის უნდა ჩამოვიდეს ეს პაციენტი, აკეთებს მკურნალობის მონახაზს, მე კი ამ ყველაფერს ვაწვდი პაციენტს. მან უნდა გადაწყვიტოს, ჩამოვიდეს თუ არა.
- ანუ თქვენ ბრძანდებით ექიმისა და პაციენტის დამაკავშირებელი რგოლი. ვთქვათ, პაციენტმა მიიღო გადაწყვეტილება და აპირებს ჩამოსვლას. ამის მერე რაღა ხდება?
- დიახ, სწორედ ეს ფუნქცია მაქვს შეთავსებული. თუ პაციენტი ჩამოდის, მაშინ საავადმყოფოს ხარჯთაღრიცხვას ემატება ჩემი ფირმის მომსახურების საფასური. პაციენტმა უნდა იცოდეს, რა დაუჯდება გერმანიაში ჩამოსვლა და მკურნალობა. ყველაფერ ამას ვუგზავნი პაციენტს მოწვევასა და სხვა აუცილებელ საბუთებთან ერთად, რომლითაც შედიან აქ, საქართველოში, გერმანიის საელჩოში. სამედიცინო მომსახურების ვიზები იქ ცალკე გაიცემა. შეიძლება ამ პროცესის დაჩქარებაც, რადგან ზოგიერთი დაავადება სასწრაფო ჩარევას მოითხოვს. თანხა ირიცხება წინასწარ, სხვაგვარად საელჩო ვიზას არ გასცემს. შემდეგ ვჯავშნი სასტუმროს ნომრებს ან, თუ ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებათ, ვცდილობ ბინა ვუპოვო. მოკლედ, თუ პაციენტის აქ ყოფნისას რაიმე პრობლემა წარმოიშვა, საყოფაცხოვრებო იქნება ეს, საკანონმდებლო თუ სხვა, მათ მოგვარებაზე პასუხისმგებელი მე გახლავართ.
- არ გიჭირთ ამ ადამიანებთან მუშაობა?
- ეს საქმე ისეთი ადვილიც არ არის, როგორც შორიდან ჩანს. რთულია ამდენ ხალხთან ურთიერთობაც, თუმცა ვითვალისწინებ, რომ ჩემ წინაშე არიან ავადმყოფი და მისი ახლობლები, რომლებიც განსაცდელში არიან და რომლებსაც ყურადღება, ანგარიშის გაწევა სჭირდებათ.
- ამ ხნის განმავლობაში რთულ შემთხვევებთანაც გექნებოდათ საქმე. რომელიმე მათგანს ხომ არ გაიხსენებდით?
- ბოლო შემთხვევას გავიხსენებ, რომელიც ორიოდე თვის წინ მოხდა. სამკურნალოდ ჩამოვიდა ორმოცდაერთი წლის პაციენტი, რომელიც რამდენიმეთვიანმა არასწორმა მკურნალობამ სიკვდილის პირას მიიყვანა. მის დანახვაზე - აეროპორტში დავხვდი - ვიფიქრე, ალბათ, ვერ გადარჩება-მეთქი, მაგრამ გაგვიმართლა, ახალგაზრდა იყო, ექიმებმაც კარგად იცოდნენ თავიანთი საქმე.
- რა დიაგნოზით ჩამოვიდა და რა დიაგნოზი დაუსვეს?
- ამ პაციენტის საწყისი დიაგნოზი გახლდათ ლიმფოსარკომა, მაგრამ მას ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი არანაირი დარღვევა არ აღენიშნებოდა. იქ აღმოუჩინეს მსხვილი ნაწლავის სიმსივნე მეტასტაზებით ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტში. ამ პაციენტს ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. ქართველმა ექიმმა, საკმაოდ ცნობილმა პროფესორმა, გახსნა მუცლის ღრუ, ნახა, რომ ავადმყოფს სიმსივნე ჰქონდა მსხვილ ნაწლავზე და ისე დახურა, სიმსივნე არ ამოუკვეთია. ამ ოპერაციის დროს ღვიძლში მეტასტაზები ჯერ კიდევ არ იყო, მოგვიანებით განვითარდა. მოკლედ, ექიმებმა მუცლის ღრუ დახურეს, სიმსივნური კერა კი არ ამოიღეს. შემდეგ ეს პაციენტი წავიდა თურქეთში, სადაც ასევე მცდარი დიაგნოზი დაუსვეს. შემდეგ ქიმიოთერაპია გაუკეთეს ლიმფოსარკომის გამო, რომელიც ლიმფოსარკომისთვის განსაზღვრული ქიმიოთერაპიაც კი არ იყო. მოკლედ, ისეთ მდგომარეობაში მოვიდა ჩვენთან, რომ... (ცრემლი მოადგა) მაპატიეთ ემოციები... ვაპირებდი კიდეც ექიმის ვინაობის დასახელებას, მაგრამ, მგონი, ეს ჩემი საქმე არ არის.
- სიმსივნე მაინც სიმსივნეა, მაგრამ გეთანხმებით იმაში, რომ თუ ეს შესაძლებელია, დარჩენილი სიცოცხლე მაინც ადამიანმა კომფორტულად უნდა გაატაროს. კიდევ ერთი კითხვა: კმაყოფილი ხართ საკუთარი თავით? ხომ არ გრჩებათ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა - თქვენ ხომ მაინც სტომატოლოგობა გინდოდათ?
- მიუხედავად ყველაფრისა, მაინც კმაყოფილი ვარ. ასეა თუ ისე, მე მაინც ვეხმარები ხალხს. ჩემი საქმიანობა საკმაოდ დიდ პასუხიმგებლობას მაკისრებს. არც სტომატოლოგობა დამვიწყებია, პერსპექტივა ჯერ კიდევ მაქვს. თანაც მდგომარეობა გამოკეთდა, აპირებენ, აღიარონ ყოფილ საბჭოთა კავშირში მიღებული დიპლომები; ამის შემდეგ, განზრახული მაქვს, გავიარო შესაბამისი კურსები. დარწმუნებული ვარ, მიზანს მივაღწევ. კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევა გამახსენდა. მოსკოვიდან ახალგაზრდა ქალბატონი დამიკავშირდა, რომელსაც დაუსვეს დიაგნოზი: ფილტვების სიმსივნე, მეოთხე სტადია. როცა კომპიუტერული ტომოგრაფიის სურათები მივიღე, თავადაც მივხვდი, რომ იქ სიმსივნე არ უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, სურათები პროფესორს ვაჩვენე და მანაც დაადასტურა ჩემი ეჭვი. ეს უფრო ბავშვობაში გადატანილი ინფექციის კვალი ან ახალგადატანილი ფილტვების ანთების სურათი გახლდათ, რომელიც ბოლომდე არ იყო განკურნებული. სწორედ მისი ჩრდილები იყო დარჩენილი სურათზე. როცა პაციენტს დავურეკე და ეს ყველაფერი ვუთხარი, მეორედ დავიბადეო, მიპასუხა. იცით, რამდენია ასეთი შემთხვევა? მახსენდება კიდევ ერთი პაციენტი, რომელსაც დანიშნული ჰქონდა უამრავი წამალი, რომელთა ყიდვასაც მშობლები ვერ აუდიოდნენ. აქ, გერმანიაში, ყველა წამალი მოუხსნეს. ეს პაციენტი თერთმეტი წლის გახლდათ. უბრალოდ, სწრაფად ვითარდებოდა და მის სხეულში “ჰორმონების ჯანყი” მოხდა, მეტი არაფერი. ეს ბავშვი დღესაც კარგად გრძნობს თავს. არადა, გულის მანკის დიაგნოზით იყო ჩამოსული.
- ზემოთ ინტერნაციონალი ახსენეთ, ანუ ქართველი პაციენტების გარდა სხვასაც ემსახურებით?
- დიახ, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც ვემსახურები. ახლა საიტის გაკეთება მაქვს ჩაფიქრებული. მანამდე ამ საქმეში დიდი გამოცდილება არ მქონია. ალბათ, არ მეგონა, თავიდანვე თუ ასე კარგად გავუძღვებოდი ამ საქმეს და ყველაფრის ნორმალურად ორგანიზებას შევძლებდი. კმაყოფილი პაციენტები ერთმანეთს გადასცემდნენ ინფორმაციას და ასე ხვდებოდნენ ახალი პაციენტები ჩემთან. მგონი, უკვე დროა, ვცადო საიტის გაკეთებაც, რომელიც საზოგადოებამდე საჭირო ინფორმაციას მიიტანს. იმასაც გეტყვით, რომ ყველა პათოლოგიასთან, მედიცინის ნებისმიერ სფეროსთან მაქვს შეხება და ნებისმიერ სპეციალისტთან შემიძლია პაციენტის დაკავშირება - მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ პროფესიონალებთან. ახლაც პაციენტის გულისთვის ვარ ჩამოსული, ის აქ აგრძელებს მკურნალობას. რაღაც წამალი სასწრაფოდ უნდა ჩამოსულიყო გერმანიიდან და ისეთი საპასუხისმგებლო იყო მისი ტრანსპორტირების საკითხი, რომ გადავწყვიტე, თავად ჩამომეტანა. ესეც ჩემი მომსახურების ნაწილია.
- პარალელურად რაიმე სხვა საქმითაც ხომ არ ხართ დაკავებული?
- დიახ, მაქვს ერთი დიდი საქმე - შვილს ვზრდი.
- ქართული იცის?
- კარგად ესმის და ლაპარაკსაც ცდილობს. ანბანსაც ვსწავლობთ. სხვა სამსახურიც რომ მქონდეს, ნამდვილად არაფერი გამომივიდოდა და ალბათ, მასზე უარს ვიტყოდი.
ქალბატონ ნესტანთან დასაკავშირებელი ტელეფონის ნომრებია: 004917667078479; 00498921899072;
ელექტრონული ფოსტის მისამართი: ნესტან2010@წებ.დე