წონასწორობისა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა - ინსულტის სიმპტომები და რისკ-ფაქტორები
რომლებიც დიდ ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და მატერიალურ ზიანს აყენებს არა მხოლოდ ავადმყოფს, მთელ მის ოჯახსა და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ინსულტიანი ადამიანის მოვლის მთელ სიმძიმეს ტვირთულობენ.ინსულტი - მიზეზები, რისკფაქტორები, კლინიკური სურათი
ინსულტი მნიშვნელოვანი პრობლემაა როგორც სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. მისთვის დამახასიათებელია სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი - არაერთ ქვეყანაში, გულის დაავადებების შემდეგ, ინსულტი სიკვდილიანობის მიზეზთა შორის მეორე ადგილზეა. გარდა ამისა, ამ პათოლოგიას ახასიათებს ინვალიდობის ძალიან მაღალი ხარისხი. ინსულტგადატანილთა დაინვალიდებისას კი ზარალდებიან არა მხოლოდ პაციენტები, მათ ირგვლიც მყოფი ადამიანებიც. ამდენად ეს პათოლოგია მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემაცაა.ინსულტის სიმპტომები მრავალფეროვნებით გამოირჩევა და დამოკიდებულია როგორც დაზიანების სიმძიმეზე, ასევე ლოკალიზაციაზე.
ინსულტის დროს ყველაზე ხშირად ვითარდება:
- სხეულის ერთ ნახევარში (ხშირად - კიდურებში) დაბუჟების, სისუსტის შეგრძნება ან დამბლა;
- ძლიერი თავის ტკივილი;
- ცნობიერების უეცარი დაბინდვა;
- წონასწორობისა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
- მხედველობის მკვეთრი გაუარესება;
- მეტყველების დარღვევა;
- სირთულეები წერა-კითხვისა და სხვისი საუბრის აღქმისას;
- დროსა და გარემოში დეზორიენტაცია.
თუ ინსულტის მოცულობა დიდია, როგორც წესი, ის მოტორულ (მამოძრავებელ) უბნებს აზიანებს - პაციენტს აღენიშნება ჰემიპარეზი, ანუ რომელიმე მხარეს ხელ-ფეხში ძალა დაქვეითებულია ან საერთოდ წართმეულია მოძრაობის უნარი. დაზიანების უბნის შესაბამისად, ქვეითდება ხოლმე მგრძნობელობის ფუნქცია - შეგრძნება კიდურებში. თუ დაზიანებულია მარცხენა ჰემისფერო, მაშინ მეტყველება ზიანდება და ამას აფაზია ეწოდება. ინსულტის კიდევ ერთი მძიმე შედეგი არის დემენცია - ჭკუასუსტობა.
ინსულტისთვის დამახასიათებელია უეცარი დაწყება ანუ მოულოდნელი განვითარება, მაგრამ ამ უეცარ განვითარებას წინ უსწრებს ხოლმე გარკვეული რისკფაქტორები, რომლებიც ზრდის მისი განვითარების რისკს. ეს რისკფაქტორებია:
ასაკი - ყოველი დეკადის მომატებისას ინსულტის რისკი მატულობს. ახალგაზრდა ასაკში (40 წლამდე) ინსულტი იშვიათია და თუ ვითარდება, სპეციფიკური სისხლძარღვოვანი პათოლოგიებით ან სხვა პრობლემებით არის ხოლმე განპირობებული. ასაკოვან ადამიანებში კი ინსულტს საფუძვლად უდევს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა:
- მაღალი არტერიული წნევა;
- გულის არითმია;
- შაქრიანი დიაბეტი;
- ცხიმოვანი ცვლის დარღვევა - ჰიპერქოლესტერინემია;
- ცხოვრების უმოძრაო წესი;
- სიმსუქნე;
- სიგარეტის წევა;
- ოჯახურ ანამნეზში ინსულტების არსებობა.
თუ აღნიშნული ფაქტორები კონტროლდება, მაშინ ინსულტის განვითარების რისკი დაბალია, მაგრამ თუ ფაქტორებს ყურადღება არ ექცევა, მაშინ რისკი მაღალია. ამდენად, ინსულტის პროფილაქტიკა შესაძლებელია, საზოგადოდ კი ძალიან მნიშვნელოვანია ინსულტის პრევენციის კამპანია. ცნობილია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც პრევენციის ზომები აქტიურია, ინსულტით ავადობა დაბალია.
დროული დიაგნოსტირების მნიშვნელობა
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინსულტის დროულ დიაგნოსტირებას - ამ მიზნით საზოგადოების განათლებას და ინფორმირებას ინსულტის პირველი ნიშნების შესახებ. განვითარებულ ქვეყნებში მასმედიის საშუალებები ავრცელებენ ცნობებს იმის შესახებ, რომ თუ 68-70 წლის ადამიანს განუვითარდა ასეთი ნიშნები: იგრძნო სისუსტე ხელ-ფეხში, დაერღვა მეტყველება, მან და მისმა ოჯახის წევრებმა დაუყოვნებლივ უნდა დარეკონ 112-ში. ამგვარად დროულად იქნება დიაგნოსტირებული ინსულტი.
მეორე რგოლია სასწრაფო დახმარების სამსახური, რომელმაც დროულად უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და პაციენტი შესაბამის განყოფილებაში გადაიყვანოს ისე, რომ დრო არ დაიკარგოს. რატომ აქვს მნიშვნელობა დროს? გადავდივართ ინსულტის მკურნალობის თემაზე.