მედიცინის 100 უდიდესი აღმოჩენა
მან ისიც შეამჩნია, რომ აბლაბუდას ირგვლივ არსებული ბაქტერიები იღუპებოდნენ და ივარაუდა, რომ ეს უჩვეულო ქსელი ბაქტერიების დამღუპველ ნივთიერებას გამოყოფდა. ფლემინგმა ამ ნივთიერებას პენიცილინი უწოდა. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მეცნიერი ცდილობდა, სუფთა სახით გამოეყო პენიცილინი და ის ინფექციების წინააღმდეგ გამოეყენებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბოლოს და ბოლოს ფლემინგი დანებდა, თუმცა მისი შრომის შედეგები ფასდაუდებელი აღმოჩნდა. 1935 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის თანამშრომლები ჰოვარდ ფლორი და ერნსტ ჩეინი ფლემინგის დაუმთავრებელ სამუშაოს წააწყდნენ და გადაწყვიტეს, ბედი ეცადათ. სწორედ ამ მეცნიერებმა მოახერხეს პენიცილინის სუფთა სახით გამოყოფა და მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში მისი გამოცდა დაიწყეს. რვა თაგვს ორგანიზმში სტრეპტოკოკების სასიკვდილო დოზა შეუყვანეს. ოთხ მათგანს პენიცილინი მისცეს, დანარჩენი ოთხი კი საკონტროლოდ დაიტოვეს. რამდენიმე საათის შემდეგ შედეგი აშკარა გახდა: პენიცილინმიუღებელი ოთხი თაგვი მოკვდა, ხოლო იმათგან, რომლებსაც პენიცილინი მისცეს, სამი გადარჩა. აი, ასე მიიღო მსოფლიომ ფლემინგის, ფლორისა და ჩეინის წყალობით პირველი ანტიბიოტიკი. ეს წამალი ნამდვილ სასწაულად მოევლინა კაცობრიობას. მწვავე ფარინგიტი, რევმატიზმი, ქუნთრუშა, ფილტვების ანთება, სიფილისი, გონორეა - დღეს უკვე აღარავის ახსოვს, რომ ამ დაავადებებს შეიძლება ადამიანი ემსხვერპლოს.
სულფანილამიდური პრეპარატები
მომდევნო უდიდესმა აღმოჩენამ მეორე მსოფლიო ომს სულ ცოტათი დაასწრო. მან წყნარი ოკეანის აუზში მებრძოლი ამერიკელი ჯარისკაცები დიზენტერიისგან დაიცვა, შემდეგ კი რევოლუციური ძვრები გამოიწვია ბაქტერიული ინფექციების ქიმიოთერაპიული მკურნალობის მეთოდებში. ეს ყველაფერი პათოლოგ გერჰარდ დომარკის დამსახურებაა. 1932 წელს დომარკი მედიცინაში ზოგიერთი ქიმიური საღებავის გამოყენების შესაძლებლობებს სწავლობდა. ახალსინთეზირებულ საღებავთან პრონტაზილთან მუშაობისას დომარკმა ის სტრეპტოკოკებით დასნებოვნებულ თაგვებს შეუყვანა. როგორც მეცნიერი ვარაუდობდა, საღებავი ბაქტერიების ორგანიზმში მოხვდა, მაგრამ ისინი არ დახოცილან. დომარკს ეგონა, რომ პრონტაზილი საკმაოდ შხამიანი არ აღმოჩნდა სტრეპტოკოკებისთვის, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ თაგვების გამოკვლევისას მან აღმოაჩინა, რომ თუმცაღა საღებავს ბაქტერიები არ დაუხოცავს, მაგრამ მათი ზრდა შეაჩერა. შედეგად ინფექციის გავრცელებაც შეჩერდა და თაგვები გამოჯანმრთელდნენ. როდის გამოსცადა დომარკმა პირველად პრონტაზილი ადამიანზე, უცნობია, მაგრამ ახალმა წამალმა პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც მისი საშუალებით გადაარჩინეს უმძიმესი სტრეპტოკოკული ინფექციით დაავადებული ბიჭუნა. პაციენტი ფრანკლინ რუზველტ უმცროსი გახლდათ, აშშ-ის პრეზიდენტის შვილი. დომარკის აღმოჩენა მყისვე იქცა სენსაციად. რადგან პრონტაზილი სულფანილამიდურ მოლეკულურ სტრუქტურას შეიცავდა, ამიტომ მას სულფანილამიდური პრეპარატი უწოდეს. ის პირველი მერცხალი გახდა იმ სინთეტიკურ-ქიმიური პრეპარატების ჯგუფისა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იყო ბაქტერიულ ინფექციასთან ბრძოლა. დომარკმა მკურნალობის ახალი რევოლუციური მიმართულება აღმოაჩინა - ქიმიოთერაპიული პრეპარატების გამოყენება, რამაც ასეულობით ათასი ადამიანი გადაარჩინა.
ინსულინი
ამ აღმოჩენამ კი მილიონობით დიაბეტიანს გაუხანგრძლივა სიცოცხლე. დიაბეტი პათოლოგიაა, რომლის შედეგადაც ადამიანის ორგანიზმში შაქრის ათვისების პროცესი ირღვევა, რასაც სიბრმავე, თირკმელების უკმარისობა, გულის დაავადებები და სიკვდილიც კი შეიძლება მოჰყვეს. ასეულობით წლის განმავლობაში სწავლობდნენ მეცნიერები დიაბეტს და ამაოდ ეძებდნენ მისგან თავის დაღწევის საშუალებებს. ბოლოს და ბოლოს მე-19 საუკუნის დასასრულს მოხდა გარღვევა - დადგინდა, რომ ყველა დიაბეტიანს ერთი დამახასიათებელი დარღვევა - კუჭქვეშა ჯირკვლის გარკვეული უბნის შეუქცევადი დაზიანება - ჰქონდა. ამ უბანში არსებული უჯრედები გამოყოფენ ჰორმონს, რომელიც სისხლში შაქრის რაოდენობას აკონტროლებს. ჰორმონს ინსულინი უწოდეს. 1920 წელს მედიცინაში კიდევ ერთი გარღვევა მოხდა - კანადელი ქირურგი ფრედერიკ ბანტინგი და სტუდენტი ჩარლზ ბესტი ძაღლების კუჭქვეშა ჯირკვლიდან ინსულინის სეკრეციას შეისწავლიდნენ. ამბობენ, რომ დიდი ინტუიციით დაჯილდოებულმა ბანტინგმა ჯანმრთელი ძაღლის კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედებიდან გამოყოფილი ექსტრაქტი დიაბეტით დაავადებულ ძაღლს შეუყვანა. შედეგი სასწაულებრივი აღმოჩნდა: რამდენიმე საათის შემდეგ დიაბეტით დაავადებული ძაღლის სისხლში შაქრის რაოდენობა საკმაოდ შემცირდა. ქირურგმა და მისმა სტუდენტმა მთელი ძალისხმევა ისეთი ცხოველის საძებნელად მიმართეს, რომლის ინსულინიც ადამიანის ინსულინს ჰგავდა. მათ აღმოაჩინეს, რომ ძროხის ჩანასახის ინსულინი ძალზე ახლოს იდგა ადამიანის ინსულინთან, ექსპერიმენტის უსაფრთხოებისთვის გაასუფთავეს ის და 1922 წლის იანვარში პირველი კლინიკური გამოცდა ჩაატარეს. ბანტინგმა ინსულინი 14 წლის მოზარდს შეუყვანა, რომელიც დიაბეტისგან კვდებოდა... და ავადმყოფმა გამოჯანმრთელება დაიწყო. რამდენად მნიშვნელოვანია ბანტინგის აღმოჩენა? ჰკითხეთ ამის შესახებ რამდენიმე ათეულ მილიონ ადამიანს, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ ინსულინს დიაბეტის გართულებათაგან თავის დასაცავად.
კიბოს გენეტიკური ბუნება
კიბო აშშ-ში სიკვდილიანობით მეორე ადგილზე მდგომი დაავადებაა. მისი წარმოშობისა და განვითარების ინტენსიურმა კვლევამ არაჩვეულებრივ შედეგებამდე მიგვიყვანა, თუმცა ჩვენი სიის მომდევნო აღმოჩენას ერთიც ვერ შეედრება. იმისთვის, რომ ზუსტად გავიგოთ ამ აღმოჩენის არსი, ჯობს ნობელის პრემიის ლაურეატებს, კიბოს მკვლევრებს, მაიკლ ბიშოპსა და ჰაროლდ ვარმუსს მივმართოთ, რომლებიც ნიუ-იორკში, სლოუნ კეტრინგის სახელობის ონკოლოგიურ ცენტრში მოღვაწეობენ. ეს ორი მეცნიერი კიბოსთან საბრძოლველად მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში გაერთიანდა. იმხანად ამ დაავადების წარმოშობის შესახებ რამდენიმე თეორია დომინირებდა. მაიკლ ბიშოპი: “ავთვისებიანი უჯრედი სულაც არ გახლავთ უბრალო უჯრედი; მას არა მარტო გამრავლება, არამედ შეჭრაც შეუძლია. ეს უჯრედი მაღალგანვითარებული შესაძლებლობებით არის დაჯილდოებული”. ერთ-ერთი თეორია განიხილავდა რაუსის სარკომის ვირუსს - ვირუსს, რომელიც იწვევს კიბოს ქათმებში. როდესაც ის თავს ესხმის ქათმის უჯრედებს, თავისი გენეტიკური კოდი მასპინძლის დნმ-ში შეჰყავს. შედეგად ვირუსის დნმ დაავადების გამომწვევი აგენტი ხდება. მეორე თეორიის მიხედვით, ვირუსის გენეტიკური კოდის მასპინძლის უჯრედში შეყვანის შემდეგ გენები, რომლებიც კიბოს იწვევენ, კი არ აქტიურდებიან, არამედ ელიან, როდის გაააქტიურებს მათ გარეგანი ზემოქმედება, ისეთი, როგორიც არის მავნე ქიმიკატები, რადიაცია ან თუნდაც ვირუსული ინფექცია. სწორედ ამ კიბოს გამომწვევ გენებს, რომელთაც ონკოგენებს უწოდებენ, იკვლევდნენ ბიშოპი და ვარმუსი. მაიკლ ბიშოპი: “მთავარი საკითხია, შეიცავს თუ არა ადამიანის უჯრედი, ადამიანის გენომი გენებს, რომლებიც არიან ონკოგენები ან შესაძლებლობა აქვთ, ასეთებად იქცნენ. სწორედ ამის გარკვევა იყო საჭირო უპირველესად”. ჰაროლდ ვარმუსი: “ჩვენ ვიღებდით დანიშნულ რადიაქტიურ მოლეკულას და მას ზონდად ვიყენებდით ქათმის უჯრედებში. საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ვირუსის გენომი მართლაც იყო ქათმის ქრომოსომებში”. ეს დიდი აღმოჩენა გახლდათ. ამ ორმა მეცნიერმა დაამტკიცა, რომ ვარუსის გენომი ჯანმრთელი ქათმის გენომში იყო მოთავსებული და, რაც მთავარია, მსგავსი გენომი მათ ადამიანის - ჯანმრთელი ადამიანის - უჯრედებშიც ნახეს. ამით მათ დაამტკიცეს, რომ კიბოს სათავე შეიძლება ყველა ადამიანის ორგანიზმში იყოს და გააქტიურების მომენტს ელოდეს. როგორ შეუძლია ადამიანის საკუთარ გენს, რომელთან ერთადაც ის მთელ სიცოცხლეს ატარებს, კიბოს გამოწვევა? ჰაროლდ ვარმუსი: “უჯრედების დაყოფის დროს ხდება შეცდომები და ეს შეცდომები უფრო ხშირია, როდესაც უჯრედი დათრგუნულია კოსმოსური გამოსხივებით, თამბაქოს კვამლით და სხვა. აუცილებელია გვახსოვდეს ისიც, რომ როდესაც უჯრედი იყოფა, მას სჭირდება დნმ-ს 3 მილიარდი კომპლემენტური წყვილის კოპირება, ასლის გადაღება. ყველა, ვისაც ერთხელ მაინც დაუბეჭდავს რამე, დაგვემოწმება, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია. ჩვენ გვაქვს მექანიზმები, რომლებიც შეცდომების შემჩნევასა და გასწორებაში გვეხმარება. და მაინც, დიდი მოცულობის სამუშაოს დროს თითებმა შეიძლება სხვა ასოები აკრიფონ...” რით არის ღირებული ეს აღმოჩენა? წინათ კიბოს არსის ჩაწვდომას იმ განსხვავების გათვალისწინებით ცდილობდნენ, რომელიც არის ვირუსის გენომსა და უჯრედის გენომს შორის, ახლა კი ვიცით, რომ მცირეოდენ ცვლილებას ჩვენს ორგანიზმში არსებულ ზოგიერთ გენში შეიძლება ჯანმრთელი უჯრედის ავთვისებიანად გარდაქმნა მოჰყვეს. კიბოს თანამედროვე კვლევები ამ აღმოჩენის შედეგია. ეს ის ფუნდამენტია, ის პლატფორმა, რომელსაც ემყარება კიბოს კვლევისადმი ყველა მოლეკულური მიდგომა. ეს აღმოჩენა იმითაც არის ღირებული, რომ ამ გენის პოვნა, რასაც თანამედროვე დიაგნოსტიკა უზრუნველყოფს, შესაძლებლობას იძლევა, განისაზღვროს სიმსივნის შემდგომი მოქმედება. და მთავარი: ამ აღმოჩენამ მოგვცა სპეციფიკური თერაპიის სამიზნეთა ზუსტი კოორდინატები, რომლებიც ადრე უცნობი იყო.
(გაგრძელება იქნება)