ექიმის წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმის წერილები

ეგნატე ფიფია 1901 წელს სოფელ ჯვარში, გლეხ კალისტრატე ფიფიას ოჯახში დაიბადა. დაწყებითი განათლება ჯვარისა და წალენჯიხის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო, მერე კი ფოთის ვაჟთა გიმნაზია დაამთავრა. უზომოდ უყვარდა მშობლიური მხარე: “მიყვარს ჩემი ლაკადა, მის ბეჭებზე გადაფენილი ჯვარი და ერთ მყუდრო კუთხეში შეყუჟული ჩემი პატარა ჩქვალერი. წელიწადის ყოველ დროს მომხიბლავია იგი, მაგრამ ვერაფერი შეედრება გაზაფხულზე თოვლქვეშ ამოწვერილ ენძელასა და იას. ამ უჩინარ ყვავილებს გლეხკაცისათვის პირველი სიხარული მოაქვთ დაბრუნებული სიცოცხლისა; მთაგორებზე იღვენთება თოვლი და პირს იჩენს წყლით გაფუებული დედამიწა: ნელ-ნელა აფერადდება ჩქვალერის მიდამოები: თავდაპირველად ყვითელყვავილა შვინდი აენთება, მერე ტყემალი გადაიპენტება თეთრად, იჩირთება უხვად დაკვირტული ხეხილი და იცრემლება ვაზი; ფუსფუსებს ჩქვარელი გლეხი თავის ეზო-კარში, დღემუდამ მოუსვენრობს, რადგან გაზაფხულზე რაც დათესა, იმაზეა დამოკიდებული მომავალი სარჩო-საბადებლის ბარაქა, “პური მისი არსობისა”, - იგონებდა იგი თავის მემუარებში.

* * *

“ერთხელ ოჩამჩირეში, წმინდა ილორის დღესასწაულზეც ვახლდი მამაჩემს. მან ცხენის გავაზე შემომსვა და ისე ვიმგზავრეთ. მოუთმენლად ველოდი ჩემთვის უცხო სანახაობის ხილვას. მახსოვს, გზად მომავალი ორი “დიდგვაროვანი” შენიშნა მამამ, უმალ ცხენიდან გადმოხტა, მეც გადმომსვა. ერთ ადგილზე უძრავად ვიდექით და ველოდით მათ... როცა მოგვიახლოვდნენ, მამაჩემი თავმდაბლად მიესალმა და ვიდრე თვალს არ მიეფარნენ, ჩვენ გზა არ გავაგრძელეთ. მამამ გაკვირვება რომ შემატყო, მითხრა: “ჩვენს ხალხში ოდითგანვე დამკვიდრებულია წესი, რომ უცნობსა და ნაცნობს თავაზიანად შეხვდე, მით უფრო - თუ იგი დიდგვაროვანია. ასეთი შეხვედრა პატივისცემის ნიშანია. ახლა რომ ჩაიარეს, ისინი მიურატების შთამომავალნი იყვნენო. იმხანად რა ვიცოდი, რომ ამ დიდგვაროვანთა შთამომავლებთან უფრო ხშირი და საინტერესო შეხვედრები მელოდა... ყოველთვის ღარიბულად, მაგრამ სუფთად მეცვა. მახსოვს, ფეხსაცმელებს საგანგებოდ ვუფრთხილდებოდი, სახლიდან ფეხშიშველი მოვდიოდი, სკოლის ახლოს კი წყაროზე ფეხებს დავიბანდი, ბებია თუთას შეკერილი პარკიდან სათუთად გახვეულ ფეხსაცმელებს ამოვალაგებდი, ჩავიცვამდი და ისე შევიდოდი სკოლის ეზოში”.

* * *

საოცარი სითბოთი იხსენებს ეგნატე ფიფია სტუდენტობის წლებს და უნივერსიტეტის რექტორს: “უნივერსიტეტის წლებიდან სამუდამოდ შემომრჩა დიდი ივანე ჯავახიშვილის სახე, მისი განუმეორებელი ღვაწლი და ამაგი სტუდენტებისადმი. დაუვიწყარია მისი ლექციები, ასე ძალუმად რომ აღიბეჭდებოდა ჩემს მეხსიერებაში. ივანე ჯავახიშვილი იყო უბადლო ლექტორი და უბადლო ადამიანი. ამ ბუმბერაზ მეცნიერს ამშვენებდა უშუალობა, სისადავე, დაჯილდოებული იყო ადამიანური მომხიბვლელობით. ჩემთვის და ჩემს თანაკურსელთათვის მისაბაძი გახდა მისი გულისხმიერება: მესამე კურსის სტუდენტებმა დავკარგეთ ტუბერკულოზით დაავადებული, მაშინდელ სტუდენტთა შორის ყველაზე ხელმოკლედ მცხოვრები მეგობარი. უახლოესმა ამხანაგებმა დაკრძალვის დღე გაზეთში გამოვაცხადეთ. ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ბატონი ივანე დაკრძალვაზე მობრძანდა. მან გვთხოვა, მიგვეყვანა მიცვალებულის დედასთან, ჭირისუფალი ანუგეშა, პანაშვიდს დაესწრო და პროცესიას ბოლომდე გამოჰყვა... სტუდენტები მადლიერი თვალებით შევცქეროდით ამ ბუმბერაზ ადამიანს. მისი მაღალჰუმანური საქციელი ჩვენთვის დიდი მაგალითი იყო”.

* * *

თავის ხელქვეითებს ეგნატე ფიფია უპირველესად დიდ ადამიანურ სითბოსა და პაციენტის სიყვარულს სთხოვდა: “ექიმს არ უნდა გამორჩეს ავადმყოფის სხეულის არც ერთი კუთხე-კუნჭული შეუსწავლელი და შეუცნობელი, კარგმა ექიმმა უნდა შეძლოს, ავადმყოფის სულიერ ლაბირინთებში წიგნივით ამოიკითხოს მისი სულიერი და ფიზიკური ტკივილი, რამაც ის მოიყვანა თქვენამდე, მოგანდოთ თავისი სიცოცხლე... ექიმი რომ ასე მოიქცეს, ამისთვის საჭიროა ავადმყოფის უანგარო სიყვარული, რომლის ძალითაც ის შეძლებს, შესწიროს ავადმყოფს განუსაზღვრელი დრო. ასეთი სიყვარული თქვენი მოვალეობისადმი შეგაძლებინებთ, დაძლიოთ თქვენი პირადი ცდუნებები - ყველა სახის გართობა და დროსტარება, რომლის საზღაურადაც თქვენი პაციენტის ჯანმრთელობა მოგევლინებათ. ამისთვის ზოგჯერ იქნებ თქვენი ჯანმრთელობის მსხვერპლის გაღებაც გახდეს საჭირო. ესაა სწორედ ის, რასაც თავგანწირვა ჰქვია. მენდეთ, რომ სწორედ ამისთვის ღირს სიცოცხლე”.


* * *

ამ დიდ დასტაქარს ძალზე მნიშვნელოვნად მიაჩნდა პაციენტის ფსიქიკური მომზადებაც, განსაკუთრებით - ხანდაზმული, მძიმე გართულებებითა და უკურნებელი სნეულებებით, სხვადასხვა ორგანოს ავთვისებიანი სიმსივნით შეპყრობილი პაციენტებისა: “თუ თქვენ ავადმყოფის ჭირ-ვარამს გაიზიარებთ, თანაუგრძნობთ, არ დაზოგავთ თქვენს ცოდნას, გამოცდილებას, ჩასწვდებით დაავადებული ადამიანის ბუნებას, მის ხასიათს, ავადმყოფი იგრძნობს, რომ მის სასთუმალთან არის მხსნელი, რომელიც აუცილებლად მოარჩენს მას. ასეთი შთაგონება მკურნალობის ფაქტორია. ექიმმა უნდა შეძლოს, ავადმყოფს დაუბრუნოს რწმენა განკურნებისა, სიცოცხლისა!”. “ქირურგი შეიძლება შეცდეს, მაგრამ სწორედ აქ უნდა გამოვლინდეს მისი ზნეობრივი სიმაღლე - კი არ მიჩქმალოს დაშვებული შეცდომა, არამედ ობიექტურად აღიაროს და კრიტიკულად გააანალიზოს იგი; და ეს გახდება საწინდარი მომავალში შეცდომის ლიკვიდაციისა! - ბრძანებდა ბატონი ეგნატე, - არაფერი არ დაფაროთ, დროულად გამჟღავნებულ შეცდომას ეშველება და დანაშაულიც შეგიმსუბუქდებათ”. “თითოეული ჩვენი მარცხი მომავალში გამარჯვებას, ჩვენი ცოდნის გაღრმავებას უნდა ემსახურებოდეს. ყველა შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ სიკვდილის არა მარტო ძირითადი მიზეზი, არამედ ყველა ის გართულება თუ თანაარსებული დაავადება, რომელიც არ იყო ამოცნობილი და რომელმაც დაამძიმა ავადმყოფის მდგომარეობა”.

* * *

თავისი მოღვაწეობის დასაწყისს, იმ ადამიანებს, ვინც პროფესიულ საქმიანობაში გზა გაუკაფა, ეგნატე ფიფია ასე იგონებდა: “დიდი ამაგი აქვს ჩემზე გრ. მუხაძეს. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მან, როგორც უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის დეკანმა, პროფ ნ. კახიანის შუამდგომლობით დამნიშნა ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის პრეპარატორად და თვეში 25 მანეთს ვიღებდი იმ პერიოდში, როდესაც სტუდენტებს სტიპენდია საერთოდ არ ეძლეოდათ. მინდოდა გამემართლებინა ამ ადამიანების ნდობა და მეც დიდი მონდომებით ვმუშაობდი დილის 7 საათიდან საღამოს 6 საათამდე, შუალედებში კი ლექცია-პრაქტიკუმებს ვესწრებოდი. ამ კათედრაზე მუშაობამ დიდი ცოდნა და გამოცდილება შემძინა. ნ. კახიანის მითითებით, სტუდენტებს შორის მე შევარჩიე ნიჭიერი და კარგი მომავლის მქონე  მ. ჩაჩავა, ი. დავითაია, შ. თოფურია და ლ. ქვარიანი. მართალია, ისინი უხელფასოდ მუშაობდნენ პრეპარატორებად, მაგრამ მუშაობდნენ დიდი გულმოდგინებით, ამზადებდნენ პრეპარატებს, გვამებზე აკეთებდნენ სხვადასხვა ოპერაციას. ამ კეთედრაზე მუშაობა როგორც მე, ისე ჩემს ამხანაგებს მომავალ პრაქტიკულ მუშაობაში ძალიან დაგვეხმარა. ნ. კახიანის გარდაცვალების შემდეგ ცაში გამოკიდულივით დავრჩი, რადგან მისი შუამდგომლობა ჩემი უმცროს ასისტენტად დანიშვნის შესახებ, რომელიც კლინიკის თანამშრომელთა გადაჯგუფებასთან იყო დაკავშირებული, უყურადღებოდ დარჩა და ჩემთვის დაგეგმილი ადგილი სხვამ დაიკავა. დავღონდი; ძვირფასი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ დიდ ტრავმას მეორე მოჰყვა - თითქმის გამზადებული ადგილის დაკარგვა. გაოგნებული დავდიოდი. ამ დროს მოულოდნელად უნივერსიტეტის კართან შემომხვდა გრ. მუხაძე, მკითხა უგუნებობის მიზეზი და მეორე დღისთვის კლინიკაში დამიბარა. მის განმგებლობაში მყოფ კლინიკას თურმე ასისტენტები ემატებოდა და წინადადება მომცა, შემეტანა საბუთები კონკურსში მონაწილეობისათვის. გრ. მუხაძის შუამდგომლობითა და ხელის შეწყობით ამირჩიეს ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასისტენტად. ეს იყო 1930 წელი. ჩემ მიერ შერჩეულ ნიჭიერ სტუდენტებს კი, რომლებიც უკვე ექიმები გახდნენ და ელოდნენ ნ. კახიანის კათედრაზე ორდინატორობას, ასეთივე ბედი ეწიათ - დარჩნენ უადგილოდ, მაგრამ თავისი ნიჭიერებით და შრომისმოყვარეობით მაინც გაიკაფეს გზა. გარდა წმინდა პროფესიული საქმიანობისა, გრ. მუხაძეს თავის მოწაფეებთან ახლო მეგობრული ურთიერთობაც აკავშირებდა. კეთილშობილ ადამიანს საოცრად კეთილი სურვილები და ინტერესებიც ჰქონდა. ყოველგვარი მოვლენისადმი ის ყურადღებას იჩენდა და იყოლიებდა თავის უმცროს კოლეგებს. როდესაც, გრ. მუხაძის რჩევით, მე მოსკოვის გორკის სახელობის ექსპერიმენტული ინსტიტუტის ლაბორატორიაში ვმუშაობდი უკვე სადოქტორო დისერტაციაზე, გრ. მუხაძე იქ ჩამოვიდა და ჩემს ხელმძღვანელს, აკადემიკოს ა. სპერანსკის, ესაუბრა ჩემ შესახებ, რომელმაც თურმე ფრიად დადებითად შემაფასა. აღფრთოვანებულმა გრ. მუხაძემ ის დღე მე შემომწირა: მოისურვა ჩემთან ერთად სოფ. ვსესვიატსკოეში წასვლა, რათა ჩემთვის ეჩვენებინა არჩილ მეფის ნამოსახლარი. დიდხანს დავყავით იქ. გამახსენა არჩილ მეფის რუსეთში გადმოსახლების ისტორია: რომ განსაკუთრებული სითბოთი მიუღია არჩილის ოჯახი პეტრე პირველს, არჩილი დაუსახლებია აქ, ამ მიწაზე. ამ დროს არჩილ მეფე ჩამოსცილებია პოლიტიკურ ცხოვრებას და დაუწყია კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა, შეუქმნია რიგი ნაწარმოებებისა - “თეიმურაზიანი”, “საქართველოს ზნეობანი”, “გაბაასება კაცისა და სოფლისა”, მრავალი ლექსი, თარგმანები და სხვა. აქვე გარდაცვლილა და დაუსაფლავებიათ მოსკოვში, დონის მონასტერში. ასე მონდომებით გადმოგვცემდა ხოლმე მასწავლებელი თავის ცოდნას არამარტო ქირურგიაში. მიუხედავად დაღლილობისა, ბაზარში შევიარეთ (მას ძალიან უყვარდა ბაზარში სიარული, თითქოს ამით ამოწმებდა ამა თუ იმ ქალაქის თუ სოფლის დღევანდელობას; უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ჩვევა მეც დამჩემდა - სადაც არ უნდა ვიყო, ბაზრის უნახავად არ წამოვალ). იყიდა მთელი დღის პროდუქტი, თან მეკითხებოდა: “შენი დიასახლისი თუ დაგვიმზადებს სადილს?” საღამო არანაკლებ ნაყოფიერი გამოდგა: წავედი სამხატვრო თეატრის სპექტაკლზე. გრ. მუხაძის წყალობით, ვნახე დიდებული დადგმა “ანა კარენინა” მაშინდელი რჩეული რუსი მსახიობების მონაწილეობით. რა დამავიწყებს სცენის დიდოსტატებს - ტარასოვას, ხმელიოვს, კნიპერ-ჩეხოვას... თუ არ ვცდები, სწორედ იმ წელიწადს (1937) დაიდგა ლ. ტოლსტოის ეს უკვდავი ნაწარმოები დიდი ტრადიციების სამხატვრო თეატრში. ჩემთვის პირველი შეხვედრა იყო რუსული თეატრის კორიფეებთან და, ამდენად, მონუსხულივით ვიყავი დიდი ხელოვნებით”. ეგნატე ფიფიას უყვარდა თავისი პროფესია, უყვარდა სიცოცხლე. მძიმე სენით დაავადებული, გაემგზავრა მოსკოვში. გაფართოებულმა კონსილიუმმა, რომელშიც საბჭოთა და უცხოელი მეცნიერები მონაწილეობდნენ, დაადასტურა მის მიერ უკვე დასმული დიაგნოზი: თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე - ჰიპერნეფრომა. ეს მისთვის არ იყო მოულოდნელი, რის შესახებაც წერილით აუწყა საყვარელ რძალს ნანას:

“ჩემო საყვარელო ნანა!

ძალიან მენატრება შენი და ბავშვების ნახვა. ამ ბედნიერებას მოკლებული ვარ. ჩემი ავადმყოფობის ბოლო სამი თვის მანძილზე ისე შევხმატკბილდით ერთმანეთს, რომ ყოველი წუთის მოგონება ჩემთვის ძვირფასია და დაუვიწყარი. ჩემო ძვირფასო ადამიანო, შენს ამაგს ღმერთი გადაგიხდის, მე კი განგებამ ამის საშუალება წამართვა. ყველაფერი, რასაც მე ჩემს თავზე ვამბობდი, გამართლდა. თირკმლის სიმსივნე საბოლოოდ დამტკიცდა, ახლა გვრჩება ფილტვების მდგომარეობის გამოკვლევა. აქაც სასიკეთო რამ არ იქნება. თუ აქაც იგივე დადგინდა, რაც თირკმელშია, მაშინ ოპერაცია გამორიცხულია. ოპერაციას აქ არ გავიკეთებ. თუ ეს მიზანშეწონილი იქნა, დე, ჩემს ქვეყანაში მოხდეს ყველაფერი, რაც გარდაუვალია. ჯერჯერობით მორალური წონასწორობა არ დამიკარგავს, მაგრამ უნდა გამოგიტყდე, რომ მედიცინის კარგად მცოდნე კაცისთვის ეს ადვილი საქმე არ ყოფილა. მე კარგად მესმის, რომ სიცოცხლე დაუსრულებელი არ არის, მაგრამ ძალიან მეძნელება ამ ქვეყნიდან წასვლა, რადგან ჩვენი საყვარელი ბავშვები ჩემს ზრუნვას მოკლებული დარჩებიან. მე მინდოდა, ისინი ფეხზე დამდგარი მენახა, მოვსწრებოდი ნიკას სტუდენტობას, გოგიკოს ვაჟიშვილს და ალბათ კიდევ ბევრ სიხარულს, მაგრამ ვინ ყოფილა ბოლომდე ბედნიერი? ჩემი ნატვრაა, რომ ისინი ღირსეული მოქალაქეები იყვნენ, შრომისმოყვარე და პატიოსანი. დამიკოცნე ცაფული, ლალი, გოგა, ნიკა. სიყვარულით მომიკითხე დედა და დათო. მაპატიეთ, თუ გაურკვევლად ვწერ, მაგრამ საწოლში სიცხიანი ვწევარ, თანაც დიდ სისუსტეს ვგრძნობ.

გკოცნი, ჩემო საყვარელო. შენი მამა

მოსკოვი, 18.VI.79”

მთელი სიცოცხლე საყვარელ საქმეს შეალია... გარდაცვალების წინა დღესაც კლინიკაში ყოფილა. მოინახულა მძიმე ავადმყოფები, რჩევა-დარიგება მისცა კლინიკის ექიმებს და დაემშვიდობა. მთელი ღამე ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ ვეღარ მოერია...