დოგმების ტყვეობიდან ანატომიურ რევოლუციამდე: მედიცინა შუა საუკუნეებსა და რენესანსში
სადაც მეცნიერულმა აზროვნებამ ჯერ ღრმა ძილით მიიძინა, ხოლო შემდგომ - რენესანსის ეპოქაში - მანამდე არნახული ძალით გაიღვიძა.
ეს არის მედიცინის განვითარების მეოთხე და მეხუთე ეტაპების ისტორია: გზა მონასტრის კედლებიდან და ანატომიური თეატრებიდან თანამედროვე მედიცინის საწყისებამდე.
რაც შეეხება პირველ სამ ეტაპს, მათზე ვისუაბრეთ წინა სტატიაში ( იხ. როცა მედიცინა მეცნიერებად იქცა: ანტიკური ხანის დიდი რევოლუცია), თუ როგორ მოახდინა ანტიკურმა ხანამ ჰიპოკრატესა და გალენოსის მეთაურობით უდიდესი რევოლუცია და როგორ აქცია მედიცინა მისტიკიდან რაციონალურ მეცნიერებად.
ეტაპი IV: შუა საუკუნეები და ისლამური ოქროს ხანა (V–XV საუკუნეები)
რომის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებულ შუა საუკუნეების ევროპაში მედიცინამ მკვეთრად დაიხია უკან. ანტიკური ხანის რაციონალიზმი რელიგიურმა დოგმატიზმმა ჩაანაცვლა. სნეულება კვლავ განიხილებოდა, როგორც „ცოდვების გამო მოვლენილი სასჯელი“ ან „სულთა გამოცდა“.
ევროპული სტაგნაცია და მონასტრის მედიცინა
დასავლეთ ევროპაში მკურნალობა ძირითადად მონასტრებში გადავიდა. ბერები გულმოდგინედ გადაწერდნენ ძველ ხელნაწერებს, თუმცა ექსპერიმენტები და ახალი ძიებები აკრძალული იყო. ქრისტიანულმა ეკლესიამ მკაცრად აკრძალა ადამიანის გვამის გაკვეთა, რადგან მიიჩნეოდა, რომ ეს სხეულის მკვდრეთით აღდგომის იდეას ეწინააღმდეგებოდა.
ამ ეპოქის ევროპული სამედიცინო პრაქტიკის „შემოქმედება“ ხშირად შემოიფარგლებოდა ორი რამით: სისხლის გამოშვებით (რომელსაც თითქმის ყველა სნეულების უნივერსალურად მიიჩნევდნენ) და შარდის ფერზე დაკვირვებით (უროსკოპია). თუმცა, შუა საუკუნეებს აქვს ერთი უდიდესი პოზიტიური დამსახურებაც - სწორედ სამონასტრო ქსელების ბაზაზე გაჩნდა პირველი საავადმყოფოების (ჰოსპიტლების) პროტოტიპები, სადაც უპოვართა და სნეულთა მოვლა ხდებოდა.
ისლამური ოქროს ხანა: მეცნიერების გადარჩენა აღმოსავლეთში
სანამ ევროპა ეპიდემიებისა და დოგმების წყვდიადში იყო ჩაძირული, მედიცინის ჩირაღდანი აღმოსავლეთმა, კერძოდ, არაბულმა სახალიფომ გადაიბარა. ბაღდადში, კორდობასა და კაიროში გაიხსნა უდიდესი სამედიცინო აკადემიები და ბრწყინვალედ აღჭურვილი საავადმყოფოები (ბიმარისტანები), სადაც პაციენტებს რელიგიური კუთვნილების მიუხედავად მკურნალობდნენ.
ამ ეპოქის გიგანტი იყო იბნ სინა, დასავლეთში ცნობილი როგორც ავიცენა (980–1037 წწ.). მისმა ფუნდამენტურმა ნაშრომმა, „სამედიცინო მეცნიერების კანონმა“, შეაჯამა და სისტემაში მოიყვანა ბერძნული და რომაული სამედიცინო მემკვიდრეობა. ავიცენამ პირველმა ივარაუდა, რომ არსებობენ თვალით უხილავი მიკროორგანიზმები, რომლებიც წყლითა და ჰაერით ავრცელებენ ინფექციებს, და შემოიღო კარანტინის (ორმოცდღიანი იზოლაციის) პრინციპი ეპიდემიების შესაჩერებლად. მისი წიგნი მომდევნო 500 წლის მანძილზე ევროპის უნივერსიტეტებშიც კი მთავარ სახელმძღვანელოდ რჩებოდა.
ჩვენი ეროვნული კონტექსტი: საინტერესოა, რომ სწორედ ამ პერიოდში (XI-XII საუკუნეები) საქართველოშიც, რენესანსისწინა ეპოქაში, იქმნება უმნიშვნელოვანესი სამედიცინო ძეგლები - ქანანელის „უსწორო კარაბადინი“ და ხოჯაყოფილის „წიგნი სააქიმოჲ“. ეს ნაშრომები მოწმობს, რომ ქართული სამედიცინო აზრი მჭიდროდ იყო დაკავშირებული როგორც ანტიკურ, ისე აღმოსავლურ მოწინავე პრაქტიკასთან.
ეტაპი V: რენესანსი და სამეცნიერო რევოლუცია (XV–XVII საუკუნეები)
XV საუკუნიდან ევროპაში იწყება დიდი გამოღვიძება — რენესანსი. ჰუმანიზმის იდეებმა, წიგნის ბეჭდვის გამოგონებამ და ხელოვნების აღორძინებამ საფუძველი შეურყია ძველ საეკლესიო ავტორიტეტებს. ექიმებმა გააცნობიერეს: გალენოსის 1300 წლის წინანდელი წიგნების ბრმად დაჯერება საკმარისი აღარ არის, საჭიროა სხეულის ხელახლა, საკუთარი თვალით შესწავლა.
ანდრეას ვეზალიუსი და ანატომიური რევოლუცია
თუკი გალენოსს ანტიკური მედიცინის მამას ვუწოდებთ, ანდრეას ვეზალიუსი (1514–1564) თანამედროვე ანატომიის მამაა. ეს ახალგაზრდა ბელგიელი პროფესორი პადუას უნივერსიტეტში ტრადიციული სწავლების წინააღმდეგ წავიდა. მანამდე პროფესორები კათედრიდან კითხულობდნენ გალენოსის ტექსტებს, ხოლო გვამს უცოდინარი დალაქი კვეთდა. ვეზალიუსმა თავად აიღო ხელში სკალპელი.
მან აღმოაჩინა, რომ გალენოსს ადამიანის გვამი კი არა, ღორები და მაიმუნები ჰყავდა გაკვეთილი, რის გამოც მის ნაშრომებში 2000-ზე მეტი უზუსტობა და შეცდომა იყო. 1543 წელს ვეზალიუსმა გამოსცა ეპოქალური ილუსტრირებული წიგნი „ადამიანის სხეულის აგებულების შესახებ“ (De humani corporis fabrica). ამ წიგნმა ანატომია ზუსტ, მეცნიერულ დისციპლინად აქცია.
უილიამ ჰარვეი და სისხლის მიმოქცევის საიდუმლო
ანატომიურმა აღმოჩენებმა ბუნებრივად შვა კითხვა: როგორ მუშაობს ეს სხეული? ამ კითხვას გენიალურად უპასუხა ინგლისელმა ექიმმა უილიამ ჰარვეიმ (1578–1657).
საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა, რომ სისხლი ღვიძლში წარმოიქმნებოდა, მიედინებოდა ორგანოებისკენ და იქ „საკვებად იხარჯებოდა“. ჰარვეიმ მათემატიკური სიზუსტით გამოთვალა, რომ გულის მიერ ერთ საათში გადატუმბული სისხლის რაოდენობა ბევრად აღემატებოდა ადამიანის მთლიან წონას. შესაბამისად, სისხლი კი არ იხარჯებოდა, არამედ წრეზე ბრუნავდა. 1628 წელს მან აღწერა სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრეები და დაამტკიცა, რომ გული არის კუნთოვანი ტუმბო. ამ აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ფიზიოლოგიასა და კარდიოლოგიას.
მიკროსკოპის გამოჩენა - უხილავი სამყაროს კარიბჭე
რენესანსისა და სამეცნიერო რევოლუციის ეტაპი სიმბოლურად დასრულდა მაშინ, როდესაც ადამიანის თვალმა იმაზე შორს გაიხედა, ვიდრე ოდესმე ეფიქრათ. XVII საუკუნის მიწურულს, ნიდერლანდელმა ანტონი ვან ლევენჰუკმა (1632–1723) სრულყო მიკროსკოპის ლინზები და წყლის წვეთში, ნერწყვსა და სისხლში აღმოაჩინა უცნაური, მოძრავი „პატარა ცხოველები“ — ბაქტერიები და ერითროციტები. თუმცა, მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ სწორედ ეს უხილავი არსებები იყვნენ კაცობრიობის უმთავრესი მტრები — მომაკვდინებელი დაავადებების გამომწვევები.
ამრიგად, მედიცინის განვითარების მეოთხე და მეხუთე ეტაპებმა გვიჩვენა უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი: მეცნიერება ვერ ვითარდება თავისუფლების, კრიტიკული აზროვნებისა და ექსპერიმენტის გარეშე. შუა საუკუნეების სტაგნაციიდან რენესანსის ეპოქალურ აფეთქებამდე გზა სავსე იყო რისკით - ვეზალიუსსა და ჰარვეის უამრავი მტერი ჰყავდათ, მათ გიჟებადაც კი მიიჩნევდნენ, თუმცა ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა.
სწორედ ამ ორმა ეპოქამ მოამზადა ნიადაგი შემდეგი - მეექვსე ეტაპისთვის, სადაც კაცობრიობა უკვე უშუალოდ შეუტევს ეპიდემიებს, აღმოაჩენს ვაქცინებსა და ნარკოზს, რაზეც ჩვენს მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.
მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა