აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა

9 იანვარს 75 წელი შეუსრულდებოდა საქართველოში თანამედროვე რადიოლოგიის სკოლის ფუძემდებელს, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას, მეცნიერს, ნოვატორს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მედიცინა 30 წლით მაინც დააწინაურა ამ დარგში. იგი გახლდათ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დამაარსებელი და სიცოცხლის ბოლომდე მისი ხელმძღვანელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.

ფრიდონ თოდუამ უზარმაზარი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში. ის, სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან ერთად, საქართველოს ისტორიაში შევიდა როგორც ფართო დიაპაზონის მეცნიერი, გამოჩენილი პედაგოგი, სახელგანთქმული მკურნალი, სამედიცინო საქმის შესანიშნავი ორგანიზატორი, დაუშრეტელი ენერგიის, დიდი ერუდიციის მქონე პიროვნება.

ფრიდონ თოდუას დამოუკიდებელი მოღვაწეობა იწყება 1968 წლიდან, როდესაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მუშაობას მოსკოვში, ა. ვ. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში აგრძელებს. აქ მან, საბჭოთა კავშირში პირველად, შექმნა კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილება. მოსკოვშივე დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები.

„ადამიანში ყველაზე დიდი გრძნობა სამშობლოს სიყვარულია. ჩემი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი რუსეთში გავატარე, მაგრამ უზომოდ მიყვარს საყვარელი საქართველო და მშობლიური ზუგდიდი“ - სწორედ ამ გრძნობამ დააბრუნა ფრიდონ თოდუა 1990 წელს საქართველოში. „მე ვიყავი ძალიან პოპულარული კაცი მოსკოვსა და მთლიანად საბჭოთა კავშირში, მიღებული მქონდა მრავალი ჯილდო, საკავშირო პრემიები, ხარისხები, იქ გავხდი პროფესორი, მაგრამ ყოველი ქართველი ვალდებულია, ოდესმე დაბრუნდეს სამშობლოში. მეც ყოველთვის ვგრძნობდი სამშობლოს ძახილს და ვიცოდი, რომ უნდა დავბრუნებულიყავი საქართველოში“.

ქვეყნისათვის უმძიმეს და ურთულეს პერიოდში, უდიდესი შრომითა და ძალისხმევით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში პირველ, უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს.

„ახლა შეიძლება ძნელი დასაჯერებელიც კი იყოს, მაგრამ ფაქტობრივად ცარიელ ადგილას მოვედი, არც შენობა, არც კაბინეტი. ყველაფრის შოვნა თავად მომიხდა. მშენებელიც მე ვიყავი, ადმინისტრატორიც, ბუღალტერიც. ასე დაიწყო ჩემი სამეცნიერო კარიერა თბილისში. მოსკოვში დავტოვე ყველაფერი - აწყობილი ცხოვრება, ავტორიტეტული სამსახური, თანამდებობა. აქ ჭერიც არ გვქონდა. ჩვენი ინსტიტუტის სიამაყე კომპიუტერული ტომოგრაფი ექვს თვეზე მეტხანს სადღაც ფარდულში ეგდო“. ამის შემდეგ ბატონი ფრიდონის დაუღალავი შრომისა და თავდადების წყალობით ინსტიტუტი გაიზარდა, ძალა მოიკრიბა, გაფართოვდა, სტაციონარიც გაიხსნა, პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად სამეცნიერო მუშაობაც აქტიურად წარიმართა.

ფრიდონ თოდუა მრავალი ჯილდოს მფლობელი იყო. ის გახლდათ ა. ა. ვიშნევსკის (1979), ა. ვ. ვიშნევსკის (1986), ა. ჩაჩავას (1994), ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის (2008), აკად. გრ. მუხაძის (2010) სახელობითი პრემიების ლაურეატი. მიღებული აქვს ევროპის ღირსების ორდენი ერთიანი ევროპის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის (1999), მალტის ორდენი (1999), ბელგიის სამეფო კარის შევალიეს წოდება (1999), ანდრია პირველწოდებულის ორდენი (2000), ალბერტ შვაიცერის ორდენი „ჰუმანიზმისა და ხალხის სამსახურისათვის“ (2003), ვახტანგ გორგასლის ორდენი (2009), პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი (2010), საფრანგეთის მთავრობისაგან „მადლიერების ჯვარი დიდი ქველმოქმედებისა და საქმის ერთგულებისათვის“ (2004). ფრიდონ თოდუა 2003, 2008, 2011 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების ბიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ აღიარებული იყო „წლის საუკეთესო ადამიანად“ „საზოგადოების წინაშე კეთილშობილური მიღწევებისათვის“. ამავე ინსტიტუტმა 2010 წელს მას საერთაშორისო ელჩის ორდენი მიანიჭა. 2014 წელს გადაეცა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო „წმინდა გიორგის ორდენი“ „საქართველოში მედიცინის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის“.

ფრიდონ თოდუა აირჩიეს ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის აკადემიკოსად (2010), რუსეთის სამედიცინო-ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (2012), გრაცის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის (2010), ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (2010), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა (2015) და აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (2016) საპატიო დოქტორად.

ბატონ ფრიდონს საოცარი ადამიანური ხიბლი გააჩნდა. მას უტყუარი ალღოს წყალობით შეეძლო, კლინიკასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში წინასწარ განესაზღვრა მოვლენათა მსვლელობა, ამიტომაც კარგი მრჩეველი და გზის მაჩვენებელიც გახლდათ. დასამახსოვრებელი იყო მისი ყოველთვის ნათელი და დასაბუთებული ლოგიკური მსჯელობანი. „ყოველი ცივილიზებული სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა ფუნდამენტური მეცნიერების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის ზრუნვა. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სირთულეების ფონზე მეცნიერება ერთ-ერთი ყველაზე უმწეო სფერო ხდება, რომელსაც აუცილებლად სჭირდება, ისევე როგორც განათლებასა და სამედიცინო დახმარებას, სახელმწიფო მხარდაჭერა, თუ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს სურს ჰქონდეს მომავალი და მით უმეტეს, მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების ერთიან ოჯახში გაწევრიანების პერსპექტივა“.

ფრიდონ თოდუა ბედნიერ ვარსკვლავზე იყო დაბადებული, რადგან განგებამ დაანათლა ხალასი ნიჭი, დაუშრეტელი ენერგია, დიდი შრომისმოყვარეობა, კაცთმოყვარეობა, შემოქმედებითი აზროვნება და შეახვედრა არაჩვეულებრივი მეუღლე, ქალბატონი თინათინ შენგელაია - რომელიც თავისი სათნოებით, შინაგანი თუ გარეგნული მშვენიერებით, ექიმისათვის აუცილებელი გულისხმიერებით, ყოველთვის უმშვენებდა მხარს ბატონ ფრიდონს. მეუღლესთან ერთად ინაწილებდა ცხოვრებისეულ სიხარულსა თუ საწუხარს. მათ ღირსეულ ცხოვრებას კი უფრო მეტ ხიბლს სძენდა ქალიშვილი ნინო და ორი უმშვენიერესი შვილიშვილი, გიორგი და ნიკოლოზი.

ფრიდონ თოდუას ხსენებაც საკმარისია, რომ ადამიანს უდიდესი ნიჭისა და შემართების პიროვნება წარმოესახოს.