აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა

აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა
„ნებისმიერი წარმატება ათმაგ კმაყოფილებას განიჭებს, თუ მას შენს ქვეყანაში მიაღწიე“ 9 იანვარს 75 წელი შეუსრულდებოდა საქართველოში თანამედროვე რადიოლოგიის სკოლის ფუძემდებელს, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას, მეცნიერს, ნოვატორს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მედიცინა 30 წლით მაინც დააწინაურა ამ დარგში. იგი გახლდათ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დამაარსებელი და სიცოცხლის ბოლომდე მისი ხელმძღვანელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.

ფრიდონ თოდუამ უზარმაზარი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში. ის, სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან ერთად, საქართველოს ისტორიაში შევიდა როგორც ფართო დიაპაზონის
მეცნიერი, გამოჩენილი პედაგოგი, სახელგანთქმული მკურნალი, სამედიცინო საქმის შესანიშნავი ორგანიზატორი, დაუშრეტელი ენერგიის, დიდი ერუდიციის მქონე პიროვნება.

ფრიდონ თოდუას დამოუკიდებელი მოღვაწეობა იწყება 1968 წლიდან, როდესაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მუშაობას მოსკოვში, ა. ვ. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში აგრძელებს. აქ მან, საბჭოთა კავშირში პირველად, შექმნა კომპიუტერული
ტომოგრაფიის განყოფილება. მოსკოვშივე დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები.

„ადამიანში ყველაზე დიდი გრძნობა სამშობლოს სიყვარულია. ჩემი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი რუსეთში გავატარე, მაგრამ უზომოდ მიყვარს საყვარელი საქართველო და მშობლიური ზუგდიდი“ - სწორედ ამ გრძნობამ დააბრუნა ფრიდონ თოდუა 1990 წელს საქართველოში. „მე ვიყავი ძალიან პოპულარული კაცი მოსკოვსა და მთლიანად საბჭოთა კავშირში, მიღებული მქონდა მრავალი ჯილდო, საკავშირო პრემიები, ხარისხები, იქ გავხდი პროფესორი, მაგრამ ყოველი ქართველი ვალდებულია, ოდესმე დაბრუნდეს სამშობლოში. მეც ყოველთვის ვგრძნობდი სამშობლოს ძახილს და ვიცოდი, რომ უნდა დავბრუნებულიყავი საქართველოში“.

ქვეყნისათვის უმძიმეს და ურთულეს პერიოდში, უდიდესი შრომითა და ძალისხმევით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში პირველ, უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს.

„ახლა შეიძლება ძნელი დასაჯერებელიც კი იყოს, მაგრამ ფაქტობრივად ცარიელ ადგილას მოვედი, არც შენობა, არც კაბინეტი. ყველაფრის შოვნა თავად მომიხდა. მშენებელიც მე ვიყავი, ადმინისტრატორიც, ბუღალტერიც. ასე დაიწყო ჩემი სამეცნიერო კარიერა თბილისში. მოსკოვში დავტოვე ყველაფერი - აწყობილი ცხოვრება, ავტორიტეტული სამსახური, თანამდებობა. აქ ჭერიც არ გვქონდა. ჩვენი ინსტიტუტის სიამაყე კომპიუტერული ტომოგრაფი ექვს თვეზე მეტხანს სადღაც ფარდულში ეგდო“. ამის შემდეგ ბატონი ფრიდონის დაუღალავი შრომისა და თავდადების წყალობით ინსტიტუტი გაიზარდა, ძალა მოიკრიბა, გაფართოვდა, სტაციონარიც გაიხსნა, პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად სამეცნიერო მუშაობაც აქტიურად წარიმართა.

ფრიდონ თოდუა მრავალი ჯილდოს მფლობელი იყო. ის გახლდათ ა. ა. ვიშნევსკის (1979), ა. ვ. ვიშნევსკის (1986), ა. ჩაჩავას (1994), ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის (2008), აკად. გრ. მუხაძის (2010) სახელობითი პრემიების ლაურეატი. მიღებული აქვს ევროპის ღირსების ორდენი ერთიანი ევროპის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის (1999), მალტის ორდენი (1999), ბელგიის სამეფო კარის შევალიეს წოდება (1999), ანდრია პირველწოდებულის ორდენი (2000), ალბერტ შვაიცერის ორდენი „ჰუმანიზმისა და ხალხის სამსახურისათვის“ (2003), ვახტანგ გორგასლის ორდენი (2009), პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი (2010), საფრანგეთის მთავრობისაგან „მადლიერების ჯვარი დიდი ქველმოქმედებისა და საქმის ერთგულებისათვის“ (2004). ფრიდონ თოდუა 2003, 2008, 2011 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების ბიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ აღიარებული იყო „წლის საუკეთესო ადამიანად“ „საზოგადოების წინაშე კეთილშობილური მიღწევებისათვის“. ამავე ინსტიტუტმა 2010 წელს მას საერთაშორისო ელჩის ორდენი მიანიჭა. 2014 წელს გადაეცა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო „წმინდა გიორგის ორდენი“ „საქართველოში მედიცინის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის“.

ფრიდონ თოდუა აირჩიეს ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის აკადემიკოსად (2010), რუსეთის სამედიცინო-ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (2012), გრაცის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის (2010), ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (2010), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა (2015) და აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (2016) საპატიო დოქტორად.

ბატონ ფრიდონს საოცარი ადამიანური ხიბლი გააჩნდა. მას უტყუარი ალღოს წყალობით შეეძლო, კლინიკასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში წინასწარ განესაზღვრა მოვლენათა მსვლელობა, ამიტომაც კარგი მრჩეველი და გზის მაჩვენებელიც გახლდათ. დასამახსოვრებელი იყო მისი ყოველთვის ნათელი და დასაბუთებული ლოგიკური მსჯელობანი. „ყოველი ცივილიზებული სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა ფუნდამენტური მეცნიერების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის ზრუნვა. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სირთულეების ფონზე მეცნიერება ერთ-ერთი ყველაზე უმწეო სფერო ხდება, რომელსაც აუცილებლად სჭირდება, ისევე როგორც განათლებასა და სამედიცინო დახმარებას, სახელმწიფო მხარდაჭერა, თუ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს სურს ჰქონდეს მომავალი და მით უმეტეს, მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების ერთიან ოჯახში გაწევრიანების პერსპექტივა“.

ფრიდონ თოდუა ბედნიერ ვარსკვლავზე იყო დაბადებული, რადგან განგებამ დაანათლა ხალასი ნიჭი, დაუშრეტელი ენერგია, დიდი შრომისმოყვარეობა, კაცთმოყვარეობა, შემოქმედებითი აზროვნება და შეახვედრა არაჩვეულებრივი მეუღლე, ქალბატონი თინათინ შენგელაია - რომელიც თავისი სათნოებით, შინაგანი თუ გარეგნული მშვენიერებით, ექიმისათვის აუცილებელი გულისხმიერებით, ყოველთვის უმშვენებდა მხარს ბატონ ფრიდონს. მეუღლესთან ერთად ინაწილებდა ცხოვრებისეულ სიხარულსა თუ საწუხარს. მათ ღირსეულ ცხოვრებას კი უფრო მეტ ხიბლს სძენდა ქალიშვილი ნინო და ორი უმშვენიერესი შვილიშვილი, გიორგი და ნიკოლოზი.

ფრიდონ თოდუას ხსენებაც საკმარისია, რომ ადამიანს უდიდესი ნიჭისა და შემართების პიროვნება წარმოესახოს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
როგორ შეიქმნა კბილის პასტა? როგორი იყო პირველი კბილის ჯაგრისი? რით იხეხავდნენ (იწმენდნენ) კბილებს ჩვენი წინაპრები?
მეცნიერები ფიქრობენ, რომ კიბოთი თანამედროვე ადამიანების წინაპრები ავადობდნენ. ამ დაავადების კვალი აღმოაჩინეს
წითელა - ვირუსული დაავადებაა, რომელიც ბავშვთა ინფექციებს მიეკუთვნება. წითელას საწინააღმდეგო
ამა წლის 25-27 ივნისს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ბერიტაშვილის საუბრები I,
მედიცინის ამ დარგის ისტორია იწყება მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან. 1846 წლის 16 ოქტომბერს, ამერიკელმა კბილის ექიმმა, ტომას მორტონმა, ეთერის ნარკოზით ჩაატარა ოპერაცია და პირველად, სახალხოდ გაუკეთა დემონსტრირება ანესთეზიის წარმატებულ გამოყენებას.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად