თენგიზ ონიანი - სახელოვანი მეცნიერი, დიდი პიროვნება და შემოქმედი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თენგიზ ონიანი - სახელოვანი მეცნიერი, დიდი პიროვნება და შემოქმედი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ივანე ბერიტაშვილის ერთ-ერთ გამორჩეულ მოწაფეს, საქართველოში ძილის საბაზისო და ძილის დარღვევათა პათოფიზიოლოგიის კვლევითი მიმართულებების დამაარსებელს, გამოჩენილ მეცნიერს - თენგიზ ონიანს, წელს 90 წელი შეუსრულდებოდა.

50 წლის იუბილე აქვს წელს მის მიერ დაფუძნებულ ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელ ლაბორატორიას. სწორედ ამ საიუბილეო თარიღებს მიეძღვნა ამა წლის 25-27 ივნისს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენცია „ბერიტაშვილის საუბრები I, ნეიროფიზიოლოგიური ფუნქციები და მათი დარღვევები - ინტერდისციპლინური კვლევები“. კონფერენციაში მონაწილე ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ერთად მოიგონეს დიდი მეცნიერი, მისი შემოქმედება და ნამოღვაწარი, გაიხსენეს მასთან ერთად გატარებული დღეები.

* * *

დღესაც მახსოვს ბატონ თენგიზ ონიანთან პირველი შეხვედრა და ამ დიდებული ადამიანის გაცნობის ემოცია. ახალგაზრდა ასპირანტებისათვის, საზოგადოდ, დიდი პატივი და ბედნიერებაა ასეთ ბუმბერაზ მეცნიერებთან ურთიერთობა, მათთან საუბარი და სიახლოვე. ბატონი თენგიზის რამდენიმე შრომას (ძილის ფიზიოლოგიასთან დაკავშირებულს) ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან ვიცნობდი, შესაბამისად, ვიცოდი, რომ ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელ ლაბორატორიას ის ხელმძღვანელობდა. ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერის პოზიციაზე დანიშნულს კი მისი ახლოს გაცნობის ბედნიერება მერგო.

სპორტული აღნაგობის, ვაჟკაცური იერ-სახის, ახოვანი მეცნიერი, სვანური ქუდით დამშვენებული, დინჯად და ამაყად მოაბიჯებდა ხოლმე ინსტიტუტში. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა სვანურ ქუდთან მისი დამოკიდებულება - ისე იხდიდა და იხურავდა, თითქოს მთელ სვანეთს ეალერსებაო.

საოცრად შთამბეჭდავი იყო ინსტიტუტის თანამშრომელთა, ასაკოვანი თუ ახალგაზრდა მეცნიერების უდიდესი პატივით, მოწიწებითა და სიყვარულით გამსჭვალული დამოკიდებულება ბ-ნი თენგიზისადმი.

თენგიზ ონიანი დააკლდა არა მხოლოდ ოჯახს, მეგობრებს, სვანეთს, საყვარელ ლაბორატორიასა და ინსტიტუტს, არამედ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, მთელ ქვეყანასა და მსოფლიო მეცნიერებას!

ცოტა რამ ბიოგრაფიიდან

თენგიზ ონიანი 1928 წლის 25 ივნისს ლენტეხის რაიონის სოფელ სასაშში დაიბადა. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა და მშობლიურ სკოლაშივე ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. დიდი ფიზიკური ძალისა და სპორტული მონაცემების გამო მაშინდელი ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი გახდა, სადაც ცოდნას მოწყურებული ახალგაზრდის ინტერესი, როგორც ჩანს, სრულად ვერ დაკმაყოფილდა და მალევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა.

ნეიროფიზიოლოგიის სფეროში მუშაობა 1950-იანი წლებიდან, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო და სულ მალე ბერიტაშვილის წარმატებული მოწაფე გახდა.

1979 წელს თენგიზ ონიანი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა აკადემიკოსი გახდა. მისმა მონოგრაფიებმა ნეიროფიზიოლოგებისთვის უმაღლესი ჯილდოები - ივანე ბერიტაშვილისა და ივანე თარხნიშვილის სახელობითი პრემიები მიიღო.

ათეულობით წლების განმავლობაში თენგიზ ონიანის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევები საფუძვლად დაედო საქართველოში ძილის მედიცინის განვითარებას, მის მიერ მიღებულმა სამეცნიერო შედეგებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ძილის ფენომენოლოგია, წარმოდგენები ძილის ფაზათა ნეირობიოლოგიურ მექანიზმებსა და ფუნქციებზე ნორმისას და სხვადასხვა პათოლოგიის დროს.

აკადემიკოს თენგიზ ონიანის წვლილი მოტივაციურ-ემოციური რეაქციების ნეიროფიზიოლოგიის, ძილის ფენომენოლოგიის, ძილ-ღვიძილის ციკლის ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმებისა და ფუნქციური დანიშნულების, ძილის დარღვევათა პათოფიზიოლოგიის კვლევაში ზედმიწევნით არის ასახული მის მეცნიერულ მემკვიდრეობაში, რაც სამასამდე სამეცნიერო სტატიას, ექვს თემატურ კრებულს და სამ მონოგრაფიას შეადგენს.

აკადემიკოს თენგიზ ონიანის სახელს უკავშირდება ბევრი ახალგაზრდის დაინტერესება მეცნიერებით, კერძოდ, ნეიროფიზიოლოგიით. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 30-მდე საკანდიდატო, 7 მეცნიერებათა დოქტორისა და 3 აკადემიური სადოქტორო დისერტაცია. ბატონი თენგიზის აღზრდილები წარმატებით განაგრძობენ მეცნიერულ მოღვაწეობას მის მიერ 50 წლის წინ დაფუძნებულ ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიაში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის სამეცნიერო ლაბორატორიებში.

ბატონი თენგიზი 1980 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და ექსპერიმენტული მედიცინის (შემდგომში - ფიზიოლოგიისა და მედიცინის) განყოფილებას, იყო საქართველოს პარლამენტის მეოთხე მოწვევის წევრი. გამორჩეული პიროვნული და მოქალაქეობრივი თვისებების, დიდი მეცნიერული ავტორიტეტისა და დამსახურების გამო მიღებული ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - „ღირსების ორდენი“.

თენგიზ ონიანს იხსენებენ კოლეგები და მეგობრები

ნარგიზ ნაჭყებია

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის გამგე:

- ბატონი თენგიზი გახლდათ საქართველოში ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიისა და ძილის დარღვევების პათოფიზიოლოგიის კვლევითი მიმართულებების დამაარსებელი და უცვლელი სამეცნიერო ლიდერი. მისი ხელმძღვანელობით ლაბორატორიამ, რომელსაც მიმდინარე წელს დაარსებიდან 50 წელი შეუსრულდა, დიდ წარმატებებს მიაღწია, რაც ბატონი თენგიზის ავტორიტეტის, ნიჭიერების, ღრმა მეცნიერული აზროვნებისა და შრომისმოყვარეობის შედეგი იყო.

მეცნიერული კვლევები მისი ცხოვრების ძირითადი პრიორიტეტი იყო, ლაბორატორია კი მეორე ბინა. ბატონი თენგიზის ნაყოფიერი მეცნიერული მოღვაწეობის პირველი ნაწილი კუნთოვანი უჯრედის მემბრანისა და მიოფიბრილების ურთიერთკავშირის ნატიფი ასპექტების კვლევას უკავშირდებოდა. ამ თემაზე დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები და გამოაქვეყნა ორი მნიშვნელოვანი მონოგრაფია, რომელთაც ახლაც არ დაუკარგავთ აქტუალობა ამ სფეროში მომუშავე მეცნიერებისთვის. ბატონ თენგიზს ძალიან იზიდავდა ფიზიოლოგიის ეს მიმართულება, რომელიც იმ დროისთვის განსაკუთრებით აქტუალური იყო, მაგრამ ანგარიში გაუწია დიდი მასწავლებლის, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის სურვილს და სრულიად შეცვალა მეცნიერული კვლევების მიმართულება. ბატონი ივანეს სურვილი კი ის იყო, რომ მისი მოწაფე მოტივაციურ-ემოციური ქცევების ელექტროფიზიოლოგიურ კვლევებს ჩასდგომოდა სათავეში, რაც იმ პერიოდში ფიზიოლოგიის ინსტიტუტსა და საზოგადოდ, საქართველოში, ახალი კვლევითი მიმართულების დაარსებას ნიშნავდა.

ბატონი თენგიზის უდიდესი პირადი აქტივობით 1968 წელს შეიქმნა ახალი ლაბორატორია, რომელსაც რამდენიმე წელი „შედარებითი ფიზიოლოგიის“ ლაბორატორია ეწოდებოდა. ახალშექმნილ ლაბორატორიაში დაიწყო მოტივაციურ-ემოციური ქცევების ნეიროფიზიოლოგიური კვლევები, რაც ძალიან მალე ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიასთან დაკავშირებულ კვლევებში გადაიზარდა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ის გახლდათ, რომ მოტივაციურ-ემოციური რეაქციების ქცევითი და ელექტროფიზიოლოგიური პარამეტრების სრულყოფილი კვლევისთვის აუცილებელი აღმოჩნდა მათი შესწავლა ძილის სხვადასხვა ქცევითი მდგომარეობის (ფაზის) ფონზე. სწორედ ამიტომ ლაბორატორიის დასახელება შეიცვალა და მას „ძილ-ღიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორია“ ეწოდა, რაც უფრო ზუსტად ასახავდა ლაბორატორიაში მიმდინარე მეცნიერული კვლევების შინაარსს.

ასე შეცვალა ივანე ბერიტაშვილმა პროფესორ თენგიზ ონიანის მეცნიერული მომავალი.

ბატონ თენგიზთან 1970-იან და 1980-იან წლებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად და სადისერტაციო უცხოელი კვლევების შესასრულებლად ახალგაზრდა მეცნიერებიც ჩამოდიოდნენ. მათ რიგს ეკუთვნიან ამჟამად მსოფლიოში კარგად ცნობილი პროფესორები: პიტერ მოლნარი - უნგრეთიდან, რონალ დრეისინი - კანადიდან, დევიდ ადამსი - აშშ-დან, ლუც ლუფბოროუ, ჰაინც რუტრიხი და იურ ბრანკაჩეკი - გერმანიიდან და სხვები.

აკადემიკოს თენგიზ ონიანს უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტი ჰქონდა, რასაც მისი უცხოელი მეგობრების ჩამონათვალიც ცხადყოფს - მსოფლიოში ძილის კვლევისა და ზოგადად ნეიროფიზიოლოგიის კლასიკოსად აღიარებული ფრანგი პროფესორი მიშელ ჟუვე, ძილის კვლევისა და ძილის მედიცინის ერთ-ერთი გამოჩენილი სპეციალისტი, გერმანელი პროფესორი ჰარტმუტ შულცი, ძილის რეგულაციის პირველი თანამედროვე მოდელის ავტორი, პროფესორი ალან ჰობსონი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვები, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ივანე ბერიტაშვილმა გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირით ადრე თავისი ბოლო სურვილი გაამჟღავნა - მას უნდოდა, რომ აკადემიკოსი თენგიზ ონიანი ფიზიოლოგიის ინსტიტუტს ჩასდგომოდა სათავეში. ამით ბატონმა ივანემ კიდევ ერთხელ აღნიშნა თენგიზ ონიანისადმი განსაკუთრებული ნდობა და გამორჩეული დამოკიდებულება, როგორც დიდი მეცნიერული ავტორიტეტის, ისე პიროვნული თვისებების გამო. ივანე ბერიტაშვილის ეს სურვილი შესრულდა - აკადემიკოსი თენგიზ ონიანი ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ერთ-ერთი წარმატებული დირექტორი გახდა. მისი დირექტორობის პერიოდში გაიხსნა რამდენიმე ახალი ლაბორატორია, რითაც მეცნიერული კვლევების მრავალფეროვნების ხარისხი გაიზარდა და ინსტიტუტმა ახალ გამოწვევებს აუბა მხარი.

ბატონი თენგიზის დირექტორობის პერიოდში განახლდა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი „გაგრის საუბრები“, რომელიც ბატონი ივანეს გარდაცვალების შემდეგ აღარ ტარდებოდა.

ბატონი თენგიზი იყო ნოვატორი მეცნიერი და კარგად ესმოდა მეცნიერულ კვლევებში ახალი, თანამედროვე მეთოდების დანერგვის მნიშვნელობა და აუცილებლობა. 1970-იან წლებში, პირველად საქართველოში, ბატონი თენგიზის ლაბორატორიაში ამერიკელი მეცნიერის, დევიდ ადამსის მონაწილეობით, აეწყო სრულიად ახალი მეთოდიკა, რაც თავის ტვინის სიღრმითი სტრუქტურების ცალკეული ნეირონების (ერთდროულად ორი-სამი ნეირონის) განმუხტვების რეგისტრაციის საშუალებას იძლეოდა თავისუფალი ქცევის პირობებში მყოფ ცხოველებთან, თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურის სუმარული ეეგ აქტივობის პარალელურად, ძილ-ღვიძილის ციკლის სხვადასხვა ფაზის მიმდინარეობისას. ამ ტიპის ნატიფმა კვლევებმა მოგვიანებით დიდი როლი შეასრულა ძილ-ღვიძილის ციკლის ფაზათა ბაზისური ნეიროფიზიოლოგიური და ნეიროქიმიური მექანიზმების იდენტიფიკაციაში.

თუკი თვალს გადავავლებთ ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის არსებობის 75-წლიან (1935-2010 წწ.) წარმატებულ ისტორიას, მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავი აკადემიკოს თენგიზ ონიანის მოღვაწეობას უკავშირდება.

თენგიზ ონიანი შემოქმედი პიროვნება იყო და თავის მოთხრობებში სულ მის სათაყვანო სვანეთს დასტრიალებდა თავს. ამის შესანიშნავი მაგალითებია მისი „ბასრა და ბუნჩა“, „ბეთქილის ბილიკებზე“, „ლაშხეთიდან ზეკარამდე“, „ჯარაში და აშდარი“.

ძილისა და სიზმრის ფენომენის ბუნების კვლევამ დიდი სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონასთან“ მიიყვანა და გატაცებით შეუდგა მისი სიბრძნის ანალიზს და მეცნიერულ ტერმინოლოგიასთან შეპირისპირებას. სწორედ ამ დიდი გატაცების შედეგია მისი შესანიშნავი წიგნი „ვარსკვლავმორბედი“, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებში გამოაქვეყნა.

აკადემიკოსი თენგიზ ონიანი 2012 წელს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლომდე იყო მის მიერ დაარსებული კვლევითი მიმართულების უცვლელი მეცნიერული ლიდერი, თანამედროვე, პროგრესულად მოაზროვნე მეცნიერი. მისი იდეები დღესაც ასაზრდოებს მის აღზრდილთა ფართო წრის მეცნიერულ მოღვაწეობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

გურამ ბექაია

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აკადემიკოს ი. ბერიტაშვილის საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მეცნიერ-კონსულტანტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი:

- თენგიზი საოცრად ნიჭიერი, ფართო გაქანებისა და ერუდიციის კაცი იყო. ამავე დროს ძალიან შრომისმოყვარე და დაუზარელი. საოცრად გამჭრიახი გონება და სწრაფად მოსაზრების უნარი ჰქონდა. ფაქტებს, რომლებიც თოთქოს არაფერზე მეტყველებდა, ისე საინტერესოდ აკავშირებდა და ისეთ სიახლეებს პოულობდა ხოლმე, რომ სრულიად მოულოდნელი დასკვნები კეთდებოდა, რომლებიც შემდგომ მთელი რიგი ექსპერიმენტებით მტკიცდებოდა. თუმცა, როდესაც საქმე რაღაც სერიოზულ საკითხს ეხებოდა, ბევრს ფიქრობდა და აანალიზებდა, ყოველმხრივ აწონიდა და ისე იღებდა გადაწყვეტილებას. შესანიშნავი მოჭიდავე, საოცარი ფიზიკური ძალის პატრონი გახლდათ, თუმცა თავის ძალას არასრდოს იმჩნევდა და ამჟღავნებდა, ეს მისი თავმდაბლობის მანიშნებელი იყო. საოცრად გულკეთილი იყო, ვაჟკაცური და ძალიან პატიოსანი, ადამიანის დასახმარებლად შემართული.

მინდა ორი ეპიზოდი გავიხსენო მისი ცხოვრებიდან:

ახალგაზრდობაში ხშირად ვაწყობდით ხოლმე ლაშქრობებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 10 კაცი შევიკრიბებოდით და საძილე ტომრებითა და ზურგჩანთებით შეიარაღებულნი გზას გავუდგებოდით. ერთხელაც მესტიიდან უშგულში მივდივართ, ერთი ცხენი დავიქირავეთ, რომ ჩვენი ბარგი აგვეკიდა და თავისუფლად გვევლო, გზად მიმავალნი მახლობელ სოფელში გავჩერდით, წავიხემსეთ და ის არის, უნდა გავუყვეთ გზას, ისმის ქალის ტირილი - მიშველეთ, ბიჭი ხიდან ჩამოვარდა, ფეხი მოიტეხა, ცხენი მომეცით, რომ მესტიაში წავიყვანოო; მე უკვე ექიმი ვარ იმ პერიოდში, პირველი დახმარება აღმოვუჩინე ბიჭუნას, არტაშანი დავადე, იმობილიზაცია გავუკეთე, შევუკარი და ის იყო ცხენის განთავისუფლება დავიწყეთ, რომ თენგიზმა თქვა - არ გინდათო, მოჰკიდა ბავშვს ხელი, ზურგზე შეისვა და ასე ფეხით ჩაიყვანა მესტიაში. იქ იმხანად ჩემი მეგობარი, ძალიან კარგი ქირურგი, შამილ ფილფანი მუშაობდა, ბიჭი მივუყვანეთ, ჩავაბარეთ და მერე დავეწიეთ ჩვენს გუნდს. ასეთი დაუღალავი და დიდი გულის პატრონი იყო თენგიზი!

1976 თუ 1978 წელს, ზუსტად არ მახსოვს, საბჭოთა კავშირის დელეგაცია ინდოეთში, დელიში გაემგზავრა ფიზიოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე. დელეგაციაში იყვნენ ვაჟა ოკუჯავა, თენგიზ ონიანი და ვახტანგ მოსიძე, დანარჩენი - რუსები, სულ 40 კაცამდე. ორი დღის შემდეგ მოაწყვეს ექსკურსია ოკეანეზე. რუსი ქალების ამბავი მოგეხსენებათ, გაიხარეს, უმალ გაიხადეს და შეცურეს. ისმის საშინელი ყვირილი, აღელდა ოკეანე და თურმე კირა შულეიკინა - საბჭოთა დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, ულამაზესი ქალი, მოსკოველი პროფესორი, იხრჩობა. არ დააყოვნა თენგიზმა, გადახტა და ნაპირზე გამოიყვანა, პირველი დახმარებაც აღმოუჩინა და, მოკლედ, ქალი სიკვდილს გადაარჩინა. იმ საღამოს დელიში გაზეთები იუწყებოდა, რომ საბჭოთა კავშირის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, არარუსმა საქართველოდან, რუსი ქალი გადაარჩინა. ასეთი უშიშარი და თავგანწირული იყო თენგიზი!

ნოდარ მითაგვარია

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ამავე აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის და მეტაბოლიზმის განყოფილების ხელმძღვანელი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი, ამერიკის Valley Cancer Institute (Los Angeles, CA) უფროსი კონსულტანტი და BAO Health Resources Corporation (Tarzana, CA) - სამეცნიერო მრჩეველი:

- ბატონი თენგიზი იყო (სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ „იყო“ და არა - „არის“) ნამდვილად უნიკალური პიროვნება და გამოჩენილი, საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერ-ფიზიოლოგი. მისი უნიკალობა ვლინდებოდა როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი მონაცემებით. ათლეტური აღნაგობით დაწყებული (შეშურდებოდა ნებისმიერ სპორტსმენს), ადამიანური თვისებებით გაგრძელებული და მრვალმხრივი ნიჭით დასრულებული პიროვნება გახლდათ.

წლების განმავლობაში თენგიზ ონიანი სათავეში ედგა და ხელმძღვანელობდა (როგორც დირექტორი) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტს და ასევე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიის განყოფილებას, როგორც მისი აკადემიკოს-მდივანი.

ეს გახლდათ მეცნიერი, რომელმაც საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ძილ-ღვიძილის ციკლის ფიზიოლოგიური მექანიზმების კვლევას; სწორედ მეცნიერების ამ მიმართულებით მოიპოვა მან საერთაშორისო აღიარება, გამოზარდა მისი მეცნიერული საქმის გამგრძელებელთა ასევე სასახელო თაობა, რომელიც პროფესორ ნარგიზ ნაჭებიას ხელმძღვანელობით წარმატებით განაგრძობს ამ უაღრესად საინტერესო და საჭირო კვლევებს.

ამ სამეცნიერო მიმართულების მნიშვნელობაზე, ალბათ, ზედმეტია საუბარი, თუნდაც იმიტომ, რომ ძილი და ღვიძილი ის ორი მდგომარეობაა, რომელშიც დაბადებიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაში იმყოფება ყოველი ადამიანი. რა პროცესები მიმდინარეობს და როგორია მათი ცვლილებები ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის დროს, როგორ აისახება ეს ცვლილებები თავის ტვინში - რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ადამიანის ყოფისა თუ ჯანმრთელობის თვალსაზრისით?

ძალიან გულსატკენია, რომ ბატონ თენგიზს წარსულში ვახსენებთ, მაგრამ ერთი რამ ყველასათვის ნათელია: მან დატოვა ეს სამყარო ყოველმხრივ ვალმოხდილმა, როგორც შესანიშნავმა ადამიანმა, გულთბილმა მეგობარმა, სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელმა, უაღრესად პრინციპულმა პიროვნებამ და დიდმა მეცნიერმა. ნათელში იყოს მისი სული!

გულქან (ანი) ხიხაძე

ბიოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, საეკლესიო გამომცემლობისა და მწერალ გიზო ნიშნიანიძის შემოქმედების რედაქტორი:

- მთა წაიქცა... დიდი კაცი, მეცნიერი, მწერალი... ყველაფერი - თენგიზ ონიანი. მიყვარს ძალიან... მენანება ძალიან... მეცოდება ძალიან... უმისოდ დარჩენილი თითოეული ჩვენგანი. ყოველთვის ვცდილობდი მასთან ახლო ურთიერთობას, მისი ნააზრევის გათავისებას. ერთხელ ვესტუმრე და გიზო ნიშნიანიძისგან წიგნი ვუსახსოვრე. ასევე ვუსახსოვრე მამაჩემის - ომარ ხიხაძის მიერ დაახლოებით 25 წლის წინ ჩემი სოფლის, ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბნის, ტყეში ჩაწერილი ბულბულის გალობა. გაოცდა უსაზღვროდ და გაიხარა. რამდენიმე დღეში მისი წიგნი „ვარსკვლავმორბედი“ გამოვიდა. დამირეკა და ორი წიგნი მომცა: ერთი გიზო ნიშნიანიძისთვის და მეორე ჩემთვის. ერთი ამოსუნთქვით წაიკითხა ბატონმა გიზომ წიგნი და თავისებური სიყვარულით, სიკეთის და ნიჭის დაფასებით გადაიტანა ფურცელზე უზღვავი შთაბეჭდილება.

წიგნი, სადაც ნარკვევი იბეჭდება, მზადების პროცესშია და, სამწუხაროდ, ბატონმა თენგიზმა იგი ვერ წაიკითხა. რატომღაც იმ დილით ამეკვიატა ფიქრი, აღნიშნული ნარკვევი მიმეტანა ბატონი თენგიზისთვის. დაახლოებით 2 საათში გავიგე, რომ ქუდს კაცი მოუკვდა. ასე მიდიან და აწი „ქუდზე კაცი“ კიდევ მოვა?!

დარჩა ქვეყანას აკადემიკოს თენგიზ ონიანის წიგნი „ვარსკვლავმორბედი“, რომელიც წარმოადგენს „დიდი წინაპრის სიბრძნის შუქით აღძრულ ფიქრებს“. წიგნი, ამავე დროს, ოთხ წიგნად ჩაფიქრებული, „მთიდან ბარამდე შორი გზაა“, პირველი წიგნის მე-3 ნაწილია.

ამ ღირსებით სავსე მეცნიერისა და მწერლის გონებიდან მომავალი ყველა აზრი ცხოვრების მასწავლებელია. მასთან ურთიერთობა ღვთის მადლია. ასეთი ადამიანები, როგორც ბატონი გიზო ნიშნიანიძე იტყოდა, სიცოცხლით სიცოცხლეს გიადვილებენ და სიკვდილით - სიკვდილს.