თბილისში გრანდიოზული საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

თბილისში გრანდიოზული საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა

თბილისში გრანდიოზული საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა
ამა წლის 25-27 ივნისს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ბერიტაშვილის საუბრები I, ნეიროფიზიოლოგიური ფუნქციები და მათი დარღვევები - ინტერდისციპლინური კვლევები“, რომელიც მიეძღვნა ივანე ბერიტაშვილის ერთ-ერთი გამორჩეული მოწაფის, საქართველოში ძილის საბაზისო და ძილის დარღვევათა პათოფიზიოლოგიის კვლევითი მიმართულებების დამაარსებლის, გამოჩენილი მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, თენგიზ ონიანის დაბადებიდან 90-ე წლისთავს (ღვაწლმოსილი მეცნიერის - თენგიზ ონიანისა და მისი სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ ვრცელ სტატიას მკითხველი „ოჯახის მკურნალის“ ოქტომბრის ნომერში იხილავს).

კონფერენციაში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობდნენ გამორჩეული მეცნიერები აშშ-დან, შვედეთიდან, გერმანიიდან, დიდი
ბრიტანეთიდან, პორტუგალიიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან.

აღნიშნული ღონისძიება პირველი გახლდათ საერთაშორისო კონფერენციათა ციკლიდან „ბერიტაშვილის საუბრები“, რომელიც „გაგრის საუბრების“ არსობრივ გაგრძელებას წარმოადგენს.

ღონისძიების საინტერესო დეტალებზე გვესაუბრება იდეის ავტორი, კონფერენციის სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის გამგე, ბიოლოგიის
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნარგიზ ნაჭყებია:

- ქალბატონო ნარგიზ, ერთია კონფერენციის ჩატარების იდეა და მეორეა ასეთი ფართომასშტაბიანი ღონისძიების მოწყობა... მადლობა თქვენ ასეთი დიდი სამეცნიერო ზეიმისა და რაც მთავარია, ბატონი თენგიზ ონიანის ხსოვნის უკვდავყოფისთვის!

- სხვაგვარად არც შეიძლებოდა! წელს ორმაგად საიუბილეო თარიღი იყო - აკადემიკოს თენგიზ ონიანის დაბადებიდან 90-ე წლისთავი, ასევე მის მიერ დაფუძნებული „ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი ლაბორატორიის“ დაარსებიდან 50-ე წლისთავი.

ჩვენი დიდი მასწავლებლის, აკადემიკოს თენგიზ ონიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენციის ჩატარება ჩემი იდეა იყო. სხვაგვარად ვერ წარმომედგინა - მხოლოდ შეკრება, საზეიმო სადილის გამართვა და ჩვენი საყვარელი, პატივსაცემი მასწავლებლის, ბატონი თენგიზის გახსენება არ იქნებოდა საკმარისი, რადგან თავად არ უყვარდა ოფიციალური იუბილეები და საჯაროდ ქება-დიდების მოსმენა. როცა მისი საიუბილეო თარიღი ახლოვდებოდა და მისი მოწაფეები ტრადიციულ აღნიშვნას გადავწყვეტდით, ის ყოველთვის წინააღმდეგი იყო. ბუნების წიაღში ექსკურსიას ან სამეცნიერო სხდომას ამჯობინებდა, სადაც თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ გამოვიდოდა მოხსენებით.

უდიდესი მეცნიერი იყო, ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა საათობით მჯდარიყო სცენაზე ან საიუბილეო სუფრასთან და მოესმინა მაამებელი (თუნდაც ობიექტური) ტექსტები.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მისი იუბილეს აღნიშვნა სამეცნიერო ღონისძიებით. როგორი მაღალი დონის მეცნიერიც იყო, ისეთივე მაღალი დონის კონფერენციის მოწყობა დავისახე მიზნად. იდეა - დაგვეარსებინა საერთაშორისო კონფერენციათა ციკლი „ბერიტაშვილის საუბრები“ და პირველი კონფერენცია მიგვეძღვნა მისი ერთ-ერთი გამორჩეული მოწაფის ხსოვნისათვის - ყველას მოეწონა, უმალ აიტაცეს და გვერდით დამიდგნენ.

კონფერენცია ჩატარდა ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში. მას მხარი დაუჭირეს ი. ბერიტაშვილის სახ. საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოებამ, საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაციამ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილებამ.

ეს კონფერენცია ორი გარემოების გამო იყო მნიშვენლოვანი: ჯერ ერთი - დავაარსეთ საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც დიდი ივანე ბერიტაშვილის სახელს ატარებს და რომელსაც ეს ბუმბერაზი მეცნიერი ამდენ ხანსაც იმსახურებდა. მოგეხსენებათ, ივანე ბერიტაშვილი გახლდათ უდიდესი მეცნიერი, რომელიც თავისი აზროვნებით ყოველთვის წინ უსწრებდა იმ ეპოქას, რომელშიც მოღვაწეობდა. მისთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხს ფართოპროფილური მიდგომით იკვლევდა - ფიზიოლოგიური, მორფოლოგიურ-ანატომიური, ბიოქიმიური ანუ მრავალფუნქციური კუთხით; სწორედ ამიტომ მისი სახელობის საერთაშორისო კონფერენცია იყო და მომავალშიც იქნება ფართოპროფილური, მულტიდისციპლინური და ფართომასშტაბიანი. ეს ციკლი გაგრძელდება, „ბერიტაშვილის საუბრები“ იქნება რეგულარული და ყოველ 3 წელიწადში ჩატარდება.

მეორე მნიშვენლოვანი გარემოება ის გახლდათ, რომ პირველი ღონისძიება ბერიტაშვილის გამორჩეული მოწაფის - აკადემიკოს თენგიზ ონიანის დაბადებიდან 90-ე წლისთავს მიეძღვნა და კონფერენცია მის დაბადების დღეს - 25 ივნისს გაიხსნა.

- კონფერენციის პროგრამასა და სამეცნიერო დეტალებზე რას გვეტყვით? როგორც აღნიშნეთ, მულტიდისციპლინური ღონისძიება გაიმართა ნეირომეცნიერების უახლესი მიღწევების განხილვით...

- მართლაც ფართოპროფილური ღონისძიება ჩატარდა, მრავალმიმართულებიანი პროგრამით. კონფერენციის გახსნის დღეს ორი პლენარული სესია ძილის ნეირობიოლოგიასა და ძილის დარღვევების პათოფიზიოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნა. ეს სწორედ ის პრობლემებია, რომელთა შესწავლასაც საქართველოში თენგიზ ონიანმა ჩაუყარა საფუძველი და რომელთა მიმართულებითაც ძალიან საინტერესო სამეცნიერო სკოლა შექმნა.

მომდევნო დღეებში მთელი რიგი აქტუალური საკითხები გაშუქდა. სულ 7 პლენარული სესია და 2 პარალელური სიმპოზიუმი გაიმართა, რომლებიც შემდეგ პრობლემებს მიეძღვნა:

  • აღქმა, ქცევა და კოგნიტიური ფუნქციები;
  • ეპილეფსიური დარღვევის ნეიროფიზიოლოგიური ასპექტები;
  • თავისუფალი რადიკალები - ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმების ფუნქციობა და დარღვევები;
  • უჯრედის მარეგულირებელი სისტემები და ცნს-ის ფუნქციური აქტივობა;
  • ტკივილის ნეირობიოლოგია - არხებიდან ქცევამდე;
  • ბიოსისტემების სტაბილურობის მექანიზმები.

აღნიშნული მიმართულებებით ძალიან საინტერესო პლენარული მოხსენებები გაკეთდა - სულ 44 მოხსენება, აქედან 16 უცხოელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს.

კონფერენცია ითვალისწინებდა სასტენდო მოხსენებებსაც - სულ 39 სასტენდო მოხსენება იქნა წარმოდგენილი. ამგვარმა მიდგომამ გაამართლა და კონფერენციის მონაწილეებმა სხვადასხვა მიმართულების ბაზისური და კლინიკური კვლევების ფართოდ წარმოჩენა შეძლეს.

სამეცნიერო ღონისძიების კულტურული ნაწილიც მრავალფეროვანი და დატვირთული იყო. კონფერენციის ბოლო დღეს შედგა ექსკურსია მცხეთაში, გავმართეთ საზეიმო ვახშამი, რომლის გასართობი ნაწილიც მხოლოდ ქართულ ფოლკლორს და ეროვნულ ცეკვებს დაეთმო.

უცხოელმა კოლეგებმა მოგვიანებით საერთაშორისო კონფერენციის ძალიან მაღალი შეფასებები და ძალიან თბილი მადლობის წერილები გამოაგზავნეს, რაც განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ჩემთვის.

ყველაზე მთავარი ის გახლავთ, რომ უცხოელი მეცნიერები ახლოს გაეცნენ კონფერენციაში მონაწილე ქართველი მეცნიერების, საზოგადოდ, ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო პოტენციალს, როგორც გამოცდილ, ისე ახალგაზრდა მეცნიერებს, თავად შეაფასეს ის მეცნიერული კვლევები და დიდი გამოცდილება, რომელიც ი. ბერიტაშვილის ცენტრშია წარმოდგენილი.

საერთაშორისო კონფერენციამ ხელი შეუწყო სამეცნიერო კვლევითი მიმართულებების და კონკრეტული კვლევების შედეგების პოპულარიზაციას ნეიროფიზიოლოგიური ფუნქციების და მათი დარღვევების მიმართულებით, დაისახა სამეცნიერო ურთიერთთანამშრომლობის ახალი პერსპექტივები.

- უცხოელ მონაწილეებზეც მოგვიყევით, ძალიან საამაყოა ცენტრისთვის და საზოგადოდ ქვეყნისთვის მსოფლიო დონის საპატიო მეცნიერთა სტუმრობა.

- ნამდვილად საამაყო და დასაფასებელია, როდესაც ასეთი მაღალი დონის მეცნიერები, თავიანთი სფეროს გამორჩეული ლიდერები, საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ. ეს ქართველი კოლეგების დაფასება, მხარდაჭერა, ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის და მთლიანად ქვეყნის იმიჯის მნიშვნელოვანი ნაწილია.

კონფერენციის ბევრ უცხოელ მონაწილესთან პირადი ნაცნობობა მაკავშირებს, ისინი პირადად მოვიწვიე. თუმცა იყვნენ ისეთი მეცნიერებიც, რომლებსაც პირადად არ ვიცნობდი. მათ თავად გამოთქვეს საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი.

გაგაცნობთ კონფერენციის რამდენიმე უცხოელ მონაწილეს:

პროფესორი ჰარტმუტ შულცი (ერფრუტი, გერმანია) ძილის კვლევისა და ძილის მედიცინის ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტია, ძილის მედიცინის სფეროში ერთ-ერთი ტოპ-მეცნიერი.

პროფესორი შულცი აკადემიკოს თენგიზ ონიანს პირადად იცნობდა და მასთან მეგობრობდა. შულცი საქართველოში პირველად ჯერ კიდევ 1987 წელს ჩამობრძანდა, როდესაც აკადემიკოსმა თენგიზ ონიანმა ჩაატარა საერთაშორისო სიმპოზიუმი „ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგია“, რომელშიც ძილის სფეროში მომუშავე ბევრი ცნობილი მეცნიერი მონაწილეობდა. ჰარტმუტ შულცი, 2010 წელს მეორედ ესტუმრა საქართველოს და მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „IX გაგრის საუბრები“. ამჯერად ის მესამედ მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოში და ძალიან მოხარული იყო, რომ მისი მეგობრის, გამოჩენილი მეცნიერის, თენგიზ ონიანის ხსოვნას ასეთი დიდი, საინტერესო და მეცნიერულად დატვირთული საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა.

გერმანიიდან გახლდათ კონფერენციის კიდევ ერთი მონაწილე პროფესორი გირტ მეიერი, რომელიც 30 წელია მარბურგის კლინიკის ძილის დარღვევების ცენტრის დირექტორია და ამ სფეროს გამორჩეული ლიდერია. მან ძალიან საინტერესო მოხსენება წარმოადგინა ძილის დარღვევებსა და ნარკოლეფსიაზე, მკურნალობის ახალ სტრატეგიაზე.

კონფერენციაში მონაწილეობდა პროფესორი ალასდაირ გიბი, ლონდონის უნივერსიტეტიდან, რომელიც ჩვენი კონფერენციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახლდათ. აღნიშნული უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული პროფესორი დევიდ ბრაუნი ჩვენი საერთაშორისო პროექტის კოლაბორატორი იყო. 2011 წელს ამ უნივერსიტეტში ვიყავი სამეცნიერო მივლინებით, პროექტის ფარგლებში. სწორედ მაშინ გავიცანი პროფესორი ალასდაირ გიბი. ლონდონის უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი და მაღალრეიტინგული უნივერსიტეტია როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ისე ევროპაში. მას ნობელის პრემიის 22 ლაურეატი ჰყავს (ბოლო - 2015 წელს). პრემიათა დიდი ნაწილი ფიზიოლოგიასა და მედიცინაშია გაცემული.

კონფერენციაში მონაწილეობდა აგრეთვე ჩვენი ყოფილი თანამშრომელი ი. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტიდან, 1990-იანი წლებიდან შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში მოღვაწე გამორჩეული მეცნიერი, ლუნდის უნუვერსიტეტის ეპილეფსიის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ კოკაია.

როგორც უკვე მოგახსენეთ, იყვნენ ისეთი მეცნიერებიც, რომელთაც პირადად არ ვიცნობდი და რომლებმაც თავად გამოთქვეს კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი. მაგალითად, პროფესორმა იუსეფტიზაბმა (ჰოვარდის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვაშინგტონი, აშშ) მოგვიანებით შეიტყო კონფერენციის შესახებ, შეგვეხმიანა და მონაწილეობის დიდი ინტერესი გამოხატა. ის კონფერენციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახლდათ. ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნო იყო მისი მონაწილეობა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ მსგავს საკითხებს ვიკვლევთ.

საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს უკრაინელმა მეცნიერებმა, რომლებიც რაოდენობრივად, ქვეყნების მიხედვით, ლიდერობდნენ, აგრეთვე შვედმა და პორტუგალიელმა მკვლევრებმა.

თითოეული მოხსენების შემდეგ იმართებოდა საინტერესო დისკუსიები, კამათი, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რამაც კიდევ უფრო დააახლოვა და გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის უდიდესი მეცნიერები.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერები ფიქრობენ, რომ კიბოთი თანამედროვე ადამიანების წინაპრები ავადობდნენ. ამ დაავადების კვალი აღმოაჩინეს
წითელა - ვირუსული დაავადებაა, რომელიც ბავშვთა ინფექციებს მიეკუთვნება. წითელას საწინააღმდეგო
„ნებისმიერი წარმატება ათმაგ კმაყოფილებას განიჭებს, თუ მას შენს ქვეყანაში მიაღწიე“
მედიცინის ამ დარგის ისტორია იწყება მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან. 1846 წლის 16 ოქტომბერს, ამერიკელმა კბილის ექიმმა, ტომას მორტონმა, ეთერის ნარკოზით ჩაატარა ოპერაცია და პირველად, სახალხოდ გაუკეთა დემონსტრირება ანესთეზიის წარმატებულ გამოყენებას.
ადამიანის ანატომიის სფეროში ჩატარებული თამამი გამოკვლევები, რომლებმაც მრავალსაუკუნოვანი რწმენები "დუელში გამოიწვია", იდუმალი გამოსხივება, რომელმაც საშუალება მოგვცა, სამყაროსთვის სხვა თვალით შეგვეხედა, სასწაულმოქმედი პრეპარატები, რომლებმაც ურიცხვი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს, სიკვდილის მთესველი ეპიდემიების უნიღბო დამნაშავეები - ეს ყველაფერი მედიცინის ისტორიის უდიდესი აღმოჩენებია.
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად