"ნუ დაივიწყებთ სულს და მასზე ყოველდღიურად იზრუნეთ"
ადამიანი ხომ იმისთვისაა მოწოდებული, რომ სულიწმიდის ტაძარი გახდეს. თუ იგი მართლაც იქცევა ტაძრად სულისა წმიდისა, მაშინ მისგან მხოლოდ სიკეთე მოდის. რა თქმა უნდა, ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ დაბრკოლებები აღარ ექნება და აღარასოდეს შესცოდავს, მაგრამ მთავარი გეზი მისი ცხოვრებისა და მისი მიზანი სიკეთის სამსახური გახდება.
სულიწმიდის მოსვლასთან ერთად ადამიანს ეძლევა მადლი, ხოლო მადლი სულისა წმიდისა უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელია, ესე იგი თუ ადამიანს რაიმე უძლურება და ნაკლი აწუხებს, - და ისეთი არც არავინაა, რომ სულიერად უნაკლო იყოს, - მადლი სულისა წმიდისა კურნავს და ავსებს ამ ნაკლს. მთავარია, თვითონ ადამიანს ჰქონდეს მისწრაფება სულიწმიდის მისაღებად".
- ”ერთადერთი ძალა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ბოროტებასთან ბრძოლა, - ეს არის ჩვენი რწმენა, სიყვარული და სასოება. უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც წმინდა ბასილი დიდი გვასწავლის, ბოროტება ბოროტებით კი არ იკურნება, პირიქით, ორმაგდება. მხოლოდ სიყვარულით, შენდობითა და მიტევებით შეიძლება მისი მოსპობა".
- "დღეს ერთადერთს უფალს შეუძლია ჩვენი ხალხის სიყვარულით გამთლიანება, მაგრამ ხანდახან ადამიანსაც ეძლევა ღვთისგან მადლი და ძალა, ხელი შეუწყოს ამ გამთლიანებას. სახელოვან ფიზიოლოგ პავლოვს, რომელიც მორწმუნე იყო, ერთ-ერთ კრებაზე, სადაც საუბარი მეცნიერის მოვალეობას ეხებოდა, უთქვამს: ნამდვილი მეცნიერი ისაა, ვინც დარღვეულის, გატეხილის გამთლიანებას შეძლებსო. აქ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანი და მის გარშემო არსებული საზოგადოება იგულისხმება. დღეს ჩვენ საქართველოს გასამთლიანებლად ღვთის ძალა გვჭირდება... უნდა გვახსოვდეს, რომ არის ერთი მთლიანი საქართველო, ერთი ქართველი ერი და ასეც დარჩება, ვიდრე დედამიწა იარსებებს".
- "ყველაზე დიდი ბედნიერება მადლმოსილებაა, ხოლო მადლმოსილი ისაა, ვისთანაც უფალია. უფალთან ყოფნის, მისი სიახლოვის განცდის სიხარულს ვერავითარი სხვა სიხარული ვერ შეედრება. რა თქმა უნდა, მიწიერი სიხარულიც არსებობს, როგორიც, მაგალითად, საყვარელი ადამიანის ნახვა და მასთან ყოფნაა, რაც გულს სათნოებით ავსებს და შინაგან კმაყოფილებას განგვაცდევინებს, მაგრამ გავა დრო და იგი თითქოს დასრულდება. მედიცინაში ასეთი ტერმინიც კი არსებობს - კუნთების სიხარული, და იგი გულისხმობს სიხარულს, რომელიც ადამიანს მოძრაობისას ეუფლება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს და სხვა ამგვარი მიწიერი სიხარული, როგორიცაა, მაგალითად, სიხარული გამოწვეული სიმდიდრით და კეთილდღეობით, მეტისმეტად ხანმოკლეა და წარმავალი, რადგან წარმავალია მისი საფუძველიც. ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სხვისთვის სიხარულის მინიჭება, სხვისი გახარება უნდა იყოს, ალბათ თქვენც გამოგიცდიათ ის დიდი სიხარული, რომელსაც გაჭირვებულთა დახმარება განგვაცდევინებს. ამ დროს გულში სიხარული სუფევს, რადგან ვგრძნობთ, რომ გაღებული მატერიალური შემწეობის ნაცვლად ისეთი დიდი საუნჯე მოვიპოვეთ, რომელსაც ის, რაც გავეცით, ვერც კი შეედრება. აი, სწორედ ეს არის ის სრული სიხარული, რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს".
- "ადამიანის სულიერი ზრდა ძირითადად რამდენიმე საფეხურს მოიცავს. შესაძლებელია, ურწმუნოებიდან იგი რწმენისკენ მოექცეს, მაგრამ ეს როდი იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მისი სული ცხოვნდეს. სარწმუნოება ხომ ბოროტ სულსაც აქვს, მაგრამ იგი მაინც ვერ გადარჩება, რადგან მთავარი აკლია - სიყვარული. მომდევნო საფეხური ცოდნაა. შეგახსენებთ კლიმენტი ალექსანდრიელის სიტყვებს: მორწმუნე ადამიანი მონაა ღვთისა, ხოლო ადამიანი, რომელსაც რწმენაც აქვს და ცოდნაც - მეგობარია ღვთისა. ესე იგი მორწმუნე ადამიანმა უნდა შეიძინოს ცოდნა და მეორე საფეხურზე ავიდეს. მაგრამ აქ ერთ გარემოებასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება: რა თქმა უნდა, ჩვენი ცოდნა ღმერთზე შეზღუდული იქნება, რადგან ვერასოდეს ვერ შევიცნობთ ღვთის არსს, რომელიც ჩვენი გონებისთვის მიუწვდომლად დარჩება. სამაგიეროდ ჩვენ შეგვიძლია შევიმეცნოთ გამოვლინება ღვთის ქმედებისა სამყაროში. ერთ-ერთმა სწავლულმა ბიოლოგმა განაცხადა: მართალია, მე არ მინახავს ღმერთი, მაგრამ დავინახე კვალი ღვთისა ბუნებაშიო. თუნდაც თვითონ ადამიანი ავიღოთ, მისი სხეული, - როგორ ჰარმონიულადაა აწყობილი იგი. ყოველივეში, სადაც კი ჰარმონია სუფევს, სუფევს უზენაესი აზრიც, ესე იგი შეიმჩნევა კვალი ღვთისა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ უფალი ყოველგან არის და ყოველსავე აღავსებს მადლითა თვისითა, და რომ უფალი ჩვენშია და ჩვენ უფალში ვართ. ბედნიერია ადამიანი, რომელიც გრძნობს და ხედავს, რომ უფალი მასშია და თვითონ უფალშია და რომ იგი ტაძარია ღვთისა, სულისა წმიდისა".
- "სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ცოცხალი სამყაროს ის ცოდნაც დავკარგეთ, რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ, მათ იცოდნენ უამრავი საიდუმლო ბუნებისა. ერთი შეხედვით ასეთ უბრალო მაგალითს მოგიყვანთ: თუ დარგვისას მცენარე ცალი ხელით გიჭირავთ, ნაყოფს წელგამოშვებით მოისხამს, ხოლო თუ ორი ხელით, მაშინ ყოველ წელს, ხოლო კატის ბეწვთან შეხება მაღალ წნევას ხსნის. ჩვენ რომ ცოცხალი სამყარო გვიყვარდეს და მის იდუმალებათა წვდომას ვცდილობდეთ, მრავალ რამეს აღმოვაჩენდით, აუცილებელს სულიერი ტკივილებისა და მღელვარების განსაკურნებლად.
ნუ დაივიწყებთ სულს და მასზე ყოველდღიურად იზრუნეთ, მოახერხეთ ისე, რომ ხორცზე უფრო დიდი დრო სულზე ზრუნვას დაუთმოთ, და მაშინ თქვენი შრომაც ღვთისგან ნაკურთხი და დალოცვილი იქნება".